ჩეჩნეთის ომი და კავკასიის გეოპოლიტიკური კვანძი

ჩეჩნეთის ომი და კავკასიის გეოპოლიტიკური კვანძი

 

    იმას, რაც დაღესტნის სოფელ «პერვომაისკოეში» მოხდა, ძნელად თუ მოეძევება ანალოგი მსოფლიო ისტორიაში. როგორც ცნობილია, ამ სოფელში რამდენიმე დღის წინ გამაგრდა ორასამდე ჩეჩენი მებრძოლი, რომელთაც ალყა შემოარტყა 5 ათასმა რუსმა ჯარისკაცმა. თანაც, სულ ნარჩევმა «სპეცნაზელებმა»: აქ იყო «საჰაერო-სადესანტო ჯარების» ყველაზე ძლიერი, ელიტარული პოლკი, აქ იყო შინაგანი ჯარების სპეციალური დანიშნულების რაზმი და ბოლოს, ყოფილი კგბ-ს ელიტარული სპეც-ჯგუფები «ალფა», «ვიმპელი», «ვიტიაზი». . .
        ერთი სიტყვით, თუკი რამ საუკეთესო გააჩნდა რუსეთის არმიას, ყველაფერი იქნა გამოყენებული: საარტილერიო მომზადების შემდეგ დაიწყო შეტევა მთელი ამ ძალების მეშვეობით, რომელიც ჩეჩნებმა მოიგერიეს; შეტევა განმეორდა ათჯერ (!) და ათივე უკუგდებულ იქნა. მაშინ, რუსეთის სარდლობამ არტილერიასთან ერთად «გრადისა» და «ურაგანის» ტიპის დანადგარების გამოყენება დაიწყო. ამავე დროს, სოფელს ჰაერიდან განუწყვეტლივ ბომბავდა ავიაცია. მიუხედავად ამისა, სალმან რადუევის მებრძოლებმა, 18 იანვარს, ღამით განახორციელეს კონტრშეტევა, გაარღვიეს ალყა და ჩეჩნეთში გადავიდნენ; რუსული სამხედრო ოპერაცია სრული კრახით დასრულდა: «პერვომაისკოეში» და გარღვევის ადგილას სულ თხუთმეტი გვამია აღმოჩენილი - დანარჩენები უვნებლად გავიდნენ ალყიდან. ამაზე მეტი თავსლაფისდასხმა რუსეთისათვის წარმოუდგენელია!
    ამერიკელი და ევროპელი სამხედრო სპეციალისტები უკვე იჩეჩენ მხრებს: «ნუთუ ამ არმიის გვეშინოდა ათწლეულთა განმავლობაში?» მართლაც, არმია, რომელიც ალყიდან ასე გაუშვებს ორასიოდე მებრძოლს - უაღრესად სუსტი არმიაა და ამ განსაცვიფრებელი ფენომენის ანალიზს უეჭველად მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ რუსეთს ჯერ არ ძალუძს მოიგოს კავკასიის ომი. ეს ომი კი ფართოვდება და სულ უფრო მაშტაბური ხდება - ყიზლარის აქციის შემდეგ «გაიღვიძა» დაღესტანმა, რაც რუსეთისათვის არანაკლებ ავისმომასწავებელია.
    შეგახსენებთ რომ, შამილი სწორედ ავარელი იყო და მის მიერ შექმნილ თეოკრატიულ სახელმწიფოს «დაღესტან-ჩეჩნეთის იმამატი» იწოდებოდა. თუ დაღესტანმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და იარაღს მოჰკიდა ხელი, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მდგომარეობა გაცილებით გართულდება; ამავე დროს ელცინმა (მიუხედავად დიდი მცდელობისა) ვერ მოახერხა შუღლისა და სიძულვილის ჩამოგდება ავარელებსა და ჩეჩნებს შორის, ვინაიდან ამ ორი ხალხის დაპირისპირებისთვის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
    სხვა საქმეა, მაგალითად ოსები და ვაინახები - ისინი სხვადასხვა მოდგმის არიან და ისტორიულად ახასიათებთ დაპირისპირება. დაღესტნის ახალი ლიდერის პოსტზე შესაძლო კანდიდატურაა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, რამაზან აბდულატიპოვი, რომელიც სავსებით შეიძლება იქცეს ახალ ქარიზმატულ ლიდერად, თუ მას სხვა ხალხებიც (ლეკები, ხუნძახები, კუმიკები) დაუჭერენ მხარს.
    ამასობაში კი, აშკარად იძაბება ვითარება კავკასიის დასავლეთში. ეროვნებით აფხაზმა, მუჰამედ თოფჩანმა, რომელიც თურქეთის მოქალაქე და აფხაზ «მოჰაჯირთა» შთამომავალია, ხელთ იგდო რუსი მგზავრებით სავსე გემი და მისი აფეთქებით იმუქრებოდა, თუ რუსეთის არმია თავისუფლად არ გაატარებდა სალმან რადუევს პერვომაისკოედან - ჩეჩნეთში.
    ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კავკასია ერთიანი ორგანიზმია და რომ რუსეთმა ვერა და ვერ შეძლო იმ გეოპოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც მის წინაშე იდგა XIX საუკუნეში. უფრო მეტიც, ეს პრობლემა კიდევ უფრო გართულდა, ვინაიდან თურქეთში მოჰაჯირთა სახით შეიქმნა მძლავრი კავკასიური ლობი, რომელიც ანკარას საშუალებას აძლევს გაზარდოს თავისი გავლენა ამ რეგიონში. უკვე სავსებით ნათელია, თუ რა მიზანს ისახავს ჩრდილოეთ კავკასიაში დაწყებული «მოძრაობა»: ჩეჩნებმაც, ყაბარდოელებმაც, აფხაზებმაც და დაღესტნელებმაც კარგად უწყიან, რომ გაცილებით უფრო ძლიერები იქნებიან იმ შემთხვევაში, თუ შეკავშირდებიან და ერთიან სახელმწიფოებრივ სისტემას შექმნიან. მათი მიზანია აღადგინონ «მთიელთა რესპუბლიკა», რომელიც თებერვლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა და რომელიც აერთიანებდა ყველა ამ ხალხს - აფხაზეთიდან დაღესტნამდე.
    ამ კონფედერაციული (თუ ფედერაციული?) სახელმწიფოს დედაქალაქი უეჭველად სოხუმი იქნება, რადგან აფხაზეთს მთიელთათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ზღვაზე გასვლისათვის. «მთიელთა რესპუბლიკის» მოსახლეობა ოთხ-ხუთ მილიონს მიაღწევს (დაბრუნებული მოჰაჯირების ჩათვლით), ხოლო თუ გავითვალისწინებთ გეოგრაფიულ მდებარეობას და სამხედრო პოტენციალს, ეს «სახელმწიფო» ფაქტობრივად დაუმარცხებელი იქნება - რუსეთი მხოლოდ ჩეჩნეთს ვერ ერევა და მით უმეტეს ვერ დაამარცხებს ჩეჩნეთს, დაღესტანს, ყაბარდოს, ჩერქეზეთსა და აფხაზეთს ერთად.
    გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ამგვარი «ერთიანი სახელმწიფოს» შექმნა ნამდვილი კატასტროფა იქნება რუსეთისთვის, ვინაიდან იგი საბოლოოდ მოუჭრის გზას მას სამხრეთისაკენ და ფაქტობრივად აღადგენს XVI-XVII საუკუნეებში არსებულ ვითარებას.
    მთელი ამ პოლიტიკური კონფიგურაციის საკვანძო მომენტია აფხაზეთი: თუ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იქნება, მაშინ ჩრდილოეთ კავკასია იქცევა ანკლავად და რუსეთისაგან გამოყოფის ტენდენციაც შესუსტდება.
    სხვათა შორის, იოსებ სტალინმა (იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე) სწორედ ამ მიზეზის გამო უზრუნველყო აფხაზეთის შესვლა საქართველოს შემადგენლობაში და, რაც მთავარია, ამ ტერიტორიაზე დემოგრაფიული ბალანსის შეცვლა. იგი მოქმედებდა იმპერიის და არა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
    ზოგიერთი თვლის, რომ რუსეთმა (იმავე ინტერესებიდან გამომდინარე) შეიძლება დღესაც იგივე გაიმეოროს, რათა უზრუნველყოს თავისი სამხრეთის ფლანგი. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ დღეს შექმნილი რეალიები: კავკასიის რეგიონში აშკარად იგრძნობა დასავლეთის, უპირველესად კი ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის ზრდა. თურქეთი დღეს უკვე მათი ფორპოსტი და ავანგარდია; რუსეთის მოკვეთა «სამხრეთისაგან» სავსებით პასუხობს ამერიკის ინტერესებს და პირიქით - ვაშინგტონს სულაც არ ეპიტნავება «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა», თუ ამის პირობად კავკასიაში რუსეთის პოზიციის განმტკიცება იქცევა...
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ საქართველო, რუსეთის მხარდაჭერით (მისთვის სამხედრო ბაზების დაკანონების ფასად), დაიწყებს ომს აფხაზეთში, რათა აღადგინოს ადრე არსებული გეოპოლიტიკური კონფიგურაცია - დასავლეთი უეჭველად დაუჭერს მხარს აფხაზეთს და საქართველოს აგრესორად გამოაცხადებს!
    ქართულმა პოლიტიკამ ამ ვითარებაში ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რათა ძალაუნებურად არ ითამაშოს წაგებული თამაში და დამარცხებულ მხარეს არ დადგეს. ჩვენი პოლიტიკოსების ნიჭი სწორედ იმაში უნდა გამოვლინდეს, რომ ზუსტად განსაზღვრონ: კავკასიის რეგიონში მიმდინარე დიდ გეოპოლიტიკურ ჭიდილში რომელი მხარე იმარჯვებს, ანუ ვის ეკუთვნის აქ მომავალი?

«მსგეფსი», 25 იანვარი, 1996 წელი.