«შევრონი» ყველა ნავთობსადენს საქართველოსკენ ექაჩება

«შევრონი» ყველა ნავთობსადენს საქართველოსკენ ექაჩება

  

    რუსეთში განვითარებულმა ფინანსურმა კრიზისმა გარკვეული ზიანი ნამდვილად მიაყენა ლარს, სამაგიეროდ მას უკვე მოაქვს ქვეყნისათვის «ირიბი სარგებელი» ზოგიერთი სხვა თვალსაზრისით.
    მაგალითად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოსადმი ინტერესი უცხოურ ნავთობკომპანიათა მხრიდან, რომლებიც აღარ ენდობიან რუსეთს (ვინ იცის, ხვალ რა მოუვლის თავში ელცინს) და უფრო მეტად პროგნოზირებად პარტნიორებს. არჩევენ სტრატეგიული მნიშვნელობის ნედლეულის ტრანსპორტირებისათვის ცენტრალური აზიიდან, კასპიის აუზიდან – ევროპაში.
    სწორედ ფინანსური არასტაბილურობა გახდა ის უკანასკნელი და უმთავრესი არგუმენტი, რომელმაც გადაუწურა იმედი მოსკოვს «დიდ ნავთობსადენთან» დაკავშირებით, თუმცა რუსეთის პოზიციათა შესუსტება ამით არ დასრულებულა.
    უდიდესი ამერიკული ნავთობკომპანია «შევრონოვერსის» პრეზიდენტმა, რიჩარდ მაცკემ, რომელიც დღემდე, ძირითადად, მაინც სატრანზიტო მაგისტრალებზე ამყარებდა იმედს ნავთობის ტრანსპორტირებისას, შევარდნაძესთან შეხვედრის დროს, ფაქტობრივად კომპანიის ახალი სტრატეგია დაადასტურა: საქართველო «შევრონისთვის» უმთავრეს სატრანზიტო «დერეფნად» იქცევა.
    ამჟამად «შევრონს» ყოველწლიურად სულ 3 მილიონი ტონა ნავთობი გადააქვს საქართველოს გავლით შემდეგი მარშრუტით: ყაზახეთის თენგიზის საბადოდან ნავთობსადენით, - ყაზახეთის კასპიისპირა პორტ აქტაუმდე აქტაუდან-ბაქომდე ნავთობმზიდებით, ბაქოდან - ბათუმამდე რკინიგზით.
    ეს თითქოსდა საკმაოდ ძვირადღირებული მარშრუტია, მაგრამ ჯერ ერთი, «შევრონმა» საქართველოსთან და აზერბაიჯანთან უფრო გამონახა საერთო ენა, ვიდრე რუსეთთან და ბელორუსიასთან.
    გარდა ამისა, «შევრონს» «სამხრეთის მარშრუტი» სტრატეგიულ რეზერვად, ალტერნატივად ესაჭიროებოდა, რომელიც უადვილებდა მოლაპარაკებას სხვა პარტნიორებთან ტრანზიტის საკითხებზე. ყაზახეთი ამოუწურავი საბადოა. კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აზერბაიჯანი. მხოლოდ თენგიზის საბადოში იმდენი ნავთობის მარაგია, რამდენიც მთელს აზერბაიჯანულ შელფში. ბუნებრივია, ამ სიმდიდრეს ათვისება და ტრანსპორტირება სჭირდება, ამიტომ «შევრონი» საქართველოში 100-200 მილიონი დოლარის ინვესტირებას არ მოერიდება, რათა მომავალში მილიარდობით მოგება ნახოს და რაც მთავარია, გარანტიები მიიღოს.
    რიჩარდ მაცკეს შესანიშნავად ესმის (ვიმეორებ), რომ ამგვარ გარანტიებს შევარდნაძისგან უფრო მიიღებს, ვიდრე ელცინისაგან.
    პირველ ეტაპზე «შევრონს» განზრახული აქვს ხაშური-ბათუმის ძველი მილსადენის რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც მარშრუტი (ეკონომიკური თვალსაზრისით) მნიშვნელოვნად შემოკლდება.
    საჭირო იქნება ნავთობის ტრანსპორტირება ნავთობმზიდებითა და რკინიგზით მხოლოდ ხაშურამდე, შემდეგ კი - მილსადენით, რომელიც ყველაზე მომგებიანი და იაფი სატრანსპორტო საშუალებაა.
    შემდგომ ეტაპზე «შევრონი» ააგებს სრულიად ახალ ნავთობსადენს ხაშურიდან - ბაქომდე, რაც კიდევ უფრო მომგებიანს გახდის ამ სისტემის მარშრუტს.
    თუმცა, რკინიგზა მაინც საჭირო იქნება, ვინაიდან «შევრონი» აპირებს «სამხრეთ კავკასიის» დერეფნით ევროპაში ცენტრალური აზიიდან გაიტანოს არა მხოლოდ ნავთობი, არამედ თხევადი გაზი და გოგირდი. მათი ტრანსპორტირება მილსადენით შეუძლებელია. ფაქტობრივად, «შევრონი» საქართველოში აშენებს საკუთარ მილსადენს, რომლის ექსკლუზიური მფლობელიც თავად იქნება.
    ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად პერსპექტიულია «საქართველოს მიმართულება» კასპიის აუზიდან - დასავლეთში ენერგოშემცველთა ტრანსპორტირებისათვის.
