ჯაბას სასამართლო: საუკუნის პროცესი გვიახლოვდება

ჯაბას სასამართლო: საუკუნის პროცესი გვიახლოვდება

  

    ჯაბა იოსელიანისა და «მხედრიონის» სხვა ლიდერთა სასამართლოსათვის მზადება უკანასკნელ სტადიაში შედის. მხარეები (ადვოკატები და ბრალმდებლები) ფაქტობრივად მომავალი პროცესის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელთა განცხადებით, ლაპარაკი ზედმეტია რაღაც «სპორტ-დარბაზებზე» - სასამართლო მოსმენა «უზენაესის» შენობაში გაიმართება, ხოლო ბრალდებულთა «დაცვაზე» (ამჯერად პირდაპირი მნიშვნელობით) შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იმტვრიოს თავი. კახა თარგამაძეს ამგვარი პერსპექტივა ნამდვილად არ ახარებს, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამჯერად პატიმრებს გაქცევა გაუჭირდებათ - მინისტრი პირადად გააკონტროლებს დაცვის მუშაობას.
    მომავალი პროცესისათვის აქტიურად ემზადებიან «მხედრიონელებიც». პირველი მოსინჯვა «დარჩელის სასამართლოზე» გაიმართა, როდესაც მეგრული სოფლის გადაწვისათვის მსჯავრდებული «ახალგაზრდა მოჯაჰედები» «ბებერ მოჯაჰედდინს» გადაეხვივნენ. ასეთი სურათი მომავალშიც ბევრჯერ განმეორდება. წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ: «მხედრიონელები» მოერიდებიან ერთმანეთთან დაპირისპირებას (მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი გამოძიებისას ეს არცთუ იშვიათი იყო), რადგან ერთობლივად შეეცდებიან შეინარჩუნონ ის «ხატი» (იმიჯი), რომელიც ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აქვთ. ისევე, როგორც ზვიად გამსახურდიას მომხრეთათვის იყო მნიშვნელოვანი არ ეთქვათ უარი თავის მრწამსზე, არ მოენანიებიათ, რათა მხარდამჭერებისა და გულშემატკივრების სიმპათია არ დაეკარგათ. ასევე აუცილებელია «მხედრიონელთათვის», მტკიცედ იდგნენ თავიანთ პოზიციებზე. მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარი «პრინციპულობა» არათუ შეასუსტებს, პირიქით, გააძლიერებს მათ ზეგავლენას თვით სასამართლოზე - მოსამართლეც ხომ ადამიანია და მასაც ბევრი რამის ეშინია.
    ჯაბა იოსელიანის «ფრთიან» გამონათქვამებს დანატრებული მსმენელი უეჭველად დაკმაყოფილდება მისი ხანგრძლივი მონოლოგებით. სასამართლო პროცესი არავითარ შემთხვევაში არ იქნება დახურული - ეს უკვე გადაწყვეტილია, რაც უფრო შეიზღუდება ინფორმაცია, მით მეტს წააგებს ხელისუფლება და პირიქით, მხედრიონელები ვერ შეძლებენ პროცესზე მხოლოდ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ (თუმცა, უეჭველად შეეცდებიან ამას), არსებობენ ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც უშუალოდ არ ასოცირდებიან შევარდნაძის გუნდთან, მაგრამ პროცესზე მაინც უეჭველად გამოვლენ «მხედრიონის» წინააღმდეგ. მაგალითად, ირინა სარიშვილი-ჭანტურია (რისი ნიშნებიც უკვე შეიმჩნევა). ფაქტობრივად თანამედროვე პოლიტიკურ სპექტრში მხედრიონელებს მხარდამჭერი ძალის მოძიება გაუჭირდებათ.
    დღევანდელი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები ჯაბას და მის ამფსონებს არ პატიობენ ეს-ენ-გე-ში საქართველოს «შეთრევას», რუსეთთან ალიანსს, თვით ედუარდ შევარდნაძის პოზიციათა განმტკიცებას და ა.შ. ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ, «ჯაბისტებს» ერთადერთი გზა დარჩენიათ: მიმართონ ელიტარულ ინტელიგენციას, შეახსენონ მათი «დამსახურება» ზვიად გამსახურდიას დამხობაში, მოითხოვონ და მიაღწიონ მის მორალურ მხარდაჭერას. ამის სიმპტომებიც გამოჩნდა. ჯანსუღ ჩარკვიანმა «მხედრიონელებს» გულმხურვალე ლექსი უძღვნა - «არ შედრკეთ, ძმებო!» იგი დღემდე დარწმუნებულია, რომ «ეს საქართველო თუ გადარჩა, თქვენით გადარჩა». როგორც ჩანს, პოეტი აქ საკუთარ გადარჩენას უფრო გულისხმობს, ვინაიდან ექსპრეზიდენტის თბილისში დაბრუნების შემთხვევაში მას მძვინვარე შურისძიება არ ასცდებოდა.
    უეჭველად გამოჩნდებიან სხვა გულშემატკივრებიც. ჯაბა საკმაოდ ჭკვიანი კაცია, ამიტომ პროცესზე იგი შეეცდება გამოიყენონ წარსულში სახელმწიფოს მეთაურთან სიახლოვე მისსავე წინააღმდეგ, «გამოამზეუროს» სენსაციური ფაქტები 1992-93 წლების პერიოდიდან, ხოლო სამეგრელოს აოხრების ბრალდებაზე რიტორიკულად იკითხოს - მერედა, ვინ გვაგზავნიდაო?
    მაგრამ ედუარდ შევარდნაძესაც შეუძლია შეუბრუნოს კითხვა: მე თუ გაგზავნიდით, ის კი არ მითქვამს, მოსახლეობა ძარცვეთ და ოჯახებიდან ავეჯი გამოზიდეთო, რაზედაც «მხედრიონელებს» ერთადერთი პასუხი მოეპოვებათ: განა არ იცოდით, რისი გამკეთებლებიც ვიყავითო?
    ვაი, ამ კითხვა-პასუხს!

მერიდიანი, 29 ოქტომბერი, 1997 წ.