«შტაინმაიერის გეგმა» - ნულოვანი შანსი და ალიბი «ძველი ევროპისათვის»

«შტაინმაიერის გეგმა» - ნულოვანი შანსი და ალიბი «ძველი ევროპისათვის»

    ზუსტად იმ დროს, როდესაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ბერლინიდან გამოფრინდა, ფსკოვის საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფებმა დაიკავეს მამისონისა და როკის უღელტეხილები, ანუ თბილისიდან და სოხუმიდან ერთი სადესანტო «ნახტომის» მანძილზე განლაგდნენ.
    შტაინმაიერი წავიდა, მაგრამ ეს ქვედანაყოფები კავკასიონის უღელტეხილებიდან ფეხს არ იცვლიან, რაც თვით მოლაპარაკებებისა და შემდგომი პოლიტიკური პროცესებისათვის «საგულისხმო» ფონს ქმნის. მათ შორის გერმანული დიპლომატიისთვის, რაკი რუსეთის სარდლობას არც დაუმალავს, რომ ელიტური დივიზიის ქვედანაყოფთა მიზანია «დაიცვას რუსეთის სამშვიდობო ძალები და რუსეთის მოქალაქეები».
    თავისთავად «შტაინმაიერის გეგმას» გარკვეული პრეისტორია აქვს და უშუალოდ უკავშირდება ნატოს ბუქარესტის სამიტს.
    ამ სამიტზე, როგორც ცნობილია, უპრეცედენტოდ მწვავე კამათი გაიმართა «ძველ ევროპასა» და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის - უკრაინისა და საქართველოსათვის ნატოში გაწევრიანების «საგზაო რუქის» მინიჭების თაობაზე.
    «ძველი ევროპის» ფაქტობრივმა ლიდერმა – გერმანიამ - საქართველოსათვის MAP–ის მინიჭებაზე უარი კონფლიქტების არსებობით ახსნა. ნატოს წესდება კი მოითხოვს, რომ კანდიდატ ქვეყანას, როგორც მინიმუმ, ტერიტორიული თუ ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები მაინც არ უნდა ჰქონდეს.
    ის, რომ უარის სიღრმისეული მიზეზი სინამდვილეში «გაზპრომთან» გერმანელ პოლიტიკოსთა ერთობ «თბილი» დამოკიდებულება იყო, იოლი დასადასტურებელია, ვინაიდან სინამდვილეში ამ იმპერატიულ მოთხოვნას ნატოს წესდება სრულფასოვანი წევრობისთვის აწესებს და არა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ანუ კანდიდატს შეიძლება კიდეც ჰქონდეს ეს პრობლემები და იკისროს ვალდებულება, ისინი სრულფასოვან გაწევრებამდე მშვიდობიანად გადაჭრას.
    საქართველო ხომ სწორედ «კანდიდატის» სტატუსს ითხოვდა ბუქარესტში და არა წევრობას.
    მაგრამ ვაშინგტონის მოტივაციაში ბერლინსა და მოსკოვში არც თუ უსაფუძვლოდ შენიშნეს მცდელობა იმ «პოსტსაბჭოური წესრიგის» დანგრევისა, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა.
    ამ გეოპოლიტიკური კონფიგურაციის შესაბამისად კი (დღეს იგი შტოკმანის კოლოსალური საბადოდან წამოსული გაზის სიმხურვალითაა «შედუღაბებული»), დსთ-ს 11 ქვეყანა რუსეთის «გეოპოლიტიკური პრეროგატივის» სფეროში შემავალ სახელმწიფოებად ითვლებიან; ხოლო დასავლეთი მათ აკონტროლებს არა უშუალოდ, არამედ «რუსეთის ხელით» - «რუსეთის მეშვეობით». ესე იგი, დასავლეთი მოსკოვს ამ რეგიონებში სრულ კარტ-ბლანშს, რასაკვირველია არ მისცემს, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო-სტრატეგიულ ვითარებას (კონფლიქტები და ა. შ) აქ უპირობოდ აღიარებს კრემლის პრიორიტეტს.
    90-იან წლებში ოფიციალური თბილისი ამგვარ წესრიგს ურიგდებოდა, მაგრამ დღეს იგი უკვე მოძველებულად მიაჩნია, რასაც ბერლინსა და პარიზში ნამდვილად არ ეთანხმებიან.
    შესაბამისად, წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი «ძველ ევროპასა» და იმ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის, სადაც «ხავერდოვანი რევოლუციების» შედეგად ხელისუფლების სათავეში ვესტერნიზებული და ამბიციური ელიტები მოვიდნენ.

    სარწმუნო წყაროთა ცნობით, 25 ივნისს, ბერლინში შეხვედრისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირ უსაყვედურა ანგელა მერკელს, რომ ერთის მხრივ, იგი «კონფლიქტების გადაუწყვეტობას» ასახელებს უმთავრეს მიზეზად ნატოსკენ საქართველოს სვლის შესაფერხებლად, ხოლო მეორეს მხრივ თავად გერმანია (ზოგადად ევროპა) მხოლოდ სტატისტის როლს სჯერდება სამშვიდობო პროცესში და საქართველოს კონკრეტულად არაფერს სთავაზობს.  ამ სავსებით ლოგიკურ საყვედურს მრავალნაცადმა გერმანულმა დიპლომატიამ ერთობ მახვილგონივრული სვლით უპასუხა: კანცლერმა მერკელმა ვიცე-კანცლერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა შეემუშავებინა კონკრეტული გეგმა კონფლიქტის გადაწყვეტისა და გაემართა მოლაპარაკება კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან. მაშასადამე, რასაკვირველია, არა მხოლოდ თბილისთან და სოხუმთან, არამედ მოსკოვთანაც.
    იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა პოზიციები აბსოლუტურად შეუთავსებელია, გეგმა რა თქმა უნდა «ჩავარდება» (რაც ბერლინში წინასწარვე შესანიშნავად უწყიან), მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მერკელი ერთდროულად რამდენიმე კურდღელს კლავს:
    პირველ რიგში, კანცლერი მერკელი ეძებს არგუმენტს დეკემბრის სამიტზე საქართველოსთვის კვლავ უარის სათქმელად. ანუ გერმანია ერთის მხრივ იძენს გარკვეულ უპირატესობას ჯორჯ ბუშის მიმართ, რომელსაც (ამ მომენტს მივაქციოთ ყურადღება) არანაირი კონკრეტული გეგმა პრობლემის გადაწყვეტისა, მისგან განსხვავებით, არ წამოუყენებია; გარდა ამისა, საქართველოსაც ერთმევა არგუმენტი, რომ «ბერლინი ერთის მხრივ უარს გვეუბნება MAP-ზე, ხოლო თავად არ ცდილობს დაგვეხმაროს პრობლემის გადაჭრაში».
    ამაზე ქალბატონი ანგელა ხელებს ნაზად გაშლის: «რა ვქნა, ძვირფასო ქართველებო, ძალიან დიდ პატივს გცემთ იმისათვის, რომ ერთმა ქართველმა ააგო ბერლინის კედელი, ხოლო მეორემ დაანგრია, მაგრამ თუკი თქვენ და აფხაზები, ჩვენი ძალისხმევის და კონკრეტული წინადადებების მიუხედავად, საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებთ, აბა რა ჩვენი (ევროპელების) ბრალია?!».
    მეორე მხრივ კი, გერმანია კვლავ და კვლავ უდასტურებს რუსეთს ლოიალობას ამ საკითხში, ანუ პოსტსაბჭოურ სივრცეზე მოსკოვის პრეროგატივის აღიარებაში! შტაინმაიერი საქართველოში ჩამოსვლამდე ლავროვს ესაუბრა; თბილისსა და გალში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კი კვლავ მოსკოვს გაემგზავრა; რუბლიოვ-უსპენსკის შოსსეზე მდებარე რესტორან «ხარჩევნაში» შეხვედრის შემდეგ (საუბრის ადგილი მნიშვნელოვანი დიპლომატიური დეტალია) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოი საოცრებავ, მოულოდნელად განაცხადა, რომ . . . . «შტაინმაიერის გეგმა რუსეთისათვის სავსებით მისაღებია.... დეტალები დასაზუსტებელია, მაგრამ მოსაწონია კონცეფცია პრობლემის ეტაპობრივი გადაწყვეტისა».
    დავიმახსოვროთ ეს თითქოსდა უცნაური განცხადება და დავუბრუნდეთ თვით «შტაინმაიერის გეგმას». იგი ითვალისწინებს პრობლემის გადაჭრას სამ ეტაპად:
    1) თავდაუსხმელობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა და აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ლტოლვილთა დაბრუნების დაწყება;
    2) აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაცია დასავლური გრანტების მეშვეობით
    3) აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა.

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. «ძალის გამოუყენებლობის» ვალდებულება, საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით იმასაც ნიშნავს, რომ ამით საქართველო აღიარებს მისი სუვერენიტეტის არარსებობას აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვინაიდან «ძალის გამოუყენებლობა» მხოლოდ არმიის გამოუყენებლობას კი არ ნიშნავს, არამედ იურისდიქციაზე უარის თქმასაც – ანუ სამართლებრივი სისტემების, - პროკურატურის, პოლიციის და ა.შ.
    რამდენიც არ უნდა ვიძახოთ შემდეგ, რომ ჩვენ ამას არ ვგულისხმობდით (როგორც 1992-1993 წლებში ვიძახდით) – სწორედ ასე აღიქმება მსოფლიოში;

