„ავღანური სინდრომი“ საქართველოში

„ავღანური სინდრომი“ საქართველოში

გუშინ, საქართველოს ტელევიზიით გიორგი ყარყარაშვილის გამოსვლამ კვლავ დაადასტურა, რომ «ჩვენი საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე», უდიდეს პრობლემად რჩება ჯარისკაცისა და მეომრის სოციალური სტატუსი.
    პრობლემა კიდევ უფრო გართულდა აფხაზეთის ომის შედეგად. საქართველოში წარმოიშვა ე.წ. «ვიეტნამის სინდრომი», რომლის არსი ისაა, რომ ჯარისკაცი, რომელმაც ქვეყნისათვის იბრძოლა, დამნაშავედ თვლის საზოგადოებას და არ ემორჩილება ჩამოყალიბებულ ზნეობრივ თუ იურიდიულ სისტემებსა და კატეგორიებს.
    «ვიეტნამის სინდრომი» არასდროს წარმოიშობა გამარჯვებულთა შორის. იგი ახასიათებდათ ვიეტნამში სასტიკად დამარცხებულ ამერიკელ და ავღანეთში ხელმოცარულ რუს ვეტერანებს.
    ჩვენში მიმდინარე სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების პროცესში, ორივე მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს, ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს მეორეზე ან გამოიყენოს მისი წარუმატებლობა არგუმენტად - ოპონენტთან პაექრობისას, რაც ყოვლად დაუშვებელია! ამას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს მთელი ქვეყნისათვის.
    ამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას სხვადასხვა ფორმა და შინაარსი აქვს. ერთნი ამტკიცებენ, რომ ჩვენი ჯარისკაცები აფხაზეთში აფხაზი ხალხის გენოციდს ეწეოდნენ, ბრძოლის ნაცვლად მოსახლეობას ძარცვავდნენ, რომ ნარკომანები ან კრიმინალები არიან და ა.შ.
    მეორენი კი, რათა გაამართლონ განცდილი მარცხი, ცდილობენ «ჯოხი ჯარისკაცზე გადატეხონ».
    ასეთი პროპაგანდა ჩვენი საზოგადოებრივი ელიტის ერთი, საკმაოდ დიდი ნაწილის ზნეობრივ დეგრადაციაზე მეტყველებს. თუმცა, მაინც სჯობს, არ ავყვეთ ემოციებს, მოვუხმოთ ფაქტებსა და არგუმენტებს.
    უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ: როდესაც რუსეთის იმპერია საუკუნის დასაწყისში იაპონიასთან ომში დამარცხდა, ეს მარცხი იმის ბრალი იყო რომ შიმშილით დასუსტებულმა რუსმა მეომრებმა ვერ გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა იაპონელებს. მაგრამ რუსეთში არავის მოსვლია აზრად, მსგავსი დასკვნები გაეკეთებინა. პირიქით - დაადანაშაულეს სწორედ გენერლები, რომლებიც ბრძოლებს ხელმძღვანელობდნენ და, ამავე დროს, ხოტბა შეასხეს უბრალო რუსი ჯარისკაცის გმირობას, მოჰყავდათ ასეთი გმირობის მაგალითები და ამით ამხნევებდნენ ერს, რომელმაც მწარედ განიცადა დამარცხება.
    ზოგი რამ რუსებისგანაც უნდა ვისწავლოთ - განსაკუთრებით ჯარისკაცისადმი დამოკიდებულება. რუსებმა შესანიშნავად იციან: ჯარისკაცი ერის ღირსება და ნამუსია, მისი წარსულისა და მომავლის განსახიერებაა. ამიტომ სჯობს დამარცხება ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ელიტას დაბრალდეს, ვიდრე უბრალო მეომარს, რომლის დისკრედიტაცია ერის სულიერი დაცემის დასაწყისი გახდება.
    თუმცა, ჩვენში ბევრს ამის გაგება და დაჯერება გაუჭირდება. მათთან კამათს აზრი არა აქვს, რადგან ძალზე ძნელია (ალბათ შეუძლებელიც) ადამიანს აუხსნა, რატომ უნდა უყვარდეს სამშობლო და რატომ უნდა სცემდეს პატივს მშობელ ერს თუ მის ჯარისკაცს.
    მაგრამ ამჯერად ალბათ სჯობს, იმაზე ვიმსჯელოთ, რამდენად შეეფერება სინამდვილეს ბრალდება ქართველი ჯარისკაცის მიმართ, ანუ რამდენად იყო შესაძლებელი მას მოეგო ეს ომი ან, ყოველ შემთხვევაში, არ დამარცხებულიყო.
    თანამედროვე ბრძოლას იგებს არა ემოციური აღტკინება და თუნდაც თავგანწირვის უნარი, არამედ პროფესიული მომზადების დონე, სამხედრო ტექნიკა, შეიარაღების რაოდენობა და ხარისხი.
    თუ დღეს სომხეთ-აზერბაიჯანის ომში სომხები ზედიზედ ამარცხებენ აზერბაიჯანელებს, ეს განა იმის ბრალია, რომ სომხები «გულადი მეომრები» არიან, აზერბაიჯანელები კი «ლაჩარნი»?
    ხომ ნათელია თუ რამდენად პრიმიტიული და არასწორია ამგვარი დასკვნა? მაშ, რატომ ცდილობენ ზოგიერთები იგივე დასკვნა გამოიტანონ საქართველოს ტრაგიკული მარცხიდან?
    ათწლეულების განმავლობაში, იმპერიულ არმიაში გაწვევა და მეომართა პროფესიული მომზადება განსაკუთრებული დიფერენციაციის პირობებში ხდებოდა: ელიტარულ ქვედანაყოფებში მხოლოდ «სანდო» ერების წარმომადგენლებს იწვევდნენ, სხვებს კი (მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველებს) მასობრივად აგზავნიდნენ ე.წ. «სტროიბატებში», მონურ სამუშაოზე. თუმცა, ჩვენი თანამემამულენი მონად არავის დაუდგებოდნენ და უფრო სხვას ამუშავებდნენ იქ, ვიდრე თავად შრომობდნენ. მაგრამ მთელი ორი წლის განმავლობაში ავტომატი რომ თვალით არ ენახათ - ესეც ფაქტია.
    ახლა ზოგიერთი იმასაც ამბობს: ქართველები თავად მიილტვოდნენო «სამშენებლო არმიისაკენ». ასეც იყო, მაგრამ დაგეთანხმებით: ეს რომ იმპერიული პოლიტიკა არ ყოფილიყო, ასეთი ლტოლვა ისევე ვერ გამოიღებდა შედეგს, როგორც, ვთქვათ, სურვილი - საერთოდ არ ემსახურათ იმპერიულ ჯარში.
    რაც შეეხება კონფლიქტს აფხაზეთში, იგი თავიდანვე რუსეთის შეიარაღებულ ძალთა სრული კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა და სწორედ მისი ნება (და არა მეომარ მხარეთა) განსაზღვრავდა ამა თუ იმ სამხედრო წარმატებას.
    «გუმისთის იქით» ვერ წავედით არა იმის გამო, რომ ვიღაცამ «ბრძანება გასცა ჯარი გაჩერებულიყო», არამედ სულ სხვა მიზეზის გამო - იმპერიამ სწორედ გუმისთამდე «მიგვიშვა», ამ მდინარის იქით კი - მისი ინტერესები იწყებოდა.
    რუსეთი აფხაზურ მხარეს მთელი კონფლიქტის განმავლობაში ეხმარებოდა ცოცხალი ძალით, საბრძოლო ტექნიკით, საბრძოლო შენაერთთა შორის რადიოკავშირის დამყარებით, დაზვერვის მონაცემთა გადაცემით, ოპერაციათა უმაღლეს დონეზე დაგეგმვით, საინფორმაციო იარაღით, სურსათ-სანოვაგით, საწვავით და ა.შ.
    გარდა ამისა, ქართული მხარისათვის იარაღის ერთადერთი მომწოდებელიც სწორედ რუსეთი იყო და ამ პროცესს იგი მზაკვრულად არეგულირებდა.
    ეს იმათ გასაგონად, ვინც დემაგოგიურად აცხადებს: «რა უნდა ელაპარაკო ერს, რომელმაც იმდენივე ჯარისკაცის გამოყვანა შეძლო, რამდენიც ოთხმოციათასიანმა ტომმაო». მილიონიანი არმიის «გამოყვანას» არავითარი აზრი არა აქვს, როდესაც მთავარი მტერი საბრძოლო აღჭურვილობას მხოლოდ ხუთი ათასისათვის სამყოფს გაწვდის.
    ერთ მაგალითს კიდევ მოვიტან: «ღამის ხედვის» აპარატურით შეიარაღებული ასიოდე მეომარი ღამის ბრძოლების დროს მოწინააღმდეგის ათი ათას (არ ვაჭარბებ) მებრძოლს უდრის.
    აი, ასე შეიძლება, ასიათასიანმა ერმა მოუგოს «ხუთმილიონიანს».
    და ბოლოს, გავიხსენოთ ესეც: ერთადერთი გამარჯვება, რომელიც ქართულმა არმიამ, მიუხედავად ზემოთ აღწერილი ფაქტორის მოქმედებისა, მთელი ამ ომის განმავლობაში მოიპოვა, - იყო ტამიშის ოპერაცია, რომლის დროსაც ჯაბა იოსელიანისა და ლოთი ქობალიას მეომრები ერთობლივად ეკვეთნენ საერთო მტერს.

«ივერია-ექსპრესი», 14 აგვისტო, 1993.