«შერიგების» ინიციატორები სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

«შერიგების» ინიციატორები სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

     

        მას შემდეგ, რაც «დეკემბერ-იანვრის» მოვლენათა შეფასების მთავარი ინიციატორი, სახალხო დამცველი დავით სალარიძე ზვიადისტებმა გააცურეს და ოფისში შიმშილობა გამოუცხადეს, ცხადი შეიქმნა, რომ ე.წ. «დეკემბერ-იანვრის შეფასების» თემა ქართულ პოლიტიკაში მორიგ ტრაგიკომედიად გადაიქცევა.
        ამის მიზეზი კი, უპირველეს ყოვლისა, მხარეთა კვლავინდებური შეურიგებლობაა, ვინაიდან ფაქტია (ამ ფაქტს ვეღარაფერი შეცვლის), რომ ერთი მათგანი გამარჯვებულია, ხოლო მეორე - დამარცხებული.
        აბსოლუტურად შეუძლებელია სამოქალაქო ომში დამარცხებულმა და გამარჯვებულმა მხარეებმა ერთნაირად შეაფასონ, ერთნაირად განმარტონ, ახსნან სამოქალაქო ომის მიზეზები და თვით ამ ომის მსვლელობაც.
        ისინი ვერც ვერასოდეს მოილაპარაკებენ და ვერც შეთანხმდებიან, ვინაიდან თუ «დამარცხებული» მხარე (ამ შემთხვევაში, ზვიადისტები) გარკვეულ კომპრომისზე წავა, მათ ისედაც არეულ რიგებში უმალვე მოხდება განხეთქილება, როგორც არაერთგზის მომხდარა: მანანა არჩვაძე-გამსახურდია თენგიზ კიკაჩეიშვილს გამოაცხადებს მოღალატედ, ეს უკანასკნელი იგივეთი უპასუხებს და ა.შ. ერთი სიტყვით, არაფერი ამ საქმიდან არ გამოვა.
        ზვიადისტები პირობითად შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს: პირველი კატეგორია (ალბათ, უფრო მრავალრიცხოვანი) ზვიად გამსახურდიას მხარს უჭერდა, როგორც ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, საერთო-სახალხო კენჭისყრით არჩეულ ლიდერს. ისინი ეთანხმებოდნენ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკას, იზიარებდნენ მის შეხედულებებს და ა.შ.
        მეორე კატეგორიას განეკუთვნება ის ხალხი, ვინც ზვიად გამსახურდიას თაყვანს სცემდა არაპოლიტიკური მოტივებით, მათ შორის, ტრაიბალისტური მოტივით, გარეგნობის გამო და ა.შ.

        დღევანდელ «შეურიგებელ ზვიადისტთა» შორის არიან ისეთებიც, ვისაც მწარედ ახსოვთ თვით გადატრიალება და არასდროს აპატიებენ ამას დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც იმ «გადატრილების» მთავარ ორგანიზატორად მიაჩნიათ.
        პირველი კატეგორიის ზვიადისტები შეურიგდნენ რეალობას და, მთლიანობაში, საკმაოდ ლოიალურნი არიან დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. მათ «შემობრუნებაზე» გარკვეული გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებამ დააპატიმრა დეკემბერ-იანვრის გადატრიალების ორგანიზატორები. აგრეთვე იმ გარემოებამ, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით ინარჩუნებს პროდასავლურ კურსს.
        ამ კატეგორიის «ზვიადისტებს» არავითარი «შერიგება» არ სჭირდებათ, ვინაიდან ისინი მთლიანობაში მაინც მოაზროვნე ხალხია, არ არიან მოწამლულნი ტრაიბალისტური შხამით და მათთან ლაპარაკი შესაძლებელია.
        ისინი უკვე ხვდებიან, რომ დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრივი კურსი მაინც არ შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ გადატრიალებაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობდა რუსეთის აგენტურა - კრიმინალურ ხროვასთან ერთად.
        «ზვიადისტთა» ეს კატეგორია უკვე აღიარებს ზვიად გამსახურდიას შეცდომებს და «თავს ძალას აღარ ატანს», რათა დიდ სიბრძნედ გამოაცხადოს პირველი პრეზიდენტის ოდიოზური ინტერვიუები უცხოური პრესისათვის, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს «იმიჯს». ამას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში.
        რაციონალურ არგუმენტებს ვერ შეასმენ «ზვიადისტთა» მეორე კატეგორიას, - მიუხედავად იმისა, რომ უფრო მცირერიცხოვანია, იმავდროულად უფრო აგრესიული და უფრო აქტიურია.
        ლაპარაკიც კი ზედმეტია მის «შერიგებაზე». გამორიცხულია, მან რაიმე «სერიოზულ აქტად» ჩათვალოს საქართველოს პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება «დეკემბერ-იანვრის» მოვლენათა შეფასებით. თუ ასეა, მაშ ვისთვის კეთდება ეს შეფასება? პირველი კატეგორიისათვის? მაგრამ მისი აზრი თვით იმ მოვლენებზე მაინც არ შეიცვლება.
        გარდა ამისა, რატომღაც ყველას დაავიწყდა, რომ გარდა ზვიადისტებისა, საზოგადოებაში არის მეორე ბანაკიც - «ანტიზვიადისტების», რომელიც არანაკლებ მძვინვარე ფანატიზმითა და სიძულვილით გამოირჩევა. იგი ჯერჯერობით ჩუმად არის, მაგრამ ჩუმად იქნება მხოლოდ მანამ, ვიდრე «ზვიადისტები» მეტისმეტად დაასხდებიან თავზე; მერე უკვე ისიც ამოიღებს ხმას და ვაი, საქართველოს ბრალი!
        აქედან გამომდინარე, თუ პარლამენტი ისეთ შეფასებას მისცემს დეკემბერ-იანვრის მოვლენებს, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებს ზვიადისტთა «პირველ კატეგორიას», ამან შეიძლება «ანტიზვიადისტთა» აღშფოთება გამოიწვიოს; ეს კი სრულებითაც არ შეუწყობს ხელს საზოგადოების გაერთიანებასა და კონსოლიდაციას.
        ხოლო თუ პარლამენტი «კომპრომისულ» გადაწყვეტილებას მიიღებს, ამით ზვიადისტები ვერ დაკმაყოფილდებიან (ვგულისხმობ «პირველ კატეგორიას», თორემ მეორე კატეგორიაზე საერთოდ არ არის საუბარი), ვინაიდან დამარცხებული მხარე «სრულ მორალურ კომპენსაციას» მოითხოვს.
        ასეთ პირობებში რა აზრი აქვს საპარლამენტო დადგენილებას «დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შეფასებით?» ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ხელისუფლებას თავი დაენებებინა «შერიგებაზე» ფუჭი საუბრისთვის.
        თუ მას სურს საზოგადოების გამთლიანება, საამისოდ აუცილებელია რეალურად განახორციელოს ის იდეა, რასთანაც ასოცირდება ზვიად გამსახურდია, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობისა; საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცება, რუსეთისაგან გამიჯვნა, პროდასავლური კურსის განუხრელი გატარება იქნება საუკეთესო საშუალება საზოგადოების მეტ-ნაკლებად გამთლიანებისა, ვინაიდან ამ შემთხვევაში «ზვიადისტთა» პირველი, შედარებით კეთილგონიერი და მოაზროვნე კატეგორია აღიარებს, რომ «ხელისუფლებამ» ზვიადის კურსი გააგრძელა და «ზვიადმა სიკვდილის შემდეგ გაიმარჯვა».
        რაც შეეხება მეორე კატეგორიას, იგი დარჩება, ძველებურად, იმავე «შეუსმენელ პოზიციაზე», რომელზეც ამჟამად იმყოფება.
        უნდა შევურიგდეთ დებულებას, რომ პოლიტიკაში არსებობს «შეუქცევადის» ცნება და ვერაფრით გამოვასწორებთ იმას, რისი გამოსწორებაც უბრალოდ აღარ შეიძლება.
        ამაზე მაშინ უნდა გვეფიქრა, როცა ერთმანეთს ბრიყვულად დავერიეთ - მტრის გულის გასახარად.

მერიდიანი, 2 აპრილი ,1999 წელი