    თუმცა, ამ კონტექსტში ესეც კი არ არის ყველაზე Mმთავარი.
    სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ GHN-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ «აფხაზეთი მზად არის განიხილოს «შტაინმაიერის გეგმა» მას შემდეგ, რაც საქართველო გაიყვანს ყველა შეიარაღებულ ფორმირებას (და არა მხოლოდ საჯარისო თუ საპოლიციო ნაწილებს!) კოდორის ხეობიდან.»
    სერგეი შამბას თქმით «ამის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით დავიწყოთ მოლაპარაკება შტაინმაიერის გეგმის განხილვის ფორმატისა და პირობების შესახებ, რაკი ამ გეგმაში, განსხვავებით გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის, დიტერ ბოდენის ადრინდელი პროექტისგან, არც ერთხელ არ არის ნახსენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო «სტატუსის» საკითხი განხილული იქნება არა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის გარკვევის, არამედ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით».
    საგულისხმოა, რომ სეპარატისტებს ამაში განსაკუთრებით ვერც შეედავები, რაკი «სტატუსის განსაზღვრა» ერთობ ფართო ცნებაა - «სტატუსია» საქართველოს ფედერაციის სუბიექტობაც და «სტატუსია» გაეროს წევრობაც. ორივე შემთხვევაში «სტატუსის განსაზღვრასთან» გვაქვს საქმე.
    იმავდროულად, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თემურ იაკობაშვილმა GHN-ს განუცხადა, რომ «ის, რაც მოსწონს შამბას, ჩვენ არ მოგვწონს და პირიქით; ჩვენ მოვითხოვთ ლტოლვილთა დაბრუნების კონკრეტული ვადისა და არეალის განსაზღვრას, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ბედის გადაწყვეტას და აფხაზეთში დაბრუნებული ლტოლვილების უსაფრთხოების საერთაშორისო (მათ შორის ძალისმიერ) გარანტიებს».
    იგულისხმება ევროკავშირის მიერ კოსოვოში ახლახანს დაწყებული «სამოქალაქო-საპოლიციო» ოპერაცია, რაზეც ევროკავშირის წარმომადგენელმა - პიტერ სემნებიმ - შტაინმაიერის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე(!) პირდაპირ განგვიცხადა, რომ «ევროკავშირს აფხაზეთში ამგვარი მისიის განხორციელების რესურსი და საშუალება არ გააჩნია».
    «სურვილზე» ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
    თემურ იაკობაშვილმა სააგენტოს აგრეთვე განუმარტა, რომ «შტაინმაიერის გეგმა, თავისთავად, ცალკე აღებული, არ შეიძლება იქცეს საფუძვლად კონფლიქტის გადაწყვეტისათვის, თუ არ მოხდება მისი ინტეგრაცია სხვა სამშვიდობო გეგმებთან»
    მაშ საერთოდ რაზეა საუბარი?
    ახლა კი დავუბრუნდეთ ლავროვის მიერ «შტაინმაიერის გეგმის» თითქოსდა უცნაურ მხარდაჭერას, რაც დადასტურებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
    ლავროვის თქმით, «მეგობარი ფრანკ-ვალტერის» გეგმაში ყველაფერი მოსწონს - ლტოლვილთა დაბრუნების გარდა, «რაც აბსოლუტურად არარეალურია».
    აბა რა მოსწონს? – მოსწონს თვით კონცეფცია, ანუ ეტაპობრიობა!
    რუსული დიპლომატია, 1994 წლიდან დაწყებული, სწორედ ამგვარ უპერსპექტივო კონცეფციას გვთავაზობს. ანუ სამშვიდობო გეგმის სამივე ეტაპის განხილვას («თავდაუსხმელობის ხელშეკრულება; ეკონომიკური რეაბილიტაცია; სტატუსის განსაზღვრა) არა «პაკეტში», არამედ განცალკევებულად, ერთმანეთთან დაუკავშირებლად, - პირველი-მეორე ეტაპის შემდეგ მესამის დაწყების იურიდიული გარანტიების გარეშე.
    ზუსტად ასეთ მოდელს გვთავაზობენ «სამხრეთ ოსეთის» შემთხვევაშიც.
    მაშასადამე, პრობლემის «გულანი» და «ლაკმუსის ქაღალდი» ისევ და ისევ ლტოლვილებია, ხოლო ამ საკვანძო საკითხში ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეთა პოზიცია აბსოლუტურად ურყევი.
    მით უმეტეს, რომ 1994 წელს მოსკოვში ხელმოწერილი «საბაზო დოკუმენტი» ითვალისწინებს ლტოლვილთა დაბრუნებას მხოლოდ გალის რაიონში და არა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე..
    დავაკვირდეთ: შტაინმაიერთან სეპარატისტთა ლიდერების შეხვედრაც რატომღაც სწორედ გალში გაიმართა. ეს არ შეიძლება იყოს შემთხვევითი, რაკი სულ მცირე ხნის წინ ხავიერ სოლანას მათ სოხუმში უმასპინძლეს და არა გალში.
    რისი თქმა უნდოდათ სეპარატისტებს ამ დიპლომატიური ქარაგმით? იმის ხომ არა, რომ ერთადერთი რეალური გეგმა, რომელიც კიდევ შეიძლება განიხილონ, იქნება გალის რაიონის (ისტორიული სამურზაყანოს) გადაცემა საქართველოსათვის – აფხაზეთის დანარჩენი ტერიტორიის სრული დამოუკიდებლობის აღიარების პირობით?!
    თუ ასეა, მაშინ რეალობისა და «შესაძლებლის აღქმის» უნარი სეპარატისტებსაც დაუკარგავთ.