შევარდნაძისა და არძინბას შეხვედრა საქართველოს მორიგი კაპიტულაცია იქნება

შევარდნაძისა და არძინბას შეხვედრა საქართველოს მორიგი კაპიტულაცია იქნება

 

    როგორც ჩანს, აფხაზეთის ფრონტზე კიდევ ერთი წარუმატებელი და წინასწარ დამარცხებისათვის განწირული «გარღვევა» მზადდება.
    სხვადასხვა წყაროები ირწმუნებიან, რომ ნოემბრის განმავლობაში ედუარდ შევარდნაძე, პირველად 1994 წლის შემდეგ, კვლავ ჩავა აფხაზეთში, სადაც ხელი მოეწერება შეთანხმებას თუ ოქმს «გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნებისა და აფხაზეთის ეკონომიკის რეაბილიტაციის შესახებ».
    გარდა ამისა, მხარეები კვლავ დაადასტურებენ (ოღონდ ამჯერად უკვე არა დეკლარაციით, არამედ ხელშეკრულებით), რომ არ მიმართავენ ძალას პრობლემის გადასაწყვეტად.
    ესე იგი, კონკრეტულად საქართველო არ მიმართავს ძალას, აღარ დაუჭერს მხარს პარტიზანებს, თორემ აფსუა სეპარატისტებს ძალის გამოყენება რაღაში სჭირდებათ? თანაც, აქ «სახელმწიფოთაშორისო პრობლემებზე» საუბარი და არა (ვთქვათ) გალის ქართველობის წინააღმდეგ გენოციდის პოლიტიკაზე, რაც არძინბამ დიდი ხანია «აფხაზეთის საშინაო პრობლემად» გამოაცხადა;
    ამრიგად, საქართველო კიდევ ერთხელ ებმება ეშმაკურად დაგებულ მახეში. ეს რომ ასეა და სინამდვილეში არძინბა კიდევ ერთხელ რომ გვატყუებს, თუნდაც მისი უკანასკნელი ინტერვიუდან ჩანს, რომელიც «ნეზავისიმაია გაზეტამ» გამოაქვეყნა. ასეთი აგრესიული ინტერვიუ მას, შეიძლება ითქვას, არასდროს მიუცია. რომელ შერიგებასა თუ მორიგებაზეა ლაპარაკი?
    ახლა რაც შეეხება «ოქმს». სარწმუნო წყაროს ცნობით, იგი ითვალისწინებს ლტოლვილთა დაბრუნებას გალის რაიონში (ჯერ არ არის გარკვეული «ძველ» თუ «ახალ» საზღვრებში) 1999 წლის დეკემბრამდე, ე.ი. ერთი წლის განმავლობაში. სამაგიეროდ, აფხაზეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, გაიხსნას საზღვარი ფსოუზე და ა.შ.
    არძინბა გვპირდება, რომ გალში დაბრუნებულ ლტოლვილთა უსაფრთხოებას აფხაზური მილიცია დაიცავს. თუმცა, მათ შორის ქართველი მილიციელებიც იქნებიან (ადგილობრივი მოსახლეობიდან), ეს ბოლო პუნქტი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ვაითუ ის «ქართველი მილიციელები», ვინც იარაღით ხელში უნდა დაიცვას გალის რაიონი, სულ მალე ჩვეულებრივ «აფხაზ მესაზღვრეებად» იქცნენ?
    ნამდვილად არ არის გამორიცხული! უფრო მეტიც, მოვლენები სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება. არც ისაა გამორიცხული, გალში დაბრუნებული მეგრული მოსახლეობა, «სოხუმის იურისდიქციის» ზეგავლენით, სულ მალე «მართლმორწმუნე აფსუებად» იქცნენ.»
    «სულ მალე» აქ ნიშნავს რამდენიმე წელიწადს, რაც ჩვენთვის დიდი შეღავათი არ არის.
    როგორც ჩანს, არძინბამ არც ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან თავდაპირველი პოზიციიდან - არავითარი «ერთობლივი ადმინისტრაცია», არავითარი «კონდომინიუმი», არავითარი «საპოლიციო უფლებები» სამშვიდობო ძალებს, ეს უკანასკნელნი კვლავ ერთგულად უდარაჯებენ საქართველო-აფხაზეთის საზღვარს.
    თუ ასეა, მაშინ რა აზრი აქვს ეკონომიკური სანქციების მოხსნას და ფსოუზე სასაზღვრო რეჟიმის ლიბერალიზაციას? თანაც, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა იგულისხმება «გალის რაიონში». არძინბა «გალის რაიონად» თვლის მხოლოდ ტერიტორიას მდინარე ენგურიდან - გალის არხამდე. რაც «ნამდვილი გალის რაიონის» მხოლოდ მესამედია. ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვს დოკუმენტში «ძველი საზღვრების» ჩაწერას, რასაც აფსუები არ ეთანხმებიან და ა.შ.
    ძნელი მისახვედრი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები. არძინბა კიდევ ერთხელ მოგვატყუებს; საწადელს მიაღწევს (საზღვარს გახსნის და რუსეთიდან სურსათ-სანოვაგეს შემოზიდავს); სამაგიეროდ, ერთი-ორი თვის შემდეგ, ნებისმიერი საბაბით (თუნდაც პარტიზანთა აქტიურობის მომიზეზებით ან ინსცენირებით) ლტოლვილთა დაბრუნების პროცესს შეაჩერებს.
    ტყუილად გვგონია, რომ გვექნება საშუალება კვლავ მივაღწიოთ ფსოუზე შეზღუდვების შემოღებას. ნურას უკაცრავად! რუსეთი ჩვენს მიერვე ხელმოწერილ ოქმს ცხვირწინ დაგვიდებს; გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას შეეშინდება აღიაროს, რომ კიდევ ერთხელ მოატყუეს, ამიტომ შეთანხმების «ჩაშლას» ვერც ვერავინ შეიტყობს.
    ფაქტობრივად, საქართველო ხელიდან უშვებს ერთადერთ ბერკეტს, რომლის მეშვეობითაც პროცესების მართვა შეუძლია. სანაცვლოდ კი ვერაფერს მიიღებს მორიგი დაცინვისა და დამცირების გარდა. ედუარდ შევარდნაძეს სოხუმში აფსუები ზარ-ზეიმით ნამდვილად არ შეხვდებიან, - ამასაც გამოიყენებენ საქართველოს დასამცირებლად.
    რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე რეჟიმი ისედაც საკმოად «რბილია». არძინბას უბრალოდ სურს საზღვარი საერთოდ გაიხსნას, რათა რუსეთიდან შემოიტანონ ყველაფერი, რაც კი სჭირდებათ, - შემოიყვანონ ტურისტები და ა.შ.
    ენგურიდან-ღალიძგამდე ლტოლვილთა დაბრუნება კი მორიგი ზღაპარია. არძინბას კვლავ დასჭირდება ათასობით მძევალი, ვინაიდან ქართველმა პარტიზანებმა მართლა სიცოცხლე გაუმწარეს და მადლობა მათ ვაჟკაცობისათვის!
    პარტიზანებმა მხოლოდ მაისის მოვლენების შემდეგ ათეულობით აფსუა ფაშისტი გაუყენეს ჯოჯოხეთის გზას. სწორედ ეს აცოფებს არძინბას, სწორედ ეს არ აძლევს მოსვენებას და კიდევ ის, რომ პარტიზანთა წინააღმდეგობის გამო ბოლომდე ვერ გაძარცვა სამურზაყანო, ვერ მოახერხა მოსავლის გალიდან გატანა.
    შექმნილ ვითარებაში, ზემოხსენებული ოქმის ხელმოწერა დანაშაულის ტოლფასი შეცდომა იქნება, ანუ იქნება მორიგი «უსიტყვო კაპიტულაცია».
    გალის რაიონით აფხაზეთის პრობლემა არ ამოიწურება, მაგრამ სამურზაყანოში 100 ათასი ქართველი ლტოლვილის დაბრუნებას მართლაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა.
    ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებდით მყარ გარანტიას: ისინი ქართველებად დარჩებიან და არ გააფსუვდებიან.
    სანამ აფხაზური ადმინისტრაცია არძინბას «კანონმდებლობითა» და აფსუათა «პარლამენტის» გადაწყვეტილებით მართავს რაიონს, ასეთი გარანტია საქართველოს არ აქვს.
    კომპრომისი შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ საქართველო დათანხმდეს არა თბილისის იურისდიქციის აღდგენას სამურზაყანოში (თუნდაც მხოლოდ სამურზაყანოში), არამედ არძინბას იურისდიქციის გაუქმებას მაინც, ანუ ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნას, რათა ვერც ერთმა მხარემ ვეღარ მოახდინოს ზეწოლა ქართულ მოსახლეობაზე.
    ამის შემდეგ, ნამდვილად შეიძლებოდა გაგვეხსნა საზღვარი, რომელიც ისედაც ნახევრად ღიაა. მაგრამ არძინბას ასეთი ვარიანტის გაგონებაც არ სურს, - იურისდიქციის საკითხი მისთვის უმთავრესია სწორედ იმიტომ, რომ სინამდვილეში არაფრის დათმობას არ აპირებს.
    ამდენად, ერთადერთი სწორი და ჭკვიანური პოლიტიკა იქნებოდა, სიტყვით ჩვენს ხელისუფლებას კვლავ ექადაგა «შერიგება», საქმით კი ყოველნაირად დახმარებოდა პარტიზანებს გალის რაიონში აფსუა ფაშისტებისა და აგრესორების ჟლეტაში;
    მზაკვრობას პოლიტიკაში შეიძლება მხოლოდ მისი სინონიმი დაუპირისპირო.

მერიდიანი, 4 ნოემბერი, 1998 წ.