შევარდნაძემ და ჟვანიამ არსენიშვილს ნდობის კრედიტი დაუდასუტრეს

შევარდნაძემ და ჟვანიამ არსენიშვილს ნდობის კრედიტი დაუდასუტრეს

        გუშინ საღამოს, საქართველოს ოფიციალური დელეგაცია, პრეზიდენტ შევარდნაძის ხელმძღვანელობით, ინგლისში გაფრინდა. ედუარდ შევარდნაძე დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ამ ქვეყნის მთავრობამ (პრემიერ-მინისტრმა) მიიწვია, ხოლო მოწვევა გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობინ კუკმა, თბილისში სტუმრობის დროს.
        თვით ამ ვიზიტზე არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ პირველად, 1995 წლიდან, ქვეყნის პრეზიდენტი და პარალმენტის თავმჯდომარე (ანუ ორი უმაღლესი თანამდებობის პირი სახელმწიფოში) ერთდროულად ტოვებენ ქვეყანას; ზურა ჟვანია ორკვირიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ეს მისი მეოთხე (ესოდენ ხანგრძლივი) სამუშაო ვიზიტია ამერიკაში. იგი მიზნად ისახავს «თეთრი სახლისა» და კონგრესის პოზიციათა გარკვევა-დაზუსტებას იმ დროს, როდესაც ვითარება ქვეყანაში შესამჩნევად დაიძაბა, მათ შორის, საგარეო მიზეზების ზემოქმედების შედეგად.
        ბუნებრივია, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე თავიანთი ვიზიტების გრაფიკს ერთმანეთს თუ არ შეუთანხმებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ეცოდინებოდათ მაინც, რომ 17-18-19 ივლისს არც ერთი მათგანი თბილისში არ იქნებოდა, მაშასადამე, განსხვავებით წინა წლებისგან, ამ შემთხვევაში ეს გარემოება შევარდნაძისა და ჟვანიასთვის ხელშემშლელი ვერ იქნებოდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო მინისტრი გია არსენიშვილი სათანადოდ «უფლებამოსილად» და «შემძლედ» მიაჩნიათ იმისათვის, რომ, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება.
        თვით არსენიშვილისათვის ეს ფაქტი ძალიან სერიოზული ნიშანია. იგი უეჭველად მეტყველებს, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისაგან მას ნდობის «წონადი» მანდატი აქვს.
        მხოლოდ ეს ერთი, თითქოსდა უმნიშვნელო სიმპტომიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არსენიშვილის კანდიდატურა შეირჩა (რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს) «უმართავობის» ნიშნით, ანუ არსენიშვილს (წინამორბედებისაგან განსხვავებით) შეუძლია და აქვს უნარი, მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილებები, თუ მიზანშეწონილად და საჭიროდ მიიჩნევს.
        სოხუმში არსენიშვილის ვიზიტის დროს იგივე თვისება დადასტურდა; სახელმწიფო მინისტრს არ შეეშინდა პასუხისმგებლობისა, რაკი დოკუმენტი, რომლის ხელმოწერასაც სთავაზობდნენ, მან მიზანშეწონილად მიიჩნია.
        რაც შეეხება სახელმწიფოს ორ ხელმძღვანელის ვიზიტებს, მათი «პარალელურობაც» თვალნათელია, ედუარდ შევარდნაძე და ზურაბ ჟვანია ატლანტიკის ორ ნაპირზე მოგზაურობენ, მაგრამ ეს ორი ნაპირი კი არ აშორებს («გოლისტური» საფრანგეთისგან განსხვავებით), არამედ აახლოებს ორ კონტინენტს და «კრავს» ევროატლანტიკურ სივრცეს.
        აქედან კი ბუნებრივად გამომდინარეობს დასკვნა, რომ, ბოლოდროინდელ «რყევათა» მიუხედავად, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია, ვინაიდან, ჯერ ერთი, ალტერნატივა მართლაც არა აქვს და, მეორეც, - სრულებით შეუქცევადია.

დილის გაზეთი, 18 ივლისი, 2000 წელი