ჩეჩნური პოეტიკა რუსული პატრიოტიზმისთვის

ჩეჩნური პოეტიკა რუსული პატრიოტიზმისთვის

ჩეჩნეთის წინააღმდეგ რუსეთმა ასი ათასამდე მეომარი გამოიყვანა.

    რუსეთმა საბოლოოდ გადაწყვიტა ძალისმიერი გზით გადაჭრას «ჩეჩნური პრობლემა». ელცინისა და მისი გუნდის ეს გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორია საქართველოსთვის. გარდა ამისა, ჩეჩნეთში განვითარებული მოვლენები წმინდა თეორიული თვალსაზრისითაც ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივია, ვინაიდან ასეთი ანალიზი საშუალებას გვაძლევს, ჩავწვდეთ რუსეთში გაბატონებული ძალაუფლებრივი სისტემის არსს და აღმოვაჩინოთ სერიოზული ნაკლოვანებები იმ, ერთი შეხედვით მწყობრ და ღრმადგააზრებულ გეოპოლიტიკურ დოქტრინაში, რომელზე დაყრდნობითაც ხორციელდება კრემლის პოლიტიკა მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში.

    ჩეჩნეთი და ჩეჩენი ხალხი ველიკორუსული სახელმწიფოს მარადიული წყევლაა. ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში (დაახლოებით 1818 წელს) ჩეჩნები და მათი მეზობელი, მონათესავე მთიელი ხალხები, თითქოს ისტორიულ «წერას ატანილნი», აღდგნენ იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი კონტინენტური იმპერიის წინააღმდეგ.
    სწორედ მათი წინააღმდეგობითა და ამბოხით დაიწყო «კავკასიის დიდი ომი», რომელიც გაგრძელდა 1859 წლამდე - იმ დღემდე, როდესაც ასიოდე უერთგულესი და უმამაცესი მებრძოლით, სოფელ გუნიბში გამაგრებულ შამილს ათი ათასმა რუსმა მეომარმა შემოარტყა ალყა. შამილმა დანებება არჩია - იგი მშვიდად გამოვიდა უკანასკნელი თავშესაფრიდან და მთავარსარდალ ბარიატინსკისკენ გაემართა. რუსი მეომრები საზეიმოდ ჩამწკრივდნენ და საბრძოლო შეძახილით მიესალმენ მათ მიერვე დატყვევებულ გმირს.
    რუსეთის იმპერიამ არა თუ შეურაცხყო, არამედ დიდი პატივიც მიაგო მამაც იმამს - იგი მცირე ხნით რუსეთში დასახლდა, ფუფუნებაში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ - მექაში მიმავალი - გზაში გარდაიცვალა.
    თუმცა, შამილის სიკვდილით წინააღმდეგობა ჩეჩნეთსა და დაღესტანში არ შეწყვეტილა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა აიძულა ათასობით «მოჰაჯირი», სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გადასახლებულიყო, მთიელები მაინც აგრძელებდნენ ბრძოლას თავისუფლებისათვის - ეს ბრძოლა სტალინის ტირანიის პერიოდშიც კი გრძელდებოდა და მხოლოდ მცირე ხნით (ათიოდე წლით) შეწყდა ბრეჟნევის ეპოქაში, - როდესაც საყოველთაო აპათიამ და მარაზმამდე მისულმა საზოგადოებრივმა სტაგნაციამ ლამის თვით დროის მსვლელობაც კი შეაჩერა.

    რუსეთის იმპერიას თურქეთთან ათი სისხლისმღვრელი ომის განმავლობაშიც არ დაუკარგავს იმდენი მებრძოლი, რამდენიც კავკასიის მთას შეახოცა. ეს ომი და მისი «სისხლიანი პოეტიკა» რუსული პატრიოტული სულისკვეთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო გახდა. ალბათ, ამიტომაც (და არა მხოლოდ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო) რუსეთი ვერასდროს შეელევა კავკასიას - ეს მისთვის ყოველმხრივი კატასტროფა და იდენტობის საბოლოო დაკარგვა იქნებოდა.
    ელცინის გუნდისთვის ჩეჩნეთის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტა ძალზე არასასურველი გამოსავალია, ვინაიდან ეს აშკარად ასუსტებს რუსეთის პოზიციებს ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებთან» პოლიტიკურ პაექრობაში. უფრო სწორად, იმ ფარულ ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკლებლივ ყველა ყოფილი «მოკავშირის» მიმართ.
    ჯერ ერთი, ელცინი ამ ბრძოლაში ძალზე ეფექტურად იყენებდა პრორუსული სეპარატიზმის კოზირს: დნესტრისპირეთი - მოლდოვაში; ყარაბაღი - აზერბაიჯანში; ყირიმი - უკრაინაში; მთიანი ბადახშანი - ტაჯიკეთში; აფხაზეთი და «სამხრეთ ოსეთი» - საქართველოში.
    ყველა ეს კონფლიქტი სწორედ იმ მიზნით იყო ინსპირირებული, რომ მოდერნიზაციის გზაზე შემდგარ იმპერიას საშუალება მისცემოდა, მტკიცედ გაეკონტროლებინა და ემართა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური პროცესები ამ ქვეყნებში. ანუ, არა მხოლოდ ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გაენადგურებინა მათი პოტენციალი, არამედ «დამოკლეს მახვილივით» დაეკიდა მმართველი ელიტის თავზე «ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისათვის» გარდაუვალი პასუხისმგებლობის მოლოდინი და ამით ეს ელიტა საკუთარ მძევლად ექცია.
    მაგრამ აქ რუსეთის უმთავრესი კოზირი ის არგუმენტი იყო, რომ იგი თავად არ მიმართავდა ძალას ურჩი «ავტონომიების» წინააღმდეგ. მაგალითად, რუსეთი უდიდეს დათმობებზე წავიდა თათრეთის მიმართ, რომელთანაც თითქმის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება გააფორმა - ამით ელცინი აფრთხილებდა სხვებს, რომ ასეთივე «მშვიდობიან» ქმედებას მოითხოვდა ავტონომიების მიმართ მათგანაც.
    რასაკვირველ  ია, ეს იმთავითვე მზაკვრული ფანდი იყო - თათრეთი ყველა თვალსაზრისით (ეკონომიკურად, ტერიტორიულად, ცნობიერად), გაცილებით უფრო მეტადაა ინკორპორირებული რუსეთის შემადგენლობაში, ვიდრე ყირიმი - უკრაინაში ან აფხაზეთი - საქართველოში.
    ამრიგად, ის, რაც შეეძლო დაეშვა რუსეთს, პრინციპულად არ შეეძლო დაეშვა საქართველოსა და აზერბაიჯანს. ამ პოლიტიკურ ბერკეტს რუსეთი ძალზე ეფექტურად იყენებდა ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან თავად მიმართა ძალას ჩეჩნეთის წინააღმდეგ - მისი არგუმენტები ამ თვალსაზრისით აშკარად შესუსტდა.
    მაგალითად, კიევში უკვე მზად არის საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, რომლის მიხედვით, რუსული სეპარატიზმის შემთხვევაში, პროუკრაინული მოძრაობა ყირიმში სტალინის მიერ ნახევარკუნძულიდან დეპორტირებულმა ყირიმელმა თათრებმა უნდა დაიწყონ, - რაც საშუალებას მისცემს უკრაინის ხელმძღვანელობას, შეიარაღებული ძალები გამოიყენოს ამ ტერიტორიაზე საკუთარი იურისდიქციის აღსადგენად.
    რუსეთსა და მის გაქნილ პროპაგანდისტებს აგრეთვე ძალიან გაუჭირდებათ გამოძებნონ შესაბამისი «მამხილებელი იდეოლოგემები» - საქართველოს წინააღმდეგ, თუ ჩვენი ქვეყანა მოიკრებს ძალას და შეეცდება, საკადრისი პასუხი გასცეს გათავხედებულ სეპარატისტებს.
    თუმცა, რუსეთისთვის «ორმაგი სტანდარტი» ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება პოლიტიკური კურსის მახასიათებელი - ამიტომ, მხოლოდ ამ ფაქტორის იმედად, ალბათ მაინც ვერ ვიქნებით. თუმცა (ვიმეორებ) ეს გარკვეულწილად გააძლიერებს საქართველოს პოზიციას.
    გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ჩეჩენი ხალხის ეთნოფსიქოლოგიურ თავისებურებათა გამო, ამ პატარა ქვეყანაში ვერ იმუშავეს და შეიძლება ითქვას სრული კრახიც განიცადეს «მართვადი ქაოსის» მექანიზმებმა, რომელთაც მანამდე კრემლი ძალზე ეფექტურად იყენებდა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის საქართველოში.
    რუსეთის სპეცსამსახურებმა (მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა) ვერა და ვერ შეძლეს ამ ხალხის ორად გახლეჩა, ჭეშმარიტი სამოქალაქო ომისა და შეურიგებელი იდეური დაპირისპირების პროვოცირება: ლაბაზანოვ-ავტურხანოვის კრიმინალურ-რენეგატური დაჯგუფება ბოლომდე საზოგადოებრივ ლუმპენად დარჩა და ვერ შეიძინა მნიშვნელოვანი მადესტაბილიზებელი ფუნქცია: «სამხედრო დემოკრატიის» წესებით მცხოვრები ერი არ გაყვა რუსული ფულით ნაყიდთ - ჩეჩენთა (და საერთოდ, მთიელთა) უძველესი ეთიკური სისტემები განსაცვიფრებლად მყარი აღმოჩნდა. მათ წინაშე უძლური იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეცსამსახური - სწორედ ამიტომ გახდა იძულებული რუსეთი, მიემართა უკიდურესი ზომებისათვის და ამით ბოლომდე «გაეშიშვლებინა» საკუთარი პოლიტიკის მექანიზმი.

    თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთი ჩეჩნეთის კრიზისსა და მის გადაჭრას, ჩანს იმ სამხედრო ოპერაციის უპრეცედენტო მასშტაბებიდან, რომელიც ამჟამად ვითარდება ჩრდილოეთ კავკასიაში: ჩეჩნეთის წინააღმდეგ რუსეთმა აამოქმედა მთელი სამხედრო ოლქის პირადი შემადგენლობა; გარდა ამისა, რიაზანიდან, ტულიდან, მოსკოვიდან გადმოისროლეს სამი სადესანტო დივიზია, ორი სატანკო ბრიგადა, საბრძოლო ვერტმფრენთა ოთხი ესკადრილია; ოპერაციაში მონაწილეობენ თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების შეერთებული რაზმები, ხოლო უშიშროების სამსახურის ხაზით - სახელგანთქმული «ალფა»; ელიტარული დაჯგუფებების მთავარი მიზანია, პრეზიდენტ დუდაევის შეპყრობა, ვინაიდან ეს უეჭველად გატეხს ჩეჩენთა სულიერ სიმტკიცეს; პატარა ჩეჩნეთის წინააღმდეგ რუსეთმა ასი ათასამდე(!) მეომარი გამოიყვანა, მაგრამ სიტუაციის ანალიზი უეჭველად ადასტურებს იმ დებულებას, რომ ეს პრობლემა ძალისმიერი მეთოდით ჯერ-ჯერობით ვერ გადაწყვიტა.
    ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებს (განსხვავებით ჩეჩნეთისაგან), საშუალება აქვთ, უშუალო ზემოქმედება მოახდინონ რუსეთის სახელისუფლებო სისტემაზე და სერიოზული პრობლემები შეუქმნან თვით უმაღლეს ხელისუფალს. რუსეთის იუსტიციის მინისტრმა, ეროვნებით ჩერქეზმა იური კალმიკოვმა უკვე განაცხადა გადადგომის შესახებ; ინგუშეთის პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა თავდაცვის მინისტრ გრაჩოვის წინააღმდეგ; საკანონმდებლო ხელისუფლება კვლავ თვისობრივად დაუპირისპირდა აღმასრულებელს; ხოლო ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ნაციონალისტურმა მოძრაობებმა შესანიშნავი საბაბი მოიპოვეს საკუთარი ელიტების წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
    ჩვენთვის, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა ის არის საინტერესო, რა ზეგავლენას მოახდენს ჩრდილოკავკასიური კრიზისი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.
    უფრო სწორად, შეძლებს თუ არა საქართველო ამ კრიზისის გამოყენებას - საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად.
    რა თქმა უნდა, ჩეჩნეთი, ჩრდილოეთ კავკასია და საქართველო რუსეთისთვის მთლიანობაში ერთი და იგივე გეოპოლიტიკური კატეგორიის პრობლემაა.
    უდავოა ისიც რომ ჩეჩნეთის კონფლიქტის შედეგად სერიოზულად იქნება კორექტირებული რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთში. ანუ, შექმნილი ვითარება ძალზე ხელსაყრელია საქართველოსთვის, მაგრამ ამ პოტენციური შესაძლებლობის გამოყენებისთვის ქვეყანას სახელმწიფოებრივი ნების მქონე ხელისუფლება სჭირდება.
    გულწრფელად რომ ვთქვა, სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ ქვეყნის ამჟამინდელ მმართველ დაჯგუფებას ეყოფა სწორედ ეს სახელმწიფოებრივი ნება, რათა მტკიცე და გაბედული მოქმედებით მაქსიმალურად გამოიყენოს შექმნილი ვითარება საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მთლიანობის რეალური აღდგენისათვის.

«7 დღე», 10-15 დეკემბერი, 1994 წელი.