ჯაბა იოსელიანი - დესერტზე შესაჭმელი ტორტი!

ჯაბა იოსელიანი - დესერტზე შესაჭმელი ტორტი!

ჯაბა იოსელიანის შესახებ მოარული ანეკდოტი უკვე ყველამ ვიცით: ფეხით მოსიარულე «მხედრიონის» ლიდერს ნაცნობმა ჰკითხა, - «ახლა ვინა ხარო» და . . «ტორტიო» - რომ მიუგო «ბებერმა მოჯაჰედდინმა».
    ტორტს, როგორც ცნობილია, სუფრის ბოლოს მიირთმევენ. ჯაბა იოსელიანს, როგორც ჩანს, ეჭვი არ ეპარებოდა მომავალ ბედში. ადრე თუ გვიან იგი უეჭველად უნდა დაბრუნებულიყო იქ, საიდანაც გამოვიდა. ანუ ციხეში (ციხეზე).
    შევარდნაძის მიერ საარჩევნოდ გაშლილი სუფრა ჭეშმარიტად მეფურია და მას ჩიტის რძეც არ უნდა დააკლდეს; ანუ დესერტად, გამარჯვებული ხელისუფლება მიირთმევს «ტორტს ჩიტის რძით».

    მაშასადამე, საკითხი პრინციპულად გადაწყვეტილია. ახლა მთავარი პრობლემა ის არის, როდის შემოიტანენ დესერტს სუფრაზე, ანუ როდის დააპატიმრებენ ჯაბა იოსელიანს.
    ზოგიერთი თვლის, რომ ეს საერთოდ არ მოხდება, მაგრამ ნამდვილად ცდება! მეფურ სუფრას ჩიტის რძეც ვერ დააკლდება. რაც შეეხება დროს - არც ამის განსაზღვრაა ძნელი.
    როგორც ჩანს, ჯაბა იოსელიანის «აყვანა» მოხდება 5 ნოემბრის შემდეგ. საქმე ის გახლავთ, რომ იოსელიანი ამჟამად დეპუტატია, მაგრამ მისი სადეპუტატო უფლებამოსილება ზუსტად 5 ნოემბერს წყდება. ამ თარიღის შემდეგ, იგი პარლამენტის წევრი აღარ არის და სადეპუტატო იმუნიტეტითაც აღარ სარგებლობს. ანუ, არათუ გენერალური პროკურორის, არამედ საბურთალოს რაიონის პროკურორის მიერ გაცემული სანქციის საფუძველზეც კი, მისი დაპატიმრება ნებისმიერ «ოპერმუშაკს» შეეძლება. თუნდაც იარაღის გარეშე - ჯაბა, რა თქმა უნდა, შეიარაღებულ წინააღმდეგობას პოლიციას არ გაუწევს.
    როგორც ჩანს, მას იმედი აქვს, რომ ნაძალადევის რაიონში აირჩევენ დეპუტატად. მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლის: 5 ნოემბრიდან, დაახლოებით 20-25 ნოემბრამდე (სანამ ახლადარჩეულ დეპუტატთა უფლებამოსილება იქნება ცნობილი) სადეპუტატო იმუნიტეტი მას მაინც აღარ ექნება. თენგიზ კიტოვანი დეპუტატია, მაგრამ უკვე ლამის ერთი წელია, ციხეში ზის და კიდევ მოუწევს ჯდომა კარგა ხნის განმავლობაში.
    ძირითადი მიზეზი მაინც სხვაა: ჯაბა იოსელიანის დაპატიმრება, ვთქვათ, 8 ნოემბერს, უდიდეს რეზონანსს გამოიწვევს საქართველოში და უეჭველად მოახდენს ზეგავლენას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც შესაძლოა, აუცილებელი გახდეს.
    საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა «მხედრიონის» ლიდერის მიმართ ისეთი გრძნობებითაა გამსჭვალული, რომ ნებისმიერ მოღვაწეს, ვინც ამ გრძნობებს დაუკმაყოფილებს, არა თუ საქართველოს პრეზიდენტად აირჩევს, არამედ ეროვნულ გმირად გამოაცხადებს.
    სწორედ ამიტომ, დესერტს მართლაც სულ ბოლოსათვის შემოიტოვებენ მეფურ სუფრაზე.

«მსგეფსი». 1 ნოემბერი, 1995 წელი.