შოთა კვირაიას იდუმალი სვლა

შოთა კვირაიას იდუმალი სვლა

        საქართველოს ყოფილი უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, შოთა კვირაიას ამასწინანდელი მოულოდნელი განცხადება «ეროვნული უშიშროების საბჭოს» წევრის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ, სინამდვილეში, «მოულოდნელი» სულაც არ ყოფილა.
        მინისტრობიდან სკანდალურად გადაყენებული კვირაიასათვის «უშიშროების საბჭო» ნამდვილად ვერ იქცა მორალურ ან (მით უმეტეს) პოლიტიკურ «ამორტიზატორად».
        როგორც ჩანს, ერთადერთი ფუნქცია, რაც კვირაიას ეკისრებოდა, სამეგრელოში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან ურთიერთობა და მათი «დაშოშმინება» (რუსულად – უმიროტვორენიე) იყო.
        მაგრამ ასეთი სახელმწიფოებრივი «მისია» კვირაიას სულაც არ ეპიტნავა – მით უმეტეს, რომ მოსკოვიდან გაცილებით მეტს სთავაზობდნენ.. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მოსკოვის სამიტის წინ «დაირხა ხმები», რომ სწორედ კვირაიას ნიშნავდნენ თანამეგობრობის ფარგლებში შექმნილი «ერთობლივი ანტიტერორისტული» ცენტრის ხელმძღვანელად.
        ეს ჭორები თითქოს არ გამართლდა ამჯერად, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინმა ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა ნამდვილად შესთავაზა კოლეგებს. შესაძლოა, კონკრეტულ პიროვნებამდე საქმე (ჯერჯერობით) იმიტომ არ მივიდა, რომ თვით «ანტიტერორისტული ცენტრის» შექმნა გადაიდო აპრილის სამიტამდე. შოთა კვირაიას სახელი კი კრემლის კულუარებში თვით სამიტის დროს ჟღერდა.
        ახლა კი დავაკვირდეთ, რა მოტივით ახსნა თვით კვირაიამ საკუთარი «გადადგომა». მან შესანიშნავად იცოდა, რომ, ჯერ ერთი, ეს წმინდა სიმბოლური ნაბიჯი იქნებოდა და დიდ ხმაურს გამოიწვევდა ქართულ მასმედიაში.
        გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრობა მოსკოვში პოზიციათა განმტკიცებაში ხელს შეუშლიდა. შოთა კვირაიას მოტივი კი (გარეგნულად) ასე გამოიყურება: «გარკვეული ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ედუარდ შევარდნაძეს, რათა გაატაროს «პრორუსული კურსი», რის გამოც (თურმე ნუ იტყვით) რუსეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, ვლადიმერ პუტინს გაუჭირდება დაგვეხმაროს აფხაზეთის დაბრუნებაში».
        მე, პირადად არ მჯერა, რომ თვით შოთა კვირაია ასეთი პრიმიტიული კატეგორიებით აზროვნებდეს. «აფხაზეთის დაბრუნებაში რუსეთის დახმარება» არის ზღაპარი, განურჩევლად იმისა, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი და რა პოლიტიკას გაატარებს იგი.
        შევარდნაძისაგან განსხვავებით, ჰეიდარ ალიევი ბოლომდე «მართლმორწმუნე კომუნისტი» იყო, ხოლო აზერბაიჯანმა (განსხვავებით სომხეთისაგან) «სამოკავშირეო ხელშეკრულების» ხელმოწერაზე თანხმობა განაცხადა; მიუხედავად ამისა, რუსეთი მხარს სომხეთს უჭერდა და უჭერს, უეჭველად კვლავაც დაუჭერს.
        შოთა კვირაიას სამი წელი ჰქონდა საიმისოდ, რათა მოსკოვში აფხაზეთის დაბრუნება «ჩაეწყო», მით უმეტეს, იმ პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ ედუარდ შევარდნაძის მითითებით და თანხმობით (სხვაგვარად ეს არ მოხდებოდა) საქართველოს პარლამენტმა მოახდინა რუსეთ-საქართველოს «ჩარჩო ხელშეკრულების რატიფიცირება», ხოლო მანამდე საქართველომ დადო 5-წლიანი ხელშეკრულება რუსეთის სამხედრო ბაზების თაობაზე.
        როგორც ჩანს, საქმე გვაქვს სხვა «თამაშთან», რომელშიც შოთა კვირაიას თოჯინის როლს უფრო ასრულებს. მოსკოვი კარგა ხანია ეძებს ისეთ ფიგურას, რომელიც (ნებსით თუ უნებლიეთ) შეძლებს სამეგრელოში «განსაკუთრებული სუბიექტის» როლისა და ფუნქციის შესრულებას.
        თუ გახსოვთ 1992-1993 წლებშიც გამოჩნდა ასპარეზზე ვინმე «კოლხი» (ლიოზნოვას ფილმის «გაზაფხულის 17 გაელვების» კონსულტანტი), რომელიც, საბედნიეროდ, მალევე გააპანღურეს ჩრდილოეთისაკენ.
        ყველაფრის მიუხედავად, კრემლი შესაბამის მცდელობას არ წყვეტს და არც შეწყვეტს, ვინაიდან საქართველოში ეს მისი უკანასკნელი კოზირია. სხვა ყველა კოზირი უკვე გამოყენებული აქვს. შოთა კვირაია განსაკუთრებული გამჭრიახობით არ გამოირჩევა და სავსებით შეიძლება შეასრულოს «ბრმა იარაღის» ფუნქცია - კაკო ელიავა მას დიდ პატივს სცემს.

მერიდიანი, 2 თებერვალი, 2000 წელი