აკაკი ბაქრაძის ფენომენი

აკაკი ბაქრაძის ფენომენი

  

    მახსოვს, 70-იანი წლების ბოლოს თუ 80-იანი წლების დასაწყისში როგორი გულისფანცქალით ელოდა ახალგაზრდობა აკაკი ბაქრაძის ლექციებს. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პატარა დარბაზში ასეულობით ადამიანი იკრიბებოდა. უნივერსიტეტის სტუდენტები კი (რექტორის თანხმობის გარეშე) ხელმოწერებს აგროვებდნენ მოთხოვნით, «კაკო» ბაქრაძე უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მოეწვიათ. ბაქრაძე მჭევრმეტყველობით გამოირჩეოდა და ერთგვარი დისიდენტური «იმიჯიც» ჰქონდა შექმნილი. ბოლოს ბაქრაძე კომუნისტურ პარტიაშიც კი გაწევრიანდა. როცა მოგვიანებით მიტინგზე ჰკითხეს ამის თაობაზე, «ირონიულად მომნანიე» ტონით უპასუხა: კი, ვაააააარ! ვააააარო!
    აკაკი ბაქრაძის იმიჯი «ჭკვიანი კაცის» შთაბეჭდილებაში მდგომარეობდა. იგი სწორედ ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა დღენიადაგ, თითქოს რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იცოდა საქართველოს უბედურებისგან დახსნისა და ზოგადად, სამომავლო განვითარების შესახებ.
    არადა, როცა საქმე-საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ ბაქრაძეს ბევრიც არაფერი ჰქონდა სათქმელი. 1988 წლიდან აკაკი ბაქრაძემ «განაწყენებული კაცის» პოზა დაიკავა, მაგრამ ვერაფრით დადგინდა, მაინც ვიზე ან რაზე იყო განაწყენებული.
    ზოგს მაშინ შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ბაქრაძე «ეროვნულ-რადიკალებზე» გაბრაზდა, რადგან მათი პოლიტიკა არ მოსწონდა. არც მიტინგებს იწონებდა, მაგრამ თუ ასე იყო, ალბათ, პირდაპირ უნდა ვთქვა.
    ყველაზე მთავარი კი მაინც ის გახლავთ, რომ, როგორც ჩანს, აკაკი ბაქრაძეს, ისევე, როგორც ქართველ დისიდენტთა უმრავლესობას, არანაირი პოზიტიური პროგრამა არ აღმოაჩნდა. ეს დისიდენტის ზოგადი წესია: იგი მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს დამაჯერებლად, როცა რაღაცის უარყოფაა საჭირო, მაგრამ როგორც კი ის «რაღაც» პრობლემას აღარ წარმოადგენს, დისიდენტ-ინტელექტუალი იბნევა და საზოგადოების წინაშე პირგამეხებული აღმოჩნდება. ანუ, იცის რა არ უნდა, მაგრამ გააზრებული და დაკონკრეტებული არა აქვს, რა უნდა და როგორ.
    აქედან გამომდინარე, მას მხოლოდ ორი გზა რჩება: ან «უცნაურად განაწყენებული კაცის» პოზა, ან «მრავალმნიშვნელოვანი დუმილი». კაკო ბაქრაძემ ორივეს შეთავსება შეძლო.
    აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველო მოსახლეობას აკაკი ბაქრაძის დიდი იმედი ჰქონდა, ოღონდ იმედი გაუცრუვდა. უფრო მეტიც: «ეროვნული მოძრაობის» დასაწყისისათვის ბაქრაძეს ნამდვილად შეეძლო სერიოზულ ფიგურად ქცეულიყო და გამაერთიანებელი ფუნქციაც შეესრულებინა, მაგრამ აშკარად შეეშინდა «ვიღაც-ვიღაცეებთან» (იმდროინდელ ქუჩის ლიდერებთან) დაჯახება; თუმცა ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბაქრაძე მათ შინაარსობრივად ეთანხმებოდა კიდეც, რაკი თავად არ შეეძლო არაფრის შეთავაზება ქვეყნისათვის.
    ამ ფონზე კიდევ უფრო უცნაურია მისი დუმილი საქართველოსათვის ყველაზე მძიმე პერიოდებში. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საკმაოდ ბუნდოვან განცხადებას, მას კონსტრუქციული და გასაგები საერთოდ არაფერი უთქვამს. მით უმეტეს, განსაცვიფრებელი იყო ბაქრაძის გადაწყვეტილება - კენჭი ეყარა 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მას პრეზიდენტობისათვის ერთადერთი წინაპირობა გააჩნია და ეს წინაპირობა (არცთუ უსაფუძვლოდ) ირაკლი წერეთელმა გამოხატა ყველაზე ზუსტად:. ბაქრაძეს, მთელი ცხოვრება, სამშობლოს სიყვარულისა და წიგნების წერის მეტი არაფერი უკეთებიაო. იგულისხმება, რომ «წიგნების წერა და სამშობლოს სიყვარული» საკმარისი პირობაა პრეზიდენტობისათვის. არადა, ეს საკმარისი ნამდვილად არ იყო.
    ბაქრაძეს არ გააჩნდა არც სახელისუფლებო, არც (ნაწილობრივ) სოციალური ქარიზმა, არც ხელისუფლებისა თუ პოლიტიკური ტექნოლოგიის ცოდნა, ანუ ყველა ის თვისება, რომელიც აუცილებელია პოლიტიკოსისათვის.
    კიდევ კარგი, ბაქრაძე პრეზიდენტი ვერ გახდა, თორემ ან საბრალო თოჯინად იქცეოდა გავლენიან ძალთა ხელში, ან ზვიად გამსახურდიაზე უარესად დაამთავრებდა.
    ღიმილის მომგვრელია, მაგრამ რაკი მოსახლეობამ პოლიტიკოსს მისცა ხმა და არა «კაცს, რომელსაც მთელი ცხოვრება სამშობლოს სიყვარულის გარდა არაფერი უკეთებია», აკაკი ბაქრაძე კიდევ უფრო განაწყენდა (საკუთარ ხალხზე ალბათ) და საერთოდ აღარ ჩანს.
    «გაბუტვაც» ხომ იგივე ხერხია - როდესაც სათქმელი ბევრი არაფერი გაქვს.
    «სათქმელში» ვგულისხმობ რეალურ მოსაზრებას და არა სურვილ-ოცნებას («ოცნების წიგნს») ან ასეთ ეკონომიკურ პროგრამას: «მრეწველობა რატომ გაჩერდა, - მაკრატლის გამოშვება ხომ მაინც შეუძლიათ?!»
    ეტყობა, ამ მოღვაწის (იგი პოლიტიკოსი არ არის და არც არასოდეს ყოფილა) პოტენციალი საბოლოოდ ამოიწურა. საუკეთესო, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა, მართლაც «წიგნების წერა და სამშობლოს სიყვარული» იქნებოდა, მაგრამ მწერლობა ერთია და პოლიტიკოსობა - მეორე.
    როდესაც და რაკი ცდილობ ერში რაღაც პოლიტიკური განწყობა გააღვივო, მაშინ იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ შემდგომ საკუთარი პოზიტიური პროგრამა შესთავაზო. ხოლო თუ ამის უნარი არა გაქვს, ხალხს იმედიც არ უნდა ჩაუსახო.

მერიდიანი, 30 მარტი, 1998 წ