აბაშიძე რეფერენდუმით იმუქრება

აბაშიძე რეფერენდუმით იმუქრება

 

    ძალიან უცნაური დამთხვევით, სწორედ იმ დღეს, როდესაც მთელი საქართველო აღნიშნავს 1991 წლის 31 მარტის საერთო ეროვნული რეფერენდუმის 13 წლისთავს, აჭარის ავტონომიური რესპუპლიკის ხელმძღვანელობა კვლავ ალაპარაკდა ავტონომიაში რეფერენდუმის გამართვაზე.
    როგორც ჩანს, ამ საკითხის ინიციატორებს წარმოდგენილი და ბოლომდე გაცნობიერებული არ ჰქონდათ, რა შედეგს გამოიწვევდა მათი ინიციატივა სწორედ 31 მარტს.
    უნდა ითქვას, რომ ამგვარი უცნაური «დამთხვევების» გამო, ასლან აბაშიძემ დაკარგა მრავალი მომხრე, ვისაც მანამდე გულწრფელად სჯეროდა, თითქოს, აჭარის ლიდერი ზვიად გამსახურდიას იდეების ერთგული იყო.
    გაუგებარია აგრეთვე, რეფერენდუმის თემა, ანუ, კითხვა, რომელსაც მოსახლეობას დაუსვამენ. ზოგიერთი ცნობით, კითხვა დაისმება აჭარის ხელისუფლებისადმი ნდობის თაობაზე და, უბრალოდ, ანეკდოტად ჟღერს, რომ კითხვარი ანონიმური არ იქნება (!), ანუ აჭარაში მცხოვრებ ადამიანებს პერსონიფიცირებულად მოუწევთ პასუხი გასცენ კითხვას - ენდობიან თუ არა აჭარის ავტონომიის მეთაურს.
    ნუთუ ძნელად გასათვლელი იყო, რომ არც საერთაშორისო გაერთიანება, არც საქართველოს ხელისუფლება და არც მთლიანად ქართული (მათ შორის, აჭარის) საზოგადოება ამგვარ რეფერენდუმს რეპრეზენტატიულად არ სცნობს?
    აბა, რამდენი ადამიანი გაბედავს აჭარაში ასე ღიად გამოხატოს, რომ არ ენდობა ასლან აბაშიძეს? თვით ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოშიც კი, ნებისმიერი კენჭისყრა (მით უმეტეს რეფერენდუმი) ყოველთვის ფარულია და ეს მიუხედავად იმისა, რომ იმ ქვეყანაში ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
    რასაკვირველია, აჭარაში ჩატარებული რეფერენდუმი, ამ თვალსაზრისით, არავითარ პოლიტიკურ შედეგს არ გამოიღებს (რომ აღარაფერი ვთქვათ, იურიდიულ შედეგებზე) და მხოლოდ ვითარების შემდგომ დაძაბვას შეუწყობს ხელს. მით უმეტეს, ისეთი სრულიად გაუგებარი ფორმულირებით, როგორიც არის «ენდობით თუ არა აჭარაში ჩატარებულ არჩევნებს და მათ შედეგებს?» ეს, ერთი მხრივ, აჭარაში ახალი არჩევნების გამართვას ნიშნავს, ხოლო მეორე მხრივ, სრულიად გაუგებარია, რა პასუხი უნდა გასცეს ასე დასმულ კუთხვას ნორმალურმა ადამიანმა (განურჩევლად პარტიულობისა), თუ იგი არ ენდობა ოპოზიციის მიღებულ ხმებს, ან თუ არ ენდობა, პირიქით, ხმათა იმ რაოდენობას, რაც «ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ» მიიღო აჭარაში?
    მთელი ისტორია აშკარად მეტყველებს, რომ კრიტიკულ ვითარებაში (ასე იყო 1999 წლის არჩევნების წინ, როდესაც აჭარის ლიდერმა ყარსის ხელშეკრულება ახსენა) ასლან აბაშიძე ხშირად უშვებს უმძიმეს შეცდომებს, რომელთა გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. გავიხსენოთ თუნდაც მისი განცხადება «ყარსის ხელშეკრულების» შესახებ.
    რაც შეეხება «აჭარის რეფერენდუმის» იურიდიულ ასპექტს, საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყნის არც ერთ რეგიონში არ შეიძლება რეფერენდუმის გამართვა. უფრო მეტიც: იურისტები დავობენ იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე რეფერენდუმის დანიშვნა იმ ვითარებაში, როდესაც არ არის აღდგენილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ბევრი იურისტის აზრით, ესეც კი ანტიკონსტიტუციური იქნება, არათუ რეფერენდუმი რომელიმე ცალკე აღებულ რეგიონში.
    თუმცა, ასლან აბაშიძის მომხრეები საუბრობენ არა რეფერენდუმზე, არამედ პლებისციტზე, ანუ საზოგადოებრივი აზრის საყოველთაო გამოკითხვაზე, რასაც იურიდიული შედეგი, თითქოს არ უნდა მოჰყვეს. ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც (უხეში შედარება გამოდის, მაგრამ მაინც მართებული) ბალტიის ქვეყნებმა გააკეთეს 1990 წელს, როდესაც მათ (ფორმალურად) ჩაატარეს არა რეფერენდუმი, არამედ სწორედ პლებისციტი, რათა მოსკოვი ზედმეტად არ გაეღიზიანებინათ.
    რეალურად, პოლიტიკური თვალსაზრისით, არავითარი სხვაობა პლებისციტსა და რეფერენდუმს შორის არ არის, ვინაიდან, არა იურიდიული, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, შედეგი იდენტური იქნება.
    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რუსული მედია საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს, აჭარაში ტარდება რეფერენდუმი ამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ. «პლებისციტის» დამანგრეველი შედეგი ყველაზე ადვილად პროგნოზირებადია შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით.
    ეს არის «დენთის კასრთან პატრუქით თამაში». მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას კვლავინდებურად ძალიან ბევრი და მწვავე კითხვა აქვს ოფიციალურ ბათუმთან, ამაზე უფრო საფუძვლიან და სამართლიან არგუმენტს იგი, ფაქტობრივად, ვერც ინატრებდა.

დილის გაზეთი