«ჯავახკი» საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფას ცდილობს

«ჯავახკი» საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფას ცდილობს

        წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ედუარდ შევარდნაძისათვის ყველაზე არასასიამოვნო ინციდენტი სამცხე-ჯავახეთში მოხდა, სადაც სომხური ნაციონალისტური ორგანიზაცია «ჯავახკის» წევრებმა პრეზიდენტს ტრანსპარანტები გაუშალეს ლოზუნგით: «ავტონომია - ჯავახეთს». რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ავტონომიას საქართველოს შემადგენლობაში მოითხოვენ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი «ტექნოლოგიაა», რამაც შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს.
        ჯავახეთში მცხოვრები სომხების განსაკუთრებულ გულისწყრომას ის ფაქტი იწვევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ ატარებს რეგისტრაციაში მათ ორგანიზაცია «ვირქს» (საქართველო), თუმცა შესაბამისი განაცხადი კარგა ხნის წინ შეიტანეს სამინისტროში.
        არადა, იუსტიციის სამინისტრო ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სწორად იქცევა არა მხოლოდ პოლიტიკური და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, არამედ წმინდა იურიდიული თვალსაზრისითაც.
        «ვირქის» რეგისტრაცია იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდება პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია ეროვნული ნიშნით, ანუ ერთგვარი «სომხური პარტია», რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და, უეჭველად, შეძლებს 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვას.
        გარდა ამისა, ეს პარტია მთლიანად მოიპოვებს ხელისუფლებას ნინოწმინდასა და ახალქალაქში და შექმნის «ეთნიკურ ოპოზიციას» ახალციხის, ადიგენის რაიონებში.
        რასაკვირველია, ამის დაშვება არ შეიძლება არც ერთი თვალსაზრისით. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუცია (ეს მისი ერთ-ერთი ღირსებაა) კრძალავს პოლიტიკური პარტიის შექმნას ეთნიკური ნიშნით, მით უმეტეს, ასეთი პარტიის მონაწილეობას არჩევნებში.
        საზოგადოებრივ-კულტურული ორგანიზაცია – კი ბატონო, რამდენიც გენებოთ, მაგრამ ეთნიკური ნიშნით პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა საქართველოს შემდგომი დანაწევრებისა და დაქუცმაცების წინაპირობა გახდება.
        ნიშანდობლივია, რომ როგორც კი ჯავახეთში მცხოვრებმა სომხებმა ეს განაცხადი იუსტიციის სამინისტროში შეიტანეს, მაშინვე დაიწყო ანალოგიური მოძრაობა ქვემო ქართლში (თუმცა, მათ განაცხადი არ შეუტანიათ) -– გარკვეულმა ჯგუფმა შექმნა «საინიციატივო ჯგუფი», რათა ჩამოეყალიბებინა «აზერბაიჯანული პარტია».
        იუსტიციის სამინისტროს დასტური «სომხური პარტიის» შექმნაზე უეჭველად იქნებოდა წინაპირობა «აზერბაიჯანული პარტიის» რეგისტრაციისათვისაც. შემდგომ ამას მოჰყვებოდა «ბერძნული პარტიაც» და არ არის გამორიცხული, დამოუკიდებლობის მე-10 წლისთავზე საქართველოში «სახალხო ფრონტიც» მიგვეღო იმ ეროვნულ უმცირესობების გაერთიანების შედეგად, რომელთაც ცალ-ცალკე არ ექნებოდათ (რიცხობრივად) საშუალება, გადაელახათ 7-პროცენტიანი ბარიერი.
        მიზეზი დაძაბულობისა, რომელმაც ჯავახეთში იჩინა თავი, უეჭველად ის არის, რომ ამ რეგიონის სომხურ მოსახლეობას არ სურს საქართველოში რეალური ინტეგრაცია. ამიტომ, რაც უფრო გაძლიერდება ქართული სახელმწიფო, რაც უფრო განმტკიცდება იგი ყველა თვალსაზრისით, დაძაბულობაც მოიმატებს (საბაბი მოიძებნება) - ამისათვის ყველა თვალსაზრისით მზად უნდა ვიყოთ.
        რა თქმა უნდა, სიტუაციას ძაბავს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება ახალქალაქის «რუსულ-სომხური» დივიზიის გაყვანის თაობაზე.
        ეს სამხედრო კონტინგენტი უკვე დროებით იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. არა აქვს მნიშვნელობა, 2 წლის თუ 3 წლის შემდეგ, მაგრამ საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად, მან ჩვენი ქვეყანა უნდა დატოვოს. რეალურად ჯავახეთის სამხედრო ბაზა იმდენად არა საქართველოს, რამდენადაც სომხეთის უსაფრთხოებას იცავდა რუსეთისა და სომხეთისათვის უაღრესად ხელსაყრელია ამ სამხედრო ბაზის განლაგება (ფორმალურად) არა სომხეთის, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვითარება თანდათანობით შეიცვლება, რაც მეტად აშფოთებთ როგორც ერევანში, ასევე მოსკოვში.
        შექმნილი სიტუაცია საქართველოსაგან ძალიან ფრთხილ, ზუსტად გათვლილ ნაბიჯებს მოითხოვს: რაც არ უნდა მოხდეს, ჯავახეთის ორ რაიონში (იქ განსაკუთრებულიო არაფერი მოხდება- ყველა მნიშვნელოვან პროცესს ისედაც უფრო ერევანი აკონტროლებს, ვიდრე თბილისი) საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ «დაყვავებით» უნდა უპასუხოს (სხვაგვარად არაფერი გამოვა) – ფარულად კი, აამოქმედოს ის ბერკეტები, რომლებიც გვაქვს ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
        ახალქალაქის რუსული დივიზიის გაყვანა საქართველოდან ხელსაყრელიც იქნება, ვინაიდან იმავე «ჯავახკს» აიძულებს, უფრო ფხიზლად იყოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისას.

მერიდიანი, 17 აპრილი, 2000 წელი