აურზაური პოლიტიკურ «სალხინეთში»

აურზაური პოლიტიკურ «სალხინეთში»

      

        გუშინ დილით «ზვიადისტებმა» პირველ საშუალო სკოლასთან აქციის მოწყობა სცადეს - როგორც ჩანს, ახალმა (!) პოლიტიკურმა მოკავშირეებმა დროულად ვერ შეატყობინეს, რომ რიგგარეშე სესიის გადადება «გასამწვავებელი» თემა არ იყო, ვინაიდან «მთლად» ზურაბ ჟვანიასა და «რეფორმატორთა გუნდის» ბრალი არ ყოფილა - პირიქით, ოპოზიციამ თავად მოითხოვა რიგგარეშე სესიის გადადება, რაკი ასლან აბაშიძემ ჩინეთიდან შემოთვალა: «ემანდ თბილისში ჩემთან შეუთანხმებლად არაფერი გაბედონ, თორემ ჩამოვალ და მე ვიცი თქვენიო».
        ეს უკვე ახალქართული ტრადიციაა: აჭარის ლიდერს აქვს უფლება, მიიღოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ავტონომიის სტატუსის ღრმა ცვლილებასთან დაკავშირებით ისე, რომ თბილისში არავის არაფერი შეუთანხმოს, არც კი აცნობოს ამის შესახებ და შემდეგ მიღებული დოკუმენტები არც გამოაგზავნოს, - იუსტიციის სამინისტროს ხვეწნა-მოთხოვნის მიუხედავად.
        «თბილისმა» კი, როგორ გეკადრებათ, მასთან შეთანხმების გარეშე როგორ უნდა გაბედოს რაიმე საერთო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღება!
        «ახალმა მეგობარმა» უბადრუკი «ზვიადისტები» დაარწმუნეს, რომ ამჯერად «ატეხვა» არ ღირდა.
        სამაგიეროდ, მათივე ჩაწვეთებული უნდა იყოს ახალი ისტორიული იდეოლოგემა-მითოსტერეოტიპი, რომ თურმე, 1993 წელს, ბობოყვათში, ბატონი ასლანის შუამავლობით გამართული მოლაპარაკება «ფაქტობრივ ხელისუფლებასა» და «ქობალიას რაზმეულს შორის» ზურაბ ჟვანიას ჩაუშლია!
        ამაზე მეტი იდიოტიზმი გაგონილა?
        როგორც ჩანს, ქართველი ხალხი მთლად კლინიკური იდიოტების ნაკრები ჰგონიათ - აბა ასეთ სისულელეს სხვა ვინ დაიჯერებს?
        მაგრამ ზოგიერთ «ზვიადისტს» მართლა სჯერა და ახალი «მოძრაობის» აგორებას აპირებს ჟვანიას წინააღმდეგ.
        მათი წამქეზებელი ჭკვიანი და მდიდარი ოპოზიცია (მხოლოდ ერთ ფრაქციას არ ეხება) შესანიშნავად ხვდება, რამდენად უბადრუკ და ჩლუნგ «პოლიტიკურ მასალასთან» აქვს საქმე, რომელიც სავსებით შეიძლება გამოიყენონ ახალი პოსტამენტის გამოსაძერწად და შემდეგ, მისი მეშვეობით, პრეზიდენტთან «ჟვანიას გუნდის» ჩასანაცვლებლად.
        «მასალა» ამას ვერ გრძნობს «და მზად არის, «ქუჩის რევოლუციაც» მოაწყოს, რომელსაც ზუსტად დუღილის ნიშნულამდე მიუშვებენ თვით ახალი წამქეზებლები.
        ანუ იმ ზომამდე, სანამ ეს «აბობოქრება» მათ ბიზნესს, მათ კეთილდღეობას და ფეშენებელურ ვილებს არ დაემუქრება. რამდენად შეძლებენ შემდეგ შეკავებას - სხვა საქმეა. ხომ გაგიგონიათ ქართული ანდაზა: «რეგვენ პატარძალს ხუმრობა მართალი ეგონა და...»
        რაც შეეხება «თვითმმართველობის შესახებ კანონს», ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ შევარდნაძე და ჟვანია მათ ძალიან ოსტატურად აცუცურაკებენ და სულ მალე დადგება მომენტი, როდესაც «ჯინაზე» ბრიყვულად მოქმედებით, ოპოზიცია სწორედ იმას დაუჭერს მხარს, რის წინააღმდეგაც თავად ილაშქრებდა.
        ამით საბოლოოდ მოიჭრის თავს, ოღონდ, თვითონ ვერ შეამჩნევს.
        პრეზიდენტის განცხადება «უმცირესობასთან» შეხვედრისას - «წადით და უმრავლესობას მოელაპარაკეთო», სულაც არ ნიშნავდა, რომ ედუარდ შევარდნაძე მზად არის კარდინალურად შეცვალოს თავდაპირველი კანონპროექტი, თუ ეს «უმრავლესობასთან» შეუთანხმებლობას გამოიწვევს.
        საქართველოში «პარტიული სიებით» თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება უდიდესი აბსურდია.
        ეს არის წინა პარლამენტის «ოპოზიციის» ნაეშმაკარი, ანუ ქართული პოლიტოკრატია ამ გზით ცდილობდა, შეენარჩუნებინა ძლევამოისლება მას შემდეგ, რაც სრულიად გაკოტრებული აღმოჩნდა.
        ყველაფრის მიუხედავად, მართლაც არსებობს იმის ალბათობა, რომ გაგრძელდეს «მოქალაქეთა კავშირის შიგნით» (და არა სხვაგვარად) «ჟვანიას გუნდის» კრისტალიზაციის პროცესი.

დილის გაზეთი, 27 ივლისი, 2001 წელი