ძაღლთაპირი არძინბა თბილისშივე უნდა დაეპატიმრებინათ!

ძაღლთაპირი არძინბა თბილისშივე უნდა დაეპატიმრებინათ!

    აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვიზიტმა თბილისში, «როგორც მეზობელი სახელმწიფოს დედაქალაქში», ლტოლვილთა და არა მხოლოდ ლტოლვილთა უდიდესი აღშფოთება გამოიწვია.
    როგორ გაბედა ქართველების სისხლისმსმელმა არამზადამ, რომლის სინდისსა თუ უსინდისობაზეა ათიათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და ასიათასობით აფხაზეთის მცხოვრების გაუბედურება, თბილისში ჩამოსვლა? რატომ აეროპორტშივე არ აიყვანეს და არ მიაბრძანეს «მეხუთე სამმართველოში», სადაც პასუხს აგებდა ჩადენილი საზარელი დანაშაულისთვის?
    თუ ვინმეს ჰგონია, ამით ჩვენი «სტუმართმოყვარეობა» დადასტურდა - ძალიან ცდება. რუსული პრესა წერს, რომ «თბილისში რუსეთის სპეციალური დანიშნულების რაზმებმა შეძლეს დაეცვათ არძინბას უსაფრთხოება». ამაზე მეტი თავსლაფისდასხმა წარმოუდგენელია - მაშასადამე საქმე ის კი არ ყოფილა, რომ არძინბას (როგორც სტუმარს) თბილისში ხელს არავინ ახლებდა, არამედ «რუსეთის სპეციალური დანიშნულების რაზმთა» ვაჟკაცობა, რომლებმაც თურმე «დაიცვეს აფხაზთა ლიდერი».
    არადა, ეს აშკარა ტყუილია - არავითარი რუსული «სპეციალური დანიშნულების» რაზმები არ მონაწილეობდნენ არძინბას დაცვაში. მაგრამ რისთვის დასჭირდა რუსეთის მას-მედიას ასეთი ტყუილი? რა თქმა უნდა იმისთვის, რომ საქართველო დაემცირებინა და ისეთი შთაბეჭდილება არ შექმნილიყო, რომ «ქართველებმა კეთილშობილება გამოიჩინეს და სტუმარს ხელი არ ახლეს».
    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი აცხადებდა: «ნამდვილად დადებითად უნდა შეფასდეს აფხაზეთის პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ვიზიტი იმ ქალაქში, რომელშიც მას თითქმის არ ჰყავს მეგობრები და ჰყავს ასიათასობით მტერი».
    ის ასიათასობით მტერი კი, იმ დროს შეურაცხყოფილი და დამცირებული, სასტუმროების ოთახებში იყო შეკეტილი და გარეთ გამოსვლასაც ვერ ბედავდა.
    რომც გაებედა, ალბათ თავ-პირს დაამტვრევდნენ. ჭორი აგორდა: გზის გადაკეტვას აპირებენო, მაგრამ ესეც ტყუილი აღმოჩნდა - ვერავინ ვერაფერი გაბედა.
    არადა, ვინ ჩამოვიდა თბილისში? - საქართველოს უბოროტესი მტერი. ისეთი მტერი, რომლის დარიც ალბათ ჩვენს ქვეყანას თითო-ოროლა თუ ჰყოლია - თემურ ლენგი, შაჰ აბასი და ა.შ.
    ყველაზე საწყენი ის არის, რომ ასიათასობით ლტოლვილში ერთი არ აღმოჩნდა ვაჟკაცი, რომ თავი გაეწირა და არძინბა ჩაეძაღლებინა, - თუ სადმე მოიხელთებდა.
    საზღვარი არა აქვს ჩვენს «გულუბრყვილობას». ამის დასტურად საქართველოს ტელევიზიით გადმოცემული ტელე-ინტერვიუც კმარა. ერთი ეს ვიკითხოთ, აფხაზეთის დღევანდელი ტელევიზია თუ გადასცემს თამაზ ნადარეიშვილის საათნახევრიან ტელე-ინტერვიუს? რა თქმა უნდა, არა! ვერავითარი არგუმენტით «დემოკრატიის», «განსხვავებული აზრის მოსმენის» აუცილებლობის შესახებ მათ ვერ დაარწმუნებ, რომ თამაზ ნადარეიშვილის ინტერვიუ გადასცენ სოხუმის ტელევიზიით. რატომ?
    იმიტომ რომ იგი «მოღალატე» და «ხალხის მტერია». ამ ლოგიკით, არძინბაც (საქართველოსათვის) უდიდესი მოღალატე და გენოციდის ორგანიზატორია, მაგრამ ჩვენ ხომ გავუშვით ტელევიზიით მისი ინტერვიუ? როგორც ჩანს, შეგვიძლია თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ «ჩვენ უფრო დემოკრატები ვართ, ვიდრე აფხაზები». ანუ ჩვენი საქციელი უფრო შეესაბამება საკაცობრიო დემოკრატიულ ფასეულობებს. არა მგონია, დიდი შეღავათი იყოს! აფხაზებს ყოველთვის შეეძლებათ გვითხრან: სამაგიეროდ, ჩვენ გამარჯვებულნი და ამაყნი ვართ - თქვენ კი დამარცხებულნი და დამცირებულნი. ამ მაგალითში კიდევ ერთხელ მჟღავნდება, რამდენად «პროვინციალურია», სამწუხაროდ, ჩვენი «ქართული დემოკრატია».
