«ჯავახკის» ჯოკერი

«ჯავახკის» ჯოკერი

     ქართულ საინფორმაციო სივრცეში (არა მხოლოდ პროსახელისუფლებო, არამედ დამოუკიდებელ მედიაშიც) არანაირი რეზონანსი ან გამოხმაურება არ მოჰყოლია ჩვენი «დაუძინებელი მეგობრების» გააქტიურებას სამხრეთ საქართველოს მიმართულებით.
    აშკარაა, რომ ამ რეგიონში კიდევ ერთი პრობლემური კერის შექმნას ცდილობენ. ამის დასადასტურებლად მხოლოდ მშრალი ფაქტების მოყვანაც საკმარისია: სომხეთის რუსულენოვანი მედია იუწყება «ჯავახეთის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მთავარი კოორდინატორის», ვინმე არტაკ გაბრიელიანის ვიზიტზე ბრიუსელში, სადაც ჯავახეთელ აქტივისტს საკმაოდ მაღალ დონეზე შეხვედრიან.
        ამ «მაღალმა დონემ» შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს: ბუნებრივია, არტაკ გაბრიელიანს მისმა ლობისტებმა ყველა კარი გაუღეს, თუმცა ევროპის პარლამენტში ამ კარებების გაღება რთული სულაც არ არის – გააჩნია ლობისტს და მის რესურსებს. იმავე ევროპარლამენტის დეპუტატია, მაგალითად, იტალიელი ჯულიეტო კიეზა, რომელიც აგვისტოს რუსული აგრესიის შემდეგ აცხადებდა: «მადლობა ღმერთს, დიადი რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე დაბრუნდაო».
        ასეთ «კონტინგენტში» ძნელი არ იქნებოდა იმ პერსონაჟების აღმოჩენა, რომელიც გაბრიელიანს ყურადღებით მოუსმენდნენ და მასთან «ხელჩამორთმევითაც» გადაიღებდნენ სურათს. რაც შეეხება «ჯავახკი აქტივისტის» მოთხოვნებს, ისინი მკაფიოდ არტიკულირებულია და, აშკარად ჩანს, გამოცდილი ხელითაა დაწერილი:
        1) ჯავახეთისა და წალკისთვის სომხური ავტონომიის სტატუსის მინიჭება
        2) სომხური ენის გამოყენება ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში, ანუ მისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის დამკვიდრება
        3) ჯავახეთში დამატებითი სოციალური და ეკონომიკური პროგრამების განხორციელება, რათა «ეს რეგიონი საქართველოს სხვა მხარეებს გაუტოლდეს განვითარების დონით».
        4) სომხური ეთნიკური წარმომადგენლობის გაზრდა ადმინისტრაციულ ორგანოებში
        5) სამცხე–ჯავახეთში ქართველების ჩასახლების შეწყვეტა.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        თბილისში ამ ვიზიტს და ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებს ტრადიციულად (უკვე ტრადიციულად!) არ მიაქციეს ყურადღება. არადა, ამგვარი გულარხეინობა და ხელისუფლების მხრიდან პრობლემის მიჩუმათება შეიძლება საკმაოდ ძვირად დაგვიჯდეს.
        «ჯავახეთის კარტი» ის კოზირია, რომლის გამოყენებას ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის დამთხვევა უადვილებთ: ბუნებრივია, პირველ რიგში იქ «წყლის ამღვრევას» რუსეთი ცდილობს. არტაკ გაბრიელიანი რუსეთის მოქალაქეა და მისი ვიზიტის ორგანიზებაში რუსული წარმომადგენლობა აქტიურად მონაწილეობდა. თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორი არ იქნებოდა საკმარისი: საკუთარ ინტერესთა ლობირების არანაკლები შესაძლებლობები აქვს აგრეთვე ევროპის სომხურ დიასპორას.
        გარდა ამისა, გაბრიელიანის ვოიაჟს უცნაურად დაემთხვა ამერიკის კონგრესში სომხური ლობის გააქტიურება. მათი ინტერესების ცნობილმა დამცველმა, კონგრესმენმა ბრედ შერმანმა საკომიტეტო მოსმენაზე მოითხოვა, რომ «სამცხე–ჯავახეთის რეგიონს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს». კერძოდ, აუცილებელია გაიზარდოს ამ რეგიონის წილი საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაში. ორგანიზაცია USAID–ის ხელმძღვანელმა, რაჟივ შახმა კი კონგრესმენის მოთხოვნის პასუხად განაცხადა: «ჯავახეთს უკვე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ეს სტარტეგია კვლავაც გაგრძელდება».
        არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამერიკის სომხური ორგანიზაცია «აიდატ» – ის წარმომადგენელები, კენ ხაჩიკიანი და ელიზაბეტ ჩულდჟიანი უკვე იმყოფებოდნენ ჯავახეთში და თბილისშიც გამართეს შეხვედრები. მათი მოთხოვნები, რასაც ქარაგმულად გამოთქვემდნენ, დიდად არ განსხვავდება არტაკ (ალბათ სპარტაკის ნაირსახელწოდებაა) გაბრიელიანის პუნქტებისაგან.
        აქ ნიშანდობლივი კიდევ ერთი მომენტია: ჯავახეთში «მძინარე» ანუ ლატენტური სეპარატიზმი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ახლა გაქტიურდა ესოდენ შესამჩნევად. რატომ? თითქოსდა სომხეთი არ უნდა იყოს დაინტერესებული კიდევ ერთ მეზობელთან გაიფუჭოს ურთიერთობა იმდენად, რომ ევროპისკენ და რუსეთისკენ მიმავალი გზა მოიჭრას. თუმცა, აქვე გავიხსენოთ, რომ სომხეთს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობაც არ უცვნია ოფიციალურად, ოღონდ ამით რეალური ვითარება და სომხური ელიტის დამოკიდებულება არ იცვლება.
        მაშასადამე,, აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ოფიციალური ერევნის განცხადებები და სომხური ელიტის ინტენცია, ანუ შინაგანი განზრახვა. ინტერესთა თანხვედრას კი იმ დიდი მეზობლის გადაწყვეტილება განაპირობებს, რომელსაც ყველა შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს სომხურ სახლმწიფოზე საკუთარი გავლენა «ურჩი საქართველოსთვის» კიდევ ერთი პრობლემის შესაქმნელად. ყოველ შემთხვევაში ამ პრობლემის მაქსიმალურ შესაძლო დინემდე გასამწვავებლად მაინც – იმ ვითარებაში, როდესაც, საბედნიეროდ, რაიმე მწვავე, მით უმეტეს შეიარაღებული დაპირისპირების წინაპირობები არ არსებობს.
        არ არსებობს და ეს ამჯერად არცაა მიზანი: საკმარისია მედია სივრცეში, ამერიკულ თუ ევროპულ ისტებლიშმენტში თემის გააქტიურება, ეჭვების წარმოშობა საქართველოს მორიგი პრობლემების თაობაზე, რომლითაც თურმე «ამერიკა უკევ დაიღალა და აღარ შეუძლია ამდენი ფიქრი თუ ზრუნვა ჩვენს გაუთავებელ პოტენციურ კონფლიქტებზე» და ა.შ და ა.შ.
        სტრატეგია ძალიან ზუსტად გათვლილია და მას ჯერ–ჯერობით ბევრს ვერაფერს ვუპირისპირებთ. არადა, ამ ეტაპზე ალბათ საკმარისი იქნებოდა, როგორც იგივე ამერიკელები იტყვიან, «წმინდა და გასაგები მესიჯი» მეზობლების მიმართ, რომ ჩვენ ვიცით, ვის რესურსებს იყენებენ ჯავახეთელი აქტივისტები; რომ ვიცით, რამდენად «დამოუკიდებლები» არიან ისინი თავად ან რამდენად დამოუკიდებელია მათი მასპინძელი სომხური დიასპორა და რომ ამგვარი ინტერესთა თანხვედრა მოსკოვსა და ერევანს შორის საქართველო–სომხეთის ინტერესთა დისბალანსს გამოიწვევს!
        ეს კი, თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე აისახება. მაგალითად, აუცილებლად განაპირობებს გოდერძის გვირაბის გახსნის გადავადებას, რასაც ასე სულმოუთქმელად ელიან სამხრეთელი მეზობლები, როგორც «ზღვაზე ისტორიული გასასვლელის დაბრუნებას».
        საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეყოს დიპლომატიური უნარი, კოლეგებს მიანიშნოს, რომ ეს გასასვლელი იმავე ჯავახეთზე გადის.

2012