შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ: ჯიხაშკარში საუკეთესო ვარიანტი გათამაშდა

შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ: ჯიხაშკარში საუკეთესო ვარიანტი გათამაშდა

 

    ერთ-ერთ წინა წერილში ვწერდი, რომ ჯიხაშკარში შექმნილი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი ფაქტობრივად არ არსებობს, ვინაიდან წარმოუდგენელია, ტერორისტებმა იარაღი ჩააბარონ, თავადაც ჩაბარდნენ და მძევლებიც გაათავისუფლონ.
    დიახ, წარმოუდგენელი იყო, მაგრამ რეალურად თითქმის სწორედ ასე მოხდა! ოღონდ სწორედ «თითქმის» - გოჩა ესებუას და კიდევ ორ ტერორისტს უშიშროების მინისტრმა ჯემალ გახოკიძემ (რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან შეთანხმებით) - გაქცევის საშუალება მისცა.
    სანაცვლოდ, გაეროს სამხედრო დამკვირვებლები რიგრიგობით გაათავისუფლეს და 12 გამტაცებელი მათთან ერთად ხელისუფლებას ჩაბარდა.
    ამოღებულია ჯერ კიდევ სამოქალაქო ომისდროინდელი იარაღის მთელი არსენალი. როგორც ჩანს, «ჩაბარების» ერთ-ერთი პირობა იყო ტერორისტთა დაპატიმრებაზე უარის თქმა; ხელისუფლებამ გაითვალისწინა სამეგრელოში შექმნილი ვითარება, ზოგადად საქართველოში ჩამოყალიბებული ატმოსფერო და «ზვიადისტთა» მიმართ გაუსვლელობის ხელწერილით დაკმაყოფილდა.
    უკვე შესაძლებელია მოვლენათა ჯაჭვის აღდგენა - ტერორისტი «ზვიადისტები» ჩეჩნეთში, სალმან რადუევის ბაზაზე გადიოდნენ მომზადებას. ამის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა როგორც რუსეთის ხელისუფლებას, ასევე ჩეჩენთა ლიდერებს. საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობის იდეა ჩეჩნეთში მცხოვრებ «ზვიადისტ-ბოევიკთა» წრეში (ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთ-ჩეჩნეთის ომში ჩეჩნეთის მხარეს) გაჩნდა დაახლოებით 1997 წლის ზაფხულში.
    არ არის გამორიცხული, «ზვიადისტებს» (უშუალო შემსრულებლებს) ბოღმა და სიძულვილი, ანუ პიროვნული მოტივები ამოძრავებდათ, მაგრამ მათ შემკვეთებს, დამფინანსებლებს, ვინც თითოეულ მოვლენას, თითოეულ ექსცესს საქართველოში გაფაციცებით ადევნებდა და ადევნებს თვალყურს - რა თქმა უნდა, სულ სხვა მოტივი ჰქონდა.
    კვლავ და კვლავ დარწმუნებით ვიმეორებ: ამ შემთხვევაში უნდა ვილაპარაკოთ არა მხოლოდ კრემლზე, არამედ ჩეჩენთა ლიდერებზეც (მხოლოდ რადუევს არ ვგულისხმობ), რომელთაც, შესაძლოა, სურდათ მოეხდინათ იმის დემონსტრირება, რომ რუსეთისა და იჩქერიის სტრატეგიული ინტერესები შეიძლება დაემთხვეს ერთმანეთს.
    ასლან მასხადოვს ეს არაერთგზის უთქვამს ღია ტექსტით: «თუ რუსეთი ცნობს იჩქერიის დამოუკიდებლობას, მაშინ ჩეჩნეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე გახდება კავკასიაში».
    თანაც დავაკვირდეთ: ამ შემთხვევაში ნავთობსადენის «სამხრეთული მარშრუტი» გროზნოსათვის ისევე მიუღებელი გახდება, როგორც მოსკოვისათვის.
