ჯიხაშკარის ტრაგედიის შემდეგ: «კაპიტანმა ნემომ» ამოყვინთა და კვლავ გაუჩინარდა

ჯიხაშკარის ტრაგედიის შემდეგ: «კაპიტანმა ნემომ» ამოყვინთა და კვლავ გაუჩინარდა

   

    ჯიხაშკარის ტრაგიკომედია ოთხშაბათს «ბედნიერად დასრულდა»: როგორც კი თბილისში ედუარდ შევარდნაძესა და ნემო ბურჭულაძეს შორის მოლაპარაკება დაიწყო, ტერორისტებმა მესამე მძევალი გაათავისუფლეს. შემდეგ საქართველოს უშიშროების მინისტრმა გოჩა ესებუას (იგი ეჭვმიტანილია 9 თებერვლის ტერაქტის ორგანიზებაში) «საშუალება მისცა, მიმალულიყო». დანარჩენი თხუთმეტი ტერორისტი, საბედნიეროდ, ცხვრებივით ჩაბარდა «მშობლიურ პოლიციას».
    ჩეხი მძევალი კულიშეკი, რომელმაც ჯიხაშკარის გამგებლის სახლში კაი დრო ატარა, «კაი სვა და კაი ჭამა» - ბოლო დღეს ღრიალით გადაეშვა ორღობეში (იმედი ჰქონდა არ მესვრიანო - არცთუ უსაფუძვლოდ) და ჯიხაშკარის ტყეს მისცა თავი. თან რაციაც ჰქონდა და უღრანი ტყიდან უკავშირდებოდა ზუგდიდის ოფისს.
    საბედნიეროდ, «ქართული ტერორიზმის» შედეგად არავინ დაშავებულა გამგებლის გარდა, ვისაც დაუპატიჟებელმა სტუმრებმა სამი თვის მარაგი სურსათ-სანოვაგე შეუჭამეს.
    სამაგიეროდ, ინციდენტის ამგვარი ფინალით საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც «კურდღლების დევნის» დიდოსტატია, ერთდროულად ორი ასეთი კურდღელი დაიჭირა. ჯერ ერთი, სურდა ეს მოსკოვს თუ არა, შევარდნაძემ რუსეთის ხელისუფლება მთელი მსოფლიოს თვალწინ გამოაჭენა, როგორც საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერი და ტერორისტების მფარველი. აბა სხვას რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ მოძალადეები, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებელთა სიცოცხლეს ხელყოფენ, მოსკოვში მცხოვრებ მოღვაწეებს აცხადებენ «ნდობით აღჭურვილ პირებად» და მოლაპარაკებებში მათ ჩართვას მოითხოვენ?
    რამდენს არ ეცადა რუსეთის ტელევიზია (განსაკუთრებით ორტ), ამჯერად სწორი ტაქტიკა ვერ აირჩია. ერთი მხრივ, რასაკვირველია, ძალიან სურდა, საქმე ისე წარმოეჩინა, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი გრძელდება, არასტაბილური ვითარებაა - ამ პირობებში კი აბა რომელი ჭკუათმყოფელი გარისკავს ნავთობსადენში მილიარდობით დოლარის დაბანდებას? ამისთვის ორტ-ს საინფორმაციო პროვოკაციის დიდოსტატებმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, თითქოს მთელი თბილისი ქუჩებშია გამოფენილი და ნემო ბურჭულაძის ჩამოსვლას ელის მოსკოვიდან.
    მაგრამ მეორე მხრივ, ეს პროპაგანდისტული დივერსია ბუმერანგად დაუბრუნდათ - ხშირად გაიჟღერა «მოსკოვმა» ტერორისტებთან, მძევლებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ როგორღა უნდა უარყონ საქართველოს ხელისუფლების ბრალდება, რომ «მოსკოვი თავშესაფარს აძლევს ტერორისტებსა და მათ მხარდამჭერებს»?
    მით უმეტეს ძლიერია ეს შთაბეჭდილება მას შემდეგ, რაც პროვოკაცია (თავისი ინფორმაციული უზრუნველყოფიანად) სრული კრახით დასრულდა - ჯიხაშკარის ეპიზოდიდან ფართომაშსტაბიანი საინფორმაციო დივერსია ვერ «გამოდნა», - ტერორისტები წიწილებივით დაიჭირეს და მძევლებიც განთავისუფლდნენ; სამეგრელოში «მასათა მძვინვარების» პროვოცირება ვერ მოხერხდა, ხოლო თბილისურმა ისტებლიშმენტმა (პოლიტიკურმა ელიტამ) მისთვის ზოგადად უჩვეულო კეთილგონიერება გამოამჟღავნა.
