შევარდნაძის ვიზიტი ამერიკაში!

შევარდნაძის ვიზიტი ამერიკაში!

    ამერიკაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტმა, მიუხედავად ოფიციალური პროპაგანდის ბაქი-ბუქისა, «უდიდესი წარმატებით» სრულიადაც არ ჩაიარა: შევარდნაძემ ბევრს ვერაფერს მიაღწია ყველაზე მთავარი და მტკივნეული საკითხის, - აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაში. მაგრამ საქართველოს მაშტაბისა და უახლოესი წარსულის გათვალისწინებით, ქართველი ლიდერი მაინც გარკვეული პატივისცემით მიიღეს. ყოველ შემთხვევაში, მუამარ კადაფის და ალექსანდრე ლუკაშენკოს იმიჯი შევარდნაძეს ვაშინგტონში არა აქვს, რადგან იგი, ასე თუ ისე, ცდილობს იმოქმედოს დასავლური სტანდარტების შესაბამისად.
    ამერიკელთათვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათ მიაჩნიათ, რომ ამერიკული დემოკრატია მაგალითი უნდა იყოს ყველასა და ყველაფრისათვის. ამიტომ საქართველო მათთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ბელორუსი ან თუნდაც აზერბაიჯანი, სადაც მიუხედავად ნავთობპროდუქტებისა, ბევრი დემოკრატიული (ამერიკული) ნორმა უხეშად ირღვევა.
    ამერიკული პრესა შევარდნაძეს ზოგჯერ მკაცრად აკრიტიკებს, მაგრამ ოდიოზურ ფიგურად მას ნამდვილად არ თვლის. მატერიალური დახმარების საკითხი კი ზოგჯერ მართლაც პიროვნულ დონეზე წყდება. ჩვენში ძნელად წარმოსადგენიცაა, რა პრიმიტიული მექანიზმი მოქმედებს კონგრესში ამა თუ იმ ქვეყნისათვის ფინანსური დახმარების განაწილებისას: არსებობს ასიგნებათა ქვეკომიტეტი, რომლის თავმჯდომარე მიჩ მაკკონელი საკუთარი შეხედულებისამებრ ანაწილებს ასი მილიარდი დოლარის (!) დახმარებას. მის გუნება-განწყობაზე კი, ამა თუ იმ მოღვაწის იმიჯს ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. სწორედ ამ ქვეკომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსათვის 1998 წელს ასი მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. საკმარისია მაკკონელს რაღაც არ მოეწონოს ან გარკვეული ინფორმაცია მიიღოს, რომ ასიგნების გამოყოფას გადაიფიქრებს.
    ამერიკაში ვიზიტის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მაინც ბიზნესმენთა დაინტერესება იყო. ვერანაირი სახელმწიფო ასიგნება ვერ შეედრება კერძო ინვესტიციას ეკონომიკაში. ამერიკული ინვესტიცია კი მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად და სასარგებლოდ ითვლება, ვინაიდან მას უმძლავრესი ეკონომიკა და თითქმის ყოვლისშემძლე ზესახელმწიფო უმაგრებს ზურგს. «მთავარი ინვესტორი» საშუალო ამერიკული ოჯახია და არა უდიდესი კონცერნი. იგულისხმება სწორედ ის ოჯახი, რომელსაც დანაზოგი აქვს, მაგრამ იმდენად მცირე, რომ უძრავ ქონებას ვერ ყიდულობს. ამიტომ კაპიტალის დაბანდება პერსპექტიულ ბიზნესში ურჩევნია. მის გადაწყვეტილებაზეც შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერის იმიჯს.
    ერთი სიტყვით, ამჯერად საქართველო იმით უნდა დაკმაყოფილდეს, რომ ედუარდ შევარდნაძეს ამერიკელები არ აღიქვამენ, როგორც მტერს. ესეც საქმეა, თუ ამერიკული საზოგადოების მენტალიტეტს გავითვალისწინებთ. ფინანსური დახმარების პარალელურად, ძალიან ფრთხილად, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერაც იწყება.
    მაგალითად, ჩანაწერი ერთობლივ განცხადებაში იმის თაობაზე, რომ ამერიკა საქართველოს დაეხმარება სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში და მხარს დაუჭერს «თანამედროვე სამხედრო უწყების» ჩამოყალიბებას, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია.

მერიდიანი, 25 ივლისი, 1997 წ.