    არ არის გამორიცხული, ჩეჩენი ლიდერები იმის დემონსტრირებას ცდილობდნენ, რომ მათ მტკიცედ მოქმედება ძალუძთ საკუთარი და რუსეთის ინტერესების შესაბამისად, თუ ეს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვევა.
    აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ: 9 თებერვალს დაგეგმილი აქციის თაობაზე ინფორმაცია ექნებოდათ არა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებს, არამედ აფხაზ სეპარატისტთა თავკაცებსაც. საქართველოს და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ კვლავ ჩამოყალიბდა ალიანსი, რომელიც უკვე არსებობდა 1992-93 წლებში; ალიანსი ამჯერად (ნაწილობრივ არც მაშინ) წარმატებული არ იქნებოდა, შეთქმულებაში «ზვიადისტური» ელემენტი რომ არ ყოფილიყო ჩართული. ზვიადისტებმა ტერაქტის «შესრულება» იკისრეს. ჩეჩნები მათ რამდენიმე «ბოევიკით» დაეხმარნენ, რომლებიც ნაღმტყორცნის გამოყენებაში იყვნენ გაწვრთნილნი; ოპერაციის საერთო უზრუნველყოფას კი რუსეთის სპეცსამსახური ახორციელებდა.
    დანამდვილებით ცნობილია, რომ მან იცოდა შევარდნაძეზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ! - გენერალმა კულიკოვმა (რფ-ის შინაგან საქმეთა მინისტრმა) ქართველი კოლეგის გაფრთხილება სცადა, მაგრამ ამაოდ.
    დღეს კულიკოვს რუსეთის თვით ყველაზე «დემოკრატიული პრესაც» კი «არაპატრიოტულობაში» სდებს ბრალს - შევარდნაძის გაფრთხილებას რატომ ცდილობდაო.
    9 თებერვლის ტერაქტის შემდეგ დივერსანტები, როგორც ჩანს, დაიბნენ - ისინი ნამდვილად არ მოელოდნენ, თუ პრეზიდენტი გადარჩებოდა. აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ გერმანულ ფოლადს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებიც კი ვერაფერს დააკლებდა?! მათ შევარდნაძის სიკვდილი გარანტირებული ეგონათ. ოპერაციაში ოცამდე ტერორისტი მონაწილეობდა. სულ ახლახანს კი მოსკოვურმა «ნეზავისიმაია გაზეტამ» გამოაქვეყნა სტატია სათაურით: ვინ იქნება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი? სტატია აშკარად 9 თებერვლამდეა მომზადებული და მიზნად ისახავს ცეცხლზე ნავთის დასხმას.
    კანდიდატთა შორის დასახელებულნი არიან ვახტანგ რჩეულიშვილი, აკაკი ასათიანი, ზურაბ ჟვანია, ჯუმბერ პატიაშვილი, ასლან აბაშიძე და... ალექსანდრე ჭაჭია! ეს უკანასკნელი მაინც ვის დაჰკარგვია?
    საერთოდ კი, ოდესღაც დემოკრატიული «ნეზავისიმაია გაზეტა» ბოლო დროს დერჟიმორდულ-შოვინისტური გახდა; საქართველოს მიმართ დაახლოებით ასეთი ხაზი ტარდება: თუ შევარდნაძემ მოახერხა სტაბილურობის შენარჩუნება, თუ ნავთობსადენმა საქართველოზე გაიარა, თუ დასავლური ინვესტიციების შემოსვლა დაიწყო, მაშინ საქართველო გამდიდრდება, გაძლიერდება და განიმტკიცებს დამოუკიდებლობას - რითაც რუსეთი არ არის დაინტერესებული. უფრო მეტიც: ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს.
    აი, ამ «კაცთმოყვარე იდეების» პროპაგანდას ეწევიან ყველაზე ინტელექტუალურად მიჩნეული მასმედიით.
