აჩრდილი დაძრწის ევროპაში

აჩრდილი დაძრწის ევროპაში

 

«აჩრდილი დაძრწის ევროპაში, აჩრდილი კომუნიზმისა!» - ასე იწყებოდა კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის «კომუნისტური პარტიის მანიფესტი», რომელიც ლონდონში გამოიცა 1848 წელს.

მას შემდეგ თემზაშიც, რაინშიც და სენაშიც ბევრმა წყალმა ჩაიარა, ევროპამ გერმანია–საფრანგეთის ომი (სინამდვილეში, ამ ამით დაიწყო ყველაფერი), მერე პირველი და მეორე მსოფლიო ომები გადაიტანა; შემდეგ გაერთიანდა, ცივ ომშიც გაიმარჯვა და თითქოს შვებითაც ამოისუნთქა.

 თუმცა, სრულიად ახალ ეპოქაში, როდესაც ზოგიერთი მოდური მოფილოსოფოსო პოლიტოლოგი «ისტორიის დასასრულზეც»  კი ალაპარაკდა, ევროპაში  სხვა აჩრდილი გამოჩნდა: სისხლიანი, დაუნდობელი, უაზრო, ჩლუნგი და შეურაცხადი.

იმ პრობლემებს, რომელთაც კონტინენტი  მანამდე ეჩეხებოდა, რაღაცნაირად კიდევ მოუვლიდა. ჯერ ერთი, ომებს კონკრეტული, სავსებით რაციონალური, ეროვნულ–სახელმწიფოებრივ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საფუძველი ჰქონდა. ევროპის გაერთიანებამ ეს წინააღმდეგობანი მოსპო.

ჰიტლერი და მისი ნაცრისფერი ხროვა შეურაცხადნი იყვნენ, თუმცა დაამარცხეს და გაანადგურეს. მისი ფიზიკურად დამარცხება შეიძლებოდა, ხოლო მორალურად თვითონ გაინადგურეს თავი ენით აღუწერელი სისასტიკითა და ბავშვების ქურებში დაწვით.

მაგრამ რა გინდა უყო დღევანდელ ურჩხულს, – ისლამურ ტერორიზმს, - რომელსაც არც რაიმე რაციონალური მიზანი აქვს და ვერც დაამარცხებ ფიზიკურად?  

ჩვენი მორალური კატეგორიები  მას სრულებით არ აღელვებს – ცხოვრობს სხვა განზომილებაში, სხვა სამყაროში, სხვა დროსა და სივრცეში: ბრიუსელი და პარიზი მისთვის მხოლოდ მტრული გარემოა. იქ  მოციქულმა გააგზავნა «ურწმუნოთა» გასანადგურებლად და ედემში ადგილის დასამკვიდრებლად, სადაც 77 ქალწული ელოდება საუკუნო განცხრომისათვის.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველაზე საშინელი ისაა, რომ ამ პრობლემას გადაწყვეტა საერთოდ არ გააჩნია. ჯერ ერთი, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჯორჯ   ბუშ–ჯუნიორისა და მისი «ნეოკონების» მიერ ახლო აღმოსავლეთში დაშვებულ შეცდომებზე, პრობლემის თავი და თავი მაინც არა დასავლეთის ქმედებებია «დიდ ახლო აღმოსავლეთში», არამედ იდენტობათა კონფლიქტი! არ აგვერიოს ინტერესთა კონფლიქტში, როდესაც, მაგალითად, გერმანია და საფრანგეთი იბრძოდნენ ელზას–ლოტარინგიისთვის. იმ ომებში ათი ათასჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ტერორისტებმა მოკლეს ევროპაში, მაგრამ ისლამური ტერორიზმი  მაინც უფრო საშიში ფენომენია, ვინაიდან ბისმარკისა და ნაპოლეონ მესამის კონფლიქტი, ბოლოს და ბოლოს დასრულდა, 1945 წლის კაპიტულაციასაც ხელი მოეწერა, სტრასბურგი ფრანგული ქალაქია და გერმანელები ერთიან ევროპაში ამაზე აღარც დარდობენ. მაგრამ რა გინდა უყო იმ არაბ ისლამისტს, რომელიც ბრიუსელის რაიონ მალერბეკში ცხოვრობს და ფანატიკურად სძულს ყოველივე, რაც მის იდენტობას კოგნიტიურ დისონანსს უქმნს?

ფანატიკურად სძულს უჩადრო ქალები, «წითელი ფარნების ქუჩა», სადაც ძალით არავინ ექაჩება, მაგრამ რომ არსებობს, უკვე ამიტომ ვერ ისვენებს  და უნდა ხოცოს, ააფეთქოს, მოკლას, გაანადგუროს, დაზაფროს, მოსპოს, დააქციოს, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, რომელიც ჩირად არ უღირს.

საკუთარი არ უღირს ჩირად და სხვას დაინდობს? მით უმეტეს «ურწმუნოსა» და მტრული იდენტობის მატარებელს?

ლონდონში, 2005 წლის 7 ივლისის (7/7 რომ უწოდეს ინგლისელებმა ამერიკული 9/11 ანალოგიით)  ტერაქტთა ორგანიზატორები და განმახორციელებლები ძირძველი ინგლისელები იყვნენ! დიახ, დიახ, «ინგლისელები» იმ აზრთ, რასაც უწოდებენ ინგლისსა და მთელ დასავლეთში თანამედროვე პოლიტკორექტულობის შესაბამისად: ანუ, მეოთხე თაობის (!) პაკისტანელ მუსლიმთა შთამომავლები, რომლებსაც ინგლისის ტერიტორია არასდროს დაუტოვებიათ, იგლისურის გარდა არც ერთი სხვა ენა არ იცოდნენ, ინგლისურ სკოლაში სწავლობდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც განსხვავებული იდენტობის მატარებელნი იყვნენ და სძულდათ საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობდნენ.

სწორედ ამ «ინგლისელებმა» ააფეთქეს ლონდონის მეტრო და ავტობუსები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სალეჰ აბდ ისლამს, ვინც  გასული წლის ნოემბერში პარიზის ტერაქტი მოაწყო და ასამდე ადამიანი შეიწირა, მხოლოდ კანის ფერით და იერით  თუ გაარჩევდით ჩვეულებრივი ფრანგისგან. სწორედ მისმა დაპატიმრებამ გამოიწვია ეს ველური რეაქცია: აფეთქებები ბრიუსელის «ზავენტიმის» აეროპორტსა და მეტროს სადგურ მაალბექში.

ეს არ ყოფილა ტერაქტი მხოლოდ და იმდენად ბრიუსელისა თუ ბელგიის წინააღმდეგ. მაალბექის (არ აგერიოთ მალერბექის რაიონში, სადაც არაბი ემიგრანტები ცხოვრობენ) მეტროს სადგური ბრიუსელის იმ კვარტალში  მდებარეობს, სადაც განლაგებულია ევროკავშირის სახელისუფლებო ორგანოები: ევროპარლამენტი, ევროკომისია და ა.შ.

ხოლო «ზავენტემის» აეროპორტი ხუთიოდე წუთის სავალზეა «ნატო»–ს შტაბ – ბინიდან. ბუნებრივია, ამ მეტროს სადგურითაც და აეროპორტითაც ხშირად სარგებლობენ როგორც «ნატო»–ს, ასევე ევროკავშირის სტრუქტურათა თანამშრომლები.

ბრიუსელი ევროპის დედაქალაქია არა მხოლოდ ამ თვალსაზრსიით, არამედ იმის გამოც, რომ კულტურათა და იდენტობათა ჰარმონიული შერწყმის მაგალითად იქცა, ანუ ევროპულ ღირებულებათა გამოხატულებაა – ფლამებისა და ფრანგების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, აგრეთვე დონ კიხოტ – სანჩო პანსას ძეგლით (ვისაც «ტილ ულენშპიგელი» ახსოვს, მიხდება, რატომაა ეს მნიშვნელოვანი) და  ულამაზესი «გრანდპლაცით» – «მარკეტპლეისით» ანუ სავაჭრო მოედნით, რომელიც უდავოდ ყველაზე მომხიბვლელია  მთელს ევროპაში.

არადა, ევროპული ცივილიზაცია სწორედ ამგვარი «სავაჭრო მოედნებიდან» ამოიზარდა და ვინ მოთვლის, რამდენი ულამაზესია «პლაცია» რომიდან თუ მადრიდიდან – ვენასა და ლონდონამდე.

«ზავენტიმის» აეროპორტში პოლიციამ აუფეთქებელ «შაჰიდის ქამარსა» და «კალაშნიკოვის» ავტომატს მიაკვლია. აბა «კალაშნიკოვის» გარეშე როგორ იქნებოდა – მთელს მსოფლიოში ხომ ყველა ძაღლსა და მამაძაღლს სწორედ ეს ავტომატი უჭირავს ხელში «რატომღაც» და არა ამერიკული M –14, იტალიური  АRX-160 ან გერმანული HK-416.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა თქმა უნდა, ევროპის სახელმწიფოები ყველა ცოცხალ ტერორისტს იპოვიან, ვისაც ამ თავდასხმასთან  რაიმე შემხებლობა აქვს.  მიწიდან ამოათრევენ, ყველგან მიაგნებენ, ვერსად დაიმალებიან . . . .  

და რა მერე? განა ამით პრობლემა  გადაიჭრება?!  ხომ ნათელია, რომ ის მილიონობით ვითომ «ევროპელი», რომელიც არათუ განსხვავებული, არამედ მტრული იდენტობის (!) მატარებელია, თავისთავად ქმნის ნოყიერ ბულიონს ახალ–ახალი «სალეჰ ისლამებისა» და «მუჰჰამედ ატტათა» ურიცხვი არმიის გამოსაზრდელად.

