ჯაბა იოსელიანი გალიაში არ ჩაჯდება

ჯაბა იოსელიანი გალიაში არ ჩაჯდება

 

    «ბებერი მოჯაჰედისა» და მხედრიონის სხვა ლიდერთა სასამართლო პროცესის მოსამზადებელი სტადია დასასრულს უახლოვდება. დღეს უზენაეს სასამართლოში იწყება «საუკუნის სამსჯავრო», რომელიც ორწლიანი კრიმინალური გამოძიებისა და «მხედრიონის» კიდევ უფრო ხანგრძლივი ისტორიის დაგვირგვინება-დასასრული გახდება.
    თავისთავად საინტერესო ფაქტია, რომ გახმაურებულ სასამართლო პროცესთა შორის (ზვიადისტები-მხედრიონელები-ზვიადისტები და ა.შ.) ჯაბას სასამართლო უკანასკნელი იქნება. ყოველ შემთხვევაში, იგი «დაასრულებს» სასამართლოთა ჯაჭვს, რომლითაც სამოქალაქო ომში დაშლილ-დანაწევრებულ საზოგადოებას ამჟამინდელი ხელისუფლება ერთ ორგანიზმად «ორიგინალური» მეთოდით კრავდა.
    «ანტიზვიადისტური» საზოგადოება დაკმაყოფილებულია ლოთი ქობალიას დასჯით. ჯაბა იოსელიანის რკინის გალიაში გამომწყვდევით კი ხელისუფლება «ზვიადისტების» გულის მოგებას აპირებს.
    როგორც ჩანს, გალია ამ პროცესის აუცილებელი და განუყოფელი რეკვიზიტი ხდება. ის მოღვაწენი, რომლებიც გააფთრებით ეწინააღმდეგებიან იოსელიანის გალიაში ჩასმას, რასაკვირველია ამით მისი «იმიჯის» დისკრედიტაციას ეწინააღმდეგებიან. მათ «ჯაბას ფენომენის» სუფთად შენახვა სურთ - რისთვის, ეს თავად უწყიან.
    ერთი წუთით წარმოიდგინეთ გალიაში გამომწყვდეული ჯაბა იოსელიანი. ზუსტად ასეთსავე ხერხს მიმართეს იტალიელებმა, როდესაც იტალიური მაფიის ყოვლისშემძლე ბოსთა დისკრედიტაცია სურდათ. სიცილიაში დაამზადეს გალიები და შიგ გამომწყვდეული მაფიოზები ტაკიმასხარებად აქციეს. ამ თვალსაზრისით მაფიის წინააღმდეგ მიმართულმა პროცესმა აღმზრდელობითი ფუნქციაც შეიძინა, ვინაიდან სერიოზულად შეარყია იტალიური მაფიის ავტორიტეტი.
    არაფრის ისე არ ეშინია ნებისმიერ ავტორიტეტს, როგორც დაცინვის.
    ჯაბა იოსელიანს სულაც არ აშინებს სასამართლო. ოღონდ განვლილი ორი წლის განმავლობაში მას საკუთარი სასამართლო ისე წარმოედგინა, რომ ამაყად მოიღერებდა კისერს, ფეხს-ფეხზე გადაიდებდა და მისთვის დამახასიათებელი იუმორით მახვილგონივრულად «გააშაყირებდა» ყველას.
   

მერიდიანი, 1 დეკემბერი, 1997 წ.