    ბათუმი-ბაქოს ნავთობსადენით «შევრონის» გეგმები არ შემოიფარგლება. რიჩარდ მაცკემ ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც მიანიშნა პრეზიდენტს, რომ «შევრონი» მზად არის დაიწყოს მოლაპარაკება აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმთან «მცირე» და «დიდი ნავთობსადენების» გამოსაყენებლად. ესეც სერიოზული სიმპტომია, - დღემდე «შევრონი» აზერბაიჯანული ნავთობის საქმეებში აქტიურად თითქმის არ ერეოდა, მაგრამ თუ მაინც მოხდა აქ ინტერესთა თანხვედრა, ორი ისეთი გიგანტი, როგორებიცაა თვით «შევრონი» (ცალკე) და აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმი, - უეჭველად უზრუნველყოფენ საქართველოს მარშრუტთა პრიორიტეტულობას.
    ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადატანილი ნავთობის ოდენობა პირდაპირპროპორციული იქნება საქართველოს გავლენის ზრდისა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალური მაშტაბით; რიჩარდ მაცკეს აზრით, «მცირე ნავთობსადენს» (მით უმეტეს, მისი გამტარუნარიანობა გაიზარდა რეკონსტრუქციის შედეგად) აქვს შესაძლებლობა, გაატაროს არა მხოლოდ კონსორციუმის კუთვნილი 5-6 მილიონი ტონა ნავთობი წელიწადში, არამედ 20 მილიონ ტონამდე; ხოლო თუ გავითვალისწინებთ ტრანსკავკასიური ნავთობმაგისტრალის მშენებლობის გეგმას, «დიდი ნავთობის» აზერბაიჯანულ ნაკადს ყაზახურიც დაემატება და საქართველო ყოველწლიურად 100 მილიონ ტონას გაატარებს.
    ეს უკვე გლობალური მაშტაბია.
    თუმცა, ჯერჯერობით სავსებით ნათელი არ არის, როგორ წარიმართება მოლაპარაკება «შევრონსა» და კონსორციუმს შორის ამ საკითხზე. ამერიკულ გიგანტს შეუძლია სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს ოფიციალურ ვაშინგტონზეც, რომელსაც, თავის მხრივ, გავლენის ძალუმი ბერკეტები გააჩნია, რათა აიძულოს თვით კონსორციუმიც, ალიევიც და დემირელიც - ბაქსო-სუფსას მარშრუტს მიანიჭონ უპირატესობა, - ბაქო-ჯეიჰანის ნაცვლად; მაშასადამე, ნავთობი საქართველოშივე დაიტვირთება (სუფსაში), რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, შემოსავლების ზრდას და ა.შ.
    «შევრონი», ამ თვალსაზრისით, საქართველოს მოკავშირე ხდება. შესაბამისად, ვერც კონსორციუმი, ვერც ოფიციალური ბაქო ულტიმატუმების ენით ვერ დაგველაპარაკება. არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ იმ დროს, როცა რიჩარდ მაცკე თბილისში მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართველოს ხელისუფლებასთან, «ნიუ-იორკ თაიმსში» დაიბეჭდა სტატია ბაქო-სუფსის მარშრუტის უპირატესობის თაობაზე, - ბაქო-ჯეიჰანთან შედარებით.
    საყურადღებოა, რომ მაცკემ არც თუ ორაზროვნად განაცხადა: ჯერჯერობით, აზერბაიჯანის შელფთან მოპოვებული ნავთობის რაოდენობა არ არის საკმარისი საიმისოდ, რათა მთლიანად დაიტვირთოს მილსადენი. ეს საკმაოდ მკაფიო მინიშნებაა, რომ ცენტრალური აზიის ნავთობის ტრანსპორტირება არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ, გარკვეულწილად, აუცილებელიც კი გახდება;
    თუმცა იმთავითვე გამოიკვეთა ერთგვარი წინააღმდეგობა საქართველოსა და «შევრონის» ინტერესებს შორის. მაცკე მოითხოვს სარკინიგზო ტარიფების შემცირებას. სამაგიეროდ მოცულობის გაზრდას გვპირდება; ასეთ პოზიციას საქართველო ვერ დაეთანხმება, - რკინიგზას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ნავთობის გატარების თვალსაზრისით.
    მას შემდეგ, რაც ამოქმედდება ყარსი - ახალქალაქის მაგისტრალი, რკინიგზის ექსპლუატაცია უფრო მომგებიანი გახდება.
    თუმცა მაცკეს ეს არ აინტერესებს. იგი ნავთობმრეწველია და იცის, რომ მომავალი მილსადენებს ეკუთვნით.

7 დღე, 14 ოქტომბერი, 1998 წ.