«ხავერდოვანი სეზონი» საქართველოში

«ხავერდოვანი სეზონი» საქართველოში

        «მრისხანედ» გვიახლოვდება შემოდგომა, რომელსაც ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ზოგ შემთხვევაში, ძრწოლით, სხვა შემთხვევაში იმედით ელის.
       «სოციალისტთა» ლიდერმა მთავრობის სხდომაზე სიარულსა და «რიხით» გამოსვლებს მოუხშირა, რაც პოლიტიკური აპოკალიფსის მომასწავებელია: ტრაგიკული შედეგით დასრულდა, ეგრეთ წოდებული, «თბილისის საკრებულოს» არჩევნები უზენაესმა სასამართლომ, ფაქტობრივად, მისი შედეგების თავიდან დადგენა მოითხოვა, ანუ კონდიციონერებითა და «ვიდეოთვალებით» აღჭურვილ ოთახში რამდენიმე თვის განმავლობაში (ჟურნალისტების თანდასწრებით) დიდი გნიასი, თავპირისმტვრევა და ლანძღვ-გინება გველის. არ არის გამორიცხული, საკრებულო 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვეღარ შეიკრიბოს.
       სხვათა შორის, ამ «სარჩელებითა» და «განაჩენებით» ისეთი იურიდიული პრეცედენტი შეიქმნა, იგი 2003-2005 წლებში «დიდ სეირს» ჰპირდება მათ, ვინც დიდი ხანია ქართულ პოლიტიკასს არასერიოზულ სანახაობად აღიქვამს.
       ზოგიერთი ცნობით, სწორედ აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი პარტიზანთა გააქტიურება გალის რაიონში, რასაც «დომინოს პრინციპით», შეიძლება, ასევე სერიოზული შედეგები მოჰყვეს ზუგდიდიდან – თბილისამდე.
       ძნელი გასათვლელი არ არის, რომ საქართველოს პარლამენტის ორი უკანასკნელი «სრული» სესიაც განსაკუთრებით ემოციური იქნება: «მრავალტანჯულ «საარჩევნო კანონს» კიდევ ერთხელ გააუპატიურებენ, დაიწყება «საარჩევნო კარუსელი», მისი განუყოფლად თანამდევი ეპატაჟით, ინტრიგებით, დემარშებით, ბრალდებებით, განცხადებებით, კონტრგანცხადებებით და ასე შემდეგ.
       საოცარია სექტემბერი საქართველოში ყოველთვის «ელიტარული განცხრომის» თვედ მიიჩნეოდა. სწორედ სექტემბერში «ნახდებოდა» ჩვენი პარტიულ-სამეურნეო აქტივი გაგრა-ბიჭვინთის სანახებში, მაგრამ «მოძრაობის» ბობოქარი ეპოქიდან დაწყებული, სექტემბერი მუდამ დაძაბული თვეა, ანუ, «ხავერდოვანი სეზონის» თვისებებს ვეღარ ამჟღავნებს.
       თუმცა, რეალურად, ამჟამინდელი მოლოდინიც, ცოტა არ იყოს, გაზვიადებულია და გადაჭარბებულია. რამდენიც უნდა «იხტუნაონ» პოლიტიკოსებმა, მოსახლეობა სრულ პროსტრაციაში იმყოფება და «მასათა მძვინვარების» პროვოცირება ძალიან ძნელია.
       მიუხედავად ამისა, ქართული «პოლიტიკური კლასი» უეჭველად შეეცდება, დაღლილ-დაქანცული მოსახლეობა კიდევ ერთხელ (ალბათ, უკანასკნელად) შემოატრიალოს პოლიტიკური სცენისკენ, მით უმეტეს, რომ საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მცირე ჯგუფსაც კი სავსებით შეუძლია ბობოქარი მოვლენების პროვოცირება, ხელისუფლებაზე უშუალო ზემოქმედებით.
       არ არის გამორიცხული, მოვლენათა კატალიზატორად იქცეს ისევ და ისევ ხელისუფლების სტრუქტურის შეცვლის მცდელობა. ზოგიერთი ნიშნით, საშემოდგომო სესიაზე კვლავ გამწვავდება «მინისტრთა კაბინეტის» თემა, მაგრამ რაკი «პოლიტბომონდი» ამ წინადადებას მხოლოდ «კოალიციური მთავრობის» პირობით დათანხმდება (ხოლო პრეზიდენტი ამას არაფრის დიდებით არ დაუშვებს), «მთავრობის იდეა» ადვილად დალევს ჩაილურის წყალს, ისევე, როგორც, ეგრეთ წოდებული, «რეგიონალიზმის» წინადადება.
       შეიძლება ზოგიერთმა პარტიამ 7-პროცენტიანი ბარიერის შემცირების წინადადება წამოჭრას, თუმცა, ძლიერი პარტიები ამას არ მიიღებენ.
       დაახლოებით იმ პერიოდისთვის (სექტემბერ-ოქტომბერში) პრეზიდენტ შევარდნაძის თქმით, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს პანკისის ხეობის პრობლემა. თუ ჩეჩენი მეამბოხენი ხეობას მშვიდობიანად დატოვებენ და ჩეჩნეთში გადასვლას მოახერხებენ, საქართველოს დიდი თავის ტკივილი მოშორდება, მაგრამ ყოველივე შეიძლება არც იასე მშვიდობიანად განვითარდეს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რუსეთი საამისოდ ბევრს გააკეთებს.
       მთლიანობაში «ხავერდოვანი სეზონი» მართლაც იმდენად «შემაძრწუნებლად გვიახლოვდება, _ მოლოდინმა შესაძლოა, რეალობას გადააჭარბოს.

დილის გაზეთი, 8 აგვისტო, 2002 წელი