წყლის ნაყვა და ყავაზე მკითხაობა ჟენევაში

წყლის ნაყვა და ყავაზე მკითხაობა ჟენევაში

        რა ჯობია ჟენევაში ყოფნას? მით უმეტეს ევროკავშირის ხარჯზე. ჟენევისტბისპირეთი და მთლიანად შვეიცარია, - მისი ალპური მდელოებითა და თეთრ-მწვანე მთებით, - ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია დედამიწაზე. ამ თვალსაზრისით (სილამაზით) ალბათ მხოლოდ აფხაზეთი თუ შეედრება.
        სამწუხაროდ, 1994 წლიდან მოყოლებული, როდესაც დაუვიწყარი «კანონიერი ქურდი» ჯაბა იოსელიანი აფხაზეთის პროკურორ ანრი ჯერგენიასთან აწარმოებდა იქ მოლაპარაკებებს, ქართველები ამ წარმტაც ადგილს ერთობ უხეირო საქმიანობისთვის ვიყენებთ.
        მიმდინარე კვირას ჟენევაში გაიმართა «კავკასიაში უსაფრთხოების» თაობაზე არაოფიციალური კონსულტაციების მორიგი რაუნდი. ჯერ თვით ღონისძიების სახელწოდებას დავაკვირდეთ; რის საქართველო, რა საქართველო, რა ტერიტორიული მთლიანობა - «კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები». ბოლო დროს აგვისტოს ომსაც დაახლოებით ასეთივე შინაარსის შემცველი სახელი უწოდეს «ომი კავკასიაში». არა რუსეთ-საქართველოს ომი, არა თუნდაც ომი «სამხრეთ ოსეთში», არამედ «ომი კავკასიაში».
        გარდა ამისა, არავითარი ოფიციალური სტატუსი ამ მოლაპარაკებებს არა აქვთ: ჩვენში ხშირად იმეორებენ, რომ «აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს არ მიეკუთვნათ ოფიციალური სტატუსი». მაგრამ იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ზუსტად ასეთივე «არაოფიციალური სტატუსით» მონაწილეობენ «დისკუსიებში» საქართველოს წარმომადგენლებიც. ანუ როდესაც აფხაზეთის «საგარეო საქმეთა მინისტრი» სერგეი შამბა ამბობს, რომ აფხაზეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს ჟენევაში თანაბარი სტატუსი აქვთ – იგი, სამწუხაროდ მართალია.
        რუსეთისა და მისი ხელდასხმული სეპარატისტებისათვის თვით ეს მოლაპარაკებები და შესაბამისი ფორმატი ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან გვინდა თუ არა, მოგვწონს თუ არა, ამით მაინც ხორციელდება ამჟამად არსებული რეალობის «ლეგიტიმაცია» ანუ მისი დაკანონება, ხოლო დასავლეთი თანდათან «ეჩვევა» იმ რეალობას, რასაც საქართველო იარაღის ძალით «შეაჩვიეს».
        დიპლომატიურ წრეებთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ჟენევის კონსულტაციების ერთადერთი შედეგი გახდა რაღაც გაურკვეველი დოკუმენტი, რომელიც არაოფიციალური ტექსტის სახით (ხელმოუწერლად) მიიღეს და საოცარი სახელწოდება აქვს: «წინადადებები ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმთა შესახებ».
        დავაკვირდეთ: ეს არ არის ხელშეკრულებაშეთანხმება, მემორანდუმი, დეკლარაცია, არამედ «წინადადებები» ანუ რეკომენდაციები, რომლებიც იურიდიული თვალსაზრისით არც სეპარატისტებს, არც მათ მხარდამჭერებს არაფერს ავალდებულებს.
        სამაგიეროდ, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო ამით ნაწილობრივ მაინც აღიარებს შექმნილ რეალობას, რაკი პრინციპულად არ გამორიცხავს «ტექნიკური შეხვედრების» გამართვას საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვართან.
        ადრე ამ ყაიდის შეხვედრები ჭუბურხინჯში იმართებოდა, ანუ გალის რაიონის ტერიტორიაზე მაინც (ესე იგი აფხაზეთში); დღეს კი მხოლოდ ენგურის მარცხენა ნაპირზე უნდა გაიმართოს.
        ასევე, ოსი სეპარატისტები მზად არიან ქართველებს შეხვდნენ «ინციდენტების თავიდან ასაცილებლად», მაგრამ მხოლოდ ერგნეთში – ესე იგი საქართველოს ტერიტორიაზე.
        ეს ყოველივე იმისათვის სჭირდებათ, რათა ისევ და ისევ დააფიქსირონ «ახალი რეალობა» და, რაც მთავარია, დაადასტურონ საქართველოს შერიგება ამ ახალ რეალობასთან.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქართველი პოლიციელების მზაკვრული მკვლელობები ორივე «საზღვარზე» იმ მიზანსაც ისახავდა, რომ ქართული მხარე ასეთი «კონსულტაციების» გამართვაზე დაეთანხმებინათ.
        მართლაცდა, თუკი ქართული მხარე, ოსური მხარე, აფხაზური მხარე, რუსეთის საოკუპაციო ჯართა წარმომადგენლებთან ერთად მაგიდას მიუსხდებიან, მაშინ რა ესაქმებათ ამ მაგიდასთან ამერიკას ან ევროპას? მივაქციოთ ყურადღება, რომ მათი წარმომადგენლების ხილვა იქ არც რუსებს სურთ და არც სეპარატისტებს.
        როგორც ჩანს, აგვისტოს ომის შემდეგ «დიპლომატიური რაუტები» ისეთივე «შინაარსიანი» იქნება, როგორიც იყო იმავე ჟენევაში 1994 წლიდან.
        და ასევე «შედეგიანი».
        მორიგი «რაუნდი» სადღაც ივნისისთვის იგეგმება. მერე ალბათ 2009 წლის დეკემბრისთვის ან 2010 წლის თებერვლისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        იმავე წყაროს ცნობით, არავითარი სხვა შედეგი ბოლო კონსულტაციებს არ ჰქონიათ და ჟურნალისტებიც სულ ტყუილად ეძებდნენ ჟენევის ტბის პირას რაიმე «სენსაციურს» და «ექსკლუზიურს»: დასხდნენ, ყავა სვეს, ისაუბრეს და დაიშალნენ.

 

2009 წლის 19 თებერვალი