    როდესაც დარწმუნდნენ, რომ პრეზიდენტი გადარჩა, «ზვიადისტებმა» თბილისიდან ნელ-ნელა გასვლა დაიწყეს. დატოვეს ორი-სამი თვის წინ ნაქირავები კონსპირაციული ბინები და სამეგრელოს მიაშურეს. მაგრამ პოლიცია უკვე «სწორ კვალზე» იდგა! რაც ბუნებრივია, ვინაიდან პრეზიდენტის დაცვის მებრძოლებს სროლის დროს ტერორისტების საუბარი ესმოდათ.
    თავისთავად, ჩეჩენის გვამიც ბევრ რამეს მეტყველებდა. სწორედ თბილისიდან გასვლისას დააკავა პოლიციამ ერთ-ერთი ტერორისტი; საქმე უსწრაფესად გაიხსნა.
    გოჩა ესებუამ, რომელმაც ზუგდიდში ჩააღწია, გადაწყვიტა კონტრზომები მიეღო. დაუკავშირდა სამოქალაქო ომისდროინდელ თანამებრძოლებს და მათთან ერთად განახორციელა მძევალთა დატყვევების ოპერაცია.
    ნიშანდობლივია, რომ სწორედ გაეროს დამკვირვებლები აიყვანეს მძევლად და არა რუსეთის ეგრეთ წოდებული, «სამშვიდობო ძალთა» წარმომადგენლები.
    ისიც საგულისხმოა, თუ რატომ მოითხოვა ესებუამ მოლაპარაკების გამართვა მაინცდამაინც მოსკოვში მყოფ ნემო ბურჭულაძესთან და არა პარიზში მცხოვრებ ბიძინა ჩოლოყაშვილთან - აშკარაა, იგი სხვა თამაშს თამაშობდა. ესებუას მიზანი 9 თებერვლის ტერაქტის გამო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება იყო და არა «რუსეთის ჯარების გაყვანა», ან თუნდაც ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის დაწყება.
    რასაკვირველია, რისკი ძალიან დიდი ჩანდა, მაგრამ ესებუას სხვა გზაც არ ჰქონდა. შესაძლოა, მან თანამზრახველები (არცთუ უსაფუძვლოდ) იმით დააშინა, რომ განურჩევლად იმისა, მონაწილეობდნენ თუ არა ტერაქტში, რამდენიმე «ზვიადისტს», ეჭვმიტანილების დაპატიმრების შემდეგ, უეჭველად მოუწევდათ პასუხისგება. ბუნებრივია, უშიშროება მათაც დააპატიმრებდა სხვა ზვიადისტ-ბოევიკებთან ერთად.
    აქედან გამომდინარე ესეც უნდა ითქვას: ქართულ ოფიციოზს სერიოზული შეცდომა მოუვიდა, როდესაც 9 თებერვლის აქცია «საბრძოლო ოპერაციად» გამოაცხადა. ამით, ფაქტობრივად, ზვიადისტებს ინდულგენცია მიეცათ, რათა ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი სამოქალაქო ომის აქციად გამოეცხადებინათ.
    მეორე მხრივ, ოფიციოზის მოტივიც გასაგებია - ზვიადისტები თუ ამდენის გამკეთებლები იყვნენ, ამას ვერავინ იფიქრებდა, - «საბრძოლო ოპერაციით» კი რუსეთის კვალს ესმებოდა ხაზი.
    ჯიხაშკარის მოვლენათა შედეგად, გოჩა ესებუამ და ორმა მისმა თანამზრახველმა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა პრეზიდენტზე თავდასხმაში, ხელშეუხებლობის გარანტია და «კორიდორი» მიიღო გასაქცევად. თუმცა, შესაძლოა ეს გარანტია დროებითი იყო; ისიც დაუჯერებელია, ესებუას სამეგრელო დაეტოვებინა. კავკასიონის ქედზე თებერვალში ასე ადვილად ვერ გადავიდოდა, აფხაზები კი მას საკუთარ ტერიტორიაზე არ გაატარებდნენ. ესებუა აქტიურად იბრძოდა აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ - ესეც რომ არ იყოს, სამეგრელოში თავშესაფარს იგი ყოველთვის იპოვის.
