ჩეჩნები საქართველოსგან იმაზე მეტს ელიან, ვიდრე უნდა ელოდნენ

ჩეჩნები საქართველოსგან იმაზე მეტს ელიან, ვიდრე უნდა ელოდნენ

    იჩქერიის პრეზიდენტისათვის საქართველოში სტუმრობა, როგორც ჩანს, «საგარეო პოლიტიკური» ტურნეს დასაწყისი იყო. ასლან მასხადოვი ახლო მომავალში ეწვევა თურქეთსა და საფრანგეთს.
    საქართველოს არჩევანი (როგორც პირველი პარტნიორისა) განპირობებულია არა მხოლოდ ჩეჩნების განსაკუთრებული დაინტერესებით, არამედ ობიექტური «საგარეო პოლიტიკური» რეალობითაც; საეჭვოა, საფრანგეთში ან თურქეთში ასლან მასხადოვი იმის მეათედის მიღებას ელოდეს, რასაც საქართველოსაგან ელის. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო, რა თქმა უნდა, გაცილებით მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი იჩქერიისათვის, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო; სწორედ ამიტომ კეთდება «სენსაციური» განცხადებები ქართული საზოგადოების გულის მოსაგებად, თორემ საეჭვოა, ვახა არსანოვმა არ იცოდეს, რომ ბაქოდან კასპიის ნავთობის ტრანსპორტირება გროზნოს გავლით - ფოთის პორტამდე აბსურდია. ეს აბსურდი დადებითად «მუშაობს» პოლიტიკური თვალსაზრისით და ქმნის ახალ რეალობას კავკასიაში ძალთა განლაგებისათვის.
    დაახლოებით იმავე მიზანს ისახავდა ჩეჩნეთის პრეზიდენტის ვიზიტიც. ბუნებრივია, ასლან მასხადოვსა და მის გარემოცვას სრული ინფორმაცია ჰქონდა მოსკოვსა და თბილისს შორის მიმდინარე კონსულტაციის თაობაზე. ედუარდ შევარდნაძე აშკარად მერყეობდა. იგი ცდილობდა, წინასწარ მიეღო თანხმობა რუსეთის ხელმძღვანელობისაგან და თავი დაეზღვია შესაძლო დიპლომატიური გართულების თვალსაზრისით. კრემლმა ეს მდგომარეობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და მასხადოვის სტუმრობის დასტური მისცა იმ პირობით, რომ საქართველო არ მოაწერდა ხელს რაიმე «შეთანხმებას» (რასაც დაჟინებით მოითხოვდა ჩეჩნური მხარე). თბილისმა მოთხოვნა «პირნათლად» შეასრულა; რუსეთმა კი შეძლო, საკუთარი პრიორიტეტი დაეფიქსირებინა. ამ რეალობას ვერ შეცვლის მასხადოვის «კონფრონტაციული» განცხადებები: პანკისის ხეობაში გამართულ საზეიმო მიტინგზე ნაჩუქარი მგლის ლეკვი მხოლოდ სიმბოლოა დაუმორჩილებლობისა, რომელსაც ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია. მიუხედავად რომანტიზმისა, ჩეჩენთა ელიტა ცდილობს პოლიტიკის კანონთა გათვალისწინებას, ეს კანონები კი ეკონომიკის პრიორიტეტს მოითხოვენ. კავკასია ორი-სამი წელია „სანავთობო ღერძების გარშემო ბრუნავს“. ეს ღერძები კავკასიის სუბიექტთა გეოპოლიტიკურ ვექტორთა მიმართულებებს ემთხვევა და განსაზღვრავს. ვერც ერთი კავკასიური სუბიექტი ვერ გაექცევა რეალობას, - ყველა მათგანი: «სამხრეთ» და «ჩრდილოეთ» ოსეთიც, ჩეჩნეთიც, ინგუშეთიც, დაღესტანიც, მთლიანად ჩრდილოეთ კავკასია, სომხეთი და აზერბაიჯანი ითვალისწინებენ გლობალურ მოთხოვნებს, გნებავთ, გეოპოლიტიკურ «შეკვეთას» ნავთობთან დაკავშირებით. რუსეთი ამ კოზირს აქტიურად იყენებს.
    ერთდროულად გროზნო მოსკოვსაც ეთამაშება «ბაქო-ნოვოროსიისკის» ნავთობსადენით და საქართველოსაც ახსენებს ძველ (თითქოს მივიწყებულ) სქემას, რომელიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს იშვა და გულისხმობდა ჩეჩნური ნავთობის ტრანზიტს ავტოცისტერნებით - ფოთისა და ბათუმის პორტებისაკენ.
