შეტევა ზუგდიდზე

გასულ კვირას უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა სამთავრობო ჯარების «ელვისებური შეტევა» ზუგდიდზე ერთდროულად ორი მიმართულებით და ქალაქის დაკავება მათ მიერ. ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ძალები ზუგდიდში არც შესულან. ისინი «მხედრიონის» ნაწილებთან ერთად ქალაქის შორიახლოს განლაგდნენ. თვით ქალაქში კი მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები გააკონტროლებენ ვითარებას, რაც სავსებით საკმარისია ამ ქალაქში საქართველოს იურისდიქციის აღსადგენად. ამგვარი დისპოზიციის მიზეზი საკმაოდ ნათელია, თუ სენაკის «მარადიორულ გამოცდილებას» გავითვალისწინებთ. ზუგდიდი, მადლობა ღმერთს, უბრძოლველად, უმსხვერპლოდ იქნა დაკავებული და ეს უდავოდ ხელისუფლების დიდი გამარჯვებაა, რადგან მასშტაბური სისხლისღვრა ამ ქალაქში საქართველოს სრული და საბოლოო კრახით დასრულდებოდა.

შეტევა ზუგდიდზე

    გასულ კვირას უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა სამთავრობო ჯარების «ელვისებური შეტევა» ზუგდიდზე ერთდროულად ორი მიმართულებით და ქალაქის დაკავება მათ მიერ.
   
ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ძალები ზუგდიდში არც შესულან. ისინი «მხედრიონის» ნაწილებთან ერთად ქალაქის შორიახლოს განლაგდნენ. თვით ქალაქში კი მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები გააკონტროლებენ ვითარებას, რაც სავსებით საკმარისია ამ ქალაქში საქართველოს იურისდიქციის აღსადგენად. ამგვარი დისპოზიციის მიზეზი საკმაოდ ნათელია, თუ სენაკის «მარადიორულ გამოცდილებას» გავითვალისწინებთ.
   
ზუგდიდი, მადლობა ღმერთს, უბრძოლველად, უმსხვერპლოდ იქნა დაკავებული და ეს უდავოდ ხელისუფლების დიდი გამარჯვებაა, რადგან მასშტაბური სისხლისღვრა ამ ქალაქში საქართველოს სრული და საბოლოო კრახით დასრულდებოდა.
   
აქ ჩნდება სავსებით ლოგიკური კითხვა: როგორ მოხდა, რომ ექსპრეზიდენტმა, სენაკისათვის გამართული სისხლისმღვრელი, გააფთრებული ბრძოლების შემდეგ, ესოდენ იოლად დათმო თავისი უკანასკნელი დასაყრდენი?
   
ერთი რამ ცხადია: ხობში, სენაკსა და მარტვილში ქობალიას ფორმირებები არ განადგურებულან. მათ შეძლეს უკან დახევა - ზუგდიდის მიმართულებით. მოვლენების შემდგომი მსვლელობა გვაფიქრებინებს, რომ მიღწეულია გარკვეული შეთანხმება, რომლის ძალითაც, ზუგდიდში შევიდნენ მხოლოდ პოლიციელები, სამაგიეროდ გამსახურდიას მომხრეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ვინ და რა ძალები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, ძნელი სათქმელია. თუმცა, არ არის გამორიცხული, აქ კეთილისმყოფელად ემუშავა პრემიერ-მინისტრ ფაცაციას ფაქტორს.
   
მეორე კითხვა: სად გაქრა თვით ექსპრეზიდენტი და, რაც მთავარია, მისი ათასობით შეიარაღებული მომხრე - თავიანთი საბრძოლო ტექნიკით? საქართველოს საინფორმაციო წყაროები ამტკიცებენ, რომ ისინი აფხაზეთში გადავიდნენ და გამაგრდნენ აჩიგვარაში, გალის მახლობლად. მაგრამ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით კატეგორიულად უარყოფს. არძინბას განცხადებით, ენგური მკაცრად კონტროლდება. მათ არ შეუნიშნავთ და რომც შეენიშნათ, არავის შეუშვებდნენ აფხაზეთში.
   
რამდენად სარწმუნოა ეს განცხადება, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ზვიად გამსახურდია, როგორც ძლიერი «დესტაბილიზატორი», ფასდაუდებელი ფიგურაა ვლადისლავ არძინბასათვის, მაგრამ, ამავე დროს, ეს უკანასკნელი არ უნდა იყოს დაინტერესებული ქობალიას შეიარაღებული ფორმირებების კონცენტრაციით გალის ტერიტორიაზე.
   
გუდაუთის დაჯგუფებას სურს, დააფიქსიროს საზღვარი საქართველოსა და აფხაზეთს შორის მდინარე ენგურზე. პრეზიდენტყოფილის მომხრეებსა და სამთავრობო ჯარებს შორის სამურზაყანოში საბრძოლო მოქმედებების გაშლა აღარ მისცემს სეპარატისტებს ამ პოლიტიკური რეალობის მყარად ფიქსირების საშუალებას.
   
ამას კი მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მათ შესანიშნავად იციან, რომ საქართველოს ენგურთან ვერ შეაჩერებენ. ამიტომ სურთ, მომავალ ახალ კონფლიქტს კვლავ «ქართული ჯარების» აგრესიის სახე მისცენ და კიდევ ერთხელ მოგვიგონ პროპაგანდისტული ომი.
   
