ჩერნომირდინის სახითა საქართველოს კიდევ ერთი მტერი მოშორდა    

ჩერნომირდინის სახითა საქართველოს კიდევ ერთი მტერი მოშორდა    

    1995 წლის ოქტომბერში, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ჩერნომირდინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას «ბაზების» თაობაზე, ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას ასეთი ამბავი მოხდა: ქართველმა ჟურნალისტმა ჰკითხა ჩერნომირდინს - რა აზრისა იყო ბოსნიის მოვლენათა შესახებ. ჩერნომირდინმა აგდებით მიუგო: ვერ გავიგე აქ, თბილისში, ამ თემაზე რატომ უნდა ვილაპარაკოო? დარწმუნებული ვარ, ჩერნომირდინი საქართველოში კი არა (ვთქვათ), ფინეთში რომ ყოფილიყო, ანალოგიურ კითხვაზე ასეთ პასუხს არ გასცემდა, მაგრამ საქართველო მისთვის პროვინციაა, სადაც არ შეიძლება აინტერესებდეთ, რა ხდება ამ პროვინციასა და «ცენტრს» გარეთ - იმავე ევროპაში.
    თბილისში ჩერნომირდინი იქედნური ღიმილით საუბრობდა იმავე ნავთობსადენის მარშრუტთან დაკავშირებით. ჩერნომირდინი რუსული ენერგეტიკული კომპლექსის პროტეჟე იყო და მტკიცედ აკონტროლებდა ბუნებრივი აირისა თუ ნავთობის კონცერნებს. იგი თავად მილიარდერია და ტყუილად ცდილობს  აკორდეონზე დაკვრით მოსახლეობას თავი «უბრალო რუსად» მოაჩვენოს - სინამდვილეში ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია. საქართველოსადმი მისი არაკეთილგანწყობა გამოვლინდა თუნდაც ცნობილ დადგენილებებში აფხაზეთიდან ციტრუსის გატანის თაობაზე. ხოლო კიშინიოვში, ესენგეს სამიტზე, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთის პრობლემის განხილვა მოითხოვა, ჩერნომირდინი დემონსტრაციულად ადგა ფეხზე და წასვლა დააპირა; ელცინმა მარცხენა ხელი იდაყვში წაავლო და თითქმის ძალით დასვა სკამზე.
      რა თქმა უნდა, რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის გადადგომა ჩერნომირდინ-შევარდნაძის ურთიერთდამოკიდებულებასთან საერთოდ არ არის დაკავშირებული; ჩვენ შეიძლება მხოლოდ ის გვაღელვებდეს, თუ რა ზეგავლენას მოახდენს რუსეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე.
    ამ მხრივ საგულისხმოა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი სერგეი კირიენკო 35 წლის სოხუმელია. არ შეიძლება, მას რაიმე არ აკავშირებდეს აფსუა სეპარატისტებთან, თუმცა რეალურად რუსეთის პოლიტიკის შეცვლას იგი ვერ შეძლებს. ეს პოლიტიკა კვლავინდებურად პრეზიდენტ ელცინის მიერ განისაზღვრება. სამაგიეროდ, არსებობს ძალზე სერიოზული ეჭვი, რომ ვიქტორ ჩერნომირდინს 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტობისთვის ამზადებენ. თუ ელცინი ვერ შეძლებს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მან მესამედ (კონსტიტუციის დარღვევით) უნდა იყაროს კენჭი უმაღლეს თანამდებობაზე, მაშინ «ხელისუფლების პარტია» მხარს ვიქტორ ჩერნომირდინს დაუჭერს. სხვა მოსაზრებით, ბორის ელცინმა პრემიერ-მინისტრი სწორედ იმიტომ გააპანღურა, რომ იგი საჯარო პოლიტიკისა და ძალაუფლებისაგან ჩამოეშორებინა. 2000 წელს ჩერნომირდინი აღარავის ეხსომება.
    აფხაზეთის პრობლემას ვიქტორ ჩერნომირდინი რუსეთის «საშინაო საქმედ» მიიჩნევდა. იგი 1992 წლიდან ხელმძღვანელობს რუსეთის მთავრობას და წარმატებით გააგრძელა წინამორბედის - გაიძვერა «დემოკრატ» ეგორ გაიდარის საქმე, რომელიც ყოველნაირად უწყობდა ხელს საქართველოს დანგრევასა და დაქუცმაცებას.
    ჩერნომირდინმა დიდი წვლილი შეიტანა აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის გამოდევნაში. საერთოდაც, იგი მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რათა საქართველო მაქსიმალურად დაეზარალებინა. სარწმუნო წყაროს ცნობით, რუსეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მხოლოდ პრეზიდენტების შეხვედრის შედეგად თუ წყდებოდა. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით, საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებდა ყველა იმ ქვეყანასთან, რომლის ვალიც ჰქონდა. ჩერნომირდინი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ვალის (177 მილიონი დოლარი) რესტრუქტურიზაციისა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელცინმა პირადად უბრძანა (რა თქმა უნდა, არა საქართველოს სიყვარულით, არამედ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე), მოიღო მოწყალება და ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა პოლიტიკას გაატარებდა ან გაატარებს ჩერნომირდინი, თუ იგი პრეზიდენტი გახდა. რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, თვით ასეთი ახალგაზრდა პიროვნების დანიშვნის ფაქტი უდავოდ ბევრის მთქმელია. ბორის ელცინი ცდილობს დააწინაუროს სრულიად ახალი პლეადის ადამიანები, რომელთაც ფაქტობრივად არ უცხოვრიათ კომუნისტური ნომენკლატურის წნეხქვეშ და სხვა მენტალიტეტის მატარებელნი არიან.
    ბუნებრივია, რაიმე «მიბაძვაზე» საუბარი არ შეიძლება იყოს, მაგრამ მსგავსება თვალსაჩინოა - მაშასადამე, ეს ხელისუფლების ზოგადი ტექნოლოგიიდან მომდინარეობს. ელცინი ამ თვალსაზრისით საკმაოდ გამოცდილი და გამობრძმედილია. ხელისუფლების ტექნოლოგია მას არ ესწავლება.
   

მერიდიანი, 25 მარტი, 1998 წ.