აგრესიული პროვინციალი

აგრესიული პროვინციალი - ეროვნული მოძრაობა

აგრესიული პროვინციალი

1990 წლის მიწურულს საბჭოთა კავშირში შეიქმნა ვითარება, როდესაც, ერთი მოსწრებული ქართული თქმისა არ იყოს, «ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობდა». პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებამ ვერაფერი შეცვალა - მიხეილ გორბაჩოვი კომიკურ ფიგურად იქცა და იმთავითვე დადასტურდა, რაოდენ უბადრუკი იყო მისი მცდელობა, შეექმნა რუსეთისათვის სრულიად უცხო და შინაარსობრივად მიუღებელი ფენომენი - მოეპოვებინა სახელმწიფოებრივი გავლენა და ავტორიტეტი «სათნოებითა» და «მიმტევებლობით».
    თუმცა, თავადაც სისხლში ჰქონდა ხელები მოსვრილი: 9 აპრილს, - ბაქოს სასაკლაო მოჰყვა. რა თქმა უნდა, გორბაჩოვის «ჰუმანიზმი» ყალბი და მოჩვენებითი იყო.

    საქართველოში კი ვითარდებოდა პროცესი, რომელიც 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში «მრგვალი მაგიდის» გამარჯვებით დაიწყო. ზვიად გამსახურდია კომუნისტური ნომენკლატურის საკვანძო თანამდებობებზე ნიშნავდა სრულიად გამოუცდელ, შემთხვევით ადამიანებს, რაც საზოგადოებრივი ელიტის გაღიზიანებას იწვევდა.
    აბა როგორ არ გაღიზიანდებოდნენ ჩვენი ცნობილი მწერლები, როცა, მაგალითად, მწერალთა კავშირის თავჯდომარეობის შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ თანამდებობაზე (გამომცემლობა «საქართველოს», - ყოფილი «საბჭოთა საქართველოს» დირექტორად) გურამ პეტრიაშვილი დაინიშნა? ამ ადგილისათვის ისინი ხომ «ერთმანეთს ჭამდნენ» წლების განმავლობაში. ამდენად, გურამ პეტრიაშვილის დანიშვნა შეურაცხყოფად და უდიდეს უსამართლობად მიიჩნიეს.
    ასეთი «საკადრო პოლიტიკით» გამსახურდიამ საბოლოოდ «გადაიკიდა» საზოგადოების ელიტარული ნაწილი, რომელიც მიჩვეული იყო საინტერესო და მსუყე ცხოვრებას - მიჩვეული იყო, რომ «კომუნისტების დროს» ცენტრალურ კომიტეტში იბარებდნენ, რაღაცას ეკითხებოდნენ და ზოგჯერ (მეორეხარისხოვან საკითხებში) მათ აზრსაც ითვალისწინებდნენ. აღარაფერს ვამბობ «თანამდევ პრივილეგიებზე»: ბინებზე, აგარაკებზე, მანქანებზე, ავეჯსა და კაფელზე.
    მაგრამ არც ის არის ზუსტი, როდესაც, «ელიტარული ინტელიგენციის» გამძვინვარებას ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მხოლოდ «პრივილეგიების დაკარგვით» ხსნიან. უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ გამსახურდიას ხელისუფლების მოსვლით, «ელიტარულმა ინტელიგენციამ» წლობით მიჩვეული და შესისხლხორცებული მდგომარეობის, სოციალური სტატუსის დაკარგვის საფრთხე იგრძნო. ეს უფრო მნიშვნელოვანი და მტკივნეული იყო მისთვის, ვიდრე მატერიალური სიკეთე, რომელიც უხვად ჰქონდა დაგროვილი.
    კომუნისტები ამ სოციალური ფენის ამბიციას ხვდებოდნენ და შესაბამისად აკმაყოფილებდნენ კიდეც. ზვიად გამსახურდიამ ისინი ერთბაშად «მოისროლა». მათ ადგილებზე კი ისეთი ხალხი დანიშნა, ადრე «გამარჯობის» ღირსადაც რომ არ მიაჩნდათ. მოგვიანებით, «ანტიზვიადისტურ მიტინგებზე» იხსენებდნენ ნოდარ დუმბაძის სიტყვებს გურამ პეტრიაშვილის შესახებ: «ხიმჩისტკაში» უნდა ჩააბარო და ქვითარი უნდა დაკარგოო. ეს იყო არა მხოლოდ პიროვნული, არამედ სოციალური ზიზღის გამოვლინება. ისევე, როგორც, (თუ გახსოვთ) მსჯელობა «ახალი ტიპის ქართველის - «აგრესიული პროვინციალის» თაობაზე.