    ამდენად, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ესებუა არც არსად წასულა - იგი სამეგრელოს რომელიღაც სხვა სოფელში იმალება ორ თანამზრახველთან ერთად, ვისი ვინაობაც ალბათ წინასწარ შეათანხმეს უშიშროების მინისტრთან.
    სხვა «ჯიხაშკარელი ტერორისტები» ხელისუფლებას ჩაბარდნენ როგორც კი მათი ძმაკაცი ჯიხაშკარს გასცდა, ვინაიდან მიიღეს გარანტია, რომ რაკი თავად არ მონაწილეობდნენ 9 თებერვლის ტერორისტულ აქტში, - გაუსვლელობის ხელწერილებს აკმარებდნენ.
    პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკება დაიწყო ეგრეთ წოდებულ «კანონიერი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ» ნემო ბურჭულაძესთან. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიმბოლური ჟესტია. ნემო ბურჭულაძე ზვიად გამსახურდიას სპიკერობის ან პრეზიდენტობის დროსაც კი არ წარმოადგენდა სერიოზულ ფიგურას - მით უმეტეს, აღარავინ აქცევდა ყურადღებას დღეს - როცა მოსკოვში ცხოვრობს და იქიდან ცდილობს მორალიზატორობას.
    ამ მოლაპარაკებამ კიდევ უფრო გახლიჩა ისედაც დაქუცმაცებული «ზვიადისტური მოძრაობა». ეს პოლიტიკური ფენომენი ამჟამად საბოლოოდ დისკრედიტირებულია და, შეიძლება ითქვას, ვერც ვერასოდეს აღიდგენს რენომეს.
    შესაძლოა, ნემო ბურჭულაძესაც ჰქონდა პირადი მოტივი, რათა თამაშში ჩართულიყო - 1993 წლის 25 ოქტომბერს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ბანდიტიზმის მუხლით. ალბათ ნემო ბურჭულაძემ თბილისში დაბრუნებისა და დარჩენის ნებართვაც მიიღო, თანაც, აგრეთვე ხელშეუხებლობის გარანტიით, ანუ შეპირდნენ, რომ ციხეში აღარ ჩასვამდნენ.
    პოლიტიკური თვალსაზრისით, ედუარდ შევარდნაძეს ამ მოლაპარაკებებით არაფერი წაუგია - პირიქით, საზოგადოების იმ ნაწილის (უდიდესი უმრავლესობის) თვალში, რომელიც სამოქალაქო ომის მონაწილეთა შერიგებას მოითხოვს, მან მხოლოდ მოიგო. სხვა პირობებში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგს იგი ალბათ ვერ დათანხმდებოდა - სურვილი რომც ჰქონოდა; მაშასადამე, თებერვლის მოვლენებიდან პრეზიდენტი კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდა. პოლიტიკური ვითარების პოტენციური შესაძლებლობა მაქსიმალურად «გამოწურეს». იგივე მოხდა 1995 წლის 29 აგვისტოს, როდესაც წარუმატებელი ტერაქტის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ ეგრეთ წოდებული «მხედრიონი» გაანადგურა და ხელისუფლება განიმტკიცა.
    ამრიგად, ტერორისტული აქტის დამკვეთმა და მთავარმა ორგანიზატორმა ძალიან გარისკა და ამჯერადაც წააგო.
