აფხაზური კვანძი უნდა გადაიჭრას

აფხაზური კვანძი უნდა გადაიჭრას


   

    გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა კვლავ გალის რაიონში მიმდინარე პროცესი იყო. უკანასკნელი ინფორმაციით. მას შემდეგ, რაც არძინბამ სამურზაყანოს ქვედა ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ქართულმა მოსახლეობამ იმ სოფლებიდანაც კი დაიწყო გამოსვლა, რომელთაც 20-26 მაისის ბრძოლები არ შეხებია.
    სეპარატისტები ამთავრებენ ეთნიკური წმენდის პროცესს. რაც 1992 წლის ოქტომბერში გაგრიდან დაიწყეს. დღეს უკვე მთელ ისტორიულ აფხაზეთში, - ფსოუდან ენგურამდე, ქართველი აღარ დარჩა, თუ არ ჩავთვლით მოხუცებსა და ინვალიდებს. ისინი უბრალოდ ვერ გამოვიდნენ სოხუმიდან და გალიდან. მდგომარეობა უმძიმესია. შეიძლება ითქვას, კატასტროფულია: ენგურის აუზში დისლოცირებული რუსეთის ეგრეთ წოდებული «სამშვიდობო ჯარები» არსად წასვლას არ აპირებენ და ქართულ მოსახლეობასაც არ იცავენ. ბორის პასტუხოვის განცხადება, - თუ სამშვიდობო ძალთა ქმედების გამო ტყუილი და ცილისწამება არ შეწყდება ამ ჯარებს თავადვე გავიყვანთო - აშკარა თვალთმაქცობაა.
    ჯერ ერთი, მან რატომღაც ორმხრივ ბრალდებაზე ისაუბრა, არადა, ესეც ხრიკია - აფხაზურ მხარეს რა უნდა ჰქონდეს რუსი «მშვიდობისმყოფელების» სამდურავი? სამშვიდობო ჯარებმა გალის არხის სამხრეთით, ანუ ეგრეთ წოდებულ «უსაფრთხოების ზონაში» შემოუშვეს 2000-ზე მეტი სეპარატისტი (ეგრეთ წოდებული «მილიციელი») და საბრძოლო ტექნიკა. იმავდროულად, არ გაატარეს პარტიზანთა საბრძოლო პოზიციებისკენ საქართველოს სამხედრო კონტიგენტი, ანუ მისცეს საშუალება აფხაზურ მხარეს, ესარგებლა სამხედრო უპირატესობით. «სამხედრო უპირატესობაში» მხოლოდ რიცხოვნებას და ტექნიკას არ ვგულისხმობ.
    პასტუხოვის კოზირი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია მოითხოვოს სამშვიდობო ჯარების გაყვანა: თუ რუსები ენგურიდან გავლენ, ახალი ფართომაშსტაბიანი ომის გაჩაღება აფხაზეთში გარდაუვალი გახდება. ასეთი ომისთვის კი ქვეყანა არც ერთი თვალსაზრისით არ არის მზად. ომის განახლება გარდაუვალი იქნება მაშინაც კი, თუ ხელისუფლება ყველაფერს იღონებს მისი თავიდან ასაცილებლად - მცირე შეტაკებები გადაიზრდება ფართომაშსტაბიან საბრძოლო მოქმედებაში. რასაკვირველია, «სამშვიდობო ჯარები» უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურად «გავლენ» კონფლიქტის ზონიდან - რეალურად კი ენგურის მარჯვენა სანაპიროზე დარჩებიან ან (უკეთეს შემთხვევაში) იარაღს სეპარატისტებს გადასცემენ.
    ამრიგად, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ჩიხში აღმოვჩნდით. მძიმედ მიმდინარეობს მოსკოვის მოლაპარაკებაც. აფხაზები გრძნობენ, რომ მომგებიან ვითარებაში არიან, ამიტომ უეჭველად შეეცდებიან «მაქსიმუმი გამოსწურონ» შესაძლებლობიდან. სამურზაყანოში ქართული მოსახლეობის ყოფნა არძინბასათვის არათუ მისაღები, არამედ, გარკვეულწილად, სასურველიცაა, ვინაიდან, «ბუფერულ ზონაში» მას მძევლები ესაჭიროება; ოღონდ, რასაკვირველია, იმ პირობით, თუ ეს «მძევლები» სოხუმის კონტროლს დაექვემდებარებიან და ყოველთვის იქნება შესაძლებლობა მათი გამოყენებისა «საზარბაზნე ხორცად».
    სეპარატისტთა ლიდერებს ადრეც არაერთგზის განუცხადებიათ: თუ საქართველო განახორციელებს ახალ აგრესიას აფხაზეთის წინააღმდეგ, გალში დაბრუნებული ქართველები უეჭველად კვლავ იქცევიან ლტოლვილებად.
    1996 და 1997 წლებში, როდესაც ოპოზიცია მწვავედ სვამდა კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ჯართა გაყვანის საკითხს (დღეს თუ ატყობთ, ეს მოთხოვნა საერთოდ აღარ დგას მათ დღის წესრიგში - ავტ.), ხელისუფლება ოპონენტებს პასუხობდა: ომის განახლების შემდეგ აღმოვჩნდებით უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ვიყავით დღემდე, ვინაიდან გალში დაბრუნებული ათეულობით ათასი ლტოლვილი იძულებული გახდება ისევ ენგურს გამოღმა გადმოვიდეს;
    ფაქტობრივად, «პარტიზანულმა რაზმებმა» იმდენი ქნეს, რომ არძინბას მისი კოზირი მაინც გამოაყენებინეს. ვერც თავი დაიცვეს და ვერც მოსახლეობა. მტერს სერიოზული წინააღმდეგობაც ვერ გაუწიეს და შედეგად მართლაც აღმოვჩნდით 1993 წლის სექტემბერზე უარეს მდგომარეობაში. ამის გათვლა არც ისე ძნელი იყო. კაცობრიობისა და ომების ისტორიამ დაადასტურა: ერთადერთი შედეგიანი საშუალება, ხერხი - პარტიზანული მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლისა არის დამსჯელი ექსპედიცია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელსაც ეს მოსახლეობა ეყრდნობა და რომლის გარეშეც იგი ვერ ისულდგმულებს.
    ჩვენ გვიმალავდნენ, თორემ მეორე მსოფლიო ომის დროს, უკრაინისა და ბელორუსეთის ტერიტორიაზე გაშლილი პარტიზანული მოძრაობის მიმართ ადგილობრივ მოსახლეობას ძალზე უარყოფითი განწყობა ჰქონდა, ვინაიდან თითოეული გერმანელის მკვლელობას უეჭველად მოჰყვებოდა ხოლმე დამსჯელი ექსპედიცია და მშვიდობიან მცხოვრებთა აწიოკება. ვიმეორებ: ეს არის ერთადერთი ეფექტიანი ხერხი პარტიზანული მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლისა, ვინაიდან სამხედრო აქციებს აზრი არა აქვს: პარტიზანები მოუხელთებელნი არიან, - ისინი მოქმედებენ წვრილ-წვრილი ჯგუფებით, თუმცა ძალიან დიდ ზიანს აყენებენ მტერს.
    ამრიგად, გალის რაიონში დატრიალებული ტრაგედია მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო: პარტიზანებსაც და აფხაზეთის «ლეგიტიმურ სტრუქტურათა» ხელმძღვანელებსაც (ვინც პარტიზანთა მიღმა იდგა) უეჭველად უნდა სცოდნოდათ, რომ ერთ საშინელ დღეს არძინბა ზემოხსენებულ «სისხლიან კოზირს» გამოიყენებდა და სამურზაყანოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სადამსჯელო ექსპედიციას მოაწყობდა.
    ამას კი უეჭველად მოჰყვებოდა მოსახლეობის განწყობის შეცვლა პარტიზანთა მიმართ: «რა გინდოდათ, რას გვერჩოდით, თუ თავი არ გქონდათ, რატომ იწყებდით ბრძოლას, ვცხოვრობდით ჩვენთვის მშვიდად, სახლიც გვქონდა, კარიც, აფხაზებიც ბევრს არას გვერჩოდნენ - თქვენ კი ბრძოლა დაიწყეთ, ვერც ვაჟკაცურად იბრძოლეთ, ვერ დაგვიცავით, გაიქეცით და ჩვენც გაგვაუბედურეთ. რა ვქნათ ახლა უსახლკაროდ დარჩენილებმა?»
    არძინბას ნამდვილად შეუძლია ზემოხსენებული «სისხლიანი კოზირი» კვლავაც გადაინახოს. იგი მას აუცილებლად სჭირდება, ამიტომ თითქმის დარწმუნებული ვარ: სამურზაყანოს მოსახლეობას იგი უეჭველად დააბრუნებს ნასახლარებზე (თუ დაბრუნდებიან), მაგრამ ამიერიდან, მოსახლეობის განწყობა პარტიზანთა მიმართ კარდინალურად შეიცვლება. თუ გალში მოსახლეობის დაბრუნების შემდეგ ისინი კვლავ გააგრძელებენ საქმიანობას, - სამურზაყანოელნი მათ ახლოსაც არ გაიკარებენ. უფრო მეტიც. დაეხმარებიან აფხაზურ ადმინისტრაციას პარტიზანთა გამოვლენასა და იზოლირებაში. არგუმენტი იქნება იგივე: თუ ბრძოლის შნო არა გაქვთ, თუ სერიოზული ძალის პირველი შემოტევისთანავე გაიქცევით, - თავი რატომ უნდა დაგაღუპინოთ?
    როგორც ჩანს, ეს მომენტი «აფხაზური დიპლომატიის» უმთავრესი ხრიკი იქნება მიმდინარე და მომავალ მოლაპარაკებებზე. თუ არძინბა მაინც დათანხმდება დააბრუნოს გულში ოცდაათი ათასი ქართველი, რომელმაც მაისში დატოვა რაიონი და ამ ნიადაგზე გაიმართება მისი შეხვედრა ედუარდ შევარდნაძესთან, სეპარატისტთა ლიდერი უეჭველად მოითხოვს შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერას. გარდა ლტოლვილთა დაბრუნებისა, მასში აღნიშნული იქნება, რომ «ქართული მხარე კისრულობს ვალდებულებას, ამიერიდან აღკვეთოს პარტიზანულ ჯგუფთა მოქმედება აფხაზეთის ტერიტორიაზე».
    რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერა (თუ ჩვენი ვარაუდი სწორია), მაგრამ ლტოლვილთა საკითხი ასე თუ ისე მაინც უნდა გადაწყდეს. პარტიზანთა და მათ მხარდამჭერთა ბრალდებებს კი ხელისუფლება უპასუხებს არცთუ უსაფუძვლო საყვედურით: თუ ოთხი წლის განმავლობაში 250 ათასი ქართველი ლტოლვილიდან სამასი მეომარიც კი ვერ მოგროვდა პარტიზანულ რაზმებში, მაშინ ამ მოძრაობას, უბრალოდ, პერსპექტივა არა აქვს - იგი ყოველთვის დამთავრდება ისე, როგორც დამთავრდა - სეპარატისტები მოახდენენ ძალთა კონცენტრაციას, ერთბაშად შეუტევენ ქართულ სოფლებს, გადაწვავენ, გადაბუგავენ, ამერიკული და ევროპული დახმარებით ძლივს კვლავაღდგენილ სახლებს, ისევ გამოყრიან მოსახლეობას, ხოლო საქართველოს ხელისუფლება უკვე მერამდენედ აღმოჩნდება ალტერნატივის წინაშე: დაიწყოს ფართომაშსტაბიანი ომი ან შეურიგდეს «ცუდ მშვიდობას»;
    უბედურება ის კი არ არის, რომ ხელისუფლებას ომი არ სურს, რა თქმა უნდა, არ სურს! ომი არასდროს, არც ერთ ხელისუფლებას არ სურს, ვინაიდან იგი მისთვის ახალი, დამატებითი რისკი და პრობლემაა. მაგრამ საქართველო, მთელი ქვეყანა, მთელი საზოგადოება თუ მოინდომებდა, მაინც აიძულებდა ხელისუფლებას, დაეწყო ომი. საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ახალი ფართომასშტაბიანი ომი საქართველოში თითქმის არავის სურს - მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დაეთანხმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ფართომაშსტშაბიანი საომარი მოქმედებების თავიდან აცილების შესახებ.
    შესაძლოა, მხოლოდ ლტოლვილთა შორის იყონ ომის მოსურნენი - რაც სავსებით ბუნებრივია და გასაგები.
    ასეთი საზოგადოება კი ომს ვერ მოიგებს - ეს გამორიცხულია, ამიტომ ხელისუფლებას სხვაგვარი გადაწყვეტილება არც უნდა მიეღო. შეიძლება სასაყვედურო მხოლოდ ის იყოს, რატომ დაუჭირა მან მხარი პარტიზანებს: ნუთუ ძნელი იყო გაეთვალა, რით დამთავრდებოდა ეს ყოველივე? ნამდვილად არ იყო ძნელი და გათვალა კიდეც. მაგრამ ედუარდ შევარდნაძე ძალიან კარგად იცნობს საკუთარი ხალხის ფსიქოლოგიას: ხელისუფლება პარტიზანებს რომ არ დახმარებოდა, მაშინ სწორედ ის ხალხი, ვინც ახლა უკმაყოფილოა «პარტიზანული ომის» სავალალო შედეგით - ხელისუფლებას უსაყვედურებდა წარმოგიდგენიათ, ჩვენს «უძლეველ ლომებს» აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობის გაჩაღება სურთ, ეს უნიათო ხელისუფლება კი არაფრით ეხმარება და ხელსაც კი უშლისო.
    აქ კიდევ ერთხელ გამოვლინდა სინდრომი, რომელმაც არაერთგზის წაგვატეხინა კისერი 1988 წლიდან; ხელისუფლება, რომელიც ცდილობს აღკვეთოს რადიკალიზმი, უმალვე ცხადდება «კანონგარეშედ» და მრავალმხრივი თავდასხმის ობიექტი ხდება. თანაც, ამ ხელისუფლებას მხარდამჭერი თითქმის აღარ ჰყავს. ამიტომ, ედუარდ შევარდნაძემ 1992 წელს, საქართველოში დაბრუნებისთანავე, ქართული ეთნოფსიქოლოგიის გათვალისწინებით, სავსებით სწორი და მიზანშეწონილი ტაქტიკა აირჩია: «გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ვნებასა». ამ ტაქტიკის შესაბამისად, ქართულ საზოგადოებას საკუთარი სისხლისა და მარცხის ფასად (დიახაც) უნდა ესწავლა ჭკუა და მიმხვდარიყო: სასურველი ყოველთვის არ არის შესაძლებელი!
    1992 წელს მთელი საზოგადოება «ატაცებული» იყო აფხაზური პრობლემის «ერთი დარტყმით» გადაწყვეტის სურვილით. ამ განწყობასთან ბრძოლას არავითარი აზრი არ ჰქონდა; ისევე, როგორც აზრი არ ჰქონდა ქართული საზოგადოებისთვის იმის მტკიცებას, რომ პარტიზანული მოძრაობის გაშლას სამურზაყანოში უმძიმესი შედეგები მოჰყვებოდა და უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, ვიდრე მანამდე ვიყავით. ხელისუფლებას რომც ეთქვა - მაინც არავინ დაიჯერებდა. უფრო მეტი - უეჭველად იტყოდნენ: პარტიზანულ მოძრაობას ზურგში დანა ჩასცაო და ასე შემდეგ. მაშ, კი ბატონო, «მიუშვი გიჟი ნებასა» - ჰოდა, ვისხდეთ ახლა ზუგდიდში და ვუყუროთ, როგორ იწვის გალის სოფლები!!!
    თუ ქართული საზოგადოება ამ საზიზღარი ჩვევისაგან არ გათავისუფლდა, თუ საკუთარ ქმედებაზე, საკუთარ მოთხოვნებზე პასუხისმგებლობით არ განიმსჭვალა, მაშინ უახლოეს მომავალში უარესიც მოხდება: განახლდება ფართომაშსტაბიანი ომი სეპარატისტებთან, ოღონდ ამჯერად იგი გასცდება აფხაზეთის ფარგლებს და მაშინღა გამოვერკვევით, როდესაც «მხარეთა დაშორიშორებისთვის» უკვე სენაკთან ან ქუთაისთან მოგვიწევს სამშვიდობოთა ჩაყენების თაობაზე რუსეთისათვის თხოვნით მიმართვა.
    სულ სხვა საქმე იქნებოდა, ჩვენ რომ შეგვეძლოს და გვინდოდეს მტრისთვის შეუპოვარი წინააღმდეგობის გაწევა, - ამ შემთხვევაში პარტიზანულ მოძრაობასაც ექნებოდა აზრი და ფართომაშსტაბიან ომსაც. მაგრამ უნდა დავჯერდეთ იმას, რაც გვაქვს და შეგვიძლია.
    სამურზაყანოში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს მორალური და პოლიტიკური უფლება, ხელი მოაწეროს შეთანხმებას არძინბასთან - გალში ლტოლვილთა დაბრუნებისა და პარტიზანული მოძრაობის აკრძალვის შესახებ.
    სეპარატისტები უეჭველად დასვამენ ასეთ პირობას. შესაძლოა, მათ აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების გაუქმებაც კი მოითხოვონ, თუმცა საამისოდ ქართული საზოგადოება ჯერ არ «მომწიფებულა». ზოგიერთს კვლავინდებურად აქვს იმედი პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტისა, რაც ყოველწლიურად უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. აფხაზეთი თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ განუხრელად იძენს საერთაშორისო სამართალსუბიექტურობას. საერთაშორისო სამართალი კი სხვა არაფერია, თუ არა რეალურად არსებულის აღიარება.
    შეუძლებელია დიდხანს არ სცნობდე დე-იურედ იმას, რაც არსებობს დე-ფაქტო. ეს საბოლოოდ თვით საერთაშორისო (იურიდიული) სამართლის დისკრედიტაციას იწვევს. ამიტომ, ადრე თუ გვიან, აფხაზ სეპარატისტთა რეჟიმის აღიარების პროცესი უეჭველად დაიწყება - თუ საქართველომ დაუყოვნებლივ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები პრობლემის გადასაწყვეტად თავისი სახელმწიფოებრივი სივრცის ფარგლებში.
    საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა სეპარატისტთა ლიდერთან, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელს უფრო აძლევს ხელს, მაგრამ შეხვედრაზე უარის თქმაც შეუძლებელია, ვინაიდან ვითარება სამეგრელოში დღითი - დღე იძაბება.
    1992-1993 წლებში აფხაზეთიდან გამოსულმა ლტოლვილებმა მას შემდეგ ასე თუ ისე არსებობის წყარო მაინც იშოვეს, მაგრამ «ბოლო ტალღა» სამურზაყანოდან უკვე სულ სხვა საზოგადოებრივ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში მიმდინარეობს. დაძაბულობის პირველი ნიშნებიც ჩნდება: თბილისში, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული ექსცესები და ამ პროცესის გაშუქება ტელევიზიით სწორედ ამის ნიშანია.
    მაშასადამე, გადაუდებელი და აუცილებელი ხდება რაიმე რადიკალური ნაბიჯის გადადგმა პრობლემის კარდინალური გადაწყვეტისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. სეპარატისტებმა ძალიან ოსტატურად შექმნეს ისეთი ვითარება, როდესაც პასუხისმგებლობა გალის მოვლენებისთვის აღარ დაეკისრებათ არც მათ და არც რუსეთის სამშვიდობო ძალებს, - მთლიანობაში რუსულ დიპლომატიას.
    აქ უბრალო ლოგიკა მოქმედებს: თუ გალის რაიონში გენოციდი მოეწყო, მაშინ რატომ ხვდება საქართველოს პრეზიდენტი გენოციდის მთავარ ორგანიზატორ ვლადისლავ არძინბას? ხოლო თუ რუსეთი რამეში დამნაშავეა, მაშინ რატომ იმართება მოლაპარაკებები ისევ და ისევ რუსეთის შუამავლობით?
    პარტიზანული ბრძოლის გაგრძელებაც, როგორც ჩანს, ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული, ვინაიდან სეპარატისტებმა სავსებით შეიძლება მიიღონ საპასუხო ზომები: შექმნან დივერსიული ჯგუფები და შემოაგზავნონ ისინი ზუგდიდის, აგრეთვე წალენჯიხის რაიონებში. ქართულ სპეცსამსახურთა რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით ეს ნამდვილად არ არის გამორიცხული და საეჭვოა, ამგვარ ქმედებას ქართულმა მხარემ რაიმე დაუპირისპიროს.
    არძინბა ერთხელ აშკარად დაგვემუქრა კიდეც ამით, როდესაც ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: «თეთრი ლეგიონის» საპასუხოდ ადრე თუ გვიან უეჭველად შეიქმნება სხვა ლეგიონებიც».
    რუსეთის სამშვიდობო ჯარებსაც ბრალს ვერ დავდებთ, ვინაიდან ისინი პასუხად გვეტყვიან: ქართველი დივერსანტები ხომ გადადიან ენგურის მარჯვენა მხარეს, რატომ არ შეიძლება ენგურის მარცხენა ნაპირზე აფხაზი დივერსანტები «გვეპარებოდნენ» თვალსა და ხელს შუა?
    კი ბატონო, ვთქვათ, აჭარბებს ავტორი, მაგრამ ფაქტი ხომ (როგორც რუსები იტყვიან) სახეზეა?
    შეუძლებელია არსებული მდგომარეობის უსასრულოდ მოთმენა. აფხაზეთის პრობლემა ასე თუ ისე უნდა გადაწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაძაბულობის ზრდა საზოგადოებაში ზღვარს გადააჭარბებს. შესაძლოა იგი ანტისამთავრობო გამოსვლებში არ გამოვლინდეს, მაგრამ მოხდეს უარესი: საზოგადოებრივმა აპათიამ მოსპოს ქვეყანაში ყოველგვარი კონსტრუქციული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა. ეს იგივე დაღუპვაა. უფრო სწორად, ქვეყნის მტანჯველი, თანდათანობითი კვდომა.
    პოლიტიკაში გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. აფხაზეთის «ჩიხიც», სინამდვილეში არ არის გამონაკლისი. აუცილებელია უშუალო მოლაპარაკების გამართვა სეპარატისტებთან. უშუალო მოლაპარაკებაში არ შეიძლება ვიგულისხმოთ ისეთი შეხვედრა (იქნება ეს მოსკოვში თუ თბილისში), როცა საქართველოს დელეგაციას რუსეთისკენ აქვს თვალი მიპყრობილი - აბა მას რა უნდა, მას რა აქვს გადაწყვეტილიო. ამ გზით პრობლემა ვერ მოწესრიგდება, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ: რუსეთი აფხაზეთის დაბრუნებაში საქართველოს (ნებისმიერი დათმობის ფასად) არც დაეხმარება და ვერც დაეხმარება. ამიტომ სანამ კიდევ შეგვრჩა კოზირები საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, აუცილებელია თვით აფხაზ სეპარატისტებთან კომპრომისის მიღწევა.
    გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნება, ანუ ტაქტიკური კომპრომისი გამოსავალი აღარ არის, - ეს მოსახლეობა ისეა გამწარებული, ყველაფერზე იმედგაცრუებული და ხელჩაქნეული - სამურზაყანოში დაბრუნების შემდეგ არათუ პარტიზანებს აღარ დაეხმარება, საქართველოსკენ საერთოდ აღარ გამოიხედავს. შეიძლება ძალზე საშიში ტენდენციებიც განვითარდეს: არძინბას ბრძანებით გალში უკვე გაიხსნა მეგრული და აფხაზური სკოლები, ანუ მოსახლეობას «თავისუფალი არჩევანის» საშუალებას აძლევენ, ოღონდ კი ქართველობაზე ათქმევინონ უარი.
    თუ ასე გაგრძელდა, სამურზაყანოელები მართლაც გააკეთებენ არჩევანს, რომელიც ყველა შემთხვევაში ანტიქართული იქნება. რას ვიზამთ, ასეთია რეალობა. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, რადიკალური, გაბედული ქმედება უკვე გარდაუვალი ხდება. მოვლენათა თვითდინებაზე მიშვება ამჯერად დაუშვებელია. პრობლემის გადაწყვეტა (ჩემი აზრით) უნდა დაიწყოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი თავის მიღებით «ტერიტორიულ ადმინისტრაციული» მოწყობის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო იურიდიულად უნდა იქცეს ფედერაციულ რესპუბლიკად ორპალატიანი პარლამენტით. ქართული ფედერაციის სუბიექტები იქნებიან მხარეები და ყოფილი ავტონომიები. უნდა შევურიგდეთ იმ ფაქტსაც, რომ მოგვიწევს ვცნოთ «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა», როგორც ფედერაციის სუბიექტი. თუ ყოფილი «ავტონომიები» დღეს ცენტრალურ ხელისუფლებას არ ემორჩილებიან და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ სცნობენ, - ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ისინი პოზიციას შეიცვლიან ფედერალური მოწყობის დაკანონების შემდეგ, მაგრამ საქართველო მაინც უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. - გაცილებით გაფართოვდება პოლიტიკური მანევრისათვის აუცილებელი სივრცე.
    მით უმეტეს, რომ საუბარია «ასიმეტრიულ ფედერაციაზე», რაც ამ სივრცეს კიდევ უფრო აფართოებს. ამის შემდეგ, მაგალითად, აფხაზი სეპარატისტები ვეღარ ისაუბრებენ «თანასწორსუბიექტურობაზე», ვინაიდან საქართველო თავისთავად «მრავალსუბიექტური» ფედერაციული სახელმწიფო გახდება.
    ამ პირობებში უფრო გაადვილდება რეალური მოლაპარაკების გამართვა «განსაკუთრებულ ხელშეკრულებაზე» საქართველოს ფედერაციულ სახელმწიფოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას (სხვა გამოსავალი არ ჩანს) ძალიან სერიოზულ, ისტორიულ დათმობებზე მოუწევს წასვლა, ოღონდ საერთო ეკონომიკური, თავდაცვითი, სამართლებრივი სივრცის შენარჩუნების პირობით.
    რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, ამ აზრს უნდა შევურიგდეთ: შესაძლოა დავუშვათ აფხაზეთისთვის საკუთარი მოქალაქეობა, ხოლო ლტოლვილთა ის ნაწილი, ვინც დაბრუნებას შეძლებს (ყველა ნამდვილად ვეღარ დაბრუნდება), დაბრუნდეს «საქართველოს მოქალაქის» სტატუსით, - ამ გზით მოიხსნება ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა: - სეპარატისტები ხომ სწორედ ამიტომ არიან ლტოლვილთა დაბრუნების წინააღმდეგნი: მათ ეშინიათ ქართველთა დემოგრაფიული სიმრავლისა აფხაზეთში, ვინაიდან თუ იურიდიულად ქართულ მოსახლეობას ექნება არჩევნებში მონაწილეობის უფლება, აფხაზეთის საკითხი ერთი კენჭისყრით, ერთი რეფერენდუმით გადაწყდება. ბუნებრივია, აფხაზი სეპარატისტებისთვის ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია.
    გარდა ამისა, ფედერალიზაცია სახელისუფლებო პრობლემასაც მოხსნის: სანამ ხელისუფლებას აშინებენ იმპიჩმენტით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკონსტიტუციო მუხლის დარღვევის გამო, - იგი კარდინალურ ნაბიჯებს ვერ გადადგამს. ფედერალურ სახელმწიფოში კი ყველაფერს წყვეტს ორმხრივი ხელშეკრულება ცენტრსა და რეგიონს შორის, რომლითაც ამ უკანასკნელს შეიძლება განსაკუთრებული სტატუსიც მიენიჭოს.
    ვიმეორებ: ყველაფერი სჯობს იმ ვითარების შენარჩუნებას, რაც ამჟამად გვაქვს საქართველოში. ღრმავდება საზოგადოების სულიერი კრიზისი, ირყევა ეროვნული თვითშეგნების საყრდენები, ხდება შეუვალად მიჩნეულ ღირებულებათა გაუფასურება, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნიჰილიზმი და ცინიზმი განუხრელად იდგამს ფესვებს და მყარდება. თუ ასე გაგრძელდა, «საქართველოზე», არა როგორც სახელმწიფოზე, არამედ თუნდაც როგორც ისტორიულ-კულტურულ, ეროვნულ ერთობაზე საუბარი შეუძლებელი გახდება; ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კვდომა შეუქცევად პროცესად იქცევა. ამიტომ, სანამ გვიან არ არის, გასაკვეთი უნდა გაიკვეთოს.

დილის გაზეთი, 8 ივნისი, 1998 წელი