    ამგვარი სტერეოტიპებით «ელიტარული იტელიგენცია» (ზოგადად ელიტა) ცდილობდა თავი დაეცვა და სოციალური სტატუსი, მდგომარეობა შეენარჩუნებინა - რაკი საფრთხე იგრძნო.
    ზვიად გამსახურდიამ ეს გარემოება იოტისოდენად არ გაითვალისწინა. მან (თავად) სწორედ მაშინ შექმნა წინაპირობა ხელისუფლების დაკარგვისათვის, როდესაც ტელერადიოკორპორაციის თავჯდომარედ «ვინმე» კვანტალიანი დანიშნა, ჯანდაცვის მინისტრად - ძოძუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად, - ხაბულიანი, ვაჭრობის მინისტრად, - გველესიანი, გამომცემლობის დირექტორად, - პეტრიაშვილი და ა.შ. ამგვარი ქმედებით არა მხოლოდ ცალკეული ელიტარული ჯგუფები გადაიმტერა, არამედ მთლიანად «საბჭოთა ქართული ელიტა».
    გამსახურდიას არ სურდა შერიგებოდა აზრს, რომ ნებისმიერ ხელისუფალს ქვეყნის მართვა მხოლოდ ელიტაზე, ისტებლიშმენტზე დაყრდნობით, მისი მეშვეობით ძალუძს. აქ დემოკრატია და ხელისუფლების არჩევითობა არაფერ შუაშია - ეს წესი უცვლელია ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც. თუმცა ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ.
    1990 წლის ბოლოსათვის გამსახურდიას ელიტა უკვე აშკარად აღარ უჭერდა მხარს. «ხალხი» კი უჭერდა, მაგრამ ეს ბევრს ვერაფერს წყვეტს. ვითარება ქვეყანაში დღითიდღე იძაბებოდა.
    უმთავრესი კატალიზატორი კვლავ «სამხრეთ ოსეთი» და იქ მიმდინარე მოვლენები იყო.
    ოსებმა, პოლიტიკური ტექნოლოგიის სრული დაცვით, ძალზე ჭკვიანურად (უფრო სწორად, ჭკვიანი მრჩევლების კარნახით) დაიწყეს მოქმედება: «სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭომ» მიიღო გადაწყვეტილება, გამოეცხადებინა «სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს სსრ შემადგენლობაში».
    დავაკვირდეთ: საქართველოს შემადგენლობიდან გასვლა კი არ გამოაცხადა, არამედ თითქოს მხოლოდ თხოვნით მიმართა საქართველოს სსრ და საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოებს, დაედასტურებინათ ავტონომიის ახალი სტატუსი და აემაღლებინათ იგი «ოლქიდან» - «ავტონომიურ რესპუბლიკამდე».
    ამგვარი ეშმაკობით ოსებმა იმას მიაღწიეს, რომ ფორმალურად თითქოს სსრკ კონსტიტუცია არ დაურღვევიათ, მაგრამ შინაარსობრივად მათი გადაწყვეტილება ყველგან (საქართველოშიც და მოსკოვშიც) აღიქვეს, როგორც საქართველოსაგან გამიჯვნა და გამოყოფა. თუმცა ქართველთა გააფთრებულ რეაქციას რუსები (მათ შორის დემოკრატები), აგრეთვე ევროპელებიც გაკვირვებით პასუხობდნენ: რა დაგემართათ, რამ გადაგრიათ, მათ ხომ მხოლოდ თხოვნით მოგმართესო.
    არადა, 2000 წლის სექტემბერში, ცხინვალში უკვე იზეიმეს არა «ავტონომიური რესპუბლიკის გამოცხადება», არა «საოლქო საბჭოს გადაწყვეტილება, თხოვნით მიემართა საქართველოსა და სსრკ უმაღლესი საბჭოებისადმი სტატუსის ამაღლების თაობაზე», არამედ სწორედ «რესპუბლიკის გამოცხადებისა და დამოუკიდებლობის ათი წლისთავი». რაც სავსებით მართებული იყო, ვინაიდან იმდროინდელი გადაწყვეტილება შინაარსობრივად სწორედ ამას ნიშნავდა. ანუ ოსებმა უკვე მაშინ გვაჯობეს ჭკუითა და ეშმაკობით.
