შევარდნაძის მეთოდი

შევარდნაძის მეთოდი

ბოლო დროს ქართულ პრესაში მყარად დამკვიდრდა ტერმინი «ძალაუფლების ტექნოლოგია». შევარდნაძესთან მიმართებაში ეს ტერმინი ეკუთვნის ირაკლი ბათიაშვილს, რომელმაც ერთ-ერთ სტატიაში განაცხადა, რომ ამ ტექნოლოგიას დღევანდელი სახელმწიფოს მეთაური შესანიშნავად ფლობს: გაცილებით უკეთ, ვიდრე ნებისმიერი მისი კონკურენტი და ოპონენტი.
    ეს, რა თქმა უნდა ასეა. ედუარდ შევარდნაძე მთელი კარიერის განმავლობაში ამჟღავნებდა პოლიტიკური ინტრიგისა და სახელმწიფოებრივი მართვის განსაკუთრებულ ნიჭს, მაგრამ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში თვისობრივად ახალი სიტუაცია დახვდა, იგი იძულებული გახდა საკუთარ «სახელმწიფოებრივ დოქტრინაში» ერთგვარი ცვლილებები შეეტანა და მის საფუძვლად ამ პირობების შესაბამისი ახალი მეთოდი ექცია.
    «შევარდნაძის მეთოდი» ერთი შეხედვით თითქოს მარტივი და ყველასათვის მისაწვდომია, მაგრამ სინამდვილეში მისი განხორციელება დიდ ნიჭს, ალღოსა და სიფხიზლეს მოითხოვს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ედუარდ შევარდნაძის მიერ გადადგმული ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ ამ ნიშნით არის აღბეჭდილი. გავიხსენოთ: ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რომელსაც დღეს შევარდნაძეს უყენებენ რუსეთთან «განსაკუთრებული ურთიერთობის» დამყარების მომხრენი, იმაში მდგომარეობს, რომ მან საქართველოში ჩამოსვლისთანავე არ განაცხადა СНГ-ში შესვლის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, შევარდნაძემ უაღრესად მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა: «მაშინ საზოგადოება ჯერ არ იყო მომწიფებული». ბოლო სიტყვა-ცნება მისი მეთოდის გასაღებია. მართლაც, შევარდნაძეს იმ დროს (1992 წელს) არ შეეძლო ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ეს უეჭველად გამოიწვევდა საზოგადოებრივი აზრის «გამძვინვარებას». გავიხსენოთ ის პერიოდი: იმ დროს ვინ გაბედავდა СНГ-ში შესვლაზე თუნდაც კრინტის დაძვრასაც კი? შევარდნაძემ მხოლოდ მაშინ გადადგა ეს ნაბიჯი, როდესაც საზოგადოება უკვე «მზად იყო» და «მომწიფდა»: საქართველომ წააგო ომი აფხაზეთში, მოიშალა და დაინგრა ეკონომიკა, თბილისის ქუჩები მათხოვრებით გაივსო, მოხდა დამოუკიდებლობის იდეის დისკრედიტაცია . . . . 1993 წლის შემოდგომაზე СНГ-ში შესვლა უკვე ვეღარ გამოიწვევდა (და არც გამოუწვევია) ისეთ რეაქციას, როგორც 1992 წლის გაზაფხულზე. ედუარდ შევარდნაძემ მანამდე აცადა პრობლემას, სანამ იგი არ «მომწიფდა» და არ შეიქმნა მზად გადასაჭრელად.

    1992 წელსვე ნათელი იყო, რომ თენგიზ კიტოვანთან და თენგიზ სიგუასთან ერთად შევარდნაძე «ვერ იმუშავებდა». უფრო მეტიც - საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, სახელმწიფოს მეთაური ვალდებული იყო, ისინი არა თუ მხოლოდ ხელისუფლებიდან, არამედ საერთოდ, საზოგადოებრივი ოლიმპიდან გაეძევებინა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უეჭველად შექმნიდნენ ოპოზიციურ განწყობას ელიტის შიგნით.
    ედუარდ შევარდნაძეს 1992 წლის შემოდგომაზევე შეეძლო დაესვა საკითხი «ორი თენგიზის» მოშორების შესახებ. ამ წინადადებას ბევრი აქტიურად დაუჭერდა მხარს, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც უდიდესი რისკი იყო, რადგან სიგუა-კიტოვანის ტანდემი იმ პერიოდში საკმარის ძალასა და გავლენას ფლობდა საქართველოში.
    შევარდნაძემ პირველი დღიდანვე(!) აქტიურად დაიწყო მუშაობა პრობლემის «მოსამწიფებლად». თანაც, თუ პირველ შემთხვევაში, СНГ-თან დაკავშირებით, იგი პასიურად ელოდა გარდაუვალ შედეგს (არ მინდა დავიჯერო, რომ ყველაფერი წინასწარგანზრახულად კეთდებოდა), სიგუასთან და კიტოვანთან მიმართებაში იგი თავად «ამწიფებდა» ნაყოფს ფრთხილი, მაგრამ მიზანმიმართული ქმედებით.
    თანაც აღსანიშნავია, რომ შევარდნაძე ამ ნაყოფს მხოლოდ მაშინ წყვეტს, როდესაც იგი ზუსტად მზად არის «მოსაწყვეტად» - მისი არც «გადამწიფება» შეიძლება და არც დაყოვნება. თენგიზ კიტოვანი თანამდებობიდან გათავისუფლდა მაშინ და სწორედ მაშინ, როდესაც ეს შესაძლებელი და აუცილებელი იყო, მაგრამ მისი უმალვე დაპატიმრება არ შეიძლებოდა, - ამას უეჭველად მოყვებოდა სერიოზული გართულება. სამაგიეროდ, ესეც შესაძლებელი გახდა 1995 წლის იანვარში, როდესაც თენგიზ სიგუა არანაირ ძალაუფლებასა და გავლენას აღარ ფლობდა.
    შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში ეს უკანასკნელიც ამოყოფს თავს სპეციზოლატორში. უბრალოდ, ამასაც «მომწიფება» სჭირდება.
    ამ მეთოდის განხორციელების ბრწყინვალე ნიმუშია მხედრიონისა და ჯაბა იოსელიანის ბედი. ედუარდ შევარდნაძეს ეს ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, არასდროს ეხატებოდა გულზე, რაკი ძალაუფლებას უზღუდავდა, მაგრამ ამისთვისაც დრო იყო საჭირო. ამიტომ, სახელმწიფოს მეთაურმა ჯერ თანდათანობით გამოაცალა «მხედრიონს» სოციალური დასაყრდენი საზოგადოების ელიტარულ ნაწილში, შემდგომ, პროპაგანდისტული აპარატის ძალზე ოსტატური გამოყენებით, მოახდინა მისი დისკრედიტაცია და ბოლოს, როდესაც «მხედრიონის» სახელი ჩვეულებრივ კრიმინალურ ბანდასთან გაიგივდა, რამდენიმე დარტყმით გაანადგურა ეს ორგანიზაცია.
    იგივე მეთოდი მოქმედებდა პირადად იოსელიანთან მიმართებაშიც. შევარდნაძემ წინასწარ უზრუნველყო «მხედრიონის» ლიდერის მიმართ ოპოზიციის ნეგატიური განწყობა (აფხაზეთთან მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშვნით) და მხოლოდ შემდეგ დაიწყო მისი მოქმედების არეალის თანდათანობითი შეზღუდვა. ეს პროცესიც უეჭველად იმით დამთავრდება, რომ იოსელიანი კვლავ აღმოჩნდება ციხეში.

«მსგეფსი», 19 ოქტომბერი, 1995 წელი.