შეტევა სერბეთზე

შეტევა სერბეთზე

 

        ოთხშაბათს, ზუსტად დათქმულ დროს, ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის წევრმა ქვეყნებმა (უპირველესად, რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა) პირველი იერიში მიიტანეს იუგოსლავიის სამხედრო ბაზებზე როგორც კოსოვოში, აგრეთვე საკუთრივ სერბეთის ტერიტორიაზე.
        დარტყმა განხორციელდა ჯერ ადრიატიკის ზღვაში დისლოცირებული გემებიდან, «ტომაჰავკის» ფრთოსანი რაკეტებით, მოგვიანებით იტალიის სამხედრო ბაზებიდან აფრენილმა ავიაგამანადგურებლებმა დაბომბეს სერბთა პოზიციები, შემდეგ  «სტელსის» ტიპის F-52 ავიაგამანადგურებლებმა მიაღწიეს ხმელთაშუა ზღვას და გაუშვეს რაკეტები, სულ ბოლოს კი თვით ამერიკის შეერთებული შტატებიდან აფრენილმა ზემძიმე, უახლესმა ბ-2 (სტელს) ბომბდამშენებმა დაატეხეს რისხვა თავს იუგოსლავიის სამხედრო ობიექტებს.
        პირველი დარტყმის მიზანი იყო იუგოსლავიის რადარული მოწყობილობების, მთლიანად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და სარაკეტო დანადგარების მწყობრიდან გამოყვანა. თუ სლობოდან მილოშევიჩი გაჯიუტდა და მაინც არ მოაწერა ხელი ულტიმატუმს, რომელიც ითვალისწინებს ნატოს ჯარების განლაგებას კოსოვოში - ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად სერბი ნაცისტებისაგან, - მაშინ დაბომბვა გაგრძელდება უფრო დიდი მასშტაბებით.
        ფაქტობრივად, დასავლეთი სჯის სერბეთს არა მხოლოდ კოსოვოში მოწყობილი გენოციდის, არამედ ბოსნიასა და ხორვატეთში მოწყობილი სასაკლაოსთვის. «მშვიდობიან მოსახლეობას» შორის მსხვერპლით სერბები ვერავის აუჩუყებენ გულს, ვინაიდან სარაევოსა თუ კოსოვოში, ისინი წლების განმავლობაში დაუსჯელად ჟლეტდნენ იმავე მშვიდობიან მოსახლეობას.
        დაწყებული სამხედრო აქციის ისტორიული მნიშვნელობა (ჭეშმარიტად «საინტერესო დროში ვცხოვრობ» თუმცა, ბრძნული ჩინური წყევლის შესაბამისად: «დაე, გეცხოვროს საინტერესო დროში» - ავტ.) იმითაც გამოიხატება, რომ ეს არის პირველი ორგანიზებული სამხედრო აქცია ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, - დასავლეთის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.
        რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, - ეს არის პირველი სამხედრო აქცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობს გერმანია, რაც, რასაკვირველია, სერბებისათვის განსაკუთრებით მტკივნეული იქნება; მით უმეტეს, თუ კოსოვოში განხორციელებულ ოპერაციაში მომდევნო ეტაპზე თურქეთიც მიიღებს მონაწილეობას.
        1389 წლის «კოსოვოს ბრძოლა» სერბთათვის იგივეა, რაც ქართველებისათვის დიდგორის ბრძოლა; ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სერბები მაშინ დამარცხდნენ და საბოლოო ჯამში, ახლაც უეჭველად დამარცხდებიან. ნატო გასრესს სერბეთის არმიას მიუხედავად იმისა, რომ ეს არმია საბჭოთა წარმოების იარაღითაა აღჭურვილი.
        ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო, შექმნილ ვითარებაში, მიმდინარე პროცესის პოლიტიკური ასპექტია. დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სამხედრო აქციას აღფრთოვანებით შეხვდნენ «პოსტსაბჭოური სივრცის» სეპარატისტები. მაგალითად, არძინბა, ზოგიერთი სიმპტომით, კმაყოფილებას ვერ მალავს. ისევე, როგორც ყარაბაღელი სომხები, ჩეჩნები, თათრები (რუსეთში) და ა.შ. ისინი ერთმნიშვნელოვნად აღიქვამენ მომხდარს; მათი აღქმით, ამერიკა ეხმარება პატარა ხალხს (ალბანელებს) რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისათვის. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიცა და ევროპის ქვეყნებიც არღვევენ სახელმწიფოთა სუვერენულობის პრინციპს, მაგრამ ისინი ადასტურებენ, რომ როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა დაცვას, - «სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში» ჩარევა დასაშვებიცაა და აუცილებელიც.
        მეორე მხრივ, ნამდვილად ამაზრზენია რუსი პოლიტიკოსების პროტესტები «სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევისა და აშკარა აგრესიის» გამო მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე წლის წინ ყველაფერს აკეთებდნენ სეპარატისტთა მხარდაჭერისა და საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას დანაწევრებისათვის. რასაკვირველია, ისინი მოქმედებდნენ, მოქმედებენ და კიდევაც იმოქმედებენ «ორმაგი სტანდარტით». ერთი სტანდარტი - საქართველოსთვის, მეორე სტანდარტი - სერბეთისათვის.