    არძინბამ თბილისში ჩამოსვლით მიაღწია მთავარს - ხელი მოაწერინა საქართველოს პრეზიდენტს განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ «მხარეები არ გამოიყენებენ ძალას პრობლემათა გადასაჭრელად და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ სისხლისღვრის განახლებას».
    რა თქმა უნდა, ეს ეხება მხოლოდ ქართულ მხარეს ანუ საქართველომ იკისრა ვალდებულება, მთელი მსოფლიოს თვალწინ, არ გამოიყენოს ძალა აფხაზეთში ლტოლვილთა დასაბრუნებლად და საქართველოს იურისდიქციის აღსადგენად. აბა აფხაზებს რა აქვთ საომარი? მათ ხომ ყველაფერს მიაღწიეს, რაც სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდათ. ძალის გამოყენების გარეშე კი ეს პრობლემა ნამდვილად არ გადაწყდება. ნებაყოფლობით გამარჯვებული მხარე არ დათმობს ომით მოგებულს. ხვეწნა-მუდარით მას ვერაფერს შეასმენ.
    პოლიტიკური თვალსაზრისითაც, არძინბა ისე ახლოს არის მიზანთან, როგორც არასდროს. საქართველოს ხელისუფლება «მწიფდება» და ხალხსაც «ამწიფებს» მორიგი რადიკალური ნაბიჯისთვის. ხელი უნდა მოეწეროს ოქმს «ქართულ-აფხაზური დარეგულირების» შესახებ. ზოგიერთი ვერც ხვდება სამწუხაროდ, ეს რას ნიშნავს. ამ ოქმით საქართველო და აფხაზეთი ერთმანეთთან შედიან «სამოკავშირეო ურთიერთობაში» ანუ ქმნიან საქართველო-აფხაზეთის უნიას. ეს «სამოკავშირეო სახელმწიფო» ორი სხვადასხვა, თანასწორუფლებიანი(!) სუბიექტისგან შედგება. სამუდამოდ ფიქსირდება, რომ «აფხაზეთი სხვაა და საქართველო - სხვა». შესაძლებელია, აფხაზებმა დააბრუნონ ლტოლვილთა ნაწილი, შეიძლება არც დააბრუნონ. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთი ფორმალურად საქართველოს «სამოკავშირეო სუბიექტი» გახდება. სამაგიეროდ, მოიპოვებს უფლებას, როცა მოესურვება, დაარღვიოს «ხელშეკრულება» და «სრული დამოუკიდებლობა» გამოაცხადოს - იურიდიული თვალსაზრისით, ეს უკვე შესაძლებელი გახდება. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ ბერკეტს რუსეთი ოსტატურად გამოიყენებს იმისათვის, რათა საქართველო მისი მონა-მორჩილი გახადოს. საქართველოს ხელისუფლება მუდამ იმის შიშში იქნება, ვაითუ აფხაზებმა სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადონო. ამიტომ კრემლის ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს. ვთქვათ, თუ კრემლი უბრძანებს «დსთ-ს საბაჟო კავშირში შემოსვლას», საქართველო ამაზე დათანხმდება, თუ კრემლი უბრძანებს რუსეთ-ბელორუსეთის კავშირში შემოდიო, - ამაზეც თანხმობას განაცხადებს . . . . . რუსეთი აღარც ნავთობსადენს გაგვატარებინებს და აღარც «ევრაზიულ დერეფანს» აგვამოქმედებინებს. ფაქტობრივად, ეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავს. მერედა რის ფასად? მხოლოდ იმ ფასად, რომ აფხაზეთი ფორმალურად (ოდენ ფორმალურად) შეინარჩუნებს კავშირს საქართველოსთან. თუმცა, ნებისმიერ დროს უფლება ექნება ამ კავშირის გაწყვეტისა.
    სხვათა შორის, აფსუებმა თავიანთი ბინძური პოლიტიკით ძალიან ცუდი სამსახური გაუწიეს მთლიანად, ჩრდილოეთ კავკასიას. თუ მათ საწადელს მიაღწიეს და ზემოთაღწერილი ხერხით საქართველო რუსეთის «ყმად» აქციეს, მაშინ ჩრდილოეთ კავკასიის (პირველ რიგში ჩეჩნეთის) ბედი გადაწყვეტილია. ჩეჩენი ხალხი, რომელმაც ზღვა სისხლი დაღვარა თავისუფლებისათვის, იძულებული გახდება მწარე ბედს შეურიგდეს - თუმცა, ეს მათივე არაშორსმჭვრეტელობის შედეგიც იქნება, ვინაიდან აფხაზეთში, ქართველების წინააღმდეგ ომში, მათ თავად გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი. მათთვის განმსაზღვრელი უნდა ყოფილიყო ძაღლთაპირი არძინბას «რუსეთუმეობა» - ისევე, როგორც მთლიანად, აფხაზური სეპარატიზმისა. აფხაზებმა, შეიძლება ითქვას, დაღუპეს მთელი კავკასია. ოღონდ ეს თვით კავკასიელთა ბრალიც არის, რომელთაც არ სურდათ გაეგოთ, რომ საქართველოს თავისუფლების გარეშე კავკასიას თავისუფლება არ ეღირსება!

«მსგეფსი» 20 აგვისტო, 1997 წ.