ჩეჩნები ხვდებიან რა განსხვავებაა ქართველსა და აფხაზს შორის

ჩეჩნები ხვდებიან რა განსხვავებაა ქართველსა და აფხაზს შორის

 

        კვლავინდებურად საკმაოდ გაურკვეველი ვითარებაა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ფსოუს მონაკვეთზე. პუტინის მთავრობამ გააუქმა ჩერნომირდინის მთავრობის 1994 წლის დეკემბრის დადგენილება საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის ჩაკეტვის თაობაზე.
        თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს შეზღუდვები ყოველთვის უფრო სიმბოლური იყო, ვიდრე რეალური, - საზღვარზე არ ატარებდნენ მხოლოდ 18-55 წლამდე მამაკაცებს.
        დანარჩენები თავისუფლად მოძრაობდნენ. გარდა ამისა, საზღვრის გახსნას სეპარატისტული აფხაზეთის ეკონომიკისათვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა - ყველა საჭირო ტვირთი ისედაც შემოჰქონდათ ზღვით. ერთადერთი, რაც რჩება – საკურორტო სეზონია, მაგრამ რაკი კავკასიაში კვლავ იწყება ფართომაშტაბიანი ომი (ჩეჩნეთის სიშორეს აფხაზეთისაგან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს), დამსვენებლები აფხაზეთის თვალწარმტაც კურორტებზე არ ჩამოვლენ - მით უმეტეს, რომ თვით აფხაზეთიც არ არის «მშვიდობის კერა».
        მიუხედავად ამისა, ფსოუზე საზღვრის გახსნა მაინც სერიოზული დარტყმაა საქართველოს ინტერესებზე, ვინაიდან სეპარატისტებმა მიიღეს მთავარი – პერსპექტივა. საზღვრის გახსნამდე კი მათ პერსპექტივაც არ გააჩნდათ. მივაქციოთ ყურადღება: არძინბა უკვე აღარ ლაპარაკობს «რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლაზე». «ნეზავისიმაია გაზეტასთვის» მიცემულ ინტერვიუში იგი მხოლოდ და მხოლოდ «აფხაზეთის სრულ დამოუკიდებლობაზე» საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად სცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
        გარდა ამისა, იმასაც მივაქციოთ ყურადღება, როგორ შეიცვალა სეპარატისტთა ტონი მას შემდეგ, რაც არძინბა არამზადა ანდრეი კარაულოვთან ტელეინტერვიუში (ომის დროს) გულამოსკვნით მოთქვამდა: როდისღა მიგვიღებსო რუსეთი ფედერაციის შემადგენლობაში. მანამდე, მისი «მარცხენა ხელი» და «აიდგილარას» იდეოლოგი ზურაბ აჩბა ასკვნიდა «ლიტერატურნაია როსიას» ფურცლებზე: «პარა პანიატ, ჩტო აბხაზია - ეტო რასიია»; თუმცა, ასეთმა ცვლილებამ არძინბას გაიძვერული ბუნება იოტისოდენად ვერ შეცვალა.
        გასულ შაბათს, იმავე «ნეზავისიმაია გაზეტასთვის» მიცემულ ინტერვიუში, «ამაყმა აფსუამ» საქართველო დაასმინა «ჩეჩენ სეპარატისტებს ეხმარებიან და თავიანთ ტერიტორიას რუსეთისადმი არამეგობრული მიზნით იყენებენო».
        წარმოგიდგენიათ? ჩეჩნებმა აფხაზეთის ომში, საქართველოსთან ურთიერთობა (ალბათ, მაინც სამუდამოდ) გააფუჭეს, ახლა კი ეს ნამუსგარეცხილი არამზადა (რომ ჰკითხო, აფსუები კეთილშობილების განსახიერება არიან) ჯერ იმავე ჩეჩნებს აბეზღებს: «სეპარატისტები არიანო», შემდგომ კი საქართველოსაც ასმენს: თავიანთ ტერიტორიას სეპარატისტებისათვის დასახმარებლად იყენებენო.
