ცხინვალის რეგიონში «მცირე ინტენსივობის ომი» განახლდა

ცხინვალის რეგიონში «მცირე ინტენსივობის ომი» განახლდა

    ვითარება ცხინვალის რეგიონში, ისევე როგორც 4 წლის წინ – ზუსტად ათენის ოლიმპიადის დღეებში, - კვლავ გამოვიდა «გაყინული კონფლიქტის» სტადიიდან ანუ მერყეობს «მცირე ინტენსივობის ომსა» და «ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს» შორის.
    2004 წლის სამხედრო კამპანია საქართველოსათვის უაღრესად მარცხიანი იყო. მართალია ქართულმა მხარემ შეძლო ე.წ. «ერგნეთის ბაზრობის» გამანადგურებელი კონტრაბანდული ნიაღვრის შეწყვეტა (რაც ყოვლისმომცველი ქართულ-ოსური კორუფციის წინააღმდეგ პირველ მაშტაბურ აქციად იქცა), მაგრამ თვით საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ოს სეპარატისტთა მხარემ დაკარგა მხოლოდ ერთი მებრძოლი, ხოლო საქართველომ – 16 მეომარი; იმავდროულად, ქართულ სოფელ ვანათში ოსურმა სეპარატისტულმა ფორმირებებმა უბრძოლველად ტყვედ აიყვანეს 60-მდე ქართველი მეომარი, ჩაიყვანეს ცხინვალში და ცენტრალურ მოედანზე, ტელეკამერების წინ, მთელი მსოფლიოს თვალწინ დააჩოქეს, რაც საქართველოსა და ქართულ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდი იყო.
    ამჟამინდელი კამპანიის პირველადი შედეგები კი ოთხი წლის განმავლობაში ძალთა თანაფარდობის და ქართულ ფორმირებათა ბრძოლისუნარიანობის გარკვეული ამაღლების მეტყველი მაგალითი გახდა: ბოლო ბრძოლების შედეგად ქართულ მხარეს ოთხი მებრძოლი დაიჭრა, ხოლო სეპარატისტებმა ექვსი «ბოევიკი» დაკარგეს; Bბევრად მეტი დაჭრილია.
    საინტერესოა, რომ ექვსივე სეპარატისტ-ტერორისტის ლიკვიდაცია განხორციელდა 1-2 აგვისტოს კოკოითის დაჯგუფებათა ბლოკ-პოსტებზე ერთდროული, კარგად ორგანიზებული და მაღალპროფესიულად განხორციელებული შეტევის შედეგად.
    სარწმუნო წყარომ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში «ჯი-ეიჩ-ენ»-ის კორესპონდენტს აცნობა, რომ ქართველი მეომრები იყენებდნენ უახლეს სნაიპერულ შაშხანებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან ალმაქრობებით, ხმის ჩამხშობებითა და ღამის ხედვის ლაზერული შორსმხედველი სამიზნეებით; ამგვარი შაშხანა ძალიან ძვირი ღირს და საქართველოს არმიას სულ რამდენიმე ათეული ცალი აქვს; სამაგიეროდ თითქმის კილომეტრნახევრის სიშორიდან, მაღალი სიზუსტით მტრის განადგურების გარანტიას ქმნის; ამ იარაღის მეშვეობით ბოლო მოეღება ღამის თავდასხმებს კონფლიქტის ზონაში ქართულ საგუშაგოებზე, რაც არც თუ იშვიათი შემთხვევა იყო, - განსაკუთრებით ერგნეთისა და ერედვის მიმართულებით.
    სამხედრო – სტრატეგიული თვალსაზრისით კი, ამჟამინდელი დაპირისპირების უმთავრესი მიზანია «სამხრეთ ოსეთის» ტერიტორიაზე გამავალი გზების კონტროლი – გაბატონებულ სიმაღლეთა დაკავების მეთოდით.
    როგორც ცნობილია, ახალი დაპირისპირების აქტიური ფაზა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2004 წელს ქართველი ჯარისკაცების ზემოთხსენებული «დაჩოქების» ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი, ნოდარ ბიბილოვი საკუთარი სახლის «სველ წერტილში» ააფეთქეს.