    საყურადღებოა საერთაშორისო რეაქცია ამ მოვლენებზე. კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა, რაოდენ ცივი და ულმობელია საერთაშორისო ცხოვრება, მათ შორის, საქართველოს მიმართ. გასაკვირი არ უნდა იყოს თუ ურუგვაის, ჩეხეთისა და შვედეთის მთავრობები სწორედ საქართველოს ხელისუფლებას აკისრებდნენ პასუხისმგებლობას მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე (და არა ტერორისტებს). ისინი საკმაოდ მკვახე ტონით მოითხოვდნენ მძევალთა გათავისუფლებას. ურუგვაის მთავრობამ კი უფრო მეტი გაბედა - მან აშკარა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს. თავდაპირველად ურუგვაიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა კატეგორიული მოთხოვნით, დაუყოვნებლივ შეკრებილიყო და ემსჯელა «საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ», შემდეგ კი რუსეთის მთავრობას სთხოვა(!) დახმარებოდა საქართველოში მძევლად აყვანილი საკუთარი მოქალაქეების გათავისუფლებაში. რუსეთის ელჩმა ურუგვაიში, რა თქმა უნდა, ისარგებლა შექმნილი ვითარებით და მონტევიდეოს ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა: ჩემი ქვეყანა ყველაფერს იღონებს პრობლემის გადასაწყვეტადო - თითქოს საქართველო რუსეთის ნაწილი იყოს.
    თუმცა, ყოველივე ამისათვის მზად უნდა ვყოფილიყავით - როცა ქვეყანა სტაბილურობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს, მას შეურაცხყოფასაც მიაყენებენ და არც გვერდში დაუდგებიან. საერთაშორისო ურთიერთობებში მოქმედებს პრინციპი: «იქცეოდეს, შეესიე, შენდებოდეს - შეეწიეო». ამდენად, ქართული პოლიტიკის საკვანძო ცნებაა სტაბილურობა. ყველა, ვინც ნებისმიერი მოტივით, ნებისმიერი საბაბით ამ სტაბილურობას დაემუქრება, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს მტრებისა და არაკეთილმოსურნეების წისქვილზე დაასხამს წყალს. მტრები კი საქართველოს ნამდვილად არ აკლდა და არც ახლა აკლია.
   

საქართველოს საზღვარს ჯერ მაინც რუსები იცავენ
   

    9 თებერვლის ტერორისტულმა აქტმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შესაძლოა გარდამტეხი როლი შეასრულოს. ყოველ შემთხვევაში, ამდენი განცხადება და ბრალდება უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის. სამხედრო ოპერაციის მეორე დღესვე პარლამენტმა მიიღო დადგენილება რუსეთის სამხედრო ბაზების ბლოკირების შესახებ. უფრო აქტიურად მიმდინარეობს, აგრეთვე, მოლაპარაკება საზღვრის დაცვის შესახებაც. უფრო ზუსტად - საზღვრის ერთობლივი კონტროლირების შემდგომ პირობათა თაობაზე.
    ამჟამად მოქმედებს თბილისში, 1994 წლის 3 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის ვიზიტისას ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც რუსული მხარისათვის უაღრესად ხელსაყრელია.
    ეს დოკუმენტი იმ პერიოდში არსებულ სიტუაციას ასახავდა. საქართველო დამარცხებული და განადგურებული იყო (არცთუ რუსეთის მონაწილეობის გარეშე), თურქეთთან სახმელეთო საზღვრისა და საზღვაო აკვატორიის დაცვა საკუთარი ძალებით მას ნამდვილად არ შეეძლო, ამიტომ ეს უფლება დროებით რუსეთს გადაეცა; თუმცა ოფიციალურმა თბილისმა იმთავითვე დაიტოვა უკანდასახევი გზა.
    ჯერ ერთი, საზღვრის დაცვის ღონისძიებები 40 პროცენტით საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო. გარდა ამისა, თავიდანვე ყველას ესმოდა, რომ ხელშეკრულება არ იქნებოდა რატიფიცირებული პარლამენტში, ანუ არ შეიძენდა იურიდიულად დასრულებულ სახეს.
    1994-1998 წლებში საქართველო წლიდან - წლამდე ამცირებდა დაფინანსებას. ხოლო 1997 და 1998 წლების სახელმწიფო ბიუჯეტში რუსი მესაზღვრეებისთვის არც ერთი თეთრი არ არის გამოყოფილი.
