არჩევნები 99: გარდაიცვალა სინდისი

არჩევნები 99: გარდაიცვალა სინდისი

 

        წინასაარჩევნო დომხალი საქართველოში დიდი ბაზრობით დასრულდა. ქართული «ბაზრობა» იგივე დასავლური «სეილია», რომლის დროსაც ყველა ყიდის იაფად იმას, რაც «ჩვეულებრივ ფასში» ვერ გაყიდა.
        რა გააჩნიათ გასაყიდი ქართველ პოლიტიკოსებს? – რა თქმა უნდა არა სინდისი.
        როგორ გეკადრებათ, სინდისით ქართულ პოლიტიკაში არ ვაჭრობენ, ვაჭრობენ მხოლოდ პოლიტიკური კაპიტალით – რაც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში დააგროვეს. სინდისით ვაჭრობას არ კადრულობენ – თუნდაც იმიტომ, რომ აღნიშნული საქონელი საერთოდ აღარ დარჩათ. ამიტომ «სეილზე» გამოაქვთ «მხოლოდ» პოლიტიკური კაპიტალი, რომელსაც კონკრეტული, სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარი ფულადი გამოხატულებაც აქვს.
        საკმარისია გადავხედოთ ჩვენი სახელოვანი, კეთილშობილი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებს, რომ ამაში დავრწმუნდეთ. სიების გაცნობა საკმარისია აგრეთვე იმისთვისაც, რათა მომიტევეთ და შეგძულდეს ამქვეყნად (კონკრეტულად ამ ქვეყანაში) ყველაფერი – მკვდარიც და ცოცხალიც.
        ამ გრძნობას აღშფოთებაც თან ერთვის, - ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ამათ ვინ ვგონივართ? – ნუთუ ჯოგი, უგუნური და რეგვენი ბრბო, რომელიც პირდაღებული შესცქერის საბაზრო სანახაობას? სხვათა შორის «ბაზრობაც» სანახაობაა - არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომელთაც პორნოგრაფიულ, უხამს სიამოვნებას ანიჭებს ტლანქი, უსირცხვილო ვაჭრობის ცქერა;
        თუ მომავალი არჩევნების შედეგად აღმოჩნდება, რომ პოლიტიკური პორნოგრაფიის მოყვარულნი საქართველოში უმრავლესობას შეადგენენ, მაშინ ამ ქვეყანაში ცხოვრება საერთოდ აღარ ღირს.
        კახური გამოთქმის პერიფრაზით - «ვინ ვის ბლოკში აღმოჩნდა, ვინ ვის მიეყიდა, ვინ ვის შეეკრა, ვინ ვის სინდისსა და სტომაქში შეჰყო თავი...» გუშინდელმა რომანტიკოსებმა, ვინც «ქართველი ერის სულიერი მისიისა» და «დიდოსტატის მარჯვენის» გულში ბაგუნით დადიოდა მიტინგებზე, ვის რომანტიულ სულისკვეთებასაც სვეტიცხოველზე შექმნილი პროზაული პოემის რამდენიმე უკანასკნელი აკორდი ქმნიდა («ბოლოს მოაწია რიჟრაჟმა, ატყდა ნათლის ლიცლიცი გარედ, ყაყაჩოები დაათოვა მწვერვალებს ცამ, იფრქვეოდა იისფერი შუქი, როგორც ჩქერალები ფხოვის მთებიდან»- - დღეს ვისთან ამოჰყვეს თავი «ერთიან საარჩევნო ბლოკებში?»
        ნუთუ მთელი ამ ჩვენი «ეროვნული მოძრაობის» არა რომანტიკული, არამედ სავსებით რაციონალური, პრაგმატული და ვაჭრული საფუძველი მხოლოდ ის იყო, რომ მუხრან მაჭავარიანს ჯუმბერ პატიაშვილთან «ცკ»-ს მდივნობის ეპოქაში კარგი ურთიერთობა ჰქონდა? აბა, რამ დააწყვილა ეს ორი პიროვნება გვერდიგვერდ, ერთ საარჩევნო სიაში? იქნებ, ზვიად გამსახურდიას ან მისი მამისა და «დიდოსტატის მარჯვენას» სიყვარულმა? ან იქნებ, იმავე «დიდოსტატის» რომანტიკულმა, პოეტურმა «სულისკვეთებამ»?
        ჰკითხოს ერთი მუხრანმა ჯუმბერს – რამდენად უყვარს მას «ზვიადი» და მთელი «ეროვნული მოძრაობა» ან რამდენად მიაჩნდა ეს «მოძრაობა» 1987 წელს საქართველოს ეროვნული ინტერესების გამომხატველად? იმაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ, რა კავშირშია «ქართველი ერის სულიერი მისია» - ვახტანგ რჩეულიშვილის «პოლიტოლოგიურ» გამოცდილებასთან.
        «ვაი, თქვენს პატრონს?» - ამაზე მოსწრებული და ზუსტი ქართველ კაცს ბაზრობაში მონაწილეთა გასაგონად ჯერ არაფერი უთქვამს.
        ქართველ პოლიტიკოსებს რატომღაც ჰგონიათ, რომ მათი პოლიტიკური კაპიტალი მხოლოდ მათი კუთვნილებაა, ამიტომ როგორც უნდათ და როცა უნდათ, ისე მოახდენენ მის კონვერტაციას – ნებავთ პოლიტიკური ამბიციის დასაკმაყოფილებლად, ნებავთ, «მწვანე ასდოლარიანებით» ჯიბის გასასქელებლად.
        სინამდვილეში, რასაკვირველია, პოლიტიკოსთა «კაპიტალი» გაცილებით უფრო მეტად სწორედ ამომრჩევლის კუთვნილებაა და ვერც ერთი პოლიტიკოსი მას დამოუკიდებლად ვერ დახარჯავს. თუ მაინც მოინდომებს დახარჯვას – ხელში დევალვირებული «ცარიელი ქაღალდი» შერჩება. თუმცა, ეს პოლიტიკური თვალსაზრისით, მატერიალური გამოხატულებით კი, «მწვანე ასოდლარიანები» პროსტიტუირებული პოლიტიკან-მოღვაწეებისათვის ყოველთვის მოიძევება «ფულის ქისებში», რომლებიც მომავალ არჩევნებს საკუთარი სისქელისა და უსაფრთხოების გარანტირების საშუალებად აღიქვამენ.
        კიდევ ერთხელ გადახედეთ პარტიულ სიებს: სავსებით ნათელია, ვინ – სად ანუ ვინ – ვის და ვინ – ვისაში.
        თავისთავად ნიშანდობლივია, რომ ათი წლის განმავლობაში ქართულმა პოლიტიკამ სხეულით საჯაროდ (ურცხვად და უსირცხვილოდ) ვაჭრობის გარდა, ვერაფერი ისწავლა და ალბათ, ვეღარც ისწავლის. ქართული პარტიები ვერ მიხვდნენ მთავარს: პარტია და პოლიტიკოსი კი არ ქმნის პოზიციას (რომელიც საკუთარი ნება-სურვილით შეიძლება გაიტანოს «სეილზე»), არამედ პირიქით, - პოზიცია ქმნის პარტიასაც და პოლიტიკურ მოღვაწესაც.
        ზემოთთქმული არც ერთმა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ თუ «ალიანსმა» (გაფორმებულმა და გაუფორმებელმა) არ მიიღოს საკუთარ თავზე – თუკი არ რცხვენიათ, დაე, მიიჩნიონ, რომ ეს მათ არ ეხებათ და ყველაფრის უფლება აქვთ.
        მაგრამ ვაი რომ ასეთი ცინიზმი მაინც არ შეესაბამება საარჩევნო ტექნოლოგიას; ამიტომ, ისევე, როგორც თხემით ტერფამდე გახრწნილი საზოგადოება ზოგჯერ ჩვეულებრივ მეძავს სთხოვს ზნეობას, - შეიძლება ასეც მოხდეს: წააგონ იმათ, ვინც «პირდაპირ გაიგო» თეზა «პოლიტიკის სიბინძურის» შესახებ.
        ნიკოლო მაკიაველიმ კი ნამდვილად თქვა «პოლიტიკა ბინძური საქმეაო», მაგრამ ის კი არ უთქვამს, პოლიტიკოსმა (რაკი ასეა) საჯაროდ უნდა იმრუშოს, რადგან მაინც არაფერი დააკლდებაო. სინამდვილეში დააკლდება და ძალიან ბევრიც დააკლდება!
        პოლიტიკური ხელოვნების არსი თავისთავად ბინძური პოლიტიკის გარეგნულ გაკეთილშობილებაში მდგომარეობს და არა «სხეულით ღიად ვაჭრობაში». ამიტომ, ქართული კაპიტალის (ამჯერად, რეალური კაპიტალის და არა მოჩვენებითი პოლიტიკური კაპიტალის) ინტერესი საბოლოოდ იმაზე შეჩერდება, ვისი დევალვაციაც ჯერ არ მომხდარა. მხოლოდ მას ექნება საშუალება არა მხოლოდ «მწვანეთი გაივსოს ჯიბე», არამედ პოლიტიკური კაპიტალიც შეინარჩუნოს – ასეთია ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი პარადოქსი.

7 დღე, 29 სექტემბერი, 1999 წელი