    აქვე უნდა ითქვას, რომ დაახლოებით ასეთივე ბედი ეწია იმ «დაჩოქების» აქციის ბევრ სხვა ორგანიზატორსაც. და, როგორც ჩანს, ელის სხვებსაც – ადრე თუ გვიან.
    ამ მხრივ ეს ისტორია 1972 წელს ტერორისტების მიერ ებრაელი სპორტსმენების მძევლად აყვანას ჰგავს – ტერორისტთა უმრავლესობა შემდეგ წლებში «მოსსადმა» დახოცა და ამით დასაჯა ისინი ტერორისტული აქციისათვის.
    ნოდარ ბიბილოვის ლიკვიდაციას მოჰყვა თავდასხმა ქართული პოლიციის შენაერთზე, რომელიც დიდი ლიახვის ხეობიდან შემოვლით გზაზე მოძრაობდა. Eექვსი პოლიციელიდან ხუთი დაიჭრა რადიომართვადი ნაღმის აფეთქების შედეგად. ამის შემდეგ ქართულმა ფორმირებებმა დაიკავეს სარაბუკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე, რომელიც როგორც შემოვლითი გზის, აგრეთვე ცხინვალი-ჯავის დამაკავშირებელი ალტერნატიული (ე.წ. ზარის) გზის კონტროლირების საშუალებას ქმნის.
    სეპარატისტებისათვის ამ სიმაღლის დაკარგვას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ კოკოითის რეჟიმმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო – რაც ომისათვის მზადების აშკარა სიმპტომია.
    მავდროულად, ეს გულისამაჩუყებელი აქცია საქართველოს წინააღმდეგ ახალი საინფორმაციო ომის გაჩაღების ნიშნადაც იქცა: სამივე რუსულმა არხმა საუკეთესო და ყველაზე გამოცდილი ჟურნალისტები მიავლინა ცხინვალში, საიდანაც, მათი მეშვეობით (და რასაკვირველია რუსეთის სამხედრო დაზვერვის «გამობრძმედილი სპეციალისტების» დახმარებით) ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ყოველდღიური საინფორმაციო დივერსიები ხორციელდება.
    მაგალითად ასეთი: ყველა რუსულმა არხმა გადმოსცა, რომ ქართულ სოფლებში ეუთოს მისიამ თურმე «აუფეთქებელი(!) ჭურვები ვერ აღმოაჩინა».
    გაუთვითცნობიერებელ მაყურებელს დარჩება შთაბეჭდილება, რომ «რაღაც არ დადასტურდა» ქართული სოფლების დაბომბვასთან დაკავშირებით: და არც ერთი სიტყვა იმის თაობაზე, რომ ათეულობით აფეთქებული(!) ჭურვის ნაკვალევი იპოვეს იმავე სოფლებში.
    თუმცა ამაზე არა გაღიზიანება, არამედ ასეთივე პროფესიული პასუხია საჭირო.
    მაგალითად, მას შემდეგ, რაც რუსულ პრესაში, ქართულ წყაროებზე დაყრდნობით, მოხერხდა გამოქვეყნება ცნობისა «ვლადიკავკაზში საერთაშორისო ტერორისტთა ჯგუფების შეკრების შესახებ», რუსულმა მედიამ შეწყვიტა რეპორტაჟების გადაცემა «მოხალესათა თავყრილობების» თაობაზე, რადგან ის, რაც რუსეთისათვის «მოხალისეებია», «საერთაშორის-სამართლებრივ» ენაზეც და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადაც «საერთაშორისო ტერორიზმია», რასაც რუსეთი თავად ებრძოდა ვითომდაც ჩეჩნეთში, ახლა კი თვითონ იყენებს მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.
