ცოტნე გამსახურდია - გაუთავებელი სამოქალაქო ომის სიმბოლო

ცოტნე გამსახურდია - გაუთავებელი სამოქალაქო ომის სიმბოლო

 

        როგორც ცნობილია, საქართველოს პოლიცია «მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე» ეძებს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროს ვაჟს - ცოტნეს, რომელსაც ბრალად ედება თანატოლის დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით.
        თვით ცოტნე გამსახურდია გამოძიებას არ ენდობა და აცხადებს, რომ მხოლოდ «გაეროს წესდების» საფუძველზე მისცემს ჩვენებას საერთაშორისო კომისიას.
        სხვათა შორის, თავის დროზე ანალოგიური შეემთხვა მამამისსაც, ხოლო კონსტანტინე გამსახურდიამ მრისხანებით აღსავსე წერილით უპასუხა გაზეთ «კომუნისტში» ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გამოქვეყნებულ «პასკვილს».
        მაშინაც (ზუსტად ისევე, როგორც დღეს) გამსახურდია-მამის ქმედებას პოლიტიკური სარჩული დაუდეს. იმ დროს საზოგადოების დიდი ნაწილი გამსახურდიას გულშემატკივრობდა, ვინაიდან იმხანად საქართველოში ანტიკომუნისტური მაქსიმალიზმი მეფობდა. ამიტომ «ანტიკომუნისტის» ჩადენილი ნებისმიერი ქმედება ლამის გმირობად აღიქმებოდა.
        რატომღაც არც მაშინ ახსოვდათ და ახლაც არ ახსოვთ, რომ მსხვერპლს «კომუნისტურ» თუ «პოსტკომუნისტურ» რეჟიმთან არანაირი კავშირი არა აქვს. უდანაშაულო ადამიანის დაჭრა კი ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულია, - განურჩევლად იმისა, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული «დიდოსტატის» ავტორის, თუ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ვაჟმა.
        რასაკვირველია, ამ ისტორიას უმალვე მიეცა პოლიტიკური დატვირთვა. ცოტნე გამსახურდია ცხადდება «პოლიტიკურ დევნილად» და (რაც ყველაზე ნიშანდობლივია) არგუმენტად მოჰყავთ დეკემბერ-იანვრის მოვლენები: აქაოდა, «თუ ცოტნე გამსახურდია დამნაშავეა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაშინ რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება 1992 წლის 7 იანვრის ფაქტზე, როდესაც გამსახურდიას ოჯახს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს?!» იგულისხმება ცნობილი ტრაგიკული ინციდენტი, როდესაც ზვიად გამსახურდია ოჯახთან ერთად გარბოდა საქართველოდან და მას ე.წ. «გვარდიის» კრიმინალური ხროვა დაესხა თავს.
        ინციდენტის შემდეგ გამსახურდიას ოჯახიდან არავინ დაშავებულა, მაგრამ რამდენიმე სხვა ადამიანი დაიღუპა. რასაკვირველია, ეს საზიზღარი დანაშაული იყო, რომელიც გამომდინარეობდა სამოქალაქო ომიდან, მაგრამ რა შუაშია აქ დღევანდელი საქართველო და კონკრეტულად ის ახალგაზრდა, ვინც ცოტნე გამსახურდიამ დაჭრა?
        ბოლოს და ბოლოს, თუ დეკემბერ-იანვრის მოვლენები დანაშაული იყო, გამსახურდიას ოჯახის წევრებმა თითოეულ ჩვენგანზე და მთელს საქართველოზე უნდა იძიონ შური?
        ზოგიერთები თვლიან, რომ მათ ამის მორალური უფლება აქვთ, ესე იგი, თუ ზვიად გამსახურდია სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა დაამხეს, ცოტნე გამსახურდიას აქვს მორალური უფლება დაჭრას ვინმე მაღლაკელიძე (თანატოლი, რომელსაც, რასაკვირველია, არანაირი კავშირი არც პოლიტიკასთან, არც 7 წლის წინანდელ მოვლენებთან არა აქვს) და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც აარიდოს თავი იმ უცნაური მოტივით, რომ 1992 წელს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა?!
        ჯერ ერთი, დარწმუნებული ვარ, ამ ბინძური დემაგოგიის ავტორებს სინამდვილეში არც ზვიად გამსახურდია ეხატებათ გულზე და დეკემბერ-იანვრის მოვლენები მხოლოდ საბაბია ვითარების გასამწვავებლად (ე.წ. ზვიადისტთა გულის მოსაგებად საარჩევნოდ), მაგრამ თვით ხსენებულ არგუმენტსაც უფრო ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ.
        ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ 1991 წლის შემოდგომიდან განვითარებული მოვლენები და კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა აღიქვა, როგორც უცხო სახელმწიფოს მიერ ინსპირირებული პროვოკაცია და ანტიეროვნული ქმედება.
        ვიმეორებ, - ასეთი იყო მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის დამოკიდებულება. თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, მხოლოდ ზიზღსა და სიძულვილს იწვევდნენ, ვინაიდან აშკარად არაფერი ამოძრავებდათ პირადი სიძულვილის (გამსახურდიასთან პირადი ანგარიშების) ამბიციისა და ძალაუფლების მოპოვების წყურვილის გარდა.
        არავითარი «დემოკრატიული მოტივი», მათ რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ, - ისინი საკუთარი ინტერესებისათვის იბრძოდნენ და არა «ქართული დემოკრატიისათვის».
        რასაკვირველია, დროს არ შეეძლო მათ მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, მაგრამ რაც დრო გადის, თვით ზვიად გამსახურდიას მიმართ კი იცვლება დამოკიდებულება იმ ხალხის მხრიდან, ვინც აქტიურად გმობდა და ეწინააღმდეგებოდა კრიმინალური ნაძირალების მიერ კანონიერი ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობას.
        ზვიად გამსახურდიას ჰეროიკული ხატი სწორედ ამ ადამიანების თვალში თანდათან გაფერმკრთალდა, რასაც სამი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი უდავოდ ის არის, რომ სავსებით აშკარაა: «ზვიადიზმი» და ზვიად გამსახურდიას ფიგურა დღეს აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ანტიეროვნული პროვოკაციის განსახორციელებლად, - ბინძური ტრაიბალიზმის გასაღვივებლად საქართველოს კუთხეებში და ქართული სახელმწიფოებრიობის დასასუსტებლად - ცენტრალური ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის (არა კონკრეტულად არსებული ხელისუფლების, არამედ ზოგადად ცენტრალური ხელისუფლების, როგორც ასეთის, თუმცა ეს კეთდება ძალზე ეშმაკურად); შეუძლებელია სამშობლოს მოყვარულმა, პატრიოტულად განწყობილმა ადამიანმა ეს ბინძური თამაში ვერ შენიშნოს და ვერ მიხვდეს, რომ ზვიად გამსახურდიას სახელი აქ მხოლოდ საბაბია;
        მაგრამ ამას ემატება მეორე მიზეზი, რომელიც აძლიერებს ნეგატიურ განწყობას. ესაა ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრთა ქმედება პირველი პრეზიდენტის სიკვდილის შემდეგ.
        მანანა არჩვაძე წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა ანუ სწორედ იმ ქალაქში, რომელსაც მისი მეუღლე «სატანის ბუდედ» აცხადებდა; გიორგი გამსახურდიამ თბილისის პოლიციის «ომონში» დაიწყო სამსახური – იმ «ომონში», რომელიც წლების განმავლობაში სასტიკად არბევდა გამსახურდიასათვის თავგანწირულ «ზვიადისტებს» - 1992 წლის 2 თებერვლიდან «ტყვიაზე რომ მიდიოდნენ» პირველი პრეზიდენტის ერთგულებით.
        არსებობს მესამე მიზეზიც: თანდათან ყველაზე თავგადაკლული «ზვიადისტებიც» კი აღიარებენ, რომ იმისათვის, რაც მოხდა 1991-1992 წლებში, პასუხისმგებლობის გარკვეული წილი თვით ზვიად გამსახურდიასაც უნდა დაეკისროს, ვინაიდან კრემლის სპეცსამსახურებმა, რომლებიც მარიონეტებივით ათამაშებდნენ სიგუა-კიტოვან-იოსელიანს, სწორედ ზვიად გამსახურდიას შეცდომები გამოიყენეს ამ მოვლენათა პროვოცირებისათვის.
        ამიტომაც გააკეთეს მათ საქართველოში ის, რაც ვერ შეძლეს (თუმცა დიდი სურვილი ექნებოდათ), ვთქვათ, ესტონეთსა და ლიტვაში.
        ბოლოს და ბოლოს, ყველა ნორმალური ადამიანისათვის (არანორმალურებზე არა გვაქვს საუბარი) ნამდვილად ჯერ საწყენი, შემდეგ კი გამაღიზიანებელია გამსახურდიას ოჯახის წევრთა ასეთი ჰონორი, ასეთი აშკარად გამოხატული ამბიცია და ასევე აშკარად გამოხატული აგრესია პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ - თითქოს რაღაც ვალი აქვს ერს მათი; არადა, ერს არ შეიძლება ვინმეს ვალი ჰქონდეს.
        გამსახურდიას ოჯახის წევრებმა საკუთარი ხალხისადმი ესოდენ აშკარად გამოხატული აგრესიით (აქაოდა, რატომ ვერ დაიცვა ერმა პირველი პრეზიდენტი) – ხაზი გადაუსვეს ყველაფერს, რაც ზვიად გამსახურდიამ ნამდვილად გააკეთა საქართველოსთვის.
        მთელი იმპერიის პროპაგანდისტული მანქანა ვერ შეძლებდა ზვიად გამსახურდიას ისეთ დისკრედიტაციას, როგორიც «მოახერხა» მისმა ოჯახმა – თვით ყველაზე ერთგული და რომანტიკულად განწყობილი მომხრეების თვალშიც კი. არ ვგულისხმობ ბინძურ ტრაიბალისტებს, - მათ სულ სხვა მოტივაცია გააჩნიათ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობასთან, არც ეროვნულ მოძრაობასთან.
        ყველაფრის თავი და თავი ის ელემენტარული მორალია, რომ თუ მართლა პატრიოტი ხარ, არ შეიძლება გაუნაწყენდე მთელ ერს, რომელსაც თავისი უბედურება ეყოფა; ისევე, როგორც არ შეიძლება განურისხდე და შეიძულო საკუთარი მშობელი მხოლოდ იმიტომ, რომ მან შენი დაცვა ვერ შეძლო; თუმცა, მორალის კითხვას ამ ადამიანებისათვის აზრი არა აქვს.
        უმჯობესი იქნება საზოგადოებამ, ერმა, ყველაფერი იღონოს საქართველოში სამოქალაქო ომის დასასრულებლად, რათა აღარავის ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ამბიცია, პირადი წყენა და ბოღმა მოახვიოს თავს ქვეყანას და ერთი პიროვნების ან ერთი ოჯახის მარადიულ მძევლად აქციოს იგი.

მერიდიანი, 21 აპრილი, 1999 წელი