ავადსახსენებელი რუსული პოლკი

ავადსახსენებელი რუსული პოლკი

  

    ყოველი კერძო მოვლენა პოლიტიკურ ცხოვრებაში  ზოგად კანონზომიერებას ასახავს და ნათელი მაგალითია პოლიტიკური ელიტის წრეში დამკვიდრებული ეთიკური ჩვევების თუ მმართველი ეშელონის მიერ ქვეყნის მართვისას გამოყენებული ხერხებისა.
    ამ თვალსაზრისით, უაღრესად საინტერესოა დეტალურად განვიხილოთ რუსეთის 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკთან დაკავშირებული ძალზე ნიშანდობლივი ინციდენტი. შეგახსენებთ, რომ ამ სამხედრო ქვედანაყოფის სამშვიდობო ძალებში მონაწილება-არმონაწილეობა გახდა უმთავრესი მიზეზი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევისა. ვნებათაღელვის დონით ამ სხდომამ СНГ-ს თაობაზე გამართულ დაუვიწყარ «დებატებსაც» კი გადააჭარბა.
    345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი იმ სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფია, რომელიც 1993 წლამდე აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში იყო დისლოცირებული. სხვათა შორის, სწორედ ეს პოლკი მონაწილეობდა იმ «ოპერაციაში», საბჭოთა სამხედრო უწყებამ თბილისში 9 აპრილს რომ ჩაატარა.
    345-ე პოლკი ავღანეთის ომშიც მონაწილეობდა - დღიდან ამ ომის დაწყებისა (1979 წლის დეკემბერი) - 1988 წლამდე. 1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე, რუსეთის ხელმძღვანელობამ საქართველოს ხელისუფლების წინაშე დასვა საკითხი პოლკის გუდაუთაში გადასროლის თაობაზე, - «ბომბორას აეროპორტის დასაცავად».
    საინტერესოა, რომ ეს «ოპერაცია» რუსეთის სპეცსამსახურებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. თავდაპირველად, ტელეკომპანია «ოსტანკინომ» გადმოსცა ინფორმაცია გროზნოს მახლობლად მდებარე აეროდრომის შესახებ, რომელზეც ასეულობით ნახევრადსპორტული თვითმფრინავი იყო დისლოცირებული. ითქვა, რომ მათ შეუძლიათ გადმოუფრინონ კავკასიას და დაბომბონ თბილისი.
    ასეთივე გაფრთხილებით, საქართველოს ტელევიზიით გამოვიდა კავკასიაში რუსეთის თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი ოფიცერი. შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზებს სურთ რამდენიმე ათეული თვითმფრინავი ჩამოიყვანონ გუდაუთაში და, ამიტომ, «ბომბორას აეროდრომს დაცვა სჭირდება».
    სინამდვილეში, მთელი ეს კამპანია რუსეთს იმისთვის დასჭირდა, რათა მიეღო საქართველოს ხელისუფლებისაგან თანხმობა - ბომბორაზე რუსი მედესანტეების გადმოსროლის.
    ედუარდ შევარდნაძემ ასეთი თანხმობა მისცა. პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე მან თქვა კიდეც ამის შესახებ.
    განჯიდან სადესანტო ათასეული დაუყოვნებლივ იქნა გადასროლილი გუდაუთაში, სადაც იმყოფებოდა მთელი ომის განმავლობაში და ზურგს უმაგრებდა სეპარატისტებს, - ამარაგებდა მათ ტყვია-წამლით, უახლესი ტექნიკით, ეხმარებოდა სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში და, ალბათ, ზოგჯერ მონაწილეობდა კიდეც ამ ოპერაციებში.
    სწორედ ამიტომ, როდესაც დადგა აფხაზეთში რუსეთის ჯარების შემოყვანის საკითხი, ქართულმა მხარემ იმთავითვე მოითხოვა სამშვიდობო ძალებიდან ამ პოლკის გამორიცხვა, რაზეც მიიღო კიდეც თანხმობა.
    მაგრამ პაველ გრაჩოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელად, სააგენტო «იბერიამ» გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო: «ვინაიდან რუსეთის ფედერაციის საბჭო მხოლოდ 21 ივნისს მიიღებს გადაწყვეტილებას, სამშვიდობო მისიით გამოყენებული იქნება 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი».
    ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო საქართველოს ხელისუფლებამ და მას დეზინფორმაცია, უფრო მეტიც - პროვოკაცია უწოდა. მაგრამ მეორე დღეს «იბერიას» ინფორმაცია დაადასტურა კავკასიაში რუსეთის ჯარების პრეს-ცენტრის თავმჯდომარემ, პოლკოვნიკმა დოლგაჩოვმა, აგრეთვე სააგენტო «როიტერმა» და ტელეპროგრამა «ნოვოსტიმ».
    ხელისუფლება საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც რუსეთის ტელევიზიის კორესპონდენტმა, ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა, ნიკოლოზ სვანიძემ პირდაპირ თქვა გადაცემაში «პოდრობნოსტი»: «რუსეთის მხარემ მაინც მიაღწია, რომ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა მიიღოს 345-ე პოლკმა.»
    რაშია საქმე? რა გახდა მთელი ამ დავიდარაბის მიზეზი? ჩემი აზრით, გაუგებრობის მთავარი მიზეზია ის, რომ შეთანხმება რუს სამხედროებთან 345-ე პოლკის გამორიცხვის შესახებ დაიდო მანამ, სანამ რუსეთის ფედერაციის საბჭო ფაქტობრივად «დროებით ვეტოს» დაადებდა აფხაზეთში რუსული ძალების შეყვანას.
    ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი, ერთადერთი ქვედანაყოფი, რომლის ამოძრავებაც რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო პარლამენტის თანხმობის გარეშე, აღმოჩნდა სწორედ ის 345-ე საპარაშუტო სადესანტო პოლკი, რადგან მას უკვე მინიჭებული ჰქონდა «სამშვიდობო ძალის» სტატუსი - 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმებითა და მაშინ ჩამოყალიბებული საკონტროლო კომისიის ერთ-ერთი ოქმით.
    ხოლო ვინაიდან აფხაზები აშკარად აჩქარებდნენ რუსეთს, გადაწყვიტეს, 21 ივნისამდე გალის რაიონში სწორედ ეს პოლკი შეეყვანათ. ოღონდ, საქართველოს ხელისუფლების პროტესტის გამო, იძულებულნი გახდნენ ხელი აეღოთ ამ განზრახვაზე.
    საინტერესოა პოლკოვნიკ დოლგაჩოვის შემდეგი მრავალმნიშვნელოვანი განცხადება: «თუ 21 ივნისს ფედერაციის საბჭო არ მიიღებდა გადაწყვეტილებას, მაშინ, გალის რაიონში 345-ე სადესანტო პოლკი დარჩებოდა».
    გასაგებია, რა რეაქციას გამოიწვევდა ეს საქართველოში. თუმცა, ინციდენტი საბოლოოდ ამოწურული ჯერ არ არის. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

«ივერია-ექსპრესი», 22 ივნისი, 1994 წელი.