    ზვიად გამსახურდიას ბრძანებით, დაუყოვნებლივ შეიკრიბა საქართველოს უზენაესი საბჭო და მიიღო «მტკიცე» გადაწყვეტილება: «სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სრული გაუქმების» შესახებ.
    აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანად შეესაბამებოდა ქართული საზოგადოების მძვინვარე რეაქციას ოს სეპარატისტთა «თავხედურ» მოთხოვნაზე. მაგრამ მსოფლიომ იგი აღიქვა ერთმნიშვნელოვნად: «შოვინისტურმა, ფაშისტურმა პატარა იმპერია საქართველომ გააუქმა მცირე ერის ავტონომია მხოლოდ იმის გამო, რომ ამ მცირე ერმა გაბედა და საქართველოს შემადგენლობაში (!) უფლებების გაზრდა მოითხოვა.»
    იმავე პოლიტიკური ტექნოლოგიის შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნებოდა, ხელისუფლებას ავტონომია კი არ გაეუქმებინა, არამედ «სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს» გადაწყვეტილება გამოეცხადებინა ბათილად. «ეს არაფერს მოგვცემდაო»- ავტონომიის გაუქმებამ რა მოგვცა?
    რასაკვირველია, რეალურ ვითარებას არანაირი რეაქცია აღარ შეცვლიდა. ცენტრალური ტელევიზია უკვე უწევდა პროპაგანდას «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას», ხოლო თბილისის იურისდიქცია ცხინვალის რეგიონის უდიდეს ნაწილზე არ ვრცელდებოდა.
    ვალერი კვარაცხელიამ თავის სატელევიზიო პროგრამაში განაცხადა, რომ თუ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ოსები თავად არ აღკვეთენ ცხინვალელი ოსების სეპარატიზმს, «მაშინ მათ უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია».
    მართლაც, დაიწყო ეთნიკური (ხშირ შემთხვევაში «გაქართველებული») ოსების უმოწყალო, დედაწულიანი განდევნა საქართველოს რეგიონებიდან. 1990 წლის ბოლოსათვის ამან მასობრივი ხასიათი შეიძინა. ხაშურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობა შეიკრიბა და მოხუც, მარტოხელა ოსს წასვლა მოსთხოვა. იგი თანასოფლელებს ქართულად ემუდარებოდა: «ხალხნო, არაფერი დამიშავებია, წასასვლელი არსად მაქვს, არც აღარავინ მყავს ამ ქვეყანაზე და ნუ გამასახლებთო». ხვეწნა-მუდარით ვერავის ვერაფერი შეასმინა (მეორე დილითვე წასვლა მოსთხოვეს) და იმ ღამით სახლში თავი ჩამოიხრჩო.
    ასეთი ეპიზოდები მრავლად იყო და მათ ფართოდ აშუქებდა არა მხოლოდ რუსული, არამედ მსოფლიო მედია.
    რაც მთავარია, ოსების გადაწყვეტილებამ და საქართველოს ხელისუფლების რეაქციამ გარდაუვალი გახადა შეიარაღებული კონფრონტაციის გამწვავება, ვინაიდან (ისევ და ისევ საზოგადოებრივი განწყობის გათვალისწინებით) ხელისუფლება იძულებული იყო, არა მხოლოდ «სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების» დეკლარირება მოეხდინა, არამედ რეალურად განეხორციელებინა კიდეც ეს გადაწყვეტილება და ცხინვალში შეიარაღებული ძალა შეეყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამსახურდიას მოწინააღმდეგეები (იმავე «კონგრესიდან») უეჭველად იტყოდნენ: «ოსებს ზვიადას გადაწყვეტილება სულ არ აღელვებთ და ყურადღებასაც არ აქცევენო.» ამიტომ, იანვრის დასაწყისში, «სამაჩაბლოში» შეიარაღებული ძალის შეყვანა უკვე აუცილებელი გახდა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ოსებმა ცხინვალის შესასვლელთან რამდენიმე ქართველი ჩაცხრილეს მანქანაში.
