ახალი ქართული ბიზნეს-პროექტი

ახალი ქართული ბიზნეს-პროექტი

        უკანასკნელი დღეების მოვლენებმა აშკარად გამოკვეთა მომავალი საარჩევნო კამპანიის ძირითადი პარადიგმა: იგი განვითარდება მსხვილ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის რთული ურთიერთმოქმედების სისტემაში. ამთავითვე მივაქციოთ ყურადღება ერთ უცნაურობას: «კლასიკური» ქართული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები (ანუ ისინი, ვინც საკუთარ თავს მოლოდ «პოლიტიკოსს» უწოდებს, პროფესიის დასახელებისას) თითქმის არ ეხმაურებიან ბოლოდროინდელ მოვლენებს - «მეწარმეთა» სენსაციურ შეკრებას და მათ საკმაოდ მრავალმნიშვნელოვან განცხადებებს.

            ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, კონკრეტულობა აკლდა - «გერგეთის მესიჯი», თითქოსდა, მხოლოდ ზოგად დეკლარაციებს შეიცავდა, მაგრამ სინამდვილეში იქ «სტრიქონებსა და მოწოდებებს შორის» იკითხებოდა მთავარი: ქართული ბიზნესის სერიოზული განაცხადი 2003-2005 წლების საარჩევნო ციკლში. სხვათა შორის, არც ის არის სწორი, თითქოს ეს განაცხადი ბიზნესის (კორპორაციულად) ოპოზიციაში გადასვლას გულისხმობს. უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ბიზნესმა თავისი მოთხოვნები წაუყენა ხელისუფლებას და მათი დაკმაყოფილება მოსთხოვა. თუმცა, არც ხელისუფლება დარჩენილა ვალში და ჯაბანი: როგორც თვით პრეზიდენტის, ასევე, სახელმწიფო მინისტრისა და სხვა ჩინოსანთა საკმაოდ მკვახე პასუხები უეჭველად მეტყველებს: ხელისუფლებამ «მესიჯი» მიიღო, სწორად აღიქვა და ბიზნეს-კორპორაციას საპასუხო მოთხოვნებიც წაუყენა.
            ამ მკვახე «კითხვა-პასუხის» შინაარსის გარკვევა ძნელი არ არის. ორივე მხარეს შესანიშნავად ესმის, რომ მომავალი არჩევნების (მთლიანად, საარჩევნო ციკლის) ბედს ქართული მსხვილი კაპიტალი გადაწყვეტს, მაგრამ კონკრეტულ დისპოზიციაზე კი ცხარედ კამათობენ.
            ერთი რამ ამთავითვე ცხადია: ედუარდ შევარდნაძე, მისი ბუნებიდან და მენტალიტეტიდან გამომდინარე, არაფრის დიდებით არ შეურიგდება «ფორმალურ პრეზიდენტად» ქცევას. იგი არ შეეგუება «მსხვილი კაპიტალის» მარიონეტობას ისევე, როგორც არ შეეგუა თავის დროზე კრიმინალური პარამილიტარული ჯგუფების მარიონეტობას და მათ ლიდერებს ციხეში უკრა კიდეც თავი.
            ამდენად, ედუარდ შევარდნაძე «გათამამებულ» კაპიტალს აფრთხილებს, რომ მათი «პოლიტიკური ბიზნესპროექტი» უეჭველად ჩაიშლება, თუ პრეზიდენტის პრეროგატივებსა და პერსპექტივას არ გაითვალისწინებენ.
            რაც შეეხება «პოლიტიკურ ბიზნესპროექტს», მისი კონტურები უკვე გამოიკვეთა: ქართველი ბიზნესმენები მზად არიან, უშუალოდ მოვიდნენ ხელისუფლებაში 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად.
            ზოგადად, უკანასკნელ წლებში დამკვიდრებული ტენდენციის შესაბამისად, ქართველ ბიზნესმენებს ქართველი პოლიტიკოსებიგ ულზე არ ეხატებათ – არ სურთ მათზე იყვნენ დამოკიდებული და მათი მეშვოებით განახორციელონ რეფორმები. პოლიტიკოსები ამგვარ დამოკიდებულებას გრძნობენ და სწორედ ამიტომ «არ ამჩნევენ» გერგეთის მოვლენებს.
            1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ქართულმა კაპიტალმა პირველად გადაწყვიტა «ინსტიტუირება» და პოლიტიკური პარტიის სახით პარლამენტში მოსვლა. «მრეწველთა პარტია», ამ თვალსაზრისით, მხოლოდ «პირველი მერცხალი» იყო. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში «მძიმეწონოსანი» ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას. საკმაოდ სერიოზული შანსებიც აქვთ, ვინაიდან მოსახლეობა პოლიტიკოსთა «ძიძგილაობით» დაიღალა, ხოლო ქართველი კაპიტალისტები პოლიტიკურად ანგაჟირებულნი არ არიან.
            მართლაც, ვერ დავასახელებთ ვერც ერთ თანამედროვე კაპიტალისტს, ვინც აქტიურად მონაწილეობდა 1988-1993 წლების დაუვიწყარ მოვლენებში. ზოგიერთს ეს მათი ნაკლი ჰგონია, აქაოდა «ბრძოლის ნაცვლად ფულს აკეთებდითო», მაგრამ მოსახლეობა ასე უკვე არ აღიქვამს, რაკი იმ მოვლენებმა ნგროევის და უბედურების გარდა, ქვეყანას არაფერი მოუტანა.
            სწორედ ამიტომ, «მრეწველები» - «მესამე ძალის» იმიჯს იძენენ. ეს ხატი მით უფრო გაძლიერდება, რაც უფრო ფართოდ კოალიციის შექმნას შეძლებენ. ისინი შეეცდებიან, ოსტატურად ითამაშონ იმ გარემოებაზე, რომ მოსახლეობა მართლაც გადაიქანცა პოლიტიკით და «არაპარტიას» (ან «ანტიპარტიას») მისცემენ ხმას მომავალ არჩევნებში.
            რასაკვირველია, ქართველი პოლიტიკოსები ამას ასე ადვილად არ შეურიგდებიან და საკმარისი არგუმენტებიც აქვთ პოლიტიკური კლასის ინტერესთა დასაცავად.
            ქართველ ბიზნესმენთა შორის ყველაზე გავლენიანი და ძლიერი ფიგურა ბადრი პატარკაციშვილი, გარკვეულწილად, განსხვავებულ პოზიციას გამოხატავს, მაგრამ ეს უფრო იმით არის განპირობებული, რომ ბიუროკრატიამ მას დროულად არ დაუდასტურა შესაბამისი გარანტიები.

დილის გაზეთი, 5 აპრილი, 2003 წელი