გამსახურდია და მისი მომხრეები კი, როგორც ჩანს, იატაკქვეშეთში აპირებენ გადასვლას. არ არის გამორიცხული, პრეზიდენტყოფილი თვით ზუგდიდში იმალებოდეს რომელიმე «კონსპირაციულ» ბინაში. ამოდენა ქალაქში მისი პოვნა არც ისე ადვილი იქნება, მაგრამ ეს აუცილებელია, თუ გვინდა, ბოლოს და ბოლოს, დამთავრდეს სამოქალაქო ომი. რაც შეეხება მის შესაძლო გაპარვას ჩეჩნეთში, წესით მან ეს ვერ უნდა შეძლოს, რადგან ყველა გზა (მათ შორის საჰაერო) ალბათ უკვე დახშულია.
   
რუსეთი კი, რომელიც კვლავ ბრწყინვალედ იყენებს ჩვენს შიდა არეულობას, სულ უფრო ამყარებს თავის ისედაც მყარ პოზიციებს რეგიონში. რუსი საზღვაო ფეხოსნები უკვე აკონტროლებენ ფოთს. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფუნდამენტური დოქტრინიდან გამომდინარე, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ესეც ხომ ფაქტია: რუსი მედესანტენი არ იყაჩაღებენ მაინც და მოსახლეობას არ ააწიოკებენ.
   
თუ ისინი დასავლეთ საქართველოში მტკიცე «წესრიგს» დაამყარებენ, სხვადასხვა ბანდიტური ხროვის მიერ შეწუხებულ საქართველოს მოსახლეობას შეიძლება გაუჩნდეს დაუოკებელი სურვილი - ამ ჯარებმა მთელი საქართველოს ტერიტორიაც გააკონტროლონ. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია, დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ქმედითი ზომები დისციპლინირებული, მკაცრ ერთმმრთველობაზე დაფუძნებული არმიის შესაქმნელად, რომლის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს. თუ ქართველ ხალხს ამის უნარი არ გააჩნია, მაშინ უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ მუდამ სხვა სახელმწიფოს ნაწილი ვიქნებით. ამის გაკეთება მით უმეტეს უპრიანია, თუ გავითვალისწინებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა საერთო კონტექსტს.
   
გასულ კვირას, კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციისა და ყუბანის გუბერნატორის ბრძანებით, მთლიანად ჩაიკეტა რუსეთ-საქართველოს საზღვარი მდინარე ფსოუზე. ამას გუდაუთის დაჯგუფების მწვავე რეაქცია მოჰყვა. არძინბამ რამდენჯერმე მიმართა თხოვნით როგორც კრასნოდარის ხელისუფლებას, ასევე რუსეთის მთავრობას, გაეუქმებინა სასაზღვრო რეჟიმი, მაგრამ ამაოდ.
   
ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ის არ არის, რომ რუსეთი განრისხებულია აფხაზური მხარის მიერ ქართველთა გენოციდის ფაქტით და სოჭის ხელშეკრულების თავხედური დარღვევით. ეს მხოლოდ საბაბია. ჭეშმარიტი მიზეზი კი კრემლსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის ურთიერთობათა სულ უფრო და უფრო მეტად დაძაბვაში უნდა ვეძებოთ. ელცინმა ძალზე რადიკალური ნაბიჯი გადადგა, როდესაც მომავალი ახალი კონსტიტუციიდან მთლიანად ამოიღო ფედერაციული ხელშეკრულება და დებულება რესპუბლიკათა «სუვერენიტეტის» შესახებ. ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკური ელიტებისათვის ეს უაღრესად მტკივნეული დარტყმაა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ თანდათანობით შეძლებენ რუსეთში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებას ან, ყოველ შემთხვევაში, ჩრდილოეთ კავკასიაზე მისი გავლენის ბლოკირებას მაინც.
   
.. «კონფედერაციის» ლიდერები თვით რუსეთის კონფედერაციის ან მისი «თანამეგობრობად» ტრანსფორმირების გეგმასაც კი ამუშავებენ. მაგრამ ხაზბულატოვის განადგურებისა და ელცინის მიერ ფაქტობრივად ძალაუფლების გაპიროვნების შემდეგ, შეჯახება გარდაუვალი გახდა.
    «
კონფედერაციის» ლიდერებს განზრახული აქვთ კავკასიაში მომავალი «დიდი აჯანყების» პლაცდარმად აფხაზეთი აქციონ, რომელიც არ შედის რუსეთის შემადგენლობაში.
   
სწორედ ამიტომ ხორციელდება აფხაზეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები. და თუ არძინბა გონს არ მოეგება (იგი ახლა გამარჯვების ეიფორიაში იმყოფება), რუსეთი მასაც გაანადგურებს, ოღონდ ქართველების ხელით.
   
ვლადისლავ არძინბა, მიუხედავად მისი მძვინვარე ფანატიზმისა, მაინც რაციონალისტად რჩება. ამიტომ, იგი უეჭველად გაუწევს ანგარიშს პოლიტიკურ რეალობას.
    «
ივერია-ექსპრესი», 9 ნოემბერი, 1993 .