წელს რამდენიმე მინისტრის თავი აუცილებლად დაგორდება

წელს რამდენიმე მინისტრის თავი აუცილებლად დაგორდება

      მიმართვა «ქვეყნისა და ხალხისადმი საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტმა ამჯერად კორუფციით თემაზე საუბრით დაიწყო, რაც ერთობ ნიშანდობლივია.
    არაერთ დამკვირვებელს აღუნიშნავს, რომ ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ტაქტიკა მისი ხელისუფლების წინააღმდეგ შექმნილ და ბუნებრივად წარმოშობილ ნეგატიურ სტერეოტიპთა პერმანენტულ გაბათილებაში მდგომარეობს.
    რამდენად მძლავრია ესა თუ ის ნეგატიური სტერეოტიპი, შეიძლება ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად აქტიურად ცდილობს პრეზიდენტი მათ ნიველირებას.
  როგორც ჩანს, ამჯერად შესაბამისმა სოციოლოგიურმა სამსახურმა და სხვა ანალოგიურმა უწყებებმა პრეზიდენტს ერთობ პესიმისტური სურათი დაუხატეს. აქვე უნდა აღინიშნოს: მიუხედავად შევარდნაძის განცხადებისა, «ჭორებს არ ვაანალიზებ და ყურადღებასაც არ ვაქცევო», სინამდვილეში ეს ასე არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პოლიტიკური ტექნოლოგიის უმთავრესი მეთოდი განუხორციელებელი იქნებოდა.
    შევარდნაძის ნათესავების თემა სულ უფრო მეტად ივრცობა. ძნელი შესამჩნევი არ არის, რაოდენ აქტიურად იყენებენ ამ ნეგატიურ სტერეოტიპს ვისაც კი რაიმე პრობლემა ექმნება და, ამავე დროს, საზოგადოებრივი რეზონანსის პროვოცირების საშუალება გააჩნია. პასუხად შევარდნაძემ მკვეთრად განაცხადა: «ნათესავებს კი არა, მე შვილებს ვეღარ ვხვდები», «ყველამ დაანებოს თავი სხვისი სახელით კაპიტალის დაგროვებას» და ა.შ. მაგრამ რაკი ეს არ აღმოცენდა საკმარისი, იწყება ანტიკორუფციული ბრძოლის ახალი ტალღა; უკვე მონიშნულია რამდენიმე ფიგურა, რომელმაც განტევების ვაცის როლი უნდა შეასრულოს და «მასათა მძვინვარების დაცხრომას» შეუწყოს ხელი.
    რაც შეეხება თვით მოვლენას, შევარდნაძე მას კარგად იცნობს, - 1972 წლიდან იგი კორუფციის ურთულესი ფენომენის თითოეულ ნიუანსში გაერკვა, ისიც უწყის, რა შინაგანი მექანიზმები უწყობენ ხელს კორუფციის განვითარებას თვით ქართულ საზოგადოებაში, ქართულ ცხოვრების წესში და რამდენად რეალურია ამჟამად ამ მექანიზმთა ბლოკირება. მიუხედავად ამისა, უმოქმედობა ყოვლად დაუშვებელია, ამიტომ იწყება ახალი, პოზიტიური სტერეოტიპის ჩამოყალიბება.
    პირველი განაცხადი უკვე გაკეთდა. პრეზიდენტი, უახლოეს მომავალში, ხელს მოაწერს ბრძანებულებას ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც უშუალოდ მას დაექვემდებარება. «კომისიას ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი ჩაუდგება სათავეში» - განაცხადა პრეზიდენტმა. საეჭვოა, ამ შემთხვევაში «მოქალაქეთა კავშირს» გულისხმობდეს. პარლამენტში, მმართველი პარტიის ინიციატივით, უკვე მოქმედებს შესაბამისი კომისია, რომელმაც რამდენიმე ყოფილი «ბობოლა» ფუნქციონერი ამხილა; ფინანსთა ყოფილი მინისტრის გადადგომასაც ხელი შეუწყო, მაგრამ შესაბამისი განწყობა საზოგადოებაში მაინც ვერ შექმნა, ვინაიდან მოსახლეობა კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ მსჯავრდებულებს მოითხოვს - მიუხედავად სენსაციური განცხადებებისა, «ბარამიძის კომისიის» მონაცემთა საფუძველზე პროკურატურა არ ჩქარობს საქმის აღძვრას ყოფილი ვიცე-პრემიერების წინააღმდეგ, რომელთაც გიორგი ბარამიძე ბრალად სდებდა საეჭვო მაქინაციებს თურქმენეთში «ბუნებრივი აირის ბარტერთან» დაკავშირებით.
    აქ არის ერთი საინტერესო ნიუანსი, რომელმაც «ანტიკორუფციულ ფრონტზე» მოვლენათა შემდგომი განვითარების მიმართულება შეიძლება განსაზღვროს. ხელისუფლების მიერ ინიციირებული და ხელისუფლების მიერვე ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული კომისია ვერ შეასრულებს იმ «საპირწონეს» ფუნქციას, რომელმაც საზოგადოებრივი განწყობა უნდა შეცვალოს. ამ კომისიის განხორციელებული რეპრესიები აუცილებლად იქნება აღქმული როგორც მხოლოდ «ნაწილობრივი წმენდა», რომელსაც სისტემური ბრძოლის ხასიათი არ გააჩნია.
    მეტიც:. შეიძლება ჩამოყალიბება იწყოს მეორე ნეგატიურმა სტერეოტიპმა, რომლის თანახმად, ხელისუფლება უდანაშაულო ხალხს აპატიმრებს და ყრის ციხეში».
    ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა ბრალდებებზე «სისასტიკესა» და «დაუნდობლობაში», «უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევასა» და «მოწინააღმდეგე კლანთა მოშორების მცდელობაში».