    სწორედ ამ გეგმას ახმოვანებდა ედუარდ შევარდნაძე: «აქტიურად განვიხილეთ კომუნიკაციათა განვითარების შესაძლებლობა საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის». იმავე დებულებამ, პანკისში გამოსვლისას, რომანტიკულ-პოეტური ელფერი შეიძინა: «ან დავამდაბლოთ მთები ან გავჭრათ გასასვლელი, რათა შევუერთდეთ ერთმანეთს»; ბუნებრივია, შევარდნაძის პოლიტიკა ეფუძნება არა იმდენად ჭეშმარიტ ემოციას, რამდენადაც პრაგმატულ ეკონომიკურ გათვლას: რუსეთის მიერ კონტროლირებადი სატრანსპორტო არტერიები აღარ აკმაყოფილებს საქართველოს მზარდ მოთხოვნებს. ამის მაგალითია ათეულობით მილიონი დოლარის საქონლის (სპირტის) «გამოკეტვა» დარიალის ხეობაში. ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის ამოქმედება ნამდვილად «მისწრება» იქნებოდა, აღარც არის საჭირო (ამ შემთხვევაში) დსთ-ს საბაჟო კავშირში გაერთიანება, - ყველა შეზღუდვა ისედაც მოიხსნება და რუსეთი ვერასდროს შესძლებს ჩეჩნეთის იზოლირებას ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის სხვა რეგიონებისაგან.
    მეორეს მხრივ, თვით ჩეჩნეთისათვის საქართველოსთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდება არა იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით: ნავთობსადენის «გადაკეტვა» შეიძლება, არ გახდეს საკმარისი გარანტი რუსეთის ახალი აგრესიის ასაცილებლად, თურქეთთან პირდაპირი, დამოუკიდებელი კავშირი კი ამგვარ გარანტად უეჭველად იქცევა.
    ასლან მასხადოვს ძალიან კარგად ესმის «კავკასიური ფაქტორის» მნიშვნელობა და კავკასიაში საქართველოს როლსაც აცნობიერებს. სწორედ ამიტომ გვთავაზობს თბილისში კავკასიური «ეუთოს» დაფუძნებას, მაგრამ ესოდენ რადიკალური ნაბიჯისათვის საქართველოს ხელისუფლება მზად არ არის. მისივე ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, «ჯერ არ მომწიფებულა» და საეჭვოა, «მომწიფდეს», ვინაიდან ჩეჩნეთი საქართველოს არ სთავაზობს (ვერც შესთავაზებს) რეალურ გეგმას აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
    მასხადოვის ვიზიტიდან ორიოდე დღის შემდეგ ვლადისლავ არძინბამ მონაწილეობა მიიღო რუსეთის ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკებისა და მხარეების თათბირში - საქართველო კი ამის საპროტესტოდ ხმასაც ვერ ამოიღებს: თუ ასლან მასხადოვს მასპინძლობ, რატომ გიკვირს არძინბას მიმართ გამოჩენილი რუსული სტუმართმოყვარეობა?
    არძინბაც და მასხადოვიც თავიანთ პარტიებს ასრულებენ ოსტატურად, მათი ინტერესები (რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს) მუდმივად ემთხვევა და ქმნის «ერთობლიობას დაპირისპირებაში», რამდენადაც რუსეთი ღიზიანდება მასხადოვის ვიზიტით საქართველოში - იმდენადვე ძლიერდება აფხაზეთის პოზიციები. ამავე დროს, რამდენადაც საქართველოს აღიზიანებს არძინბას სტუმრობა რუსეთში, იმდენადვე იკრებს «კოზირებს» ჩეჩნეთი რუსეთის საწინააღმდეგოდ. საქართველოს ხელისუფლება ამ დაპირისპირებას ვერ გაუძლებს და იძულებული გახდება, უკან დაიხიოს. მასხადოვის მოწვევა საქართველოში მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია, რომელიც სავსებით თავსდება «არგუმენტთა ამოწურვის» შევარდნაძისეულ დოქტრინაში.
    პრეზიდენტი ცდილობს, «ამოუწუროს» არგუმენტები ოპოზიციას, ოღონდ, რაკი ოპოზიცია მრავალგვარია, იგი (ერთი შეხედვით) საპირისპირო ნაბიჯებს დგამს: მიემგზავრება ამერიკაში და რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აძლევს საშუალებას, «რუსული პრიორიტეტი» დაადასტუროს, შემდეგ ასლან მასხადოვის იწვევს და იმავე რუსეთს «აღიზიანებს». სინამდვილეში ამით ინარჩუნებს სახელისუფლებო და პოლიტიკურ ბალანსს საქართველოში. ქვეყანაში, სადაც საზოგადოება ინფანტილურია და მყარი მისწრაფება არ გააჩნია - ხელისუფლება კონცენტრირებულ, ერთმნიშვნელოვან პოლიტიკას როგორც ჩანს ვერ გაატარებს.
    ჩეჩნები ამ რეალობას შინაგანად არ ეგუებიან და ცდილობენ საქართველოსაგან მიიღონ ის, რისი გაცემაც მას არ შეუძლია - თან ისე, რომ თავად არაფერი დათმონ.

7 დღე, 3 სექტემბერი, 1997 წ.