არძინბას სპექტაკლი გრძელდება

არძინბას სპექტაკლი გრძელდება

 

    აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის მოსკოვური ვოიაჟი ჯერ არ დასრულებულა. ცოტა არ იყოს კომიკურ იერს იძენს ვაჟა ლორთქიფანიძის შეხვედრები ვლადისლავ არძინბასთან, - ეს უკანასკნელი იმდენად ოსტატურად ასრულებს თავის პარტიას, რომ რუსეთში საქართველოს ელჩს შეიძლება მართლაც ჰგონია, სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებო. არადა, ვაი ამ მოლაპარაკებებს! არძინბას შეუძლია სამი საათი ილაპარაკოს ისე, რომ არაფერი თქვას, - ამავე დროს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს გაფაციცებით ეძებს კომპრომისს, სულითა და გულით ცდილობს მიაღწიოს შეთანხმებას, მაგრამ არაფერი გამოსდის. უთხრა კიდეც ლორთქიფანიძეს: «თქვენი რადიკალური წინადადებები ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენი რადიკალური წინადადებები კი თქვენთვის არის მიუღებელი, ამდენად, კომპრომისი როგორმე მაინც უნდა მოვძებნოთო». სინამდვილეში, არავითარი კომპრომისი არძინბას არ სურს. თუ, რასაკვირველია, «კომპრომისად» არ მივიჩნევთ მის წინადადებას აფხაზეთ-საქართველოს უნიის შექმნის თაობაზე, რაც ფაქტობრივად აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს.
    სხვათა შორის, სტატუსზე გაუთავებელი საუბარიც ერთგვარი ხრიკია, - არავითარ სტატუსს არა აქვს მნიშვნელობა (არძინბასთვის), თუ აფხაზეთში ქართველი ლტოლვილები დაბრუნდებიან. ამით ხომ «წყალში ჩაეყრებათ» მრავალწლიანი ბრძოლა «ქართველი ოკუპანტების» წინააღმდეგ.
    ამრიგად, მოლაპარაკებები მოსკოვში მხოლოდ ბუტაფორიულ-დეკორაციული ხასიათისაა. მათი მიზანია აფხაზეთის პრობლემის თაობაზე ყალბი სტერეოტიპების შექმნა, - აკი განაცხადა არძინბამ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე: ქართველებთან თითქმის ყველა პუნქტზე შევთანხმდით (საუბარია «დიდ» ხელშეკრულებაზე აფხაზეთის კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირების მიზნით). მხოლოდ ერთადერთი პუნქტი დაგვრჩა შესათანხმებელიო. გარეშე დამკვირვებელს ასეთი შთაბეჭდილება დარჩება: თითქმის ყველაფერზე მოილაპარაკეს აფხაზებმა და ქართველებმა, იმ ერთ პუნქტზეც ალბათ სულ მალე მოილაპარაკებენ და კონფლიქტიც გადაწყდება, - ეს უცნაური ქართველები კი მაინც აფხაზთა «უკომპრომისობაზე» საუბრობენ, იარაღს აჟღარუნებენ და სამშვიდობო ძალების გაყვანას მოითხოვენო.
    უცნაურია, აბა რა არის? არადა არძინბას ეშმაკობაც სწორედ ამაში მდგომარეობს, - ის ერთადერთი პუნქტი, რომელზეც «ჯერ ვერ მოილაპარაკეს» მხარეებმა, ყველაზე მთავარი პუნქტია (იგი განსაზღვრავს აფხაზეთის სტატუსს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში); ყველა დანარჩენი პუნქტი მეორეხარისხოვანია, - მათ შესახებ შეიძლება კიდეც მოილაპარაკონ. აფხაზებს რა ენაღვლებათ, მათ ხომ შესანიშნავად უწყიან: ეს ერთი პუნქტი მაინც შეუთანხმებელი დარჩება და ამის გამო ვერც ერთი სხვა დებულება ვერ ამოქმედდება. თუ საქართველო მაინც გაიყვანს სამშვიდობო ჯარებს და განაახლებს ომს, იმავე დამკვირვებელს უეჭველად ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, რომ ქართველები ბუნებით აგრესორები არიან და არ სურთ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა, - «ერთადერთი პუნქტიღა იყო შესათანხმებელი, სხვა ყველაფერზე დათანხმდნენ აფხაზები, ქართველებმა კი ჯარი გაიყვანეს და კვლავ ომი დაიწყეს. რა თქმა უნდა, აგრესორები არიან!»
    ასე რომ, აქ არძინბა კიდევ ერთხელ გვჯობნის ჭკუით. ვაჟა ლორთქიფანიძის «არგუმენტები» მას სასაცილოდაც არ ეყოფა - მოლაპარაკებები გაგრძელდება დაუსრულებლად. ვერც ვერაფერს მოიმოქმედებ, ვინაიდან მოლაპარაკებეზე უარის თქმა აგრესიულობის მაჩვენებლად ითვლება. გინდა თუ არა, უნდა გააგრძელო მოლაპარაკება, წინააღმდეგ შემთხვევაში «სამშვიდობო პროცესის ჩაშლას» დაგაბრალებენ.
    ასე გაგრძელდება წყლის ნაყვა დაუსრულებლად. სხვათა შორის, აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის განსხვავება კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენგან განსხვავებით აფხაზური საზოგადოება ფსიქოლოგიურად მზად არის ომისთვის.
    ისინი «ველურები» არიან და მშვიდობის ფასი არ იციან; ჩვენ «ცივილიზებული» საზოგადოება ვართ, ამდენად ომი არ გვინდა. სამაგიეროდ, ისინი (ველურები) გამარჯვებულნი არიან, ჩვენ კი (ცივილიზებულნი - მათ შორის მსოფლიო ჰუმანისტურ კინოხელოვნებასა და მამარდაშვილის ფილოსოფიას ნაზიარებნი) - სამარცხვინოდ დამარცხებულნი.

