წყლის ნაყვის ბერძნული ტექნოლოგია    

წყლის ნაყვის ბერძნული ტექნოლოგია    

    ოფიციოზისა და თავისუფალი მასმედიის მიერ ფართოდ რეკლამირებული «ათენის მოლაპარაკება», როგორც მოსალოდნელი იყო «ჰაერის» მორიგი ულუფა აღმოჩნდა.
    იმ აზრით, რომ ეს იყო სიცარიელე, სრული სიცარიელე და აბსურდი.
    გაუგებარია, კიდევ რამდენჯერ უნდა ჩაიგდოს თავი საქართველოს ხელისუფლებამ ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში, რათა მიხვდეს: არანაირი აზრი აფსუა სეპარატისტებთან მოლაპარაკებას არა აქვს
    «ათენის რაუნდამდე» მცირე ხნით ადრე რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ერთხმად აღნიშნავდნენ: «საქართველოს და აფხაზეთის ხელისუფალნი დიალოგს აგრძელებენ საერთაშორისო დონეზე»;
    აბსოლუტურად გაუგებარია, მაინც რა აზრი დევს სეპარატისტებთან მოლაპარაკების გაგრძელებაში გაეროს ეგიდით, - მთელი მსოფლიოს თვალწინ, ხშირად საგარეო მინისტრების დონეზე?
    თავიდან შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ამ სიბრძნეს ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ სწვდება, ინტელექტი არ ჰყოფნის, მაგრამ ასეთი ფორმით მოლაპარაკება 1994 წლიდან გრძელდება და დღემდე რამდენადმე ხელ თუ თვალშესახები შედეგი ხომ უნდა მოეტანა?
    თანაც, ეს ტრაგიკომედია გრძელდება მაისის მოვლენათა შემდეგაც, რომელმაც, თითქოსდა ხაზი გადაუსვა «სამშვიდობო მცდელობებს».
    მოლაპარაკებათა ყოველი ახალი რაუნდის შემდეგ სეპარატისტები სულ უფრო მეტი ჰონორით საუბრობდნენ თავიანთი «საერთაშორისო სამართალსუბიექტურობის» შესახებ.
    რა თქმა უნდა, ისაუბრებენ! აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს პრობლემის ისეთი გლობალიზაცია - ინტერნაციონალიზაცია, როდესაც მოლაპარაკება მიმდინარეობს «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა» შორის?
    ფორმალურად ასე არ არის (თუმცა, ზოგჯერ ისეთ დოკუმენტებს ეწერება ხელი - ფორმალურადაც ასეა), მაგრამ პოლიტიკაში, მით უმეტეს, საერთაშორისო პოლიტიკაში, გარეგნულ შთაბეჭდილებას არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნებისმიერ დოკუმენტს.
    რა უნდა იფიქროს გარეშე დამკვირვებელმა, ვინც შესაძლოა არც კი იცოდეს სად არის საქართველო, როდესაც ვიზუალურად აწყდება ასეთ სურათს: საქართველოსა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გაეროს შუამავლობით ერთმანეთს ხელს ართმევენ და დოკუმენტებს ცვლიან, ან თუნდაც «პრემიერ-მინისტრების» დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ან «პრეზიდენტები» ხვდებიან ერთმანეთს?
    დავაკვირდეთ რა ხდება ჩვენს ირგვლივ: როგორც ჩანს, მოლდოველები, აზერბაიჯანელები და რუსები ჩვენზე (ქართველებზე) სულელები და ბრიყვები არიან და ჩვენს მიერ წვდომილ სიბრძნეს ვერ ხვდებიან, თორემ, აბა, რით შეიძლება აიხსნას ის უცნაური გარემოება, რომ არც ერთი მათგანი არ აკეთებს იმას, რასაც ჩვენ ჯიუტად ვაგრძელებთ მეხუთე წელია?!
    რუსეთი რომ რუსეთია, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ისიც კი ერიდება ჩეჩნებთან მოლაპარაკების გამართვას, ვინაიდან შესანიშნავად უწყის: ამ მოლაპარაკებებს იჩქერია უეჭველად თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, რეალურ დათმობაზე კი არ წავა.
    გენერალმა ლებედმა მოაწერა ხელი დოკუმენტს ომის შეწყვეტისა და ჯარების გამოყვანის შესახებ. შემდეგ ელცინი და მასხადოვი შეხვდნენ ერთმანეთს, ერთხელ კირიენკო შეხვდა «ჩეჩნეთის პრეზიდენტს» ვლადიკავკაზში. ეს არის და ეს. არც ერთხელ შეხვედრა არ შემდგარა მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე! მით უმეტეს, ზედმეტია ლაპარაკი «შუამავლებზე», გაეროზე და ა.შ. რუსეთმა ის დააფიქსირა, რომ ეს პრობლემა მისი საშინაო საქმეა და მასში ცხვირს ვერავინ ჩაყოფს. ამჟამად კი «მოლაპარაკებათა პროცესი» საერთოდ შეწყვეტილია.
    კარგით, დავუშვათ რუსეთი დიდია და ამიტომ აქვს საშუალება ასე მოიქცეს. მაგრამ განა მოლდოვა ჩვენსავით პატარა ქვეყანა არ არის? - არც ის აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს დნესტრისპირეთთან. «პრეზიდენტების ან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაეროს ეგიდით» - ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
    მართალია ერთხელ ოქმს მოაწერეს ხელი, მაგრამ ეს იყო და ეს - მას შემდეგ მოლაპარაკებები შეწყვიტეს, ვინაიდან მათ გაგრძელებას არანაირი აზრი არ ჰქონდა.
    მე მშურს აზერბაიჯანის პრეზიდენტისა, რომელმაც არ იკადრა (არც ერთხელ!) მოლაპარაკება გაემართა სეპარატისტულ ხროვასთან, რომელმაც ხოდჟალის აზერბაიჯანის მოსახლეობის გენოციდი მოაწყო!
    ვითომ ამგვარი შეურიგებლობით აზერბაიჯანმა რამე დაკარგა? არაფერი! პირიქით, სეპარატისტებმა თავი ვერ იგრძნეს «თანასწორ სუბიექტად». ისინი დღემდე გააფთრებით მოითხოვენ - აზერბაიჯანმა ჩვენთან პირდაპირი მოლაპარაკება» აწარმოოსო, მაგრამ ნურას უკაცრავად! ოფიციალური ბაქოს პოზიცია კვლავინდებურად უკომპრომისოა.
    ამგვარი უკომპრომისობით აზერბაიჯანს არაფერი წაუგია. ჩვენ რა მოვიგეთ ჩვენი «კომპრომისულობით»? - არაფერი!
    მოვიგეთ კი არა, სეპარატისტები უკვე დიპლომატიური «ნოტებით» გველაპარაკებიან და მათი განცხადებით, «საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებათა შინაარსს დიპლომატიური «არხებით აზუსტებენ» (გაეროს შუამავლობით).

    ე.წ. «მეგობარი ქვეყნების» ჩართვაც მოლაპარაკების პროცესში მათ თავის სასარგებლოდ გამოიყენეს. ერთი მხრივ, თითქოს დემარშებსაც აკეთებენ, მაგრამ შემდგომ დამკვირვებლის სტატუსზე» დაგვთანხმდნენ, რათა დასავლეთმა რუსეთსა და საქართველოს შესაძლო კომპრომისს (აფხაზეთის ხარჯზე) ხელი შეუშალოს.
    მაშასადამე, ერთი მხრივ, არც რუსეთი მოიმდურეს (აკი «დამკვირვებლობაზეც» დიდი ხვეწნის შემდეგ დათანხმდნენ), მეორე მხრივ დასავლეთსაც თავისი საჭიროებისამებრ იყენებენ. ჭეშმარიტი, ჭკვიანური და გონებამახვილური პოლიტიკა სწორედ ეს არის და არა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
    ჩვენ რასაც ვაკეთებთ, - სხვა სახელი ჰქვია. პოლიტიკასთან მას არავითარი კავშირი არა აქვს.
    მოლაპარაკება სეპარატისტებთან შეიძლება გამართო ერთხელ (ისიც მხოლოდ ექსპერტთა დონეზე), რათა გაიგო, რა სურთ, რას მოითხოვენ.
    შემდეგ (ისევ და ისევ დაბალ დონეზე, ოღონდ შენივე ქვეყნის ტერიტორიაზე) კვლავ გამართო შეხვედრა და შენი პირობები შესთავაზო. მერე უნდა შეწყვიტო ყოველგვარი დიალოგი და დაელოდო მოვლენათა განვითარებას. ადრე თუ გვიან, იმავე არხებით მიიღებ სიგნალს, - «საბოლოო წინადადებებს»; ბოლოს და ბოლოს ან წახვალ კომპრომისზე, რომელიც ასე თუ ისე გადაწყვეტს პრობლემას, ან არა; მაგრამ გაუთავებელი, დამამცირებული მოლაპარაკება უკვე ნამდვილი მარაზმი ხდება!

    ჩვენ თუ ჭკუა თავად არ გვყოფნის, სხვას მაინც მივბაძოთ;
    გავიდა ის დრო, როცა ვიძახდით «ყველაზე ძლიერები და ჭკვიანები ვართო» - ახლა ის მაინც ვისწავლოთ, სხვებზე სულელები როგორ არ ვიყოთ.
   
    მერიდიანი, 19 ოქტომბერი, 1998 წ.