შევარდნაძეს ფონდი არასოდეს ჰქონია

შევარდნაძეს ფონდი არასოდეს ჰქონია

 

        უკანასკნელ პრესკონფერენციაზე «სახალხო პარტიის» ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ სენსაციური განცხადება გააკეთა: ედუარდ შევარდნაძე იმიტომ გაემიჯნა საკუთარ ფონდს, რომ სურს მოიხსნას პასუხისმგებლობა ფონდის კომერციული საქმიანობის გამოო; თანაც, მამუკა გიორგაძემ ეს ყოველივე ისე გააფორმა, რომ ფონდის ამჟამინდელ ხელმძღვანელს – ნუგზარ ფოფხაძეს არ სწყენოდა და აწ უკვე გარდაცვლილ ყოფილ თავმჯდომარეს – სოლიკო ხაბეიშვილს დაბრალებოდა ყველაფერი.
        რას იზამ, ასეთია ქართული პოლიტიკის კანონი და «კოდექსი». ხაბეიშვილი საფლავიდან, რა თქმა უნდა, ვერ წამოდგება, ხოლო ნუგზარ ფოფხაძე (ჯვარი სწერია), მხრებს აიჩეჩავს – აქაოდა წინა ხელმძღვანელზე თქვა – ჩემზე ხომ არაფერი უთქვამსო.
        ეგ არის მხოლოდ, რომ ამ ფონდის საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია - მთლად ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე.
        «აღორძინებისა და დემოკრატიის» ფონდი შეიქმნა 1992 წლის თებერვალში, ანუ ჯერ კიდევ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებამდე.
        სხვათა შორის, სიგუა და კიტოვანი შევარდნაძის დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, რითაც «მტკნარ სისულელედ» იქცევა მოსაზრება, თითქოს «დეკემბრის გადატრიალება შევარდნაძემ მოაწყო».
        რომც ნდომებოდა, ვერ მოაწყობდა; ხოლო თუ მაინც მან მოაწყო - «მთავარი დამამხობლები» როგორღა იყვნენ «ხელმძღვანელის» მოსვლის წინააღმდეგნი?
        სინამდვილეში, იმ დროს მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლა, როგორც რუსები იტყვიან «ნოხის ქვეშ» შევარდნაძის დაბრუნების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.
        ამ უკანასკნელთა რიგს მიეკუთვნებოდნენ გამსახურდიას მომხრეების მთავარი ორგანიზატორები. მისივე ყოფილი თანამებრძოლები, რომელთაც ხელისუფლება რასაკვირველია, «თავიანთთვის» უნდოდათ და არა შევარდნაძისთვის – ეგღა აკლდათ, შევარდნაძისათვის ებრძოლათ.
        ინტელიგენციის მხარდაჭერამ მაინც თავისი გაიტანა და ედუარდ შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა. მანამდე კი, 100 ათასი დოლარი გადმორიცხა რუსთაველის პროსპექტის აღსადგენად. იმ დროს თითოეული დოლარი ძვირად ფასობდა, ამიტომ «საქმიანმა» ხალხმა გადაწყვიტა, ეს ფული «დაეტრიალებინა». მით უმეტეს, რომ მაშინ «ფულით - ფულის» კეთება ძალზე ადვილი იყო, - თუნდაც საიმპორტო ოპერაციებით.
        მაგრამ ედუარდ შევარდნაძეს ეს ყოველივე არ აღელვებდა. მას შეიძლება ყველაფერი დააბრალო, მატერიალური ანგარების გარდა. ის ფული (100 ათასი დოლარი) უკვე გაიღო საქველმოქმედო დახმარების სახით და მისი შემდგომი ბედი ნაკლებად აინტერესებდა.
        პრეზიდენტის საშემოსავლო დაეკლარაციის შესაბამისად, «დოიჩე ბანკში» მას გაცილებით დიდი თანხა აქვს. გარდა ამისა, შევარდნაძემ შესანიშნავად უწყოდა, რომ «კომერციული საქმიანობა» მის პრესტიჟს დასცემდა საქართველოში. ამიტომ ჭკვიანურად მოიქცა და იმ ფონდს საერთოდ არ გაკარებია. არც იმ ფულის «უკან წამოღებას» აპირებს ამჟამად.
        ფონდთან ურთიერთობის გაწყვეტა შესაძლოა, მართლაც იყოს განპირობებული არა მხოლოდ ცნობილი პოლიტიკური მოსაზრებით («აღორძინებასთან» დაპირისპირების კონტექსტში), არამედ ამ ფონდთან საბოლოო გამიჯვნის სურვილით.
        პოლიტიკურად ფონდი შევარდნაძისათვის უკვე სრულებით უსარგებლოა, კომერციული ინტერესი კი ამ ფონდში მას არასოდეს ჰქონია. მართალია მან 100 ათასი დოლარი ფონდში ნამდვილად შეიტანა, მაგრამ ფონდი ბანკი არ არის – იგი პასუხს არავის წინაშე არ აგებს.

მერიდიანი, 1 სექტემბერი, 1999 წელი