    პარლამენტის შესაბამის კომიტეტში მომზადდა კანონი «სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ», რომელიც ითვალისწინებს საზღვრის საკუთარი ძალებით დაცვას და უცხო ქვეყნის მესაზღვრეთა ეტაპობრივ გაყვანას ქვეყნის ტერიტორიიდან.
    ამ კანონის საფუძველზე (ქართული მხარის აზრით) უნდა გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება რუსეთთან საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ. მაგრამ მოსკოვში ეს წინადადება ძალიან მწვავედ აღიქვეს, რაც სავსებით ბუნებრივია და გასაგები. რუსეთისთვის საქართველოს საზღვრის მიტოვება გეოპოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ჩრდილოეთ კავკასიაში მოუწევს ახალი საზღვრის შექმნა, რისთვისაც იგი მზად არ არის არც სამხედრო-სტრატეგიული, არც ფინანსური თვალსაზრისით.
    თურქეთის საზღვარი კი, საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, ყოველმხრივ უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით. რუსი მესაზღვრეები, რომლებიც ამ მიჯნაზე დგანან, თავხედურად აცხადებენ: «ჩვენ ვიცავთ რუსეთის ფედერაციის საზღვარს». თვისებრივად, ისინი მართალსაც ამბობენ. წარმოუდგენელია დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარს სხვა ქვეყანა იცავდეს - ასეთი ქვეყანა დამოუკიდებლად და სრულფასოვნად ვერ ჩაითვლება.
    რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ახალი დირექტორის გენერალ ტიმკოს განცხადებით კი, რუსეთი საქართველოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგია. ტიმკოს, რასაკვირველია, ის ძველი ხელშეკრულებაც სავსებით აკმაყოფილებს, ოღონდ საქართველოს მოთხოვნათა უარსაყოფად საკმაოდ ეშმაკურ ხერხს მიმართა: ტიმკომ იცის, რომ საქართველოს, ჯერჯერობით, არ ძალუძს თურქეთთან სახმელეთო საზღვრის დაცვა; სამაგიეროდ, საზღვაო აკვატორია უკვე შეუძლია საკუთარი ძალებითაც გააკონტროლოს. რუსეთი ამგვარი გაყოფის წინააღმდეგია. რუსული სასაზღვრო უწყება ასე სვამს საკითხს: ან მოითხოვეთ ჩვენი საერთოდ წასვლა, ან შეურიგდით იმას, რომ დავიცავთ არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო საზღვარსაც.
    ამ არგუმენტზე პასუხის გაცემა მართლაც ძნელია, ვინაიდან საქართველო ნაწილობრივ ჯერაც დამოკიდებულია რუსეთზე - თურქეთთან სახელმწიფო საზღვრის სრულფასოვნად დაცვას გაცილებით მეტი ძალა და საშუალება სჭირდება, ვიდრე ამჟამად გაგვაჩნია.
    არ არის გამორიცხული, თურქეთის აგრესიულმა გენერალიტეტმა ეგრეთ წოდებული «თურქი მესხების» კარტიც გაათამაშოს; ალბათ უფრო რაციონალური იქნება ეს საკითხი მაშინ დადგეს, როდესაც საქართველოს ექნება შესაძლებლობა არა მხოლოდ საკუთარი საზღვრები დაიცვას მთელს პერიმეტრზე (ხმელეთზეც და ზღვაზეც), არამედ შესაბამის გარანტიებსაც მიიღებს დასავლეთისაგან.
    მანამდე კი იძულებული ვიქნებით, დღევანდელ დამამცირებელ მდგომარეობას შევურიგდეთ.
   

ვლადისლავ არძინბას ნავთობის პროექტში ჩართვა სურს
   

    სოხუმში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ნიკო ლეკიშვილის ვიზიტისას, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, ღიად გაცხადდა საქართველოს ახალი წინადადება: ჩვენი ქვეყანა მზად არის, გაატაროს ნავთობსადენი აფხაზეთის ტერიტორიაზე - ნოვოროსიისკისკენ თუ აფხაზური მხარე დათანხმდება ქართველ ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთის ტერიტორიაზე და საქართველოს იურისდიქციის თუნდაც ნაწილობრივ აღდგენას.