    რაკი საქართველოს სამხედრო ძალა არ გააჩნდა, გამსახურდიას ბრძანებით, ცხინვალში მილიციის შენაერთები შეიყვანეს. დაიწყო ნამდვილი ომი, რომელსაც მსოფლიო რეზონანსი ჰქონდა და ყველამ შეაფასა ერთმნიშვნელოვნად: «ქართველები, რომლებიც თავს გვასაწყლებენ 9 აპრილით, თავად არიან მცირე ერების მჩაგვრელნი და გენოციდის ორგანიზატორნი».
    ამ ვითარებით შესანიშნავად ისარგებლა კრემლმა. როგორც ზემოთ ითქვა, 1991 წლის 7 იანვარს მიხეილ გორბაჩოვმა გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომლითაც მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, შეეწყვიტა სამხრეთ ოსეთში «გამომწვარი მიწის» პოლიტიკა (Политика выжженной земли).
    რუსულმა ტელევიზიამ ქართველი ერის მორალური განადგურება დაიწყო: გამოდიოდნენ ცნობილი რუსი პოეტები, მწერლები, კინორეჟისორები, რომლებიც წლების განმავლობაში აქებდნენ და ადიდებდნენ ყოველივე ქართულს და გულამოსკვნით მოთქვამდნენ: «არა, ჩვენთვის ეს დაუჯერებელია, რომ ქართველები ასეთი რამის ჩამდენნი არიან, ისინი ამას არ იკადრებენ, ქართველი ხალხი ხომ კეთილშობილების, რაინდობის განსახიერება გვეგონა?».
    ეს პროპაგანდაც, რასაკვირველია, მიზანმიმართულად ხორციელდებოდა და გათვლილი იყო ქართულ საზოგადოებაში მორალური ნგრევის პროცესთა გამოსაწვევად.
    ამ ხერხმა, როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, «ბრწყინვალე» შედეგი გამოიღო.
    ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეებმა, რასაკვირველია ყველაფერი მას დააბრალეს და სისხლისღვრა მხოლოდ მის სახელს დაუკავშირეს. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ 9 აპრილის შემდეგ, მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ვისაც არ უნდა გაემარჯვა 28 ოქტომბრის არჩევნებში, - ცხინვალის ომი გარდაუვალი იყო. ომის თავიდან აცილება მოხერხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უდრტვინველად შეურიგდებოდა ოსების მიერ «რესპუბლიკის» გამოცხადებას. ეს კი აბსოლუტურად არარეალური გახლდათ - მით უმეტეს ეთნოფსიქოლოგიური ემოციურობის გათავლისწინებით (იგი გაასკეცდა 9 აპრილის შედეგად) და შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამოც, როდესაც «უმოქმედობა» მომაკვდინებელ არგუმენტად იქცეოდა.
    სწორედ ის ხალხი, ვინც შემდგომ ოსურ სოფლებში დარბოდა და «გამსახურდიას ფაშისტური დიქტატურის მიერ ოსი ხალხის გენოციდის ფაქტებს» აფიქსირებდა, პირველი უსაყვედურებდა ხელისუფლებას (ნებისმიერ ხელისუფლებას): ოსები შიდა ქართლს გვართმევენ და ხელისუფლება კი ამას ურიგდებაო.
    ისიც უსინდისო და ურცხვი დემაგოგიაა, თითქოს «ოსებთან დიალოგით» შეგვეძლო მათთვის გადაგვეთქმევინებინა «რესპუბლიკის გამოცხადება». ოსები ნებისმიერ შემთხვევაში გადადგავდნენ ამ ნაბიჯს (კვლავ და კვლავ ვიმეორებ, 9 აპრილის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მოსკოვის მხარდაჭერა გარანტირებული ექნებოდათ), ვინაიდან ეს სავსებით შეესაბამებოდა მათ სულისკვეთებას და მისწრაფებას.
    ისიც გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, რომ ოსმა სეპარატისტებმა საკვანძო გადაწყვეტილება 1990 წლის სექტემბერში მიიღეს ანუ 28 ოქტომბრის არჩევნებამდე.
