არ გაეკაროთ რუსულ რუბლს!

არ გაეკაროთ რუსულ რუბლს!

    საქართველოს საფინანსო წრეებში გრძელდება მსჯელობა შაბათ-კვირას მომხდარი ფისკალური აფეთქების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა შეძლო ვითარების ნაწილობრივი სტაბილიზირება, ეს თემა მაინც აქტუალურია.
    მთლიანობაში ძალიან საეჭვო რამ მოხდა, - ლარის კურსი ერთბაშად დაეცა. ზოგიერთ ადგილას ერთ დოლარში ორ ლარსაც კი იძლეოდნენ. პანიკა ძირითადად შექმნეს უკონტროლო ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა. ისინი თითქოს ერთმანეთს აქეზებდნენ, ერთი დააწესებდა კურსს 1 დოლარი – 1,4, მეორე 5 პუნქტს უმატებდა (1 – 1,45), მესამე - ათს (1-1,50) და ა.შ.
    პანიკამ პიკს მიაღწია კვირას დღის 12 საათისათვის. ერთბაშად გაძვირდა ოქრო და ბრილიანტიც, დაიწყო ფასების ზრდა ბაზრობებზე; ფასები დაიძრა სასოფლო-სამეურნეო ბაზრებშიც; მოსახლეობას ერთბაშად გაახსენდა 1992-93 წლები, როდესაც ფასები დღეში რამდენჯერმე იცვლებოდა.
    მაგრამ 12 საათის შემდეგ ვითარება თანდათან გაუმჯობესდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჯერ ერთი, ფინანსურ სპეკულანტებს (იგივე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს) გამოელიათ ლარი და ოპერაციებს ვეღარ აწარმოებდნენ.
    გარდა ამისა, მათ მიერ დაწესებული კურსები იმდენად არაბუნებრივი იყო, რომ გაცვლა-გამოცვლა აშკარად წამგებიანი გახდა. მაგალითად, ზოგიერთ გადამცვლელ პუნქტში დააწესეს შემდეგი კურსი: 1 დოლარის შესყიდვა 1,40 ლარი. გაყიდვა – 1,70, მაგრამ როცა ეკითხებოდნენ, იყვნენ თუ არა მზად, ეყიდათ დოლარი ამ ფასად, ან უარით გაისტუმრებდნენ (ლარის ნაკლებობის გამო), ან 100 დოლარზე მეტს არ იღებდნენ.
    კიდევ ერთი ნიშანდობლივი სიმპტომი მთელი ამ პანიკის ხელოვნურობისა ის იყო, რომ დიდი სხვაობა (თუ ზემომოყვანილ მაგალითს არ მივიღებთ მხედველობაში) გაყიდვასა და ყიდვას შორის არ არსებობდა. ვთქვათ, ყიდულობდნენ 1,39-ად, ყიდნენ 1,40 ან 1,42 ლარად და ა.შ.
    ამ ვითარების ყველაზე საშიში მომენტი ის გახლდათ, რომ მეანაბრეები შეიძლებოდა მისდგომოდნენ ბანკებს, რათა გამოეტანათ თავიანთი ანაბრები (ლარებსა თუ დოლარებში). ეს უეჭველად გამოიწვევდა საბანკო სისტემის დაქცევას. თუმცა, მეორე მხრივ, ზოგიერთი ექსპერტი ეჭვსაც კი გამოთქვამს, რომ მთელი ეს აჟიოტაჟი არ იყო გარკვეულწილად პროვოცირებული იმ ბანკების მიერ, ვისაც არ სურდა მეანაბრეთათვის კუთვნილი დივიდენდების გადახდა.
    კონტრაქტი სხვადასხვა ბანკში ითვალისწინებს დივიდენდს 16-დან 18 პროცენტამდე წლიურად. ასეთი მაღალი პროცენტი ნორმალური ვითარებისათვის წარმოუდგენელია. შვეიცარიის ბანკებში წლიური დივიდენდი 5 პროცენტია, ამერიკის ბანკებში - 2 პროცენტი. შესაძლოა, ბანკირებს კიდეც აძლევდათ ხელს ძირითადი თანხის დაბრუნება კლიენტებისათვის კონტრაქტის ვადის გასვლამდეც. ოღონდ დივიდენდის გარეშე, ვინაიდან ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ თუ იგი ვადამდე დაირღვა, დივიდენდი არ გაიცემა ან გაიცემა გაცილებით დაბალი პროცენტი.
    «პროვოცირების თემა» ამ საკითხებზე მსჯელობისას საკმაოდ ხშირად ფიგურირებს. მართლაც ძალიან საეჭვოა ის გარემოება, რომ პანიკა ატეხეს სწორედ შაბათ-კვირას, როდესაც ეროვნული ბანკი არ მუშაობს, ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა არ მიმდინარეობს და ოფიციალური კურსის დადგენა შეუძლებელია.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, მავანმა მთელ ამ ოპერაციაზე მილიონობით დოლარი გააკეთა, ვინაიდან ახლა უკვე იყიდის დოლარს ლარებით, მაგრამ გაცილებით დაბალი კურსით.
    ამაში გასაკვირი არაფერია. საბაზრო ეკონომიკა იმთავითვე გულისხმობს ფინანსურ სპეკულაციებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად «ველურია» საქართველოს საფინანსო ბაზარი. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ვალუტის გამცვლელ პუნქტებზე, თუ ისინი ბანკებში არ არიან გაერთიანებულნი, ლიცენზია არ გაიცემა. შეუძლებელი და წარმოუდგენელია ისეთი ვითარება, როდესაც ყველას, ვისაც მოესურვება და (ვთქვათ) ათასი დოლარი აქვს, შეუძლია გახსნას ვალუტის გადამცვლელი პუნქტი. აბა, ერთი სცადეთ საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ფული პასპორტის გარეშე გადაახურდავოთ. ნურას უკაცრავად! ყველა საფინანსო ოპერაცია ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტაციის გაფორმებით, პასპორტის წარდგენით, ქვითრის გამოწერით და ა.შ.
    ისეთი ველურობა, რაც ჩვენთან არის, ნორმალურ ქვეყანაში წარმოუდგენელია და შეუძლებელი. მაგრამ თბილისში მოქმედი სავალუტო პუნქტები შეიძლება შეეწირონ შაბათ-კვირას მომხდარს, ვინაიდან ეროვნული ბანკი უკვე პრინციპულად მოითხოვს ლიცენზიების გაუქმებას, რის შემდეგაც ვალუტის გაცვლა მოხდება მხოლოდ ბანკების მეშვეობით.
    ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ასეთი პუნქტი მხოლოდ ბანკის შენობაში უნდა განთავსდეს. შეიძლება იგი ფუნქციონირებდეს ვაგზალზეც, მაგრამ ვაჭრობდეს მხოლოდ ბანკის კურსით, ანუ თვითნებურად ვეღარ აწესებდეს ყიდვა-გაყიდვის კურსს.
    რაც შეეხება სიღრმისეულ მიზეზებს, რასაკვირველია, ყოველივე ისევ და ისევ რუსეთში მომხდარ კატასტროფას უკავშირდება. ეს იმდენად მარტივი ასახსნელია, რომ ყველას შეუძლია გაიგოს: საქმე ის გახლავთ, რომ ამჟამად რუსული რუბლი მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში ეძებს დოლარს. აბა, სხვაგან სად უნდა ეძებოს, სხვა ქვეყნებში ხომ რუბლს საერთოდ არ მოკიდებენ ხელს? რუსი ბანკირები, რუბლის მფლობელები, გააფთრებით ცდილობენ მოიშორონ რუბლი და იყიდონ დოლარი. რუსეთში ამის საშუალება უკვე ამოიწურა: დოლარს ფაქტიურად არავინ ყიდის, ამიტომ რუბლის მთელი მასა დააწვა ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკების» სავალუტო ბაზარს. საქართველოში მოარულ დოლარს ფაქტობრივად რუბლი ყიდულობს, ოღონდ ლარის მეშვეობით.
    არსებული კანონის შესაბამისად, რუბლი ჯერ ლარზე იცვლება და მხოლოდ შემდეგ - დოლარზე. დოლარის მასა უბრალოდ ამოიწურა (იგი რუბლმა მიითვისა), მაგრამ გაჩნდა დოლარის დეფიციტი, რამაც ხელოვნურად გამოიწვია ლარის კურსის დაცემა, ვინაიდან დოლარის ნაკლებობის გამო ლარის მფლობელებიც მზად იყვნენ, უფრო დიდი თანხა გადაეხადათ.
    წარმოიშვა აფიორათა საშიშროებაც. მაგალითად, რუბლის გამყიდველები ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს, თითქოს აპირებდნენ პირიქით, - რუბლის ყიდვას და ა.შ.
    იმავდროულად, საქართველოში შემოვიდა ძალიან დიდი რაოდენობით ყალბი ამერიკული დოლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყალბი დოლარი შემოდის თურქეთიდან და ჩეჩნეთიდან. მისი ოდენობა იმდენად დიდია, რომ უკვე სერიოზული საშიშროება შეიქმნა მთლიანად ფინანსური სისტემისათვის. ბაზარზე შემოსულია 5-6 მილიონი ყალბი დოლარი, რომელიც უზადოდ არის დამზადებული, ანუ თვით სპეციალური მანქანითაც კი შეუძლებელია მისი გარჩევა ნამდვილი დოლარისაგან, აქვს ყველა დამცავი საშუალება და ა.შ. როგორც ჩანს, ყალბი დოლარის დამამზადებლებმა იგრძნეს, რომ საქართველოში აჟიოტაჟია, ამიტომ ცდილობენ ამით ისარგებლონ. მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის ინტერვენციები სავალუტო ბირჟაზე კურსის «დასაჭერად» შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს, ვინაიდან (კვლავ ვიმეორებ) დოლარის მასას საქართველოში რუბლი აწვება და არა ლარი. ამიტომ ნებისმიერი რაოდენობის დოლარი, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოუშვებს ბაზარზე, უმალვე შთაინთქმება რუბლის უფსკრულში.
    გაცილებით მიზანშეწონილი იქნებოდა ლარის დეფიციტის შექმნა, ანუ ისეთი ვითარებისა, როდესაც ლარი დოლარზე არანაკლებ საჭირო გახდება. ამისთვის კი აუცილებელია საგადასახადო დისციპლინის განმტკიცება, გადასახადების ამოღების დაჩქარება.
    თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელიაო და მეწარმეებმა, ვისაც ბიუჯეტის დავალიანება ჰქონდათ, დაიწყეს ლარის ჩარიცხვა ბიუჯეტში. მათ ჰგონიათ, რომ ლარი გაუფასურდება, ამიტომ ლარებს სასწრაფოდ იშორებენ. კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია რუსეთიდან საქართველოსაკენ საქონლის დიდი პარტიის წამოსვლაა. რუსეთში საქონლის რუბლზე გაყიდვას უკვე ყველა ერიდება. მოვაჭრეებს ურჩევნიათ, საქონელი შეიტანონ ისეთ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ასე თუ ისე მყარი ეროვნული ვალუტა, გაყიდონ საქონელი იმ ფულზე და მისი მეშვეობით შემდგომ დოლარი ხელსაყრელი კურსით იყიდონ.
    მადლობა ღმერთს, საქართველოში არ არსებობს ეკონომიკური პირობა საიმისოდ, რათა ლარი გაუფასურდეს, ვინაიდან ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში ისედაც ხორციელდება ე.წ. «არგენტინული ვარიანტი», ანუ ლარის ოდენობა, რომელიც საერთოდ გაშვებულია მიმოქცევაში, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი, ანუ ეროვნულ ბანკს შეუძლია მთლიანად იყიდოს ლარის მასა.
    საინტერესოა, მერე რაღას იზამენ ისინი, ვინც ახლა ცდილობს ლარი მოიშოროს? რით ივაჭრებენ? რუბლით ვაჭრობა გამორიცხულია, ისე, როგორც ის, რომ დოლარმა შეიძინოს გადახდის ფუნქცია, ვინაიდან არ არსებობს მონეტარული უზრუნველყოფა, ანუ ე.წ. «ხურდა ფული».
    ამიტომ ლარი უეჭველად შეინარჩუნებს პოზიციებს, თუ ხელისუფლებამ სისულელე არ გააკეთა და ემისია არ დაუშვა.

მერიდიანი, 9 სექტემბერი, 1998 წ.