    ამრიგად, «ნავთობსადენმა» კიდევ ერთი ჰიპოთეტური მარშრუტი «მოიპოვა». რამდენად რეალურია იგი - სხვა საკითხია, მაგრამ ლეკიშვილის წინადადება სხვა თვალსაზრისითაა საინტერესო: ფაქტობრივად, საქართველომ სეპარატისტულ აფხაზეთს პოლიტიკური დათმობის სანაცვლოდ გეოპოლიტიკური კოზირის გაყოფა შესთავაზა. სწორედ ეს არის მთავარი და არა ნავთობსადენით მოსალოდნელი მოგება.
    საქართველო «მცირე ნავთობის» ტრანსპორტირებისათვის სულ 8 მილიონ დოლარს მიიღებს; აქედან აფხაზეთს რა შეიძლება უწილადოს - სხვა საკითხია. არა მგონია «დიდი ნავთობის» უშუალო ეკონომიკური მოგებიდან მიღებულმა წილმაც დიდად მოხიბლოს აფხაზური ხელისუფლება, მაგრამ გეოპოლიტიკური კოზირი უკვე სულ სხვა შესაძლებლობებს შეიცავს.
    არძინბას ეს, რა თქმა უნდა, კარგად ესმის და არცთუ წინააღმდეგი იქნებოდა, მაგრამ ნებისმიერი დათმობა (მისი მხრიდან) პრინციპულ საკითხებში გამორიცხულია.
    ალბათ ეს წინადადება უფრო სამომავლო განზრახულობათა სფეროს განეკუთვნება. საქართველომ აფხაზეთს მიანიშნა, რომ შესაძლოა მოიძებნოს კომპრომისი ორმხრივ სასარგებლო საფუძველზე, ხოლო ოფიციალური თბილისი სოხუმის ინტერესებსაც გაითვალისწინებს «საუკუნის პროექტთა» განხორციელებისას.
    მაგრამ რაც შეეხება თვით ნავთობსადენის გაყვანას აფხაზეთზე (თუ იგულისხმება დიდი ნავთობსადენი) - ეს სრულიად გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი პოლიტიკის პირობებში. ნავთობსადენის მარშრუტი მხოლოდ საქართველოზე როდია დამოკიდებული. თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი სქემა: აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმი იღებს გადაწყვეტილებას «დიდი ნავთობის» გატარების შესახებ საქართველოს და თურქეთის ტერიტორიაზე ბაქოდან – ჯეიჰანამდე; მოულოდნელად, საქართველო აცხადებს, რომ იგი ნავთობსადენს (რუსეთთან შეთანხმებით) გაატარებს მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე - ნოვოროსიისკისაკენ, რადგან ეს საშუალებას მისცემს აფხაზეთში დააბრუნოს ლტოლვილები და აღადგინოს ქვეყნის მთლიანობა.
    თეორიულად ამგვარი რამ თითქოს შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ეს გამორიცხულია. საქართველოს ასეთ დემარშს საშინელი რეაქცია მოჰყვება - აზერბაიჯანმა საქართველოსთან შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვიტოს, თურქეთი ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციას გადაგვიკეტავს, ამერიკის ადმინისტრაცია დახმარებას შეგვიწყვეტს და უეჭველად გამოიყენებს გავლენას საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში, რათა საქართველომ ვეღარ მიიღოს კრედიტები. ევროპულ ორგანიზაციებში ჩვენს გაწევრიანებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
    საქართველოს დაუმკვიდრდება არასაიმედო პარტნიორის სახელი, რამაც შეიძლება მისი იზოლირება გამოიწვიოს. ყველაფერს მოითმენდა კაცი აფხაზეთის სანაცვლოდ, მაგრამ ესეც შეიძლება მორიგი ილუზია აღმოჩნდეს.

დილის გაზეთი, 4 მარტი, 1998 წ.