ჯორჯ ბუში-უმცროსი აგრესიული პრეზიდენტი იქნება

ჯორჯ ბუში-უმცროსი აგრესიული პრეზიდენტი იქნება

        ამერიკის შეერთებული შტატების «მამა-დამფუძნებელთა» (ჯეფერსონი, ვაშინგტონი და ასე შემდეგ) გენიალობა ამჟამინდელმა «გაწელილმა» საარჩევნო მარათონმაც დაადასტურა.
        ბოლოს და ბოლოს, მასმედიის ისტერიის მიუხედავად, განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა - 2001 წლის 20 იანვრამდე (ინაუგურაციის დღემდე) ბილ კლინტონი კანონიერი პრეზიდენტია. არანაირი «სახელისუფლებო ვაკუუმი» არ არსებობს და ვერც შეიქმნებოდა, ვინაიდან, უკიდურეს შემთხვევაში, ამერიკის პრეზიდენტს აირჩევდა კონგრესი ან უხუცესი სენატორი დაიკავებდა პოსტს 20 იანვრის შემდეგ.
        ეს ვადა (ორ თვეზე მეტი «ნოემბრის პირველი ორშაბათის მომდევნო სამშაბათიდან – ინაგურუაციის დღემდე) სწორედ იმისათვის იყო განსაზღვრული, რათა ყოველგვარი მოულოდნელობა გამორიცხულიყო და იურიდიულ მექანიზმებს სრულყოფილად ემუშავათ.
        რაც მთავარია, ამერიკის სასამართლო სისტემა იმდენად უმწიკვლო და ავტორიტეტულია, რომ მის ვერდიქტს, საზოგადოება ეჭვქვეშ არამც და არამც არ დააყენებდა.
        სწორედ ეს კონსტიტუციური გარანტიები იქცა წინაპირობად საოცარი ფენომენისა: სკანდალში გადაზრდილი არჩევნების მიუხედავად, ამერიკის ეკონომიკას არაფერი დაჰკლებია, - «დოუ-ჯონსის ინდექსი» არათუ შემცირდა, იზრდება კიდეც. დოლარზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, «დგას ვითარცა სალი კლდე» და ეს მიუხედავად ნავთობზე ფასების ფანტასტიკური ზრდისა, რაც სასიკეთოდაც შემობრუნდა: ბენზინისა და, ზოგადად, საწვავის გაძვირებამ დაიცვა ამერიკის (ანუ მთელი დასავლური სამყაროს) ეკონომიკა, როგორც პოლიტეკონომისტები ამბობენ, «გადახურებისგან», ანუ ჭარბწარმოების კრიზისისგან.
        საშუალო სკოლიდანაც გვახსოვს ყველას: კაპიტალიზმის კრიზისები, ძირითადად სწორად «ჭარბწარმოების კრიზისები» იყო.
        საარჩევნო პერიპეტიებმა ამერიკის სახელმწიფოებრივი სისტემის მდგრადობა დაადასტურა. «ცენტრალური ხელისუფლების» დაუკომპლექტებლობის გამო, რეგიონებში «სიოც არ შერხეულა» - ეს სახელმწიფოებრივი იერარქიის სრულყოფილებასა და სიმტკიცეზე მეტყველებს.
        რაც შეეხება ახალ ადმინისტრაციას, ზაფხულამდე მისი ქმედითობა მართლაც საეჭვოა. აგრეთვე «ამერიკული ტრადიციაა» საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ადმინისტრაციის «სიდინჯე», მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პარტიულ ცვალებადობას.
        თუმცა, მთლიანობაში ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: საარჩევნო პერიპეტიები აიძულებს ახალ ადმინისტრაციას, უფრო აქტიური იყოს საგარეო პოლიტიკის სფეროში და აი, რატომ: ჯერ კიდევ ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც პირველად გართულდა ვითარება და გაირკვა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევა ხანგრძლივ პროცედურებთან იქნებოდა დაკავშირებულიო - მრავალი პოლიტოლოგი არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში (მათ შორის, განსაკუთრებული სიხარულით, რასაკვირველია, რუსეთში) გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ასეთი პროცედურით დამტკიცებული პრეზიდენტი «სუსტი იქნებოდა», ვინაიდან მთელი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გაჰყვებოდა «ნახევრადლეგიტიმურობის» კომპლექსი.
        თუ მაგალითად, ჯორჯ ბუში დაამტკიცა საბოლოოდ ელექტორალურმა კრებამ (4 დღის შემდეგ) - მის «კომპლექსს» გააძლიერებს ალბერტ გორის გამარჯვება საერთოეროვნული მასშტაბით: ამერიკის საარჩევნო სისტემის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ალ გორმა ხმების მეტი რაოდენობა დააგროვა, საკვანძო შტატებში ჯორჯ ბუშ-უმცროსმა გაიმარჯვა.
        ამრიგად, ელექტორთა მეტი ოდენობა მიიმხრო და პრეზიდენტიც ხდება. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ორჯერ იყო ამერიკის ისტორიაში – ისიც საუკუნეთა მიჯნაზე. უდავოა, ამგვარი «კომპლექსი» ახალ პრეზიდენტს მძიმედ დააწვება. ისიც უეჭველად შეეცდება დაამტკიცოს, რომ სინამდვილეში სულაც არ არის «სუსტი პრეზიდენტი». როგორ და რა გზით შეუძლია მას თავისი სიძლიერე და «სრულფასოვნება» დაადასტუროს?
        ამერიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე «მკვეთრ მოძრაობებს» პრეზიდენტი მოერიდება. მით უმეტეს, ამერიკის ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე: ამერიკა ჭეშმარიტად ყვავის, ყველა თვალსაზრისით. ამ ქვეყნის გრანდიოზული ეკონომიკა წელიწადში 3-4 პროცენტით იზრდება: «ინფლაცია ყველაზე მცირეა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, კლინტონმა 22 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნა.
        ასეთ ვითარებაში ახალი პრეზიდენტი «ძალების მოსასინჯად» და «თვითდამკვიდრებისთვის» (ზემოთ ხსენებული კომპლექსის გათვალისწინებით) უეჭველად საგარეო ასპარეზს მიაპყრობს მზერას.
        რაოდენ ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს, რუსეთის ბოლოდროინდელი ჩლუნგი, შოვინისტური ანტიქართული ნაბიჯები შეიძლება ხელსაყრელიც აღმოჩნდეს ჩვენთვის ისევე, როგორც საქართველოს «გამორჩევა» სავიზო რეჟიმით დსთ-ის ყველა სხვა ქვეყანას შორის, ანუ, რაც უფრო დაიძაბება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა, მით მეტია შანსი, რომ ამერიკამ საქართველო, ისევე, როგორც ისრაელი, საგულისხმო გეოპოლიტიკურ არგუმენტად ჩათვალოს.
        ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა მართლაც მოიპოვებს გეოპოლიტიკურ ფუნქციას.

დილის გაზეთი, 13 დეკემბერი, 2000 წელი