ყაზახეთის ნავთობიც საქართველოზე გაივლის

    ალმა-ატაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობის შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტი კავკასიაზე გაივლის. იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს, რასაკვირველია, ერთ-ერთი მარშრუტია და არა ერთადერთი. ყაზახეთს სხვა მიმართულებითაც აქვს კომუნიკაციები - რუსეთის, ირანის, შუა აზიისა და პაკისტანის, ჩინეთის გავლით. მაგრამ ნაზარბაევი ჭკვიანი პოლიტიკოსია და იცის: დამატებითი კომუნიკაცია, დამატებითი არხი, მის ქვეყანას ნამდვილად არ «აწყენს» და ყოველთვის გამოადგება. მით უმეტეს, რომ თვით ყაზახეთი კაპიკსაც არ ხარჯავს ახალ ნავთობსადენზე, - დასავლური ფირმები, რომლებიც თენგიზის საბადოებს ამუშავებენ, მზად არიან მილიარდობით დოლარი დახარჯონ, ოღონდ კი უსაფრთხოდ და გარანტირებულად «გადაქაჩონ» იაფი ნავთობი დასავლეთში.
    საქართველოსთვის ეს პროექტი ორი თვალსაზრისითაა საინტერესო - უპირველეს ყოვლისა, იქმნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი ნავთობსადენის გაყვანისა კასპიის ზღვის ფსკერზე, რის შემდეგაც უკვე სავსებით სერიოზულად შეიძლება განვიხილოთ იმავე კასპიის ფსკერზე გაზსადენის გაყვანის შესაძლებლობა თურქმენეთიდან - თურქეთსა და ევროპაში, რაც განუზომლად გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს.
    გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ყაზახეთის ნავთობის გატარება საქართველოზე სერიოზულ დივიდენდებსაც მოიტანს და ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასაც შესძენს ახალ არგუმენტებს. ყველაზე ნიშანდობლივი კი მაინც ისაა, რომ ცენტრალური აზია-კავკასია-ევროპის «დერეფანი» მართლაც იძენს პრაქტიკულ მნიშვნელობას და ჰიპოთეტურ პროექტად უკვე აღარ ითვლება.
    ყაზახეთსაც და აზერბაიჯანსაც «რუსული მიმართულება» ტრანზიტისთვის საეჭვოდ და არასაიმედოდ ეჩვენებათ, ამიტომ ეძებენ ახალ გზებსა და საშუალებებს. რაც მთავარია, ირანში ისლამური რეჟიმის შენარჩუნებით დიდი აბრეშუმის გზა (იგი თანამედროვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიაზე გადიოდა), თანდათანობით ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს - კავკასია გეოპოლიტიკურად კიდევ უფრო ძლიერდება. თუ მართლაც მოხერხდა «კავკასიური დიალოგის» ორგანიზება და კავკასიამ ერთიანი გეოპოლიტიკური რეგიონის მნიშვნელობა შეიძინა (არა მხოლოდ ეთნოგრაფიულად და კულტურულად, არამედ პოლიტიკურადაც) - იგი სერიოზულად ანგარიშგასაწევ ფაქტორად იქცევა ყველა რეგიონული და გლობალური ძალისთვის.
    ფაქტობრივად, კავკასიის გარეშე მსოფლიოს «ახალი გადანაწილება» ვეღარ მოხერხდება. ეს არც დასავლეთს ეპიტნავება მაინც და მაინც და არც აღმოსავლეთს (რუსეთს) - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კავკასიის გაერთიანებასა და გაძლიერებას ორივე მათგანი შეეწინააღმდეგება, მაგრამ დასავლეთისთვის ეკონომიკური ინტერესებია მთავარი. ამდენად, «ნავთობის ხათრით» ბევრ დათმობაზე წავა, - რუსეთმა იკითხოს, რომლისთვისაც სწორედ გეოპოლიტიკური ფაქტორი იძენს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობას.