ძალზე არაპოლიკორექტულია, მაგრამ ამერიკული 9/11 მთავარი ორგანიზატორისა და სულისჩამდგმელის, მუჰამედ ატტას ფოტო რომ აჩვენა CCN-მა 2001 წელს, ადამიანს მაშინვე გაგკენწლავდა აზრი მისი შემაძრწუნებელი  თვალების შემხედვარეს: ამის თვითმფრინავში შეშვება როგორ შეიძლებოდა? დიახ, დიახ, მხოლოდ ამ ბნელი, ფანატიზმითა და სიძულვილით აღსავსე თვალების გამო?!

მაგრამ აბა ასე ვინ მოიქცევა დასავლეთში? ევროპა ხომ პოლიტკორექტულია და მულტიკულტურული! ამიტომაც, არასდროს მისცემენ სპეცსამსახურებს თავისუფლად და შეუზუდავად მუშაობის საშუალებას ტერაქტთა პრევენციისთვის, თუნდაც საფასური გაუთავებელი აფეთქებები და ათასობით ადამიანის სიცოცხლე იყოს: მთავრია, არ დაირღვეს პოლიტკორექტულობა, ადამიანის უფლებათა გიპერტროფირებული გაგება. . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვეროპა ვერ დაამარცხებს ტერორიზმს საკუთარ რაობაზე, საკუთარ ცივილიზაციურ კოდზე უარის თქმის გარეშე. ტერორიზმის დამარცხება მას ძალუძს მხოლოდ იმ პირობთ, თუ აღარ იქნება ის, რაც დღეს  არის.

და რაკი ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, რაკი «წყეულ წარსულში» დაბრუნება არავის უნდა და ევროპას სურს დარჩეს ევროპად მისი ცივილიზაციური კოდებითა თუ საყრდენებით, -  ადამიანის უფლებათა პრიორიტეტით, უდანაშაულობის პრეზუმპციით, სპეცსამსახურთა მოთოკვით, სახელმწიფოს პირად ცხოვრებაში ჩაურევლობთ, ღია  შიდა საზღვრებით, პოლიტიკური კორექტულობით და რასობრივ–რელიგიური შემწყნარებლობით, - იგი იძულებული იქნება შეურიგდეს კიდეც «მკერდზე მომთბარ გველს», რომელიც მუდამ მზადაა დაგესლოს და მოშხამოს.

მაშასადამე, გაუთავებელი ტერაქტების მიმართ ევროპას ექნება იგივე  დამოკიდებულება, როგორც სტიქიური უბედურების ან სატრანსპორტო კატასტროფათა მიმართ.  რამდენი ადამიანი იღუპება  წყალდიდობების, ხანძრების,  სხვადასხვა ინციდენტის, ავტოსაგზაო შემთხვევის, მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის თუ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად?

აგერ, რამდენიმე წლის წინ, წმინდა წყლის ევროპელმა მფრინავმა, როცა თვითმფრინავის საჭესთან მარტო დარჩა, ლაინერი ალპებისკენ მიმართა  და ასეულობით ადამიანი თან წაიყოლა . . . .  მაგრამ პრობლემა ისა, რომ იგივე ევროპული იდენტობა და ელემენტარული ადამიანური მენტალობა ბოროტგანზრახულობას ვერ ეგუება და რამდენიც არ უნდა ეცადონ, ამგვარი დამოკიდებულების გამომუშავებას, ეს შინაგანი კონქლიქტი აუცილებლად დააზიანებს საფუძვლებს, რომელთაც  ცივილიზაცია ეფუძნება.

ერთია, როცა ადამიანები ავტოსაგზაო შემთხვევაში ან წყალდიდობისას  იღუპებიან, ერთია, როცა ცალკეული შიზოფრენიკი თავს იკლავს ასეულობით ადამიანთან ერთად და სულ სხვაა, როდესაც მკვლელობა იდენტობათა სხვაობის საფუძველზე ხდება. თანაც მუდმივი საფრთხისა და მუდმივი დაძაბულობის ფონზე, რამაც, ადრე თუ გვიან, შეუძლებელია  არ აიძულოს ევროპა, დაუბრუნდეს საწყისს, დაუბრუნდეს შიდა საზღვრებს (დიდი ბრიტანეთი რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს ევროკავშირიდან გასვლის წინადადებით), დაუბრუნდეს სეგრეგაციასაც კი ანუ საწყის წერტილს, - სადღაც მე–19 საუკუნეში, - საიდანაც დაიწყო დიადი «ევროპული იდეის» ხორცშესხმა.

გენიალურმა  ხელოვანმა, ლუკინო ვისკონტიმ ეს იწინასწარმეტყველა კიდეც უკვდავი ფილმით «სიკვდილი ვენეციაში» (გახსოვთ? აზიიდან შემოსულ მომაკვდინებელ ჭირზე რომ საუბრობენ, ოღონდ  ძალიან ხმადაბლა): მეტისმეტად მყიფე და ნატიფია ეს ცივილიზაცია,  დიდხანს გაუძლოს  მძვინვარე სიძულვილისა და უმოწყალო ფანატიზმის გამანადგურებელ დარტყმებს.

2016