    საერთოდ, უცნაური და პარადოქსული ვითარება იქმნება იმ მოვლენათა შეფასების თვალსაზრისით: ზვიად გამსახურდიას «ქართველი დემოკრატები» ბრალად სდებდნენ «ოსი ხალხის გენოციდის ორგანიზებას», იმავე დროს საყვედურობდნენ ცხინვალის რეგიონში «რუსის ჯარის შეყვანას» სისხლისღვრის შესაწყვეტად (რაც, ამ უკანასკნელმა რასაკვირველია არ გააკეთა) და შემდგომ საყვედურობდნენ, მილიცია რატომ გამოიყვანა და «შიდა ქართლი» ოსებს რატომ ჩააბარაო. ანუ, ნებისმიერი ქმედება უკმაყოფილებას იწვევდა და ეს იმ ცნობიერი ატმოსფეროს გამოვლინებაა, რაც იმ დროს სუფევდა - დიდწილად, საზოგადოების ფსიქოლოგიური გადაღლის შედეგად.
    პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ზვიად გამსახურდიამ თავად «შეუქმნა თავს» იმიჯი, რომელიც მანევრისა და კომპრომისის საშუალებას არ უტოვებდა.
    მას შემდეგ, რაც ათეულობით მილიციელის დაღუპვის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ელიტა იძულებული გახდა ცხინვალიდან ქართული მილიციის ქვედანაყოფები თვითნებურად გამოეყვანა, ოსებმა, ინდოევროპელთა უძველესი ტრადიციისამებრ, ქალაქში «მაშხალებით საზეიმო სვლა» მოაწყვეს.

    მსოფლიოს ყურადღება ამ დროს სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენებმა მიიპყრო. ზაფხულში ერაყმა დაიპყრო კუვეიტი. მას შემდეგ დასავლეთი ემზადებოდა ომისათვის და შესაბამის კონსულტაციებს აწარმოებდა. 1991 წლის იანვარში ამერიკამ ერაყს «დაარტყა». დაიწყო მასირებული დაბომბვა. ამ ვითარებით ისარგებლა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ და ბაღდადზე საჰაერო დარტყმამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც მსოფლიოში აღარავის ეცალა «ეროვნული მოძრაობებისათვის», - დამსჯელი ღონისძიებები განახორციელა ლიტვაში. ვილნიუსის ტელეანძის აღებისას რუსმა მედესანტეებმა ოცამდე ლიტველი მოკლეს. მაგრამ გლობალური მნიშვნელობის ომთან შედარებით (ექვსიოდე წლით ადრე ასეთი კრიზისი უეჭველად მსოფლიო ომში გადაიზრდებოდა), ეს «წვრილმანი» იყო.
    თუმცა, სსრკ უმაღლეს საბჭოში მაინც გაიმართა მწვავე დისკუსია. «დემოკრატებმა» აღშფოთება გამოთქვეს საბჭოთა არმიის მოქმედების გამო. ამ დროს მიკრიფონთან მივიდა ოსი ანატოლი ჩეხოევი («სამხრეთ ოსეთის» კომპარტიის საოლქო კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი) და პათეტიურად შესძახა: «კი მაგრამ, ლიტვის შესახებ რომ დარდობთ, ბატონო დემოკრატებო, რატომ იმის თაობაზე არას ამბობთ, რაც ამ დღეებში სამხრეთ ოსეთში ხდება? რატომ იქ არ გმობთ ძალადობას და სისხლიღვრას? ადამიანებს კლავენ, ხოცავენ (იგულისხმება, ქართველები კლავენ და ხოცავენ - ავტ.) თქვენ კი მხოლოდ ლიტვაზე საუბრობთ - «Где эти демократы когда…..». ვერც ერთმა ქართველმა დეპუტატმა საპასუხოდ, რასაკვირველია, კრინტის დაძვრა ვერ გაბედა.

    ამრიგად, «სამაჩაბლოს» ამბებმა საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ უდიდესი ფსიქოლოგიური, მორალური ზიანი მიაყენა. ამ მოვლენებმა კიდევ უფრო შეარყია ქართველი ერის თვითრწმენა; რწმენა საკუთარი სიმართლისა და ნოყიერი ნიადაგი შექმნა სამოქალაქო ომისა და საერთოქართული სისხლისღვრისათვის

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა