შემოსავლების სამინისტროს მომავალი - გია ბარამიძის ბრძოლა ქარის წისქვილებთან

შემოსავლების სამინისტროს მომავალი - გია ბარამიძის ბრძოლა ქარის წისქვილებთან

     

        გუშინწინ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ საქართველოში იქმნება ახალი «ოპერატიული ორგანო» - «საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო», რომელსაც დაეკისრება საშვილიშვილო საქმე - ბიუჯეტში გადასახადების აკრეფა და ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოხსნა ჩვენს ქვეყანაში.
        «სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი» და «სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი», რომლებიც უშუალოდ პრეზიდენტს ექვემდებარებოდნენ, როგორც ჩანს, ახალი სამინისტროს შემადგენლობაში შევლენ ან მის განყოფილებებად გადაკეთდებიან.
        ეს არ არის პირველი შემთხვევად, როდესაც «საბაჟო» და «საგადასახადო» ერთი «სახურავის» ქვეშ ერთიანდება: გასულ წლებში ისინი ხან «შედიოდნენ» ფინანსთა სამინისტროში ხან «გამოდიოდნენ», თუმცა რეალური შედეგი ამ «შესვლა-გამოსვლას» არ მოუტანია.
        ძირითადი მიზანი (შემოსავლების ზრდა) კვლავინდებურად მიუღწეველი რჩებოდა. თუმცა, პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადების თანახმად, ამჯერად პრობლემა «საბაჟოსა» და «საგადასახადოს» კოორდინაცია კი არ არის, არამედ პასუხისმგებლობის პერსონიფიცირება.
        ახალი მინისტრი (გია ბარამიძე) მზად არის იკისროს მთელი პასუხისმგებლობა ვითარებაში გარდატეხის შეტანაზე. ედუარდ შევარდნაძის თქმით «გია ბარამიძეს კორუფციასთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს» - იგულისხმება პარლამენტის საგამომძიებლო კომისია.
        მაგრამ ამ მხრივ, არანაკლები გამოცდილება აქვს თვით ედუარდ შევარდნაძეს. ასე რომ, აქ «გამოცდილება» ან «პასუხისმგებლობა» მთავარი პრობლემა არ არის. ვიდრე ძირითად საკითხს არ გაეცემა პასუხი და გულახდილი დიაგნოზი არ დაისმება - წყალნი წავლენ და წამოვლენ - ქვიშანი დარჩებიანო.
        გადასახადებისა და შემოსავლების პრობლემა განყენებულად არ არსებობს - იგი კორუფციის «ზოგადქართული» პრობლემის განუყოფელი ნაწილია. კორუფცია საქართველოში იმდენადაა «შესისხლხორცებული» და «შეზრდილი» საზოგადო თვისებებთან, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით მასთან ბრძოლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. «საგადასახადო» და «საბაჟო» სისტემებში, უბრალოდ, თვალნათელი ხდება ის, რაც თვისებრივია.
        თვისებრივად ამ სფეროში გია ბარამიძე ვერაფერს შეცვლის. შეიძლება მოაწყოს «ავრალი», დანა-სისხლად გადაიკიდოს ძლიერი კლანები, დროებით ოდნავ გაზარდოს შემოსავლები, მაგრამ (ვიმეორებ) შინაარსობრივად ამით მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
        გია ბარამიძეს საბოლოოდ მაინც «წააქცევენ» (საბოტაჟის მეშვეობით) და «ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე».
        თვისებრივი შედეგის მცირე შანსი შეიძლება იმ შემთხვევაში გაჩნდეს, თუ გია ბარამიძესთან ერთად პრეზიდენტი და მთელი მისი გუნდი აიღებს პასუხისმგებლობას, თუ ისინი ერთად გამოაცხადებენ სამკვდრო-სასიცოცხლო ომს და სავარაუდოდ შეეწირებიან კიდეც მას.
        მიზეზთა-მიზეზი შექმნილი ვითარებისა არ არის გადასახადების მაღალი დონე (არ დაიჯეროთ ეს ზღაპარი) - გადასახადების შემცირების შემთხვევაშიც არ გადაიხდის გადამხდელი იმ ოდენობას, რასაც დაუწესებენ.
        შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდება იმავე ოდენობით, რა ოდენობითაც შემცირდება გადასახადები. ეს შესანიშნავად იციან საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებმა და ამიტომაც არ იჯერებენ ზღაპარს, თითქოს გადასახადების შემცირების შემთხვევაში ბიზნესმენი დაინტერესებული იქნება თანხა სახელმწიფო ბიუჯეტს გადაუხადოს და არა «საგადასახადოს» მისცეს ქრთამი.
        სინამდვილეში, ყველაფერი განმეორდება, ოღონდ სხვა მასშტაბით და სხვა დონეზე - «საგადასახადო» მუშაკს იგივე ერგება, ბიზნესმენს კი მეტი დარჩება - ბიუჯეტის ხარჯზე.
        ქართველი ბიზნესმენის მოსაწონ გადასახადებს (ოდენობას ვგულისხმობ) სახელმწიფო ვერასდროს დააწესებს. მათი მოსაწონი მხოლოდ ის იქნება, თუ საერთოდ არ გადაიხდიან არანაირ გადასახადს. ამდენად, ერთადერთი და მთავარი მიზეზი შექმნილი ვითარებისა არის ქართული საზოგადოების დაბალი სახელმწიფოებრივი კულტურა. აქედან გამომდინარე - სუსტი სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელსაც არ ძალუძს უმთავრესი სახელმწიფო ფუნქციის (გადასახადების აკრეფის) შესრულება.
        ისტორიის მე-5 კლასის სახელმძღვანელოდან ალბათ, გახსოვთ სურათი ეგვიპტეში (4 ათასი წლის წინ) ფარაონის მოხელე ჯოხით უმოწყალოდ სცემს გადასახადის «ურჩ გადამხდელს». იმ ეპოქიდან მოყოლებული დღემდე, ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ სახელმწიფომ აიძულოს გადამხდელი, - გადაიხადოს გადასახადი;
        თუ დღეს ამერიკაში გადასახადების აკრეფის დონე 97 (!) პროცენტს აღწევს - ეს არის შედეგი არა გულაჩუყებული, თვალცრემლიანი საუბრებისა უბედურ პენსიონერებზე, პატრიოტებზე, არმიის შენახვის აუცილებლობაზე, - არამედ შედეგი მრავალწლიანი პოლიტიკისა, რომელიც უსასტიკესი მეთოდებით, ცეცხლითა და მახვილით აიძულებდა ყველა ბიზნესმენს, გადაეხადა გადასახადი. სხვაგვარად ის უბრალოდ არ გადაიხდის.

        გია ბარამიძეს პიროვნულად რომც ეყოს გამბედაობა პრობლემას სწორედ ამ კუთხით დაუპირისპირდეს (პრობლემა არა კორუმპირებული ჩინოვნიკი, არამედ ის ბიზნესმენია, რომელიც ხმამაღლა ამბობს, - «არ გადავიხდი და ყურებზე ხახვსაც ვერ დამაჭრითო»); იგი ვერაფერს შეძლებს, რადგან ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმა გამოიწვევს ქართული საქმიანი ისტებლიშმენტის განაწყენებას და მორიგ არჩევნებში ხელისუფლების «წაქცევას».
        არჩევნები კი საქართველოში არ დაილევა.

მერიდიანი, 1 დეკემბერი, 1999 წელი