ჰოლივუდი ეროვნულ იდეოლოგიას ემსახურება

ჰოლივუდი ეროვნულ იდეოლოგიას ემსახურება

 

    ჰოლივუდს ხშირად «ოცნებისა და ფანტაზიის ფაბრიკას» უწოდებენ. რა თქმა უნდა, მტკნარი სისულელე იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს ჰოლივუდის «მამები» რაღაც სტერეოტიპულ სქემებს იღებენ რომელიმე სახელმწიფო ორგანოსაგან და შეკვეთით მოქმედებენ, მაგრამ თუ ამ «ფაბრიკის» პროდუქციას ყურადღებით დავაკვირდებით (რასაკვირველია, ვგულისხმობ მასობრივ პროდუქციას და არა ელიტარულ ფილმებს ანუ ჭეშმარიტ კინოხელოვნებას), უეჭველად შევნიშნავთ გარკვეული სტერეოტიპული წარმოდგენების მასობრივად დანერგვის მცდელობას.
    რასაკვირველია, რამე «ორგანო» (საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცკ-ს იდეოლოგიური განყოფილების მსგავსი) ჰოლივუდში არ არსებობს, მაგრამ ისიც მტკნარი სისულელეა, თითქოს ჰოლივუდს არა აქვს ერთიანი პოლიტიკა მასობრივი კინოპროდუქციის წარმოებისას.
    დავაკვირდეთ ამ თვალსაზრისით რამდენიმე გახმაურებულ ფილმს. მაგალითად, «დამოუკიდებლობის დღე», რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს გადაარჩენს უცხოპლანეტელთა შემოსევისგან. ფილმში ორი მთავარი გმირია: ზანგი (!) სამხედრო მფრინავი და თეთრკანიანი (!) კომპიუტერების სპეციალისტი;
    სწორედ ეს უკანასკნელი შეძლებს უცხოპლანეტელთა კომპიუტერული სისტემის მოშლას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება მათი მფრინავი აპარატების განადგურება.
    დავაკვირდეთ ამ კინოტიპს. როგორ გგონიათ, ვინ არის იგი? - სათვალიანი, თეთრკანიანი, შუახნის კომპიუტერების სპეციალისტი. გარეგნულად ძალიან წააგავს.. თავიდან ვერ დავიჯერე, მაგრამ ფოტოსურათი რომ ვნახე, უმალვე დავრწმუნდი - ეს ხომ ბილ გეიტსია!!!
    დიახ, მსახიობი სწორედ ბილ გეიტსის ტიპს ქმნის;
    ბილ გეიტსი - «ეფლისა» და «მაიკროსოფტის» დამფუძნებელი, კომპიუტერული რევოლუციის ავტორი, ამერიკელი მულტიმილიარდერი, რომლის ქონება 80 მილიარდ (!!!) დოლარადაა შეფასებული.
    ბუნებრივია, «მაიკროსოფტის» კოლოსალური კომპიუტერული იმპერია შესაბამის «იდეოლოგიურ მხარდაჭერასაც» საჭიროებს. შესაძლოა, ჰოლივუდს მისგან კონკრეტული «შეკვეთა» არ მიეღო, მაგრამ სოციალური შეკვეთა ნამდვილად არსებობდა;
    «ამერიკის მიერ მსოფლიოს» გადარჩენის თემაც შემთხვევით არ დომინირებს ჰოლივუდის მასობრივ კინოპროდუქციაში საბჭოთა კავშირის დამხობის შემდეგ.
    ფილმ «არმაგედონში» კაცობრიობას ისევ და ისევ ამერიკა იხსნის ასტეროიდისაგან, რომელიც დედამიწას უნდა შეეჯახოს, რასაც კაცობრიობის განადგურება მოჰყვება.
    ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც კოსმოსში მიფრინავენ, რათა გაბურღონ შახტა და იქ ატომური ბომბი დაამონტაჟონ? განა შემთხვევითია, რომ ისინი ნავთობმაძიებლები არიან, რომლებიც მანამდე ამერიკიდან შორს, სადღაც ჯანდაბაში ბურღავდნენ მიწის ქერქს, რათა ნავთობი (ამერიკული ცივილიზაციის მაცოცხლებელი ელექსირი) მოეპოვებინათ? რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი! ამერიკელი ნავთობმომპოვებლები გადაარჩენენ ამერიკასაც და მთელ მსოფლიოსაც იხსნიან დაღუპვისაგან.
    ეს ხომ სავსებით ბუნებრივია - საზოგადოებაში, რომლის ცხოველმყოფელობა დიდწილად იმპორტულ ნავთობზეა დამოკიდებული (ამერიკა საკუთარი ნავთობის მოპოვებისაგან თავს იკავებს და არც გააჩნია საკმარისი რაოდენობით), აუცილებლად უნდა არსებობდეს განსაკუთრებული განწყობა ნავთობმომპოვებელთა მიმართ. ხოლო რაკი ამერიკელთა 99_მა პროცენტმა არც იცის და არც აინტერესებს, საიდან შემოდის ნავთობი ამერიკაში და საიდან ჩნდება ბენზინი, რომელსაც იგი ავტომანქანაში ასხამს, საჭიროა, მას კინოპროდუქციის მეშვეობით ჩაუნერგონ შესაბამისი სტერეოტიპები.
    მაშასადამე, პირველ შემთხვევაში სტერეოტიპი «კომპიუტერული იმპერიის» ინტერესებს გამოხატავდა, მეორე შემთხვევაში კი - ამერიკის უდიდესი და უმძლავრესი ნავთობკომპანიებისა, მაგრამ ორივე ფილმში საბოლოოდ ამერიკის, როგორც ზესახელმწიფოს ძლევამოსილებას ესმება ხაზი;
    ვიმეორებ: კონკრეტული შეკვეთა შეიძლება არც არსებობდა, მაგრამ არსებობდა და არსებობს სოციალური შეკვეთა, რომელსაც ჰოლივუდის იდეოლოგები უეჭველად ითვალისწინებენ.
    ისინი ემსახურებოდნენ და ემსახურებიან ამერიკული საზოგადოების ინტერესებს, ქმნიან და ამტკიცებენ შესაბამის სტერეოტიპებს, რომლებიც აძლიერებენ ამერიკული ცივილიზაციის საყრდენ ფასეულობებს.
    დავაკვირდეთ ამ თვალსაზრისით მორიგ ამერიკულ კინოჰიტს deep impact. თავისთავად ამ ფილმს მხატვრული ღირებულება თითქმის არ გააჩნია, მაგრამ ნიშანდობლივ სტერეოტიპებზეა აგებული: ამერიკის პრეზიდენტია ზანგი, რომელმაც იკისრა პასუხისმგებლობა, გადაარჩინოს თავისი ქვეყანა და მთელი კაცობრიობა კომეტასთან შეჯახებისგან. პრეზიდენტს ჟურნალისტები უთვალთვალებენ, რათა სექსუალურ კავშირებში ამხილონ, მაგრამ იგი ამ თვალსაზრისით «სუფთა» აღმოჩნდება. თურმე სიტყვა «ელი», რომელსაც იგი ოვალურ კაბინეტში ხშირად იმეორებდა ტელეფონით საუბრისას, ქალის სახელი კი არა, დედამიწასთან მოახლოებული კომეტის განადგურებისთვის შემუშავებული საიდუმლო პროგრამის კოდური სახელწოდება ყოფილა.
    დედამიწას, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ამერიკელები გადაარჩენენ, მაგრამ პლანეტა მაინც სერიოზულად დაზიანდება; მიუხედავად ამისა, ზანგი პრეზიდენტი ხარაჩოებით გარშემორტყმული თეთრი სახლის ფონზე განუცხადებს ერს: «დგება ჟამი შენებისა».
    ნიშანდობლივია, რომ ფილმის ერთ-ერთი გმირი სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე სთხოვს ცოლს: «პირობა მომეცი, რომ ჩვენი შვილი არასდროს წავა ეკლესიაში, ძალიან არ მიყვარს ეკლესიები», ესეც ამერიკული ცივილიზაციის ერთ-ერთი საფუძველია: ადამიანს უფლება აქვს სწამდეს ნებისმიერი ღმერთისა ან არ სწამდეს არც ერთის.
    სწორედ ამიტომ მოჰყვა ასეთი მძაფრი რეაქცია ვაშინგტონში რუსეთის ე.წ. «გოსდუმის» გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთში «არატრადიციული კონფესიები» აიკრძალა. რაც შეეხება ზანგს, ესეც ამერიკული სტერეოტიპია. ადრე თუ გვიან ზანგი უეჭველად გახდება ამერიკის პრეზიდენტი.
    ამერიკის პრეზიდენტი ჩვეულებრივი ადამიანია. მას არანაირი ქარიზმა არ გააჩნია. უფრო სწორად, მისი ქარიზმა სწორედ ის არის, რომ იგი «ჩვეულებრივია». მაგალითად ფილმში «პრეზიდენტის თვითმფრინავი» ამერიკის პრეზიდენტი პირადად ფიზიკურად უპირისპირდება რუს ტერორისტებს, რომლებიც მის თვითმფრინავს ხელში ჩაიგდებენ. პრეზიდენტს სცემენ, მაგრამ ისიც ვაჟკაცურად ჩხუბობს, ტერორისტებს სულ თავ-ყბას ამტვრევს და ბოლოს იმარჯვებს კიდეც; რუსეთის პრეზიდენტი კი მარიონეტია, რომელიც მის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებს.
    რა აერთიანებს ოთხივე ამერიკულ ფილმს? არა მხოლოდ ის, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ბრწყინვალედ არის გადაღებული. ოთხივე შემთხვევაში «ოცნებათა ფაბრიკა» ამერიკული ზესახელმწიფოს, ამერიკული საზოგადოების იდეოლოგიურ შეკვეთას ასრულებდა, ოღონდ კონკრეტული შემკვეთის გარეშე.

7 დღე, 30 სექტემბერი, 1998 წ.