სასამართლო სფეროში ნამდვილი რევოლუცია მოხდა

  საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი «საერთო სასამართლოების» შესახებ, იურისპრუდენციაში ნამდვილი რეფორმის დაწყებას ნიშნავს. ამ სფეროს ყველაზე ნაკლებად შეეხო ცვლილებები: ყოფილ «საბჭოთა სამართალს» შეუვალი თეორიული და პრაქტიკული «უზრუნველყოფა» ჰქონდა შესაბამისი სტრუქტურების (მილიციის, პროკურატურის) სახით, ხოლო სასამართლო მათ დანამატად აღიქმებოდა.
    დამოუკიდებელ ხელისუფლებად სასამართლო სისტემა დღემდე არ ითვლებოდა, ამდენად, ნებისმიერი სერიოზული ცვლილება ამ სფეროში უეჭველად უნდა ჩაითვალოს რევოლუციად, რომელიც მთლიანად შეცვლის საზოგადოების ცხოვრების წესს და ახალ მიმართებებს დაამკვიდრებს სახელმწიფოს, საზოგადოებასა და პიროვნებას შორის.
    კანონის თანახმად, ყველა მოსამართლემ უნდა გაიაროს ძალიან რთული გამოცდა, რომელსაც (უეჭველია) ათი კანდიდატიდან სამი-ოთხი თუ ჩააბარებს. მოსამართლეთა კორპუსი (ალბათ) დაუკომპლექტებელი დარჩება, სამაგიეროდ ის მოსამართლეები, რომელნიც ამ ბარიერს გადალახავენ, ეჭვმიუტანელნი იქნებიან კვალიფიკაციის თვალსაზრისით.
    რაც შეეხება მათ პიროვნულ პატიოსნებას და მიუკერძოებლობას, კანონმდებელი ამ საკითხში სერიოზულ რისკზე წავიდა, - მოსამართლე მთლიანად დამოუკიდებელი იქნება (იუსტიციის საბჭო მხოლოდ ნომინალურად თუ გააკონტროლებს მის მოქმედებას).
    კონსტიტუციით, იგი არ არის ვალდებული ვინმეს რაიმე განმარტება მისცეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, - ამრიგად, მოსამართლე ნამდვილად თავისუფალი ხდება. არათუ რაიკომის მდივანი, არამედ ვეღარც პროკურორი ან იუსტიციის მინისტრი ჩაერევა მის საქმეში. ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად კი კანონმდებელმა მოსამართლეს 500-ლარიანი ხელფასი დაუწესა. 500 ლარი რასაკვირველია, ბევრია, მაგრამ 5 ათასი ლარი უკეთესია, ხოლო 50 ათასი ლარი კიდევ უკეთესი. ამდენად, თუ მოსამართლე უზნეოა (თუმცა მცოდნე) და სულით კორუმპირებული, - 500 ლარიანი ხელფასი საქმეს ვერ უშველის, - ამგვარი მოსამართლე მაინც აიღებს ქრთამს და მაინც მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას. არც სახელმწიფოს, არც საზოგადოებას არანაირი ბერკეტი აღარ რჩება მასზე ზემოქმედებისთვის. ამგვარი «თავისუფლება» მით უფრო საშიშია იმ ქვეყანაში, რომელშიც «კანონიერი ქურდები» ლამის ეროვნულ გმირებად ითვლებიან. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ან უნდა შევძლოთ ახალი წესით ცხოვრება, ან უნდა ვაღიაროთ, რომ კომუნისტური რეჟიმის გარეშე სახელმწიფოებრივად არსებობა არ ძალგვიძს.
    მოსამართლის ჭეშმარიტი თავისუფლება ქვეყანაში სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა. ამ პირობებში პოლიტიკურ ძალებს ძალიან გაუჭირდებათ ვითარების დესტაბილიზაცია, ვინაიდან თუ იარსებებს მიუკერძოებელი არბიტრი, იგი ყოველთვის კონსტიტუციის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას და არავის მისცემს საშუალებას, მორიგი «რევოლუცია» მოგვახვიოს თავს.
    ახალი სისტემა მთლიანად დაშლის და დაანგრევს ძველს, ანუ შეცვლის დამოკიდებულებას სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის. უკვე დღეს არის ადვილად შესამჩნევი, რომ პოლიცია და პროკურატურა შეეცდებიან შექმნან შესაბამისი საზოგადოებრივი აზრი სასამართლოს წინააღმდეგ. თუ მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ, დაზარალებულები ამას ყოველთვის როდი დაეთანხმებიან (ან არასაკმარისად მიიჩნევენ სასჯელის ზომას). ამრიგად, საბოლოოდ ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, აღმოჩნდება თუ არა საქართველოში ასიოდე პატიოსანი და მცოდნე მოსამართლე, რომელიც ახალ პირობებში შეძლებს მუშაობას.

შოთა კვირაია - ირინა სარიშვილის მორიგი მსხვერპლი

    საქართველოს პარლამენტში გამართულმა «მოსმენამ» უშიშროების სამინისტროში არსებული მდგომარეობის შესახებ, არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა. ერთის მხრივ, ირინა სარიშვილის არგუმენტები თითქოს ყურადსაღებია და არც ლოგიკასაა მოკლებული (ფორმალურად), მაგრამ მეორე მხრივ, სავსებით აშკარაა, რომ კვირაიას წინააღმდეგ მიმართული საკომიტეტო მოსმენის ბევრ მონაწილეს პირადი მოტივები, პირადი წყენა და ბოღმა ამოძრავებს. მოტივაციას კი ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, - უშიშროება ისეთი სფეროა, «კუდს» გინდა აქედან მოაბავ, გინდა - იქიდან». ეს ეხება ზოგიერთ ჟურნალისტს და იმავე უშიშროების ყოფილ წარმომადგენლებს, რომელთაც აშკარად წყენა ალაპარაკებთ. რამდენად გამართლებული, სხვა საკითხია;
    მაგრამ ეს არ ეხება ირინა სარიშვილს, რომლის მოტივაცია უფრო ღრმა და საინტერესოა. კერძოდ, ედპ-ს ლიდერი ნამდვილად იმიტომ ებრძვის შოთა კვირაიას, რომ სურს ეს უკანასკნელი მორიგ «განტევების ვაცად» აქციოს იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთში ომი განახლდა. გავიხსენოთ ირინა სარიშვილის არგუმენტაცია ამ თემაზე პარლამენტში გამართული დებატებისას: «... ვინ როგორ გამოიყენებს ომს აფხაზეთში, ვინ შეიყვანს იქ ჯარს... რათა შემდგომ (აფხაზეთიდან - ავტ.) უკარნახოს თავისი პირობები ხელისუფლებას და ასე შემდეგ».
    საკმაოდ ჭკვიანური და გონებამახვილური ხერხია: ირინა სარიშვილს ომი აფხაზეთში არ სურს (რასაკვირველია, არა იმიტომ, რომ აფხაზები ეცოდება, არამედ სულ სხვა მიზეზით: არ სჯერა პრობლემის ძალისმიერად გადაწყვეტის შესაძლებლობისა), მაგრამ ამას პირდაპირ ვერ იტყვის, - არც ლტოლვილთა განაწყენება უნდა; ამიტომ, «შემოვლითი გზით» ამბობს იმავეს, ოღონდ უშიშროების მინისტრზე «დარტყმის» ფორმით. იგივეს ამბობს თავდაცვის მინისტრზეც. ერთი სიტყვით, თუ ასეთი მინისტრები გვყავს, რა დროს ახალი ომია აფხაზეთში? სინამდვილეში, მინისტრებში, რა თქმა უნდა, არ არის საქმე. საქმე თვით ამ ომის უპერსპექტივობაშია. სარიშვილმა ეს შესანიშნავად იცის. ამდენად წინასწარ «ძერწავს» ფიგურას, რომელიც შემდგომ ომის მთავარ გამჩაღებლად გამოცხადდება და მთელი პასუხისმგებლობაც დაეკისრება ომის შედეგებისთვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკვე გასაგები ხდება, რატომ გააკეთა კვირაიას დასაცავი განცხადება სწორედ ფრაქცია «აფხაზეთმა». მისმა წევრებმა იგრძნეს, საიდან «უბერავდა ქარი» და რაკი თავად ომის თავგადაკლული მომხრეები არიან, დაიცვეს უშიშროების მინისტრი, რომელიც, სხვათა შორის, აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობის მთავარი ორგანიზატორია.

დილის გაზეთი, 16 ივნისი, 1997 წ.