        აფსუათა უსინდისობა იმითაც ჩანს, რომ მაშინ, როდესაც საქართველომ ჩეჩენი ლტოლვილები (ქალები, ბავშვები და მოხუცები) შეიფარა, «დამოუკიდებელი აფსუეთიდან» ერთი კრინტიც არ დაძრულა; თუნდაც რამდენიმე ათეული ლტოლვილის მიღების თაობაზე. როგორ გეკადრებათ! - «კეთილშობილი აფსუები» ბიჭვინთისა და გაგრის სანატორიუმებში ჩეჩენ ლტოლვილებს რატომ ჩაასახლებენ, როდესაც ჩეჩენი ხალხის ხარჯზე ფსოუზე საზღვრების გახსნის შემდეგ, იმ სანატორიუმებში იმავე რუსებს ელიან (მოსკოვური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს), ვინც ამჟამად ჩეჩენი ერის გენოციდს აწარმოებს.
        რა სულელები ყოფილან ჩეჩნები (ბასაევები, ისრაპილოვები, გილაევები), როდესაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წინააღმდეგ «კავკასიელ მთიელთა სოლიდარობაში»!!! იმედი ჰქონდათ, იგივე კეთილშობილი აფსუა-ჩერქეზ-ადიღეელი მთიელები მათ მიმართაც გამოამჟღავნებდნენ ასეთივე სოლიდარობას. მოტყუვდნენ! მწარედ მოტყუვდნენ!
        ჩვენც უნდა გავაცნობიეროთ, რომ აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლთა შორის, ჩეჩენი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ჩერქეზი, ადიღეელი და ყაბარდოელი. ხოლო ჯოჰარ დუდაევი მეტ-ნაკლებად გულწრფელი აღმოჩნდა – იგი მაშინვე აცხადებდა, რომ ჩეჩენ და ქართველ ხალხებს შორის დაპირისპირებას რუსეთი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ჩეჩნების გასანადგურებლად გამოიყენებდა.
        ვირეშმაკა აფსუა სეპარატისტებმა რუსეთს კიდევ ერთი «კოჭიც» გაუგორეს, - ისინი მიხვდნენ, რომ თუ რუსი მესაზღვრეების აფხაზეთიდან წასვლის შემდეგ რაიმენაირად არ დაარწმუნებდნენ რუსეთს თავიანთ ლოიალობაში – ფსოუზე რუსეთი საზღვარს არ გახსნიდა.
        ამიტომ, არძინბას თხოვნით, სოხუმისა და გაგრის პორტებში დარჩნენ რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები. აფსუები მათ გარეშე პორტებში შემოსულ არც ერთ გემს არ სცლიან – ჯერ რუსები უნდა დარწმუნდნენ, რომ აფხაზეთში შემოსული ტვირთები არ არის განკუთვნილი - «ჩეჩენი სეპარატისტებისათვის».
        ფსოუზე საზღვრის გახსნა (საეჭვოა, პუტინის მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალოს) საქართველოსათვის, ერთი მხრივ, სასარგებლოა, ვინაიდან საბოლოოდ ქარწყლდება ძირშივე მცდარი იმედი, თითქოს საქართველო რუსეთის მეშვეობით შეძლებს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას; სამწუხაროდ, საქართველოს სახელისუფლებო წრეებში კვლავ მუსირებს აზრი: ხომ არ დავაბრუნოთ რუსი მესაზღვრეები საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე (საქართველოს მხრიდან) ანუ ხომ არ ჩავაყენოთ ისინი შატილსა და ომალოში – თუ სანაცვლოდ რუსეთი კვლავ აღადგენს შეზღუდვებს ფსოუზე?
        ეს იქნებოდა უდიდესი შეცდომა – ფსოუზე მოჩვენებითი, ვითომ «შეზღუდვების» აღდგენა ნამდვილად არ ღირს იმად, რომ საქართველომ ჩეჩნეთს ზურგში დანა ჩასცეს და თვითონ გააქარწყლოს ის უაღრესად სასარგებლო სტერეოტიპი, რაც თანდათანობით მტკიცდება ჩეჩენი ერის ცნობიერებაში: «მაშინ, როდესაც ნამუსგარეცხილი კავკასიელი მთიელები, რომელთაც ჩვენ ვეხმარებოდით ადრე ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში, რუსეთის მხარეს დადგნენ, - საქართველო რაღაცას მაინც ცდილობდა: ლტოლვილებს იღებდა და თანაგრძნობას გამოხატავდა».

7 დღე, 13 ოქტომბერი, 1999 წელი