    ამავე დროს, მოხდა «ზვიადიზმის», როგორც არა მხოლოდ პოლიტიკური მოვლენის, არამედ გარკვეული ზნეობრივი ფენომენის საბოლოო დისკრედიტაცია და თავსლაფისდასხმა: საქმე ტერორისტების ქმედებაში როდია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებაში მოსკოვი ჩაერთო, რომ ნემო ბურჭულაძე მოსკოვიდან ჩამოვიდა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა «ჯიხაშკარსა და მოსკოვს» შორის - საბოლოოდ ანადგურებს ზვიადისტური მოძრაობის მორალურ რენომეს.
    თქვე დალოცვილებო, რომელ ეროვნულობასა და პატრიოტიზმზეა ლაპარაკი, როცა დამხობილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მოსკოვში ცხოვრობს? იმ მოსკოვში, რომელმაც დეკემბერ-იანვარში დაამხო კანონიერი ხელისუფლება საქართველოს ხელახალი ანექსირების მიზნით?
    მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი ასეთი აბსურდი: ტერორისტები, რომლებიც რუსეთის ჯარებს საოკუპაციოდ აცხადებენ და კატეგორიულად მოითხოვენ მათ გაყვანას, ამავე დროს მოლაპარაკებაზე იწვევენ იმავე რუსეთის დედაქალაქში მცხოვრებ მოღვაწეებს და თანაც ცდილობენ დაამტკიცონ, - მოსკოვი აქ არაფერ შუაშია, ნემო ბურჭულაძე რუსული სპეცსამსახურებით არ იმართებაო.
    საერთოდ რა უნდათ აბსანძეებს და ბურჭულაძეებს მოსკოვში? ან თუნდაც მანანა არჩვაძე-გამსახურდიას? მოსკოვს არ აბრალებდნენ ყველაფერს? მოსკოვს არ აცხადებდნენ საქართველოს ყველა უბედურების საწინდრად?! თვით რიგითი ზვიადისტები ხვდებიან ამ წინააღმდეგობას და ლიდერებს აიძულებენ, ახალი «მოვალეობის შემსრულებელი» ეძებონ მოსკოველი ნემო ბურჭულაძის ნაცვლად.
    ნიშანდობლივია, რომ მანანა არჩვაძისა და თენგიზ კიკაჩეიშვილის ფრთამ ერთდროულად აღიარა კანონიერ მემკვიდრედ ბიძინა ჩოლოყაშვილი; ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი გიორგი მარჯანიშვილთან ერთად ამჟამად პარიზში ცხოვრობს. ნემო ბურჭულაძემ კი «ზვიადისტები» უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. თუ შევარდნაძის «ხუნტა», როგორც თავად ამტკიცებენ, მოსკოვის ხელდასხმულია, მაშინ მათივე ქმედება დაახლოებით იმას ჰგავს, 1921 წლის თებერვლის ანექსიის შემდეგ საქართველოს მთავრობა რომ მოსკოვში გაქცეულიყო.
    9 თებერვლის ტერორისტული აქტის რეალური შემოქმედნი კი უეჭველად წარსდგებიან სასამართლოს წინაშე. აქაც მოხდა «ცნობიერი კავშირის» უზრუნველყოფა. თებერვლის მოვლენათა კიდევ ერთი შედეგი ისაა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფ რუსეთის ე.წ. «სამშვიდობო ჯარებს» სრულიად უმტკივნეულოდ გაუგრძელდებათ ვადა კიდევ ექვსი თვით და ხელისუფლების მთავარი, არცთუ უსაფუძვლო არგუმენტი იქნება: რაკი სამშვიდობო ძალების ჩანაცვლება, ჯერჯერობით, შეუძლებელია, მათი გაყვანა უეჭველად ნიშნავს ომის განახლებას - როგორ ვიომოთ, როდესაც ზურგში ზვიადისტური ბანდები გვყავს?
    დავაკვირდეთ, რა კომენტარი გაუკეთა გაიძვერა სერგეი ბაღაფშმა ჯიხაშკარის მოვლენებს: «1993 წელს, როცა ომი მთავრდებოდა, ჩვენ არ დავუშვით მთავარი, ტელემაყურებელი მიხვდება, რასაც ვგულისხმობო»; არადა კონკრეტულად არაფერს გულისხმობდა - ზვიად გამსახურდია აფსუებს ისევე სძულდათ, როგორც მისი მოწინააღმდეგენი, ამიტომ გამორიცხულია ექსპრეზიდენტისათვის «კორიდორი» მიეცათ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ კარგად გავიხსენებთ, ზვიადისტებსაც ხომ «ეთამაშებოდნენ» სეპარატისტები და მათაც ხომ აქეზებდნენ «თბილისის» წინააღმდეგ?
    ანუ, შიდაქართული დაპირისპირება კვლავაც რჩება არძინბას უმთავრეს კოზირად; ქართველებს კი არ ჰყოფნით ჭკუა, ბოლოს და ბოლოს უარი თქვან სხვის ხელში მოთამაშე ტიკინას უბადრუკ «მისიაზე».

7 დღე, 27 თებერვალი, 1998 წ.