        მიუხედავად ზემოთთქმულისა, სერბეთის მოვლენების შეფასებისას საქართველოს დიდი სიფრთხილე მართებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროპაშიც და მთელ მსოფლიოშიც მთელი ძალით ამოქმედდა «კლინტონის დოქტრინა», რომლის შესაბამისად, დასავლეთი არ მოითმენს ძალადობას და ომს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მით უმეტეს, ევროპაში.
        სერბეთის განადგურება აუცილებელი გახდა სწორედ იმიტომ, რომ სერბეთი ევროპაში არსებული სამხედრო ბალანსის ძველი, სტალინური სისტემის უკანასკნელი ნამსხვრევია. სერბეთის დამარცხებით ეს სისტემა საბოლოოდ აღმოიფხვრება ევროპის კონტინენტიდან და აი, მაშინ უკვე ნამდვილად დადგება «პოსტსაბჭოური» სივრცის ჯერი.
        აფხაზეთის ან «სამხრეთ ოსეთის» პრობლემათა ძალით გადაწყვეტის საშუალებას ჩვენ დასავლეთი არ მოგვცემს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, თუ საქართველო დააყენებს საკითხს რუსი «მშვიდობისმყოფელების» გაეროს სამშვიდობო ძალებით ჩანაცვლების შესახებ, ეს უკვე შესაძლებელი გახდება; ყოველ შემთხვევაში, სერიოზულად განიხილება.
        კიდევ ერთი ასპექტია რუსეთის რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე. სერბეთის დაბომბვა უეჭველად ადასტურებს, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, დაადგა დეგრადაციის გზას და მას ანგარიშს აღარავინ უწევს. რუსული ტელეარხით წამყვანი ეკითხებოდა ტელემაყურებლებს: რას იტყვით, პროტესტის ნიშნად ამერიკულ საქონელს ჩვენს ბაზარზე ბოიკოტი ხომ არ გამოვუცხადოთო, ერთ-ერთმა ტელემაყურებელმა ვეღარ მოითმინა: კი ბატონო, მაგრამ ჩვენ რაღა ვჭამოთო. რას მოესწრო სტალინის სახელმწიფო!
        მართლაც, ქვეყანა, რომელიც უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისშია, განსაკუთრებულ «გეოპოლიტიკურ გავლენაზე» პრეტენზიას ვეღარ განაცხადებს.
        ევგენი პრიმაკოვს უკვე ლანძღავენ იმის გამო, რომ მან თვითმფრინავი შემოატრიალებინა ატლანტიკის თავზე და ვაშინგტონში აღარ დაჯდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან მოლაპარაკების გასამართავად ახალი კრედიტების გამოყოფის თაობაზე.
        თუ სავალუტო ფონდმა უახლოეს მომავალში არ გამოუყო რუსეთს დამატებითი კრედიტი, - რუსეთის ეკონომიკას სრული კატასტროფა ელის. ასეთ პირობებში განსაკუთრებულად «ამაყი» და «აგრესიული» საგარეო პოლიტიკის გატარება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. არ დაიჯეროთ, თითქოს რუსეთი გაბედავს (სერბეთის დაბომბვის პასუხად) ატომური იარაღი მიაწოდოს ირანსა და ერაყს, - ეს გამორიცხულია, ვინაიდან ამ შემთხვევაში დასავლეთი ყოველგვარ ურთიერთობას გაწყვეტს მოსკოვთან ანუ რუსეთი ეკონომიკური კრიზისის ჭაობში ჩაიხრჩობა.
        გუშინ მოსკოვში გაიხსნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყანათა თავდაცვის მინისტრების შეკრება. რუსეთის თავდაცვის მინისტრი აპირებს შესთავაზოს კოლეგებს, მიიღონ მკაცრი განცხადება ნატოს საწინააღმდეგოდ, რასაც, ყოველ შემთხვევაში, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეთანხმოს.
        ის, რომ ნატო სეპარატისტებს ეხმარება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, თითქოს რუსეთი აღარ დაეხმარება აფხაზ ან ოს სეპარატისტებს, - საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ რუსეთის პოზიციის გაზიარება უდიდესი სიბრიყვე იქნებოდა; რამდენიც უნდა იხტუნონ მოსკოვში, ისინი სულ მალე დადგებიან ფაქტის წინაშე, - ნატოს გაფართოება გაგრძელდება და ამ პროცესში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც ჩაერთვებიან.
        ნურავინ მოტყუვდება იმ გარემოებით, რომ უკრაინამ გააუქმა «უბირთვო სტატუსი». ამ შემთხვევაში ნატოს მოქმედება მხოლოდ საბაბია, ხოლო უკრაინა ატომ-ბირთვული იარაღის წარმოებას აპირებს სწორედ რუსეთის საწინააღმდეგოდ და არა დასავლეთისა, რომელიც მას არაფრით ემუქრება.
        ყველაზე სამწუხარო (მთელ ამ ისტორიაში) ის გახლავთ, რომ ნატოს დარტყმებმა სერბეთზე საბოლოოდ გვაუწყა: საქართველომ, როგორც ჩანს, სამუდამოდ დაკარგა აფხაზეთი! რომც მოიკრიბოს ქვეყანამ ძალა და რომც შესწევდეს უნარი აფხაზეთის პრობლემის ძალით გადაწყვეტისა, - ამის უფლებას არ მოგვცემენ - არ მოგვცემს ამის უფლებას და საშუალებას არა მხოლოდ რუსეთი არამედ დასავლეთიც.
        აქედან გამომდინარე, თუ რამეს გადარჩენა კიდევ შეიძლება, - ეს უნდა ვცადოთ მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებით.
        ერთადერთი ალტერნატივა იყო ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა ანუ პარტიზანული მოძრაობა, მაგრამ არც იმ მოსახლეობას და არც მთელ ქვეყანას საამისო შნო არ აღმოაჩნდა.

7 დღე, 26 მარტი, 1999 წელი