ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაცია: ჩეჩნური რომანტიზმი და ზესახელმწიფოს კოსმოსური ტექნოლოგიები

ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაცია: ჩეჩნური რომანტიზმი და ზესახელმწიფოს კოსმოსური ტექნოლოგიები

 

    ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის მაღალმთიან რაიონში მოკლეს იჩქერიის პირველი პრეზიდენტი, ჯოჰარ დუდაევი; მის სიკვდილს წინ უძღოდა მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც, შეიძლება ითქვას, უეჭველად გულისხმობდა ასეთ ფინალს
    რუსეთმა მორალური და სამხედრო თვალსაზრისით წააგო ომი ჩეჩნეთში. მიუხედავად ამისა, კრემლის ბინადართ არ სურდათ მარცხის აღიარება. ბორის ელცინი იტანჯებოდა ალკოჰოლიზმითა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შიშით - დამარცხების შემთხვევაში მას არ ასცდებოდა მძვინვარე შურისძიება საბჭოთა კავშირის დაშლისა და «თეთრი სახლის» დახვრეტისათვის.
    სწორედ მაშინ, მისმა უახლოესმა მრჩევლებმა ჩაიფიქრეს და განახორციელეს მრავალსვლიანი ოპერაცია, რომლის უმთავრესი მიზანი დუდაევის ლიკვიდაცია იყო. მათ კარგად უწყოდნენ: ეს არ ნიშნავდა ომის დამთავრებას, მაგრამ უეჭველად გულისხმობდა შოვინისტურად განწყობილ ამომრჩეველთა გულის მოგებას. ასეთი ამომრჩეველი კი რუსეთში უმრავლესობას წარმოადგენს.
    ბორის ელცინი ტელევიზიით გამოვიდა და ჩეჩნეთში ომის დასრულების ახალი გეგმა წარმოადგინა. მკითხველს ეხსომება ეს გამოსვლა. იგი ინტერვიუს ფორმით მოეწყო. სამი ყველაზე ცნობილი რუსი ჟურნალისტი, - ევგენი კისელიოვი, არინა შარაპოვა და ნიკოლაი სვანიძე ელცინს კითხვებს უსვამდნენ.
    რუსეთის პრეზიდენტის თქმით, იგი სთავაზობს ჯოჰარ დუდაევს მოლაპარაკებათა გამართვას ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის საბოლოო გაყვანის თაობაზე, ხოლო შუამავლად იწვევს მაროკოს მეფეს, საუდის არაბეთის პრინცს და ა.შ.
    ეს წინასწარ ჩაფიქრებული გეგმა იყო, ელცინის გუნდმა გაითვალისწინა, რომ ზემო ჩამოთვლილი მოღვაწენი ჩეჩენთა დამოუკიდებლობის გულშემატკივარნი იყვნენ; ამდენად, დუდაევი მათ ენდობოდა და უეჭველად გამართავდა სატელეფონო მოლაპარაკებას.
    ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკების დროს კი უნდა ამოქმედებულიყო სპეციალური მექანიზმი. ასეც მოხდა: იჩქერიის პრეზიდენტი სატელიტური ტელეფონით უკავშირდებოდა ხოლმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. უკეთესი ხმოვანებისათვის იგი ამ დროს სახლიდან სადმე ტყის პირას გადიოდა.
    ასეთი ტიპის კავშირი შემდეგნაირად ხორციელდება: იდგმება პორტატიული ანტენა, რომლითაც აბონენტის სიგნალი გადაეცემა დედამიწიდან 40 ათას კილომეტრზე დაკიდებულ თანამგზავრს, იქედან კი იმ ქვეყნის სატელეფონო სადგურს, სადაც შესაბამისი აბონენტის საუბარია დაგეგმილი.
    დუდაევი რამდენიმე მცველთან და მეუღლესთან ერთად წავიდა სატელიტური ტელეფონით სასაუბროდ ნაცნობ ადგილას სოფელ გეხისთან მდებარე პატარა ტყეში. მცველებმა ანტენა გამართეს და პრეზიდენტს გაშორდნენ. საუბრის ხანგრძლივობა ხუთი წუთი უნდა ყოფილიყო. ეს ჯოჰარ დუდაევმა (საბჭოთა საჰაერო ძალების უმაღლესი დონის მფრინავმა!) შესანიშნავად უწყოდა, ვინაიდან ამ ხნის განმავლობაში ჩეჩნეთის ცაში მორიგე რუსული ავიაგამანადგურებლები მის აღმოჩენას ვერ შეძლებდნენ; მაგრამ იმჯერად დუდაევმა წუთის ნაცვლად საუბარი ათ წუთს გააგრძელა.
    ამასობაში, მისგან შორეულ სიმაღლეზე, თორმეტი კილომეტრის დაშორებით სპეციალურად ამ მიზნით აფრენილი რუსული ავიაგამანადგურებელი მორიგეობდა. მისმა აპარატურამ, რა თქმა უნდა, დააფიქსირა დუდაევის რადიოსიგნალი, მაგრამ კოორდინატთა ზუსტი განსაზღვრისათვის თვითმფრინავის კომპიუტერს 6-7 წუთი სჭირდებოდა.
    ვიმეორებ: დუდაევმა ჩვეულებრივზე დიდხანს ისაუბრა. ამდენად, კომპიუტერმა ამ სამუშაოს ჩატარება მოასწრო - მფრინავის წინ, სამართავ პულტზე წითელი ნათურა აინთო, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ავიაგამანადგურებლის რადარმა მსხვერპლს «ჩაავლო» და მისი ადგილსამყოფელი ზუსტად დაადგინა. ამ შემთხვევაში სპეციალური რაკეტა ორი-სამი მეტრის ცთომილებით ხვდება მიზანს. თორმეტი კილომეტრის სიმაღლიდან გაშვებული «ზეცა-დედამიწის» ტიპის ჭურვი სწორედ იმ რადიოტალღას მიჰყვებოდა, რომელიც რადარმა დააფიქსირა. იგი ზუსტად დუდაევის ზურგს უკან აფეთქდა. ერთ-ერთი ნამხსხვრევი იჩქერიის პირველ პრეზიდენტს კეფაში მოხვდა და იქვე მოკლა. აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რაკეტა ათ-ოც მეტრში რომ დავარდნილიყო, დუდაევს სასიკვდილო ჭრილობა მაინც ვერ ასცდებოდა. ნიშანდობლივია, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტთან ერთად დაიღუპნენ მცველები, რომლებიც მის გვერდით არ იდგნენ.

მერიდიანი, 22 აპრილი, 1998 წ.