    მეორეს მხრივ, ამჟამინდელ ვითარებასთან შეგუებაც შეუძლებელია - ყველა გამოსვლა, ნებისმიერი ტრიბუნიდან, იწყება და მთავრდება მოწოდებით: «ბატონო ედუარდ, მოიშორეთ კორუმპირებულები, რომლებიც გარს გახვევიან!». კორუმპირებულთა ვინაობას არავინ აკონკრეტებს. ირინა სარიშვილმა სცადა კახა თარგამაძის დადანაშაულება, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი ამას არ მოჰყოლია.
    შექმნილ ვითარებაში შევარდნაძემ მიაგნო ერთადერთ გამოსავალს: იგი (თამამად შეიძლება ითქვას) 1998 წლის უმთავრეს მოვლენად იქცევა. მისი ბრძანებულებით შეიქმნება კომისია, რომელსაც, ალბათ, ოპოზიციონერი მოღვაწე ჩაუდგება სათავეში. თანაც, არა «საპარლამენტო ოპოზიციისა», არამედ სწორედ «გარესაპარლამენტო ოპოზიციის» წარმომადგენელი.
    უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება (ვთქვათ) ვახტანგ ხმალაძის ტიპის მოღვაწე, რომელიც არ ასოცირდება ხელისუფლებასთან; ამავე დროს, მოუსყიდველის ავტორიტეტიც აქვს.
    ირინა სარიშვილმა ეს უმალვე იგრძნო. შესაძლოა, კონკრეტული კანდიდატურის ვინაობაც იცის, ამიტომ «აიჩეჩა მხრები»: არსებობს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამინისტრო, საპარლამენტო კომისია - რაღა საჭიროა ისინი, თუ თავიანთ ფუნქციას ვერ ასრულებენ?
    შევარდნაძემ, ამ შემთხვევაში, საკმაოდ მახვილგონივრული ინტრიგა განახორციელა: იქმნება საპარლამენტო კომისია გარესაპარლამენტო ოპოზიციური ძალების აქტიური მონაწილეობით, რომელიც პრეზიდენტის დახმარებით, მისი ეგიდით, მისდამი ანგარიშვალდებულებით მოახდენს ზეწოლას მთელს ხელისუფლებაზე.
    მისი კვლევის საგანი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ის «კრიშა», რომლის თაობაზეც საპარლამენტო ოპოზიცია ბევრს ლაპარაკობს, არამედ სხვა «კრიშებიც», კერძოდ, ოპოზიციონერთა კავშირებიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
    თუ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, არც ამის შემდეგ შეიცვალა რაიმე, მაშინ «ეს უკვე ხელისუფლების ბრალი აღარ იქნება». თუმცა, რაც უფრო მეტად და ხშირად ატყდება სკანდალი კომისიის მონაცემთა საფუძველზე, მით უკეთესი ხელისუფლებისთვის და მით უარესი საპარლამენტო ოპოზიციისთვის, რომელიც «ნეგატიური კონცენტრირებული სტერეოტიპის» ჩამოყალიბებას ცდილობს.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში აქ საქმე გვაქვს არა პრობლემის არსის, ან მის გადასაწყვეტად გზათა ძიებასთან, არამედ ჩვეულებრივ პოლიტიკურ ბრძოლასთან, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთის არგუმენტთა გაბათილებას ცდილობენ.
    სინამდვილეში ყველა ხვდება, რომ კორუფციის აღმოფხვრა საქართველოში არც ისე ადვილია, რომ ამის გაკეთება ერთი ან თუნდაც ათი კომისიის შექმნით იყოს შესაძლებელი.
    არსებობენ სოციალური მიმართებები, რომლებიც ემყარებიან არა მხოლოდ და არა იმდენად კონკრეტულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას (საბაზრო იქნება ეს სისტემა თუ კომუნისტური - მნიშვნელობა არა აქვს), რამდენადაც თვით ქართული საზოგადოების თავისებურებებს, უნიკალურ ქართულ სოციუმს, შუასაუკუნეობრივ-ფეოდალურ ცნობიერებას, სამოქალაქო ომის შედეგად პირველადი კაპიტალის კრიმინალური უზრუნველყოფის უდავო ფაქტსა და შესაბამის «დამცავ სისტემას». ამ რიგის გაგრძელება დიდხანს შეიძლება.
    მიუხედავად ამისა, კომისია მაინც შეიქმნება; «ახალგაზრდა დამოუკიდებელი პოლიტიკოსიც» ჩაუდგება სათავეში და ავგიას საჯინიბოს საჯარო წმენდაც დაიწყება.
    ხელისუფლება ამით მოიგებს, ვინაიდან რესპუბლიკელთა პედანტიზმი (რატომღაც მგონია, ომ შევარდნაძე სწორედ ამ წრიდან შეარჩევს კანდიდატურას) გამორიცხავს უსაფუძვლო, თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს . კორუფციის ფაქტთა დასაბუთება კი უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული.
    პრეზიდენტი თავის პრობლემასაც გადაწყვეტს, - თუ მისი ნათესავები მართლაც არღვევენ კანონს, მაშინ ამ კომისიას მაინც ხომ ვერაფერი დაუდგება წინ, რათა ეს ფაქტი ამხილოს? თუ ამას არ გააკეთებს, მაშასადამე, ყველა ბრალდება სალაპარაკო მასალა ყოფილა მხოლოდ.
    რამდენიმე ფუნქციონერის თავი კი უეჭველად დაგორდება ქართულ პოლიტიკურ ეშაფოტზე.

7 დღე, 6 თებერვალი, 1998 წ.