ჩე გევარას ნაბიჭვრები

ჩე გევარას ნაბიჭვრები

        გასულ კვირას ე.წ. «დამოუკიდებელი აფხაზეთისა» და «დამოუკიდებელი სამხერთ ოსეთის» პრეზიდენტები «პირველი ოფიციალური ვიზიტით» სამხრეთ ამერიკას, კერძოდ კი ნიკარაგუას ეწვივნენ. ეს «ვიზიტები» ყველაზე ზუსტად აჩვენებს, რამდენად უბადრუკია მათი მცდელობა, მსოფლიომ ნორმალურ, სრულფასოვან სახელმწიფოებად აღიქვას.
        პირველ რიგში ეს აფხაზეთს ეხება, თორემ კოკოითსა და მის ბანდას ასეთი პრეტენზია არც არასდროს ჰქონია: «სამხრეთ ოსეთი» რუსეთთან მიერთებაზე ოცნებობს. მაგრამ აფხაზებს რომ ჰკითხო, უძველესი სახელმწიფო არიან, საქართველოსთან არაფერი საერთო არ ჰქონიათ, თურმე ქართველებმა დაიპყრეს და ახლაღა განთავისუფლდნენ, რათა დამოუკიდებელი სახელმწიფო ააშენონ. არადა, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს გარდა არც ერთმა ქვეყანამ არ სცნო. თანაც, არა საქართველოს რიდით, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ არანაირი «დამოუკიდებელი სახელმწიფოები» სინამდვილეში არ არიან. რა სახელმწიფოა, თუ მის საზღვრებს, საფინანსო სისტემას და მთელ ტერიტორიას უცხო ქვეყანა აკონტროლებს?
        ესე იგი, კოკოითსა და ბაღაფშს თუ ვინმე დაელაპარაკება, ისევ ნიკარაგუას პრეზიდენტ დანიელ ორტეგას მაგვარი წარსულის აჩრდილები. თანაც არა დამოუკიდებლობის და თავისუფლების, არამედ კომუნიზმის ნოსტალგიიდან გამომდინარე.
        მკითხველს შევახსენებ, რომ ეს ის დანიელ ორტეგაა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ცენტრალურ ამერიკაში ანტიამერიკული «სოციალისტური რევოლუციის» განხორციელებას ცდილობდა და თავი გარეწარი ტროცკისტი პარტიზანის, ჩე გევარას შთამომავლად მიაჩნდა. გევარა კი იმითაა ცნობილი, რომ ამერიკას ებრძოდა და მთელი ამერიკული ესპანურენოვანი სამყაროს (ესე იგი სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის) საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევას ცდილობდა – ლევ ტროცკის იდეების შეასბამისად.
        ესე იგი იმაზე ოცნებობდა, რომ კამპუჩიის მსგავსად (სადაც კომუნისტებმა მოსახლეობის ორი მესამედი ამოწყვიტეს), ასეულობით მილიონი ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკში შეერეკა, ოღონდ კი «ამერიკული იმპერიალიზმისგან» გათავისუფლებულიყო.
        საბედნიეროდ მიზანს ვერსად მიაღწია კუბის გარდა. ხოლო კუბა რა დღეშიცაა ამჟამად – საყოველთაოდ ცნობილია: საკმარისია საზღვარი გაიხსნას და მოსახლეობის 95 პროცენტი (პარტიული ნომენკლატურისა და იქაური «კგბ»-ს გარდა) ფლორიდაში გაიქცევა. მარქსისტულ-ტროცკისტული იდეებით «ატანილი» დანიელ Oორტეგა, იმდროინდელი საბჭოთა კავშირის დახმარებით, ნიკარაგუას დაეუფლა, სამოქალაქო ომი გააჩაღა, ამ ომში, საბედნიეროდ, დამარცხდა, თუმცა მოსკოვის და ჰავანას მხარდაჭერით თავი გადაირჩინა. 25 წლის შემდეგ დემოკრატიის სისუსტეებით ისარგებლა და «დემოკრატიული არჩევნების» გზით ხელისუფლეაბში დაბრუნდა. ოღონდ უკვე არა რევოლუციის ლიდერის, არამედ ჩვეულებრივი პერზიდენტის სახით.
        ძველებურად ვეღარ «გრიმიტობს», ვეღარც «ჩე გევარობს» და პარალმენტში ოპოზიციის არსებობას ურიგდება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტისგან განსახვავებით, ნიკარაგუას პარლამენტს ჯერ არც აფხაზეთის დამოუკიდებლობა უცვნია და არც «სამხრეთ ოსეთისა».
        გასულ საუკუნეში, როდესაც რუსეთი კომუნისტური «დერჟავა» იყო, კომპარტიის «ცკ»-ს პირველი მდივნები, - ნიკიტა ხრუშჩოვი და ლეონიდ ბრეჟნევი ხშირად ჩადიოდნენ კუბაში, რომელსაც (სასაცილოა) «თავისუფლების კუნძულს» უწოდებდნენ. Gგადმოდგებოდა ხოლმე ნიკიტა სერგის ძე ან ლეონიდ ილიას ძე იქაური კომპარტიის მიერ მორეკილი საცოდავი ხალხის მიტინგზე და ბღაოდა: «ვივა კუბაააააა!!!!!».
        დღეს რუსებს თითქოს ძალიან უნდათ დასავლური სამყაროს ნაწილი გახდნენ, კაპიტალიზმიც შემოიღეს, პუტინის ძმაკაცი აბრამოვიჩი იახტას-იახტაზე ყიდულობს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იმ ეპოქის ნოსტალგია ღრღნით, როდესაც კომუნისტური ზესახელმწიფიო იყვნენ და არა ამერიკის მაჩანჩალა.
        ეს უბადრუკი კოკოით-ბაღაფში კი, ოღონდ ვინმემ მიიღოს, ვინმე დაეალპარაკოს, ოღონდ თავი «პრეზიდენტებად» იგრძნონ და ვეღარც ამჩნევენ, როგორ ეფლობიან წარსულის ჭაობში.
        დანიელ ორტეგა, მისი «სანდინისტური რევოლუცია» და ლათინოამერიკული «ანტიამერიკანიზმი» ხომ შორეული, საზიზღარი წარსულია. სულ მალე კუბაზეც ჩაძაღლდება ტრიცკისტულ-გევარული რეჟიმი. სხვა ლათინოამერიკული ქვეყნები კი სწრაფად ვითარდებიან: მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე ფინალში კინაღამ პარაგვაი და ურუგვაი შეხდნენ ერთამენთს, ბრაზილია სუპერთანამედროვე ავიალაინერებს ამზადებს და «ფარნბოროს» ბოლო ავიასალონზე «ბოინგსა» და ეერბასს» ღირსეული მეტოქეობა გაუწია.
        მართლაცდა, ინეტრნეტისა და ნანოტექნოლოგიების ეპოქაში რაღა დროს კომუნისტური მარაზმია? რაღა დროს დანიელ ორტეგა და ჩე გევარაა?» ბაღაფშსა და კოკოითს თვითონ არ უნდოდათ, მაგრამ ორტეგასთან ვიზიტი ძალაუნებურად იმის დემონსტრირებად აქციეს, რომ მათი ე.წ. «დამოუკიდებლობაც» წარსული, კომუნისტურ-იმპერიალისტური მარაზმის ნაყოფია და მეტი არაფერი..
       

2010