შევარდნაძის მემკვიდრეობა

შევარდნაძის მემკვიდრეობა

        ორშაბათს, ტრადიციულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა «შესაძლო მემკვიდრეების» შესახებ ისაუბრა. თუმცა ეს ზოგიერთმა კოლეგა ჟურნალისტმა აღნიშნულ თემაზე პირველ საუბრად შეცდომით აღიქვა. სინამდვილეში, ჯერ კიდევ 1995 წლის დეკემბერში, რუსული «ნტვ» - სათვის მიცემულ ინტერვიუში (ინტერვიუს ლეონიდ პარფიონოვი უძღვებოდა) ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავის მემკვიდრეებად ზურაბ ჟვანიასა და ნიკო ლეკიშვილს მიიჩნევს.
        ლეკიშვილს პრეზიდენტობის პრეტენზია არასოდეს ჰქონია (ამის თაობაზე მან თავად გააკეთა სპეციალური განცხადება მეორე დღესვე), ამიტომ საზოგადოებამ შევარდნაძის ხელდასხმულ მემკვიდრეში იმთავითვე ზურაბ ჟვანია იგულისხმა.
        ეს ლოგიკურიც იყო, ვინაიდან ზურაბ ჟვანიას ყველა თვალსაზრისით (პარლამენტშიც და სახელმწიფოშიც) მეორე პოსტი ეკავა და 1997 წლიდან განუხრელად მზარდი გავლენით სარგებლობდა.
        2000 წლისათვის ეს გავლენა კიდევ უფრო გამოკვეთილი გახდა - ნებისმიერი ანალიზით, ზურაბ ჟვანია დღეს საქართველოში ყველაზე გავლენიანი ფიგურაა პრეზიდენტის შემდეგ.
        მესამე ადგილი (ამ მხრივ) უნდა მიეკუთვნოს ასლან აბაშიძეს, ოღონდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გავლენა და პოპულარობა ერთი და იგივე არ არის. გავლენის მხრივ მესამე ადგილზე მყოფი ასლან აბაშიძე რეალური პოპულარობით, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, მხოლოდ მე-7, მე-8 ადგილზეა. მაგრამ გავლენა – გავლენად რჩება.
        მიუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ «მემკვიდრე პარლამენტშია საძიებელი», უეჭველად, მიუთითებს ე.წ. «ჟვანიას გუნდზე», მაგრამ თუ არჩევანი ამ გუნდზე კეთდება, მაშინ მას ნამდვილად ჰყავს უეჭველი და უალტერნატივო ლიდერი (უალტერნატივო ამ გუნდისათვის) ზურაბ ჟვანიას სახით.
        თუმცა, ედუარდ შევარდნაძის განცხადება უფრო სხვა თვალსაზრისითაა საგულისხმო: რატომ გააკეთა მან ეს განცხადება სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში? როგორც ჩანს, ამას თვით საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგია მოითხოვდა.
        არ იქნებოდა მართებული, გვეთქვა, თითქოს ზურაბ ჟვანიას გავლენა პარლამენტში აღემატება თვით ედუარდ შევარდნაძის გავლენას, ვინაიდან მოქმედი პრეზიდენტი კვლავ რჩება ქვეყანაში ყველა თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით, ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად.
        ასე რომ, აქ სხვა ტექნოლოგიური ალგორითმი მოქმედებს. ვანო ზოდელავას სენსაციურმა განცხადებამ  «შევარდნაძის მესამე ვადის» შესახებ ერთგვარად დააბნია ქართული ისტებლიშმენტი (მისი უმრავლესობა სწორედ «პრეზიდენტის გუნდს» შეადგენს), ხოლო ისტებლიშმენტის დაბნევა – პოლიტიკური დესტაბილიზაციის მომასწავებელია;
        ამიტომ შევარდნაძემ წონასწორობის აღსადგენად და ელიტის დასამშვიდებლად კიდევ ერთი ზუსტი სვლა გააკეთა. აქვე უნდა ითქვას, რომ შევარდნაძის პოლიტიკური ხელოვნების «გადაჭარბებულად» გამოცხადება თავად არის «გადაჭარბებული», ხოლო საქართველოს პრეზიდენტი (სამართლიანობა მოითხოვს ითქვას) დღენიადაგ პოლიტიკური და სახელისუფლებო ტექნოლოგიის ფლობის ძალზე მაღალ ხარისხს ადასტურებს.
        თანაც, რაც ყველაზე მეტად საგულისხმოა, სწორედ ექსტრემალურ პირობებში – ეს ჭეშმარიტი პოლიტიკოსის უმთავრესი ნიშან-თვისებაა.
        ამავე ექსტრემალურ პირობებში (საპარლამენტო არჩევნების წინ) მისი მთავარი მოწინააღმდეგეები ბრინჯივით დაიბნენ და შეცდომები დაუშვეს. ამრიგად, შევარდნაძემ სწორედ საარჩევნო ტექნოლოგიიდან გამომდინარე ჩათვალა ასეთი განცხადება აუცილებლად.
        მეორე საინტერესო პრობლემაა საკუთრივ შევარდნაძის მემკვიდრეობის თემა. არა «მემკვიდრის», არამედ «მემკვიდრეობის».
        ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ძალზე ადრეა. ყოველივე ზემოთთქმული სრულებითაც არ ნიშნავს, რომ შევარდნაძე 2005 წელს არ იბრძოლებს პრეზიდენტობისათვის (კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანით). მით უმეტეს, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით საკმარისი შანსი არ ექნება.
        ამიტომ შევარდნაძის მემკვიდრეობის «გაყოფის» შესახებ საუბარი ჯერ ფუჭია. «შევარდნაძის ეპოქა» საქართველოში აშკარად არ დასრულებულა.
        და მაინც, რატომ აქცია ედუარდ შევარდნაძემ აქტუალურად მემკვიდრეთა თემა? იმიტომ, რომ მას სწორედ მემკვიდრეობის (საკუთარი პოლიტიკური მემკვიდრეობის) თემა აღელვებს და შეუძლებელია არ აღელვებდეს.
        ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის, მით უმეტეს, ქართველიო პოლიტიკოსისათვის ნამდვილად არ არის სულ ერთი, რა ბედი ეწევა მის მიერ დაწყებულ «საქმეს», - გაიმარჯვებს იგი, თუ ისტორიულად დამარცხდება.
        ამიტომ ედუარდ შევარდნაძე მემკვიდრეობაზე საუბრისას გულისხმობს იმ ფიგურებს (ფიგურას), ვინც ყველაზე მეტად იქნება ასოცირებული მის პოლიტიკასთან, მის «საქმესთან», რასაც იგი ახალი, დემოკრატიული, ევროპული ორიენტაციის საქართველოს შენებას უწოდებს.
        სწორედ ამიტომ მიუთითა მან პარლამენტისაკენ. ამიტომაც გამოჩნდა პირველი, ხელშესახები ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე უეჭველად შეეცდება, მემკვიდრეობა ჩააბაროს სრულებით ახალი ინერციისა და სოციალური წარმომავლობის პოლიტიკოსს.

მერიდიანი, 9 თებერვალი, 2000 წელი