წარსულის ქარტია საპარლამენტო ლაბირინთებში

წარსულის ქარტია საპარლამენტო ლაბირინთებში


   

    «ქარტია-91» და მისი ლიდერი, თედო პაატაშვილი, რომლებიც დღეს ინკორპორირებულნი არიან ე.წ. «გაერთიანებულ რესპუბლიკურ პარტიაში», ამ პარტიის ყველაზე საინტერესო და ამავე დროს, ტრაგიკულ ფიგურებს წარმოადგენენ.
    «ქარტია-91»-ის შექმნამდე პაატაშვილი უკვე იყო ერთი «ქარტიის» ავტორი; ოღონდ იგი 1989-90 წლებში დაიწერა და ძირითადად ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ რენესანსს ისახავდა მიზნად. უდავო ისტორიული ფაქტია, რომ პაატაშვილმა უდიდესი წვლილი (იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია) შეიტანა გამსახურდიას აღზევებაში - მან ჩამოაყალიბა «მრგვალი მაგიდის» ორგანიზაციული სტრუქტურა, თითქმის ერთპიროვნულად შექმნა მისი პროგრამა და, რაც მთავარია, სწორედ პაატაშვილს ეკუთვნის ე.წ. «გარდამავალი პერიოდის» კონცეფცია. ამ თვალსაზრისით, 1990-91 წლებში ფაქტობრივად ორი კონცეფცია ებრძოდა ერთმანეთს: ერთი მათგანი «ქარტიის» ლიდერს ეკუთვნოდა, ხოლო მეორე - გიორგი ჭანტურიას.
    პარალელურად მიმდინარეობდა ფარული, თუმცა გააფთრებული ბრძოლა ამ ორ ნიჭიერ პიროვნებას შორის. ჭანტურიას არასდროს დაუმალავს თავისი ანტიპატია პაატაშვილისა და მის თანამოაზრეების მიმართ; როგორც ჩანს, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ «მრგვალი მაგიდის» უდიდესი ნაწილის გონებრივი სიმწირე ამ ფიგურის სერიოზულად აღქმის საშუალებასაც არ იძლეოდა მაშინ, როდესაც პაატაშვილი ჭანტურიას ნამდვილად აღიარებდა ღირსეულ მოწინააღმდეგედ.
    «ლიტვა ჩიხში შევიდა» - წარსული დროების ამ რეფრენს იმავე დროებაში დაუპირისპირდა პაატაშვილისეული ტაქტიკა, რომელიც რაციონალური თვალსაზრისით უფრო გონივრულიც კი ჩანდა, მაგრამ ექსპრეზიდენტის პირადი თვისებების გამო აბსოლუტურად განუხორციელებადი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია: 1991 წლის შემოდგომისათვის «მრგვალი მაგიდის» ინტელექტუალური ცენტრის მიერ შემუშავებულმა კონცეფციამ სრული თეორიული წარმატება მოიპოვა - ყველა ძირითადი წინასწარმეტყველება ახდა; მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, მან სრული კრახი განიცადა.
    არადა, საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ «ლიტვურმა გზამ» მოუტანა, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით ამ გზის მიმდევრები სამარცხვინოდ დამარცხდნენ და კინაღამ საერთოდ განიდევნენ პოლიტიკური არენიდან.
    «ქარტიის» შექმნა პაატაშვილის დამარცხება იყო და არა მისი გამარჯვება. გავიხსენოთ ის ბობოქარი დღეები: იმისათვის, რათა პოლიტიკური არსებობა შეენარჩუნებინა, «საგარეო საქმეთა კომისიის» თავმჯდომარე იძულებული ხდებოდა საკმაოდ უცნაური ბრალდებები წამოეყენებინა თავისი ყოფილი რჩეულის წინააღმდეგ. მაგალითად ასეთი: «პრეზიდენტი პროვოკაციულ-კონფრონტაციულ კურსს ატარებს რუსეთის მიმართ», რაც თითქოს თათარსტანთან და ჩეჩნეთთან ურთიერთობათა დამყარებაში გამოიხატა. მაგრამ ჯერ ერთი, რატომღაც სრულიად უგულებელყოფილი იყო თავად რუსეთის პოლიტიკა ე.წ. «სამხრეთ ოსეთში» და მეორეც: დღეს განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ამ საკითხში ზვიად გამსახურდია ნაწილობრივ მაინც მართალი იყო!
    ამგვარმა დემარშებმა «ქარტიას» პოპულარობა შესძინა ე.წ «ელიტარული ინტელიგენციის» იმ წრეებში, რომლებიც მზად იყვნენ ნებისმიერი მოღვაწე ეღიარებინათ გმირად, ოღონდ კი მას გამსახურდიას საწინააღმდეგოდ რაიმე ეთქვა.
    განსხვავებით აკაკი ასათიანისაგან, თედო პაატაშვილმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი სამხედრო საბჭოს შეიარაღებულ ფორმირებათა შესვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე. სოხუმში ყოფნისას, საქართველოს ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: «სწორედ დღეს, აქ კეთდება ყველაზე ქართული საქმე, რომელიც ოდესმე გაკეთებულა აფხაზეთსა თუ მთლიანად საქართველოში».
    რა «ქართული საქმეც» გაკეთდა საბოლოოდ, თვალნათლივ ვხედავთ; მაგრამ ეს განცხადება უეჭველად იყო სიმპტომი და, ერთდროულად, შედეგი იმისა, რომ «ქარტია» შეურიგებელ წინააღმდეგობებზე ბალანსირებას ცდილობდა; არადა, სამოქალაქო ომის დროს არავითარი «ცენტრი» არ არსებობს - ეს პაატაშვილს უეჭველად უნდა სცოდნოდა: სამოქალაქო ომის დროს მაქსიმუმი, რასაც შეიძლება «ბალანსირებით» მიაღწიო - აკაკი წერეთლისეული «ღამურას» ცნობილი პოემის «გმირის» რენომეა.
    და მაინც მიუხედავად ამისა, სწორედ «ქარტიელები» გამოვიდნენ «დიდი შერიგების» ინიციატივით 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში. ეს წამოწყებაც იმთავითვე განწირული იყო დასამარცხებლად, რადგან შეურიგებლის შერიგება და შეუთავსებლის შეთავსება შეუძლებელია.
    მიუხედავად ამისა, თედო პაატაშვილს ალბათ დღემდე გამოჰყვა წყენა გაერთიანებულ რესპუბლიკურ პარტიაში შესულ სხვა დაჯგუფებების მიმართ, რომლებმაც მას მაშინ მხარი არ დაუჭირეს, ხოლო უფრო ადრე - ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოში სამოქალაქო ომის დამღუპველი ხანძრის გასაჩაღებლად.
    შესაძლოა ამითაც იყოს გამოწვეული დღევანდელი განხეთქილება «რესპუბლიკელთა» შორის, რაც ჯერ კიდევ ამორფულ და არასრუქტურირებულ პარტიულ ორგანიზმში ფრაქციის შექმნით გამოიხატა.
    თედო პაატაშვილი ვერ იქცა «რესპუბლიკელთა» ლიდერად; ეს მას აშკარად ეწყინა; რაც ადასტურებს, რომ პოლიტიკისათვის მეტად ემოციური კაცია. რაციონალური თვალსაზრისით, ძნელი არ იყო ამგვარი შედეგის განჭვრეტა იმ პარტიაში, რომელიც, თავისი შინაგანი ბუნებით, ვერ აიტანს ლიდერს. უმალ ბრეჟნევისდროინდელი «პოლიტბიუროს» (კოლექტიური ხელმძღვანელობის) სიტუაციის დამკვიდრებით დაკმაყოფილდება, მაგრამ ლიდერს არ შეურიგდება.
    ამ ვითარებაში, «ეროვნული რევოლუციის» ყოფილ კონსტრუქტორებს ისღა დარჩენიათ, წარსული ქარტიის ნარჩენებით, განადგურებულ პოლიტიკურ ასპარეზზე ინდივიდუალური წარმატება ეძიონ.

«მიმომხილველი», 10 აგვისტო, 1995 წელი.