    «დიპლომატიურ ფრონტზე», საქართველოს ხელისუფლება აქცენტს კვლავ ძველი «ოთხმხრივი» ფორმატის დანგრევაზე აკეთებს, ვინაიდან იმ ფორმატმა 16 წლის განმავლობაში სეპარატისტთა ლეგიტიმაციისა და «საერთაშორისოდ აღიარებულ მხარედ» ცნობის გარდა საქართველოს არაფერი მოუტანა.
    ამ თვალსაზრისით ძალზე საყურადღებო სიმპტომი იყო რუსეთის მხრიდან «შსკ»-ს თანათავმჯდომარის, ელჩ იური პოპოვის თანხმობა – ეშუამავლა თემურ იაკობაშვილსა და ბორის ჩოჩიევს შორის არა კომისიის ოთხმხრივ ფორმატში, არამედ ორმხრივ (ქართულ-სამხრეთ ოსურ) საფუძველზე.
    ეს პირველი სიმპტომი უნდა იყოს იმისა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ამჟამინდელი ლიდერის, თეიმურაზ მამსუროვის მეტისმეტი აქტიურობა და «ერთიანი დიდი ოსეთი-ალანიის» იდეა, რაც ჩრდილო კავკასიაში დაძაბულობასა და იჭვნეულობას იწვევს – არც მოსკოვში ეპიტნავებათ.
    ყოველ შემთხვევაში, ახალი ფორმატი სწორედ ვლადიკავკაზის გამორიცხვას გულისხმობს, რაც ცხინვალში იმდენად არ მოეწონათ, რომ კოკოითი იური პოპოვსაც კი დაემუქრა «ცხინვალში მისი ვიზიტისას უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობსო». ხოლო რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის განცხადებამ, რომ «შსკ მოკვდა!» ქართულ მხარეს ამ საკითხში უკანდასახევი გზა არ დაუტოვა. ანუ ოსურ-რუსული ულტიმატუმი: «მშვიდობა – ოთხმხრივ ფორმატში მოლაპარაკებათა განახლების სანაცვლოდ» – უკვე ვეღარ გაჭრის.
    ხუთშაბათს, მთელი დღის განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია სენაკისა და გორის ბრიგადებიდან ცხინვალისაკენ სამხედრო შენაერთთა გადაადგილების შესახებ. Bბუნებრივია, ქართული მხარე ამ ცნობებს უარყოფს, თუმცა სამხედრო აუცილებლობა შესაძლო საფრთხეთა წინასწარ გამორიცხვას გულისხმობს: ამჟამად ჯავის რაიონში (ანუ, ფორმალურად კონფლიქტის ზონის მიღმა) კონცენტრირებულია 3 ათასამდე ოსი ბოევიკი და ე.წ «მოხალისე» – მძიმე ტექნიკითა და არტილერიით. Eეს მასა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია დიდი და პატარა ლიახვის ხეობათა ქართული სოფლების თავზე; ნურც იმას დავივიწყებთ, რომ თბილისი – გორის ავტომაგისტრალი, რომელზეც ხშირად ვმოძრაობთ, მარჯვენა მხარეს სწორედ რუქებზე დაფიქსირებულ კონფლიქტის ზონას ესაზღვრება და ბევრად იმაზე ახლოსაა ომის კერასთან, ვიდრე მოგზაურობისას წარმოგვიდგენია;
    იმავდროულად, ზოგიერთი ცნობით, საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი სამხედრო შენაერთი კოდორის ხეობაში, რაკი აფხაზმა სეპარატისტებმა შეიძლება ისარგებლონ ვითარებით და სცადონ ხეობის დაპყრობა;
    ამ ვითარების ფონზე კი, განვლილი წლების საბიუჯეტო ცვლილებანი და სამხედრო ბიუჯეტის მუდმივი ზრდა ბევრად უფრო ლოგიკურად და მიზანშეწონილად გამოიყურება: საქართველოს არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს რუსეთის ღია აგრესიას, მაგრამ ნამდვილად ძალუძს არმიის იმდენად გაძლიერება, რათა მას ჰქონდეს შესაძლებლობა არ დაუშვას «მცირე ინტენსივობის» ომის გადაზრდა სრულმასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში.