აფხაზური კვანძი

აფხაზური კვანძი

 

    პირველი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთში არსებული სიტუაციის შეცვლა ნამდვილად გადაწყვიტა, იყო გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მანდატის გაგრძელებაზე უარის თქმა.
    როგორც ცნობილია, ამ დამკვირვებლებს უფლებამოსილება 6 იანვარს გაუვიდათ, რის შემდეგაც ისინი ვალდებული არიან დატოვონ საქართველოს (აფხაზეთის) ტერიტორია. 1 იანვარს ამოიწურა კონფლიქტის ზონაში 1994 წლის ივნისში, СНГ-ს ეგიდით, შემოყვანილი რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის ვადაც.
    იურიდიული თვალსაზრისით, ისინი უკვე უკანონოდ იმყოფებიან კონფლიქტის ზონაში. თუმცა, პოლიტიკურად ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად არ მოუთხოვია ჯარების გაყვანა. საკითხი უნდა გადაწყდეს 19 იანვარს, «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრაზე, რომელიც მოსკოვში გაიმართება.
    ედუარდ შევარდნაძემ ამ შეხვედრის მონაწილეებს უკვე შესთავაზა კონფლიქტის შეწყვეტის ახალი გეგმა. იგი ითვალისწინებს რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის საპოლიციო ფუნქციის მინიჭებას და მათ განლაგებას აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, რომელზეც იქმნება რუსეთის ჯარების კომენდატურები. ხელისუფლება კი აფხაზეთში უნდა გადაეცეს დროებით კომიტეტს, - ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ ახალი არჩევნების ჩატარებამდე.
    ვლადისლავ არძინბასათვის ამ გეგმის მიღება პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს. ამიტომ ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ იგი მას დაეთანხმება, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სირთულე.
    ამჟამად, თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ ამ ქვეყნების ხელმძღვანელები, დაეთანხმონ საქართველოს ახალ გეგმას. მაგრამ გავიხსენოთ, თუ როგორ მოხდა კონფლიქტის ზონაში მიმდინარე «სამშვიდობო ოპერაციის» იურიდიული გაფორმება 1994 წლის ივნისში:
    თავდაპირველად, საქართველომ და აფხაზეთმა (როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა), გაეროს წესდების სრული დაცვით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას «ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების» შესახებ. ეს შეთანხმება გახდა იურიდიული საფუძველი კონფლიქტის ზონაში «სამშვიდობო ოპერაციის» განხორციელებისა. თავად გაერომ არ მიიღო გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ, რაკი რუსეთი (გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი), ამის წინააღმდეგი იყო; ხოლო თვით რუსეთის ჯარებისთვის გაეროს მანდატის მიკუთვნება ამ ორგანიზაციის წესდებას ეწინააღმდეგებოდა - გაეროს წესდებით, სამშვიდობო ოპერაციის განხორციელება არ შეიძლება დაეკისროს ქვეყანას, რომელიც უშუალოდ ემეზობლება კონფლიქტის ზონას.
    ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამშვიდობო ოპერაციის СНГ-ს ეგიდით განხორციელების თაობაზე. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ხელმძღვანელმა ორგანომ (სახელმწიფოს მეთაურთა საბჭომ) მიიღო რეზოლუცია სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების შესახებ (ისევ და ისევ ზემოთხსენებული შეთანხმების საფუძველზე). ამის შემდეგ დაისვა საკითხი კონკრეტული სამხედრო კონტიგენტის თაობაზე, რომელიც ჩადგებოდა დაპირისპირებულ მხარეთა შორის. საქართველოს ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა რუსეთს, რომელსაც, რასაკვირველია, ხელს აძლევდა თავისი ჯარების გაგზავნა ენგურის აუზში. რუსეთის კონსტიტუციის შესაბამისად, ფედერაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ჯარების გაგზავნის თაობაზე. რაკი СНГ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე დაწესდა კონკრეტული ვადა - 6 თვე, რუსეთმაც თავისი ჯარები ამ ვადით გააგზავნა გალისა და ზუგდიდის რაიონებში.
    შემდგომ, ყოველი 6 თვის თავზე, СНГ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭო იღებდა გადაწყვეტილებას ვადის გაგრძელების თაობაზე, რის საფუძველზეც რუსეთის ფედერაციის საბჭო აგრძელებდა სამხედრო კონტიგენტის კონფლიქტის ზონაში ყოფნის ვადას.
    პარალელურად, გაერო (რომელიც ნომინალურად, სამხედრო დამკვირვებელთა დონეზე) კვლავ მეთვალყურეობდა სამშვიდობო პროცესს - იღებდა გადაწყვეტილებებს მეთვალყურეობის ვადის გაგრძელების თაობაზე.
    ამრიგად, თუ 1996 წლის 19 იანვარს, СНГ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭო არ მიიღებს ახალ რეზოლუციას სამშვიდობო ოპერაციის ვადის გაგრძელების თაობაზე, ოპერაცია იურიდიულად შეწყდება და რუსეთის სამშვიდობო ჯარების ყოფნას კონფლიქტის ზონაში სამართლებრივი საფუძველი გამოეცლება. იგი ვალდებული გახდება, დატოვოს კონფლიქტის ზონა (ეს არ ეხება რუსეთის ჯარების იმ კონტიგენტს, რომელიც მანამდე იყო დისლოცირებული აფხაზეთში - კერძოდ, გუდაუთასა და ოჩამჩირეში). ზემოთთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს СНГ-ს წევრ ქვეყნებს, მიიღონ გადაწყვეტილება სამშვიდობო ოპერაციის არა შეწყვეტის, არამედ მისი შინაარსის შეცვლის თაობაზე, რაც ითვალისწინებს რუსეთის სამშვიდობო ძალების დისლოკაციას აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, მათთვის საპოლიციო მანდატის მინიჭებას და ა.შ.
    მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ ფუძემდებლურ დოკუმენტს, რომელიც თავის დროზე გახდა იურიდიული საფუძველი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებისა. ანუ, მხარეთა შეთანხმებას «ცეცხლის შეწყვეტისა და დაპირისპირებულ მხარეთა დაშორიშორების შესახებ». ამიტომ, არ არის გამორიცხული, СНГ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭომ მოითხოვოს ჯერ აფხაზური ხელისუფლების თანხმობა (როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარისა) საქართველოს წინადადებათა განხორციელებაზე და მხოლოდ ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება.
    არ არის ძნელი განსაჭვრეტი, რომ არძინბა შევარდნაძის გეგმაზე უარს იტყვის და СНГ-ს საბჭოც გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. მაგრამ დავუშვათ ერთი წუთით, რომ СНГ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭომ (მიუხედავად არძინბას უარისა) მაინც მიიღო გადაწყვეტილება სამშვიდობო ოპერაციის შინაარსის შეცვლის თაობაზე, - ვინ უნდა განახორციელოს რეალურად ეს გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა რუსეთმა! ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ეს ყოველივე აბსოლუტურად არარეალურია და აი, რატომ:
    ვლადისლავ არძინბას არაერთგზის განუცხადებია, რომ თუ რუსეთი ძალით შეეცდება აიძულოს აფხაზეთი შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში - ეს გამოიწვევს რუსეთ-აფხაზეთის ომს (ნურავის ეგონება, თითქოს აფხაზებს რუსეთთან ომის შეეშინდებათ). ანუ, როგორც კი (და თუკი) რუსეთის ჯარები შეეცდებიან აღასრულონ СНГ-ს ქვეყნების მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილება და განახორციელონ საპოლიციო ფუნქციები აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე, აფხაზეთის «არმია» დაიწყებს საომარ მოქმედებებს რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, რაც (აი, ეს არის ყველაზე მთავარი) უმწვავეს რეაქციას გამოიწვევს რუსეთში.
    რუსული პრესა (განსაკუთრებით «დემოკრატიული») უმალვე ატეხავს ისტერიკას, რომლის ლეიტმოტივი იქნება კითხვა: რატომ უნდა იღუპებოდნენ რუსი ბიჭები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის? განა ჩეჩნეთის ომი არ გვეყოფა?
    გარდა ამისა, გავიხსენოთ, რომ ელცინს სჭირდება ფედერაციის საბჭოს ნებართვა რუსეთის ფარგლებს გარეთ (აფხაზეთში) რუსული არმიის ამოქმედებისათვის - ფედერაციის საბჭო კი ამგვარ ნებართვას მას არაფრის დიდებით არ მისცემს, თუ სამშვიდობო ოპერაციის შინაარსი შევარდნაძის გეგმის მიხედვით შეიცვლება.
    გამოდის, რომ ერთადერთი, რაც საქართველოს რჩება (არსებული მდგომარეობის ალტერნატივად) არის: უარი თქვას სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებაზე, მოითხოვოს რუსეთის ჯარების გაყვანა, გამოაცხადოს აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა და საკუთარი ძალებით სცადოს პრობლემის გადაჭრა ანუ გააჩაღოს აფხაზეთში ახალი ომი.
    მაგრამ დაუშვებს კი რუსეთი საქართველოს გამარჯვებას ამ ომში? ზოგიერთს მიაჩნია, - დიახ დაუშვებს, რაკი მას ხელს აძლევს საქართველოს ტერიტორიაზე სანაცვლოდ სამხედრო ბაზების დაკანონებით ნავთობსადენის კონტროლირება და ა.შ. მაგრამ დავსვათ მოულოდნელი კითხვა: რა შეუშლის ხელს რუსეთს, ყოველივე ამას მიაღწიოს არა საქართველოს გამარჯვების, არამედ მისი ხელახალი დამარცხების ფასად?
    რა შეუშლის მას ხელს, კვლავ წამოაგოს საქართველოს ხელისუფლება ემოციურ ანკესზე, შეიტყუოს იგი აფხაზეთში, დაამარცხოს, ხოლო შემდეგ «აფხაზური ფორმირებებისა და კონფედერატების» ხელით დაიპყროს ზუგდიდი, ფოთი (ისევე როგორც სომხებმა დაიპყრეს ფიზული და ქელბაჯარი) და თუნდაც ამ ტერიტორიების დაბრუნების პირობით მიიღოს ბაზებიც და ნავთობსადენიც.
    გავიგოთ, ბოლოს და ბოლოს, რომ რუსეთი თავის სტრატეგიულ მოკავშირეს რეგიონში (აფხაზეთს) არ მიატოვებს - რომც სურდეს, ვერ მიატოვებს, რადგან თუ ჩეჩნეთის ომის ფონზე ჩრდილოეთ კავკასია დუმს, დუმს მხოლოდ იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი შეიცვლის პოზიციას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართ და საქართველოს დაუჭერს მხარს. თუ რუსეთი დღეს საქართველოს გეგმას მიიღებს, აფხაზეთსა და ჩერქეზეთში (ყაბარდო, ადიღე, ჩერქეზეთი) დაიწყება ანტირუსული აჯანყება და რუსეთის პოლიტიკური ელიტის თვალში ამის მიზეზი იქნება «ელცინის უგუნურობა» - მერედა ეს უკანასკნელი, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დაუშვებს თავისი იმიჯის ამგვარ შელახვას? რა თქმა უნდა არა!
    როდემდე უნდა ვეთამაშებოდეთ ფანტომებს, როდემდე უნდა ვიკვებებოდეთ ილუზიებით? როდისღა უნდა მივხვდეთ, რომ პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა, ანუ პოლიტიკა არის იმის მიღწევის ხელოვნება, რისი მიღწევაც არსებული რეალობის გათვალისწინებით პრინციპში შესაძლებელია!
    არაერთგზის მითქვამს: საქართველოს ერთადერთი კოზირი ამ პრობლემასთან მიმართებაში ის არის, რომ აფხაზური ნაციონალიზმი, თავისი შინაგანი, იმანენტური ბუნებით არ არის პრორუსული ხასიათისა, იგი «ჩრდილოეთ კავკასიური ნაციონალიზმის» განუყოფელი ნაწილია, აფხაზები მხოლოდ იმიტომ თანხმდებიან იყონ რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეები კავკასიაში, რომ ეშინიათ: წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი მათ «საქართველოს პირისპირ მარტო დატოვებს».
    ბევრი თვლის, რომ ამის თქმა მკრეხელობაა, მაგრამ მკრეხელობა არ შეიძლება იყოს ის, რაც პრობლემის თუნდაც ნაწილობრივი გადაწყვეტის შანსს შეიცავს: საქართველოსათვის გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება სცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა მდინარე ფსოუდან - მდინარე ღალიძგამდე და ამ შეთანხმების (ისევე როგორც ლტოლვილთა თუნდაც ნაწილის დაბრუნების) გარანტიად აქციოს არა რუსეთი, არამედ თურქეთი! (როგორც ნატოს წევრი ქვეყანა).
    საუბარია არა სამხედრო, არამედ პოლიტიკურ გარანტიებზე. აფხაზები ამ გეგმას უეჭველად მიიღებენ, რადგან ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასიას ხელ-ფეხი გაეხსნება ღიად დაუჭიროს მხარი ჩეჩენი ხალხის ბრძოლას და თავადაც მოითხოვოს დამოუკიდებლობა («მთიელთა რესპუბლიკის» აღდგენა - კასპიიდან შავ ზღვამდე).
    თურქეთი და მის უკან მდგომი ამერიკის შეერთებული შტატები შეიძენენ შესანიშნავ ბერკეტს რეგიონში თავიანთი გავლენის გაზრდისათვის, ხოლო აფხაზეთის ხელისუფლება (თურქეთში სახმელეთო გასასვლელის მოსაპოვებლად) იძულებული იქნება აწარმოოს მოლაპარაკება საქართველოსთან - ლტოლვილთა აფხაზეთში დაბრუნების თაობაზე.
    რამდენჯერაც არ უნდა «გადავღეჭოთ» არსებული სიტუაცია, რამდენჯერაც არ უნდა ვცადოთ სხვადასხვა შესაძლებლობათა თუ ალბათობათა პროგნოზირება - ლოგიკურად მსჯელობის შემთხვევაში უეჭველად მივალთ დასკვნამდე, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის!
    თუ, რასაკვირველია, საქართველო არ მიიღებს კრემლში შემუშავებულ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი ფედერაციული (ან კონფედერაციული) სახელმწიფოს შექმნას. ამ პირობით, დროთა განმავლობაში, კრემლი მართლაც აღადგენს სტატუს-ქვოს, რომელიც აფხაზეთში არსებობდა საბჭოთა იმპერიის დაშლამდე. ანუ, დააბრუნებს (ვიმეორებ: დროთა განმავლობაში!) ქართველ ლტოლვილებს აფხაზეთში, ნაწილობრივ აღადგენს საქართველოს იურისდიქციას აფხაზეთის ტერიტორიაზე ანუ ისევ ჩადებს რეგიონში შეყოვნებული მოქმედების იმ ნაღმს, რომელსაც, ისტორიული სპირალის შემდგომ ეტაპზე კვლავ ააფეთქებს.

«მსგეფსი